Facebook Twitter

საქმე Nას-248-2024

04 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ფ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 09 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სარჩელით მიმართა სს „ლ.ბ–მა“ და მოითხოვა ზ.ფ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხიდან გამომდინარე 3530,73 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1840,09 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1478,71 ლარი; ჯარიმა 211,93 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი ზ.ფ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ზ.ფ–ს მოსარჩელე სს ,,ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 3328,80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1840,09 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1478,71 ლარი; ჯარიმა 10 ლარი. მოპასუხე ზ.ფ–ს სს ,,ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 22,39 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ზ. ფ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, ზ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ.ფ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ფ–ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში "სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).

ამდენად, აღნიშნული ნორმა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების ვადას, იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის წარდგენის გზით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განჩინება, ზ.ფ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად და გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2023 წლის 14 სექტემბერს(ს.ფ. 219).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა 2023 წლის 26 სექტემბერს. ზ.ფ–მა კერძო საჩივარი, რომელიც დასათაურებულია, როგორც სააპელაციო საჩივარი, წარადგინა ფოსტაში 2023 წლის 28 სექტემბერს, (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2023 წლის 02 ოქტომბერს) სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ასევე პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარი დათარიღებულია 2023 წლის 28 სექტემბრით, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარი წარადგინა ვადის დაცვით (2023 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით).

სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი, №ას-2-2020, 13 იანვარი, 2020 წელი).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ფ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი