საქმე Nა-5017-შ-150-2023 25 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ლ–ი ე–სი
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ე–ას
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეთა შორის 2012 წელს რეგისტრირებული ქორწინება. ნ. ლ–ლი ე–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების ნაწილში.
2. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ განქორწინების შესახებ სასამართლოს ორივე მეუღლემ ერთად მიმართა და განქორწინება მოხდა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. ასევე დგინდება, რომ მოპასუხემ უარი თქვა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2023 წლის 28 თებერვალს.
3. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქმარი არის თურქეთის, ხოლო, ცოლი საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ლ–ი ე–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე, განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს "revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2012 წელს რეგისტრირებული ქორწინება, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე, განქორწინების ნაწილში.
10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ლ–ი ე–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მეექვსე საოჯახო სასამართლოს N 2023/79 გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის 2012 წელს რეგისტრირებული ქორწინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი