საქმე №ას-1418-2023
08 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.დ–ია (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ა–ვა, ჯ.ა–ვა (მოსარჩელეები), ა.ჩ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.ა–ვამ და ჯ.ა–ვამ , მოპასუხე ა.ჩ–ვას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მესამე პირმა - მ.დ–იამ მოპასუხეების ნ.ა–ვას და ჯ.ა–ვას მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და უძრავი ქონების ს/კ ......... 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, მ.დ–იას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
3. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.დ–იამ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მ.დ–იას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5.სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.დ–იამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც, ვინაიდან ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2023 წლის განჩინებით მ.დ–იას კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
9. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
10. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.)
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, მესამე პირს მ.დ–იას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. რაზეც მან წარადგინა კერძო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ.დ–იამ კვლავ წარმოადგინა კერძო საჩივარი.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების საკითხზე.
12. თბილისის სააპელაციო პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან იგი წარმოადგენს კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. აღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
13. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
14. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლების საფუძველზე, რადგან კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სუსგ №ას-1071-1010-2015, 07.12.2015წ; №ას-3-2023, 18.01.2023წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.დ–იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
მ.დ–იას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.ს–ის მიერ (პ/ნ .......), კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 24 ნოემბერს N1174 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი;3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი