Facebook Twitter

საქმე №ა-6505-ა-38-2023

07 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ.ღ–ძე (მოპასუხე მ.ფ–ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ზ.დ–ძის სარჩელი - ცნობილი იქნას ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის და ამავე შენობის სარდაფ-სართულის N1 სათავსოს (28.5 კვ.მ) მესაკუთრედ, მესაკუთრე მ.ფ–ისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის 37500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.დ–ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ.დ–ძე ცნობილი იქნა ქ. თბილისი, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ.ფ–ის სახელზე რეგისტრირებული ½ ნაწილის მესაკუთრედ, მ.ფ–ისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის - 37 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ.ღ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მ.ღ–ძე ცნობილი იქნა მ.ფ–ის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, მ.ფ–ის უფლებამონაცვლე მ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2023 წლის 21 დეკემბერს, მ.ღ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის N2ბ-1944-12 გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.ღ–ძის განცხადების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოებაში მიღების საკითხი და

პალატამ გამოარკვია:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ღ–ძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებში მითითებული საფუძვლებითა და პროცედურით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

განცხადების განმხილველი სასამართლო, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ამოწმებს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ნორმის ამ დანაწესთაგან რომელიმეს დარღვევა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. გარდა ზემოაღნიშნულისა, რათა სასამართლომ განიხილოს განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზე ასევე უნდა გაირკვეს განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, განსჯადობის საკითხის სასამართლოს მიერ დადგენა და ზოგადად იმ საკითხის განსაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ.დ–ძე ცნობილი იქნა ქ. თბილისი, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ.ფ–ის სახელზე რეგისტრირებული ½ ნაწილის მესაკუთრედ, მ.ფ–ისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის - 37 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, მ.ფ–ის უფლებამონაცვლე მ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო ვერ ჩაითვლება განსჯადად განიხილოს აღნიშნული განცხადება, რადგან განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ღ–ძის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. ასეთ სასამართლოს კი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ღ–ძის განცხადება განსჯადობის წესების დაუცველობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ღ–ძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. მ.ღ–ძეს (პირადი ნომერი .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, სს „ლიბერთი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 25 იანვარს, №37656647 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე