№ას-338-2024 01 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ზ–ი, გ.ზ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის აღნიშნული ქონების ღირებულების ½ -ის ღირებულების დაკისრება; ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (თავდაპირველ სარჩელში); გიორგი და გ.ზ–ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლიდან ხ.დ–ძის პირადი ნივთების გამოთხოვა და მოპასუხეთა მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლის აღკვეთა (გაერთიანებული სარჩელით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ.დ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ზ–ის და გ.ზ–ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის და მოპასუხისათვის აღნიშნული ქონების ღირებულების ½ -ის ღირებულების დაკისრების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ხ.დ–ძის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: 1.1. შეწყდა ხ.დ–ძესა და გ.ზ–ს შორის 1993 წლის 22 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, ჩანაწერი 14, რეგისტრაციის ადგილი - კურდღელაურის საკრებულო, გაცემის თარიღი - 22 აპრილი, 1993 წელი, .....; 1.2. ხ.დ–ძე ცნობილ იქნა გ.ზ–ის კუთვნილი ½ წილის უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის ს/კ ......) ½ ნაწილის მესაკუთრედ, რომლის ღირებულება შეადგენს 47 945 ლარს. ხ.დ–ძე ცნობილი იქნა გ.ზ–თან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავეჯის ღირებულების ½ წილის მესაკუთრედ, რომლის ღირებულებაა 9 910 ლარი; 1.4. მოსარჩელე ხ.დ–ძეს სასარჩელო მოთხოვნაზე - 2019 წლის 18 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე ეთქვა უარი. გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე ხ.დ–ძის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების გ.ზ–ისა და გ.ზ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სურათი - „გრემის ეკლესია“.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ.ზ–მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გ.ზ–ის სააპელაციო საჩივარი 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხ.დ–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების 1.2., 1.4. მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი გ.ზ–სა და გ.ზ–ს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: თელავი, ....... (საკადასტრო კოდი: N.....), 2019 წლის 18 მარტს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება; ხ.დ–ძე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: თელავი, ......., საკადასტრო კოდი: N......., ½ ნაწილის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.დ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით ხ.დ–ძეს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სადავო უძრავი ნივთის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი განახლებული მდგომარეობით და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის – 300 ლარის) სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2024 წლის 20 მარტს და ამავე წლის 29 მარტს ჩაბარდა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებამდე, კერძოდ 2024 წლის 26 მარტს პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ტ.ა–ვამ, რომელმაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებამდე (2024 წლის 26 მარტს) პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ტ.ა–ვამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი (იხ: შდრ.სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხ.დ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.დ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე