საქმე №ას-641-2023
19 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვალი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ვადის 47 კალენდარული დღით გადაცილებისთვის 71 910 ლარის ოდენობით;
1.2 შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ის (სახელმწიფო ნომერი ........) შეკეთების ვადის 11 კალენდარული დღით გადაცილებისთვის 16 830 ლარის ოდენობით;
1.3 შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) შეკეთების ვადის 14 კალენდარული დღით გადაცილებისთვის 21 420 ლარის ოდენობით;
1.4 შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) შეკეთების ვადის 61 კალენდარული დღით გადაცილებისთვის 93 330 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 მოსარჩელის განმარტებით, 04.02.2020 წელს, მოდავე მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, მის ბალანსზე რიცხული NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. მომსახურების გაწევის ვადად, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა: სავალი ნაწილებისთვის არაუმეტეს 2 კალენდარული დღე (3.2.1 პუნქტი); სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღე (მე-3.2.4 პუნქტი); ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) არაუმეტეს 15 კალენდარული დღე (3.2.5 პუნქტი); სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 25 კალენდარული დღისა (3.2.6 პუნქტი).
2.2 მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის (შპს „მ–სი“) მიერ დაირღვა ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, კერძოდ: 1. ავტოსატრანსპორტო საშუალება „„TOYOTA LAND CRUISER PRADO” (სახელმწიფო ნომერი .......), 2020 წლის 3 ივლისს შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში, სადაც ავტომანქანას დაუდგინდა წინა ამორტიზატორების დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ივლისს, შედგა დეფექტური აქტი; მიმწოდებელი, ხელშეკრულების 3.2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 2020 წლის 3 ივლისიდან - 2 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივლისისა, თუმცა, ორგანიზაციამ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 5 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 21 აგვისტოს - 47 კალენდარული დღის დაგვიანებით. რის გამოც, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 71 910 ლარს.
2.3 ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY” (სახელმწიფო ნომერი ...... ), 2020 წლის 7 ივლისს შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა საბურავის წნევის გადამწოდის დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 7 ივლის, შედგა დეფექტური აქტი; მიმწოდებელი, ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 2020 წლის 7 ივლისიდან - 25 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი აგვისტოსი, თუმცა ორგანიზაციამ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 1 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 16 830 ლარს.
2.4 ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX” (სახელმწიფო ნომერი ......), 2020 წლის 3 ივლისს სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ივლისშივე, შედგა დეფექტური აქტი; მიმწოდებელი, ხელშეკრულების 3.2.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 2020 წლის 12 აგვისტოდან - 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 22 აგვისტოსი, თუმცა მოპასუხემ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 22 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 5 სექტემბერს - 14 კალენდარული დღის დაგვიანებით. რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 21 420 ლარს.
2.5 ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .....) 2020 წლის 20 აგვისტოს შემოწმება-შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 20 აგვისტოსვე შედგა დეფექტური აქტი; მიმწოდებელი, ხელშეკრულების 3.2.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 2020 წლის 20 აგვისტოდან - 15 კალენდარული დღის განმავლობაში -არაუგვიანეს 2020 წლის 4 სექტემბრისა; მოპასუხის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 4 სექტემბრისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 4 ნოემბერს, 61 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც, მას დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 93 330 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მისი განმარტებით, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო შპს “მ–სი“ აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, ვინაიდან, 2020 წლის პირველი ნახევრის უდიდესი ნაწილი მას აკრძალული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია შესრულების ვადების გაჭიანურება და ასევე შეაფერხა საჭირო მარაგ ნაწილების დროული მომარაგება, რამაც შეაფერხა მომსახურების ვადის დაცვა და შეკვეთების დროული შესრულება. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, არ არის გონივრული და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა მთლიანი ხელშეკრულების ფასიდან;
3.2 სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოს 0.15%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება ავტომანქანა „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) შეკეთებასთან დაკავშირებულ შემთხვევას, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ თანხმობა ავტომანქანის შეკეთებაზე განაცხადა 2020 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ ავტომანქანის შეკეთება დაიწყო მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ და დაასრულა 2020 წლის 4 ნოემბერს, ანუ, შეკეთებისთვის გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ავტოსატრანსპორტო
საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) შეკეთების ვადის 61 კალენდარული დღით გადაცილებისთვის - 639.89 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ის (სახელმწიფო ნომერი ..........) შეკეთების ვადის 11 კალენდარული დღით გადაცილებისთვის - 45 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) შეკეთების ვადის 14 კალენდარული დღით გადაცილებისთვის - 47 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი .........) შეკეთების ვადის 47 კალენდარული დღით გადაცილებისთვის - 54.05 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს “მ–სის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 1 600 ლარის ოდენობით.
4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
5.3 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 417-418-ე მუხლების დისპოზიციის საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა.
5.4 სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეოება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).
5.5 ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას- 971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016; სუსგ: ას-1160-2021).
5.6 ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების პრევენციის მიზნით გამოიყენეს და არ ატარებდა სადამსჯელო ხასიათს. ამასთან, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების შესყიდვის საგნის მნიშვნელობაზე. კერძოდ, შესყიდვის ობიექტია შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია- მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, შესაბამისად, ავტომობილის დროულად მწყობრში დაბრუნება მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესია შემსყიდველისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. 04.02.2020 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ–სს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „მ–სმა“ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს; ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31იანვრის ჩათვლით;
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ იქნა მომსახურების გაწევის ვადები, ასევე ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 29-35; 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N69 ხელშეკრულება);
11. ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ის (სახელმწიფო ნომერი ........), 2020 წლის 07 ივლისს შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში, სადაც ავტომანქანას დაუდგინდა საბურავის წნევის გადამწოდის დაზიანება. აღნიშნულის თაობაზე, 2020 წლის 07 ივლისს შედგა დეფექტური აქტი; მოპასუხემ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 1 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც დასტურდება შესრულებული სამუშაოს აქტით (ტომი 2, ს.ფ. 30; 2020 წლის 7 ივლისის დეფექტური აქტი; ს.ფ. 31; შესრულებული სამუშაოს აქტი (ტომი 2, ს.ფ. 31);
12. ავტოსატრანსპორტო „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ........), 2020
წლის 3 ივლისს სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების ჩატარების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში. ამავე დღეს, 2020 წლის 3 ივლისს, შედგა დეფექტური აქტი. მოპასუხემ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 22 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 5 სექტემბერს - 14 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც დასტურდება შესრულებული სამუშაოს აქტით (ტომი 3, ს.ფ. 35; 2020 წლის 3 ივლისის დეფექტური აქტი; ს.ფ. 36, 37 შესრულებული სამუშაოს აქტი);
13. ავტოსატრანსპორტო „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი ....), 2020 წლის 3 ივლისს შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ–სის“ სერვისცენტრში; ავტომანქანას დაუდგინდა წინა ამორტიზატორების დაზიანება, რის თაობაზეც 2020 წლის 3 ივლისს, შედგა დეფექტური აქტი; ორგანიზაციამ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 5 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 21 აგვისტოს - 47 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც დასტურდება შესრულებული სამუშაოს აქტით (ტომი 4, ს.ფ. 45; 2020 წლის 3 ივლისის დეფექტური აქტი; ს.ფ. 46; შესრულებული სამუშაოს აქტი);
14. ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ....... (....)) შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 61 დღის დაგვიანებით შესრულების ფაქტი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით.
15. 2020 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა შპს „მ–სს“ და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 4 სექტემბრისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 4 ნოემბერს, 61 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 93 330 ლარს; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ის (სახელმწიფო ნომერი ......), შემთხვევაში, 2020 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა შპს „მ–სს“ და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 1 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს - 11 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 16 830 ლარს. ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......), შემთხვევაში, 2020 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა შპს „მ–სს“ და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 22 აგვისტოსა, გაწეულ იქნა 2020 წლის 5 სექტემბერს - 14 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 21 420 ლარს. ავტოსატრანსპორტო საშუალება „„TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი .......), შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა შპს „მ–სს“ და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 5 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 21 აგვისტოს - 47 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 71 910 ლარს.
16. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო შპს “მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია (ტომი 1, ს.ფ 19-21; ტომი 2, ს.ფ 27-29; ტომი 3, ს.ფ 30-32 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილები; ტომი 4, ს.ფ. 47-49; შპს ,,მ–სის“ 16.04.21 წ. წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტს);
17. შესრულებული სამუშაოს აქტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 6996.16 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) შეკეთების ღირებულებამ - 2237.13 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) შეკეთების ღირებულებამ _ 765.8 ლარი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ზე (სახელმწიფო ნომერი .......) შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 245.4 ლარი.
18. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს.
21. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.სუსგ. №ას-553-2023 28.09.2023წ). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
22. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
24. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. მრავალთა შორის სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019. 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
25. პალატა ყურადღებას გაამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესახებ 2020 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებაზე, რომლითაც მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადად მიუთითეს 2021 წლის 31 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრეს 1020000 ლარი. სადავო შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს არსისა და დანიშნულებიდან. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენს 6996.16X 0,15%X 61 = 639.89 ლარს; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX”-ის (სახელმწიფო ნომერი ......) ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოსათვის 2237.13 X 0,15%X14= 47 ლარს; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO”-ის (სახელმწიფო ნომერი ........) ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოსათვის შეადგენს 765.8X0,15%X47=54.05 ლარს; ხოლო, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA CAMRY”-ის (სახელმწიფო ნომერი .......) ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოსათვის განისაზღვრა 45 ლარით, პირგასამტეხლოს პრევენციული მნიშვნელობიდან გამომდინარე.
26. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 71 910 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიდან და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.№ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-1819-2019, 19.02.2020წ.; №ას-626-2021, 14.07.2021წ.).
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. პროცესის ხარჯები
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე