Facebook Twitter

საქმე №ას-1409-2023

19 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე გ.ბ–ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა განუხილველი.

2023 წლის 21 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა გ.ბ–ძის განცხადება, რომლითაც იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და მოსამართლე ნ.გ–ძის აცილებას ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, გ.ბ–ძეს დაევალა კერძო საჩივარის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება გ.ბ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 24 ნოემბერს.

2023 წლის 29 ნოემბერს, გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, გ.ბ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს, ჩაბარდა პირადად, 2023 წლის 14 დეკემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების განცხადებით არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც, ვინაიდან ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. დადგენილია, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებისა და მოსამართლის აცილების შესახებ გ.ბ–ძის განცხადებაზე, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, დადგენილი იქნა ხარვეზი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2023 წლის განჩინებით, გ.ბ–ძის აღნიშნული განცხადება, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

9. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

10. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.)

11. საკასაციო პალატა, განსახილვბელ შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, წარდგენილია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე (30.05.2023წ), რომლითაც განუხილველად დარჩა მისი კერძო საჩივარი სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს მიერ, კერძო საჩივრის წარმოების ფარგლებში მიღებული განჩინებების კანონიერების საკითხზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში, მათ შორის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და განახლებასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე.

12. ამგვარად, თბილისის სააპელაციო პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან იგი წარმოადგენს კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. აღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).

13. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 399-ე, 396.3-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი