Facebook Twitter

საქმე №ას-887-2023 21 ნოემბერი 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს მ.ო.ს.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–იძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.გ–იძე, მ.გ–იძე, ამხანაგობა „ბ.ქ. ..“, მ.გ-ს თავმჯდომარე ქ.ჯ–ი, ნოტარიუსი ქ.ო–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაო ფართის ამორიცხვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.გ–იძემ სს „მ.ო. ს.კ–ის“, ნ.გ–იძის, მ.გ–იძის, ქ.ჯ–ის, ამხანაგობა „ბ.ქ. .., მ.გ–ის“ (თავმჯდომარე ქ.ჯ–ი), ნოტარიუს ქ.ო–ძის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, მოითხოვა:

1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ. ქ. ..“, „მ.გ“-ს 2014 წლის მარტის ოქმი N2 და ოქმი N3 ბათილად ცნობა;

1.2. დ.გ–ძის მფლობელობისა და საკუთრების უფლების აღიარება ნ.გ–იძის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, ს/კN......... და N.........-ით /7.7/რეგისტრირებული ფართების 29.7 კვ.მ. და 27.7 კვ.მ.-იდან 6.7 კვ.მ. და 7.7 კვ.მ. სასარგებლო ფართებზე.

1.3. 2015 წელს ნ.გ–იძესა და მ.გ–იძეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც იქნება მ.გ–იძის საკუთრების უფლების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საფუძველი.

1.4. ნოტარიუსის ქ.ო–ძის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან და დამატების შეტანის სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილში, რომლითაც მ.გ–იძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა გაზრდილი ფართით, რომელშიც შეტანილია დ.გ–ძის კუთვნილი ფართი.

1.5. ნოტარიუსის ქ.ო–ძის გაცემული 2016 წლის 21 იანვრის N160047267 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ნოტარიუსმა დაადგინა, რომ ქ.ჯ–ის სასესხო ვალდებულების ამოსაღებად, უნდა გაყიდოს სადავო უძრავი ნივთი.

1.6. სადავო ფართის მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებიდან ამორიცხვა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით, დ.გ–ძის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება დ.გ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვალს, შუამდგომლობით მიმართა ნ.გ–იძემ, დ.გ–იძის უფლებამონაცვლედ საქმეში გ.ბ–ძის ცნობა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2ბ/785-20, დ.გ–იძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო გ.ბ–ძე;

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „მ.ო.ს.კ–მა“ და მისი გაუქმება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისა და უფლებამონაცვლეობის საფუძვლების შემოწმება.

12. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 11 თებერვალს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ.გ–იძემ, მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება, აღნიშნულ შუამდგომლობას კი დაურთო დ.გ–იძის უფლებამონაცვლედ გ.ბ–ძის ცნობა, 2022 წლის 24 მაისის სანოტარო აქტი - სამკვიდრო ცნობა, 2021 წლის 25 მარტის სანოტარო აქტი - რწმუნებულება, 2022 წლის 30 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული) (იხ. სუსგ-ები. ას-1424-2022, 30.11.2022; ას-1158-2021, 2.03.2022; ას-578-2021, 10.05.2021; ას-556-2021, 29.09.2021).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე., ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

15. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა პროცესში მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-27-2019, 15.11.2019წ; ას-120-2023, 15.09.2023; ას-196-2023, 23.03.2023; ).

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. (შდრ. სუსგ № ს-683-654-2016, 16 სექტემბერი, 2016წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2022 წლის 24 მაისის სანოტარო აქტით დგინდება, რომ დ.გ–იძის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია - ა.გ–ძე (სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მემკვიდრემ, მამკვიდრებლის დანაშთ მთლიან ქონებაზე მიიღო უფლება, რაც მასში შემავალ აქტივ-პასივის სრულ მოცულობას შეიცავდა). ამავე ეტაპზე წარდგენილი, 2021 წლის 24 მაისის სანოტარო აქტით - რწმუნებულებით ირკვევა, რომ ა.გ–ძემ ჯ.ხ–ს გადასცა რწმუნებულება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა უფლებებთან ერთად მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით ხელი მოაწეროს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებებს.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ა.გ–ძესა (დ.გ–ძის მემკვიდრე, მეუღლე, იხ. ტ.3,ს.ფ. 55-56) და გ.ბ–ძეს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაზე (ტ.3,ს.ფ.44-46), და კერძო საჩივრის პრეტენზიების ფარგლებში აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსს მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ა.გ–ძემ, სამკვიდრო მოწმობის ფარგლებში მიღებული ყველა უფლება და მოთხოვნა, დაუთმო გ.ბ–ძეს. ამავე ხელშეკრულების დასკვნითი ნაწილის მიხედვით ირკვევა, რომ გ.ბ–ძემ მიიღო ყველა უფლება და მოთხოვნა.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით გ.ბ–ძემ მხოლოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით მიიღო საქმისწარმოების უფლება, რომელსაც წინამდებარე საქმესთან შემხებლობა არ აქვს. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მოთხოვნის დამთმობმა, როგორც მამკვიდრებლის მეუღლემ, სამკვიდრო მოწმობის ფარგლებში ამ უკანასკნელისგან მიიღო როგორც გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში დადებული მოთხოვნის დათმობისა და მიღების ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები, ასევე, ზოგადად მის სამკვიდროში შემავალი ყველა აქტივი და პასივი, რაც წინამდებარე მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით სრული მოცულობით გადასცა გ.ბ–ძეს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე გადაეცა მოთხოვნის უფლება გ.ბ–ძეს დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ა.გ–ძესა და გ.ბ–ძეს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შინაარსს.

20. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, (დ.გ–იძე არ წარმოადგენდა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად ამავე ქონებაზე გარდაცვლილის მემკვიდრე ვერ მიიღებდა უფლებებსა და მოთხოვნებს, რაც თავისმხრივ გამორიცხავდა უფლებამონაცვლეობას), განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სადავო ფართის ამორიცხვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან. ამდენად, აღნიშნულის გადაწყვეტა წინამდებარე საქმის არსებითი განხილვის საკითხს წარმოადგენს, და ვერ გახდება მოცემულ ეტაპზე, კერძო საჩივრის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობისა და შეფასების საგანი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო, წარმოდგენილ კერძო საჩივრის პრეტენზიების დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 410-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს მ.ო. "ს.კ–ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე