Facebook Twitter

№ას-1487-2022

06 აპრილი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ.პ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.გ–ი, ნ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.პ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.გ–ისა და ნ.ჯ–ძის მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ.გ–სა და რ.პ–ის სახელით 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ ......).

1.2. ბათილად იქნას ცნობილი მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის 2020 წლის 16 ნოემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......).

1.3. თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ

.......) არსებული უძრავი ნივთი თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, აღირიცხოს საკუთრების უფლებით რ.პ–ის სახელზე.

2. მოპასუხე მ.გ–მა სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნები, ასევე დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მოპასუხე ნ.ჯ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, რ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ.გ–სა და რ.პ–ის სახელით, 2020 წლის 12 ნოემბრის თარიღით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......); რ.პ–ს უარი ეთქვა მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის, 2020 წლის 16 ნოემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......) არსებული უძრავი ნივთის რ.პ–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.პ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ.პ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; რ.პ–ს (ირანის პასპორტი N41041661) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3050 ლარი; სხვა ნაწილში რ.პ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც რ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდებოდა სრულად. ამასთან, აპელანტი ითხოვდა პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული იყო.

6.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასამართლომ ბათილად ცნო მ.გ–სა და რ.პ–ის სახელით 2020 წლის 12 ნოემბრის თარიღით საჯარო რეესტრის ეროცნულ სააგენტოში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......). ამავე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა რ.პ–ის სასარჩელო მოთხოვნა მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის 2020 წლის 16 ნოემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......) არსებული უძრავი ნივთის რ.პ–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი იყო მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა.

6.3. პალატის მითითებით, რ.პ–ის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნებაში.

6.4. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 მარტს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ.პ–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ 5528 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ .......). 2020 წლის 03 ოქტომბერს, რ.პ–ის სახელით გაიცა მინდობილობა მ.გ–ის სასარგებლოდ. მინდობილობაში მისი გაცემის ადგილად მიეთითა უკრაინა, ქალაქი კიევი, გამცემ ნოტარიუსად კი, კიევის კერძო ნოტარიუსი ნ.ვ. კ. მინდობილობის თანახმად, რ.პ–ი მ.გ–ს სხვადასხვა უფლებამოსილებასთან ერთად აძლევდა მისი კუთვნილი მოძრავი და უძრავი ქონების, მათ შორის, №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვის (გაყიდვა, გაცვლა, იჯარით/ქირით დაგირავების) უფლებას, ასევე, ფულადი თანხების მიღების უფლებას ფასით, ვადითა და სხვა პირობებით. ამასთან, მინდობილ პირს მიენიჭა საკუთარ თავზე გადაფორმების უფლება.

6.5. პალატის მითითებით, 2020 წლის 12 ნოემბერს, 03.10.2020 წლის თარიღით შედგენილი მინდობილობის საფუძველზე, მ.გ–მა, როგორც რ.პ–ის წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 5528 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.გ–ის სახელზე. აღნიშნული ხელშეკრულება სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია მ.გ–ს.

6.6. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 16 ნოემბერს, ნოტარიუს მ.ლ–ის სანოტარო ბიუროში, მ.გ–ს (როგორც გამყიდველს) და ნ.ჯ–ძეს (როგორც მყიდველს) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......) არსებული 5528 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ.ჯ–ძე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის თანხა შეადგენდა 142740 აშშ დოლარს და გამყიდველს ნებისმიერ დროს შეეძლო ამავე ფასად გამოესყიდა აღნიშნული უძრავი ქონება. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 3 თვით. ამასთან, მხარეებს უფლება ჰქონდათ გაეგრძელებინათ ხელშეკრულების ვადა. ამავე ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 142740 აშშ დოლარად. მხარეებს შორის ანგარიშსწორება მოხდა ამავე სანოტარო ბიუროში, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე.

6.7. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ (ს/კ .......) არსებული 5528 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2020 წლის 16 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით, მ.გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით), ასევე 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რაც არ არის ფასიანი ქაღალდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6.8. სადავო გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ნ.ჯ–ძის მიერ, სრულად იყო გადახდილი ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საფასური - 142740 აშშ დოლარი. პალატის მითითებით, უდავო გარემოება იყო, რომ 16.11.2020 წლის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებული იყო 142740 აშშ დოლარი. მოპასუხე მ.გ–ი ადასტურებდა, რომ მიიღო 120000 აშშ დოლარი, ხოლო ნ.ჯ–ძე განმარტავდა, რომ გადახდილი ჰქონდა 142740 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაშიც მითითებული იყო ანგარიშსწორების თაობაზე. გამოძიების მასალებში, ნ.ჯ–ძე დამატებით განმარტავდა, რომ თავდაპირველად ნაკვეთის ღირებულება მხარეებმა 180000 აშშ დოლარით განსაზღვრეს. რადგან არ ქონდა ზუსტად ამ ოდენობის თანხა ნ.ჯ–ძეს, გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა ხელშეკრულება. გაფორმების დროს გადაიხადა 142 740 აშშ დოლარი (რაც აღნიშნულია კიდეც ხელშეკრულებაში) და დაზღვევის მიზნით მ.გ–მა დაიტოვა გამოსყიდვის უფლება. თუკი მყიდველი გამოსყიდვის ვადამდე დარჩენილი თანხის (37260 აშშ დოლარის) გადახდას მოახერხებდა, გამოსყიდვის უფლება ვადაზე ადრე გაუქმდებოდა, თუ არადა მ.გ–ი იტოვებდა უფლებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად გამოესყიდა ქონება. გარდა ამისა, გამოძიებისას ნოტარიუსი მ.ლ–ი განმარტავდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის 142740 აშშ დოლარის მიღება მხარეებმა ხელშეკრულების რეგისტრაციამდე დაუდასტურეს. იგივე შინაარსის იყო უშუალოდ ხელშეკრულის პირობა თანხის გადახდასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორება მოხდა სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე.

6.9. ამდენად, ხელშეკრულებაში არსებული შეთანხმებისა და გამოძიებისას მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ დადასტურებულია ნასყიდობის საფასურის - 142 740 აშშ დოლარის სრულად გადახდის ფაქტი.

6.10. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის/აპელანტის განმარტებაზე, რომ მოპასუხე ნ.ჯ–ძემ იცოდა უძრავ ქონებაზე მ.გ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არანამდვილობის შესახებ, სწორედ ამიტომ მოხდა საბაზრო ფასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალ ფასად და ასევე, დაჩქარებული წესით მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და შემდგომში რეესტრში რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ჯ–ძესა და მ.გ–ს შორის 2020 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ.გ–ი. პალატამ მიუთითა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედები უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და განმარტა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შემძენის მიმართ კეთილსინდისიერების პრეზუმფციას გააქარწყლებდა. აპელანტი მართალია მიუთითებდა, რომ სადავო გარიგების ფასი არ შეესაბამებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება, მისი დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ მიიჩნეოდა საკმარის მტკიცებულებად ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისთვის. ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულება ნ.ჯ–ძის მიერ გადახდილი იყო, რაც სრულად გაიზიარა სააპელაციო პალატამ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის რაიმე კავშირი იყო (მაგ: ნათესაური), ან სხვა გარემოება, რაც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების დადებას უფრო სათუოს გახდიდა.

6.11. ნ.ჯ–ძის განმარტებით, როგორც უშუალოდ ხელშეკრულების დადებამდე, ასევე დადების დროსაც, ნოტარიუსის თანდასწრებით მოხდა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების გადამოწმება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უძრავ ქონებას უფლებრივი ნაკლი არ გააჩნდა, მოხდა გარიგების დადება. მისივე განმარტებით, იგი წლები ამ საქმიანობით იყო დაკავებული და მისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო საეჭვო ქონების შეძენა. რაც შეეხებოდა ყალბ მინდობილობას, მას არ დაუწყია იმ ფაქტის კვლევა, თუ რის საფუძველზე იყო მ.გ–ი უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული. რეესტრის მონაცემებით, მ.გ–ი იყო მესაკუთრედ რეგისტრირებული და ეს, როგორც ობიექტურად არსებული ფაქტი, საკმარისი იყო გარიგების დასადებად. რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ კი, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, არც გამოძიების მასალებით დასტურდებოდა, რომ ნ.ჯ–ძემ რაიმე ფორმით იცოდა უფლებრივი ნაკლის შესახებ.

6.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა კუთვნილი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები და ვერ შეუქმნა რწმენა სადავო გარიგების ბათილობის დასადასტურებლად.

6.13. სააპელაციო საჩივრით ასევე, სადავოდ იყო გამხდარი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი დარჩა ბიუჯეტში გადახდილად. აპელანტი მიიჩნევდა, რომ გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ითხოვდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

6.14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე), ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან) და აღნიშნა, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს გადახდილი აქვს 3050 ლარი, მაშინ როდესაც იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ მ.გ–ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მ.გ–მა სარჩელი ცნო. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოპასუხეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე რ.პ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაშია სხვა სს საქმე №089120621001, სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და რომლის მიხედვითაც, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, ყადაღა დაედო ნ.ჯ–ძის საკუთრებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა რვა უძრავ ქონებას, ს/კ .........., ს/კ ........; ს/კ ........., ს/კ ......., ს/კ ......, ს/კ ........, ს/კ ........., ს/კ ........ აღნიშნული გარემოებები, კასატორის მოსაზრებით, მიუთითებენ იმაზე, რომ ნ.ჯ–ძე რ.პ–ის საკუთრებაზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ქონების თავის სახელზე რეგისტრაციის გარდა, თაღლითობით დაუფლებული სხვა უძრავი ქონებების მესაკუთრედაც არის რეგისტრირებული.

7.1.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მ.გ–ის მიერ ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის 12 ნოემბერს გაფორმებულ „უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში“ ნასყიდობის საგნის ღირებულებად განსაზღვრულია 500 000 ლარი, რაც იმ პერიოდისათვის 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო (კურსი 3.3186), ხოლო მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის 2020 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული „გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის“ ხელშეკრულების მიხედვით კი, ნასყიდობის საგნის ღირებულებად განსაზღვრულია 142 740 აშშ დოლარი. ეს ფასები მკვეთრად რომ არის შემცირებული, მ.გ–თან ერთად, ნ.ჯ–ძისთვისაც ცნობილი იყო; მით უფრო, რომ ნ.ჯ–ძე თავისივე განმარტების მიხედვით, დაკავებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია თბილისში უძრავ ქონებაზე არსებული ფასები - რა შეიძლება იყოს ნივთის რეალური, რეალურთან მიახლოებული ან/და რეალურთან მკვეთრად მაღალი ან დაბალი ფასი. მოცემულ შემთხვევაში, მ.გ–სა და ნ.ჯ–ძის მიერ განსაზღვრული ფასი რეალურთან შედარებით მკვეთრად დაბალი რომ იყო, ამ სფეროში დაკავებული ნ.ჯ–ძისთვის უცნობი ვერ იქნებოდა. მით უფრო, რომ ნივთის საბაზრო ღირებულება ექსპერტის დასკვნის მიხედვით შეადგენს 906 592 აშშ დოლარს.

7.1.3. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, მოწმედ დაიკითხა გ.ც–ძე, რომელიც ასევე დასაქმებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით. თავდაპირველად სწორედ მას მიმართეს მ.გ–მა და მისმა თანამონაწილე ერთ-ერთმა პირმა, ყალბი მინდობილობით გაფორმებული უძრავი ქონების 180 000 აშშ დოლარად რეალიზაციაში დახმარების თხოვნით, მაგრამ გ.ც–ძემ ეჭვი შეიტანა რა მათ ნათქვამში, უარი უთხრა №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაში დახმარებაზე იმ მოტივით, რომ ამ ქონების რეალური ფასი გაცილებით დიდი იყო.

7.1.4. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის წერილობითი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილე პირთა ჩვენებები შეიცავს ბევრ ურთიერთშეუსაბამობას ამ ხელშეკრულებაში ასახულ გარემოებებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ.ჯ–ძის მიერ სრულად არის გადახდილი ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საფასური - 142 740 აშშ დოლარი.

7.1.5. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის გაზიარებით, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ნ.ჯ–ძემ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების დადებამდე არ იცოდა რ.პ–ის ნამდვილი ნების გარეშე, სადავო ქონების მ.გ–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული გარემოებები ცალსახად მიუთითებენ საპირისპიროზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული რ.პ–ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით, რ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა (მიკუთვნებითი მოთხოვნა), შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენდა. კერძოდ, სადავო იყო რ.პ–ისა და მ.გ–ის სახელით, 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის (ს/კ ......., მდებარე: თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ასევე, იმავე უძრავ ქონებაზე, მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის, 2020 წლის 16 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რამეთუ, მოსარჩელე სწორედ დასახელებული გარიგებების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვდა.

16. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის, ძიების ფარგლებში უკრაინის ქალაქ კიევის ნოტარიუს ნ.კ–თან გასაუბრების ოქმის, ასევე, უშუალოდ მინდობილობის კალიგრაფიული ექსპერტიზის შედეგების, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მოპასუხის იმ მითითების საფუძველზე, რომ მინდობილობა მართლაც არ იყო ნამდვილი, პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2020 წლის 03 ოქტომბრის უკრაინულ ენაზე შედგენილი მინდობილობა იყო ყალბი და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს, ხოლო, რამდენადაც მ.გ–მა საკუთარ თავთან ნასყიდობის ხელშეკრულება ყალბი მინდობილობის ფარგლებში გააფორმა და იმავდროულად, მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია და ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მოხდა მესაკუთრის, რ.პ–ის ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ რ.პ–ისა და მ.გ–ის სახელით, 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის (ს/კ ......., მდებარე: თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, არ არსებობდა მოსარჩელის ნების გამოვლენა და ხელშეკრულება იყო ბათილი. აღნიშნულის მიუხედავად, ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამო, გაუბათილებელი დარჩა ამ უკანასკნელსა და მ.გ–ს შორის, 2020 წლის 16 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

17. აღსანიშნავია, რომ რ.პ–ისა და მ.გ–ის სახელით, 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის (ს/კ ......., მდებარე: თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მ.გ–ს და სააპელაციო პალატის შეფასების საგანს, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მხოლოდ მ.გ–სა და ნ.ჯ–ძის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამო, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის, 2020 წლის 16 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულს არ იზიარებს მოსარჩელე/კასატორი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავო გახადა უძრავი ქონების შეძენის ფაქტის მიმართ, შემძენის - ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერების საკითხი.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერების ჭრილში, იმსჯელებს მხოლოდ ამ უკანასკნელსა და მ.გ–ს შორის გაფორმებული გარიგების ნამდვილობაზე და ამ ნაწილში, კასატორს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას კეთილსინდისიერების თეორიულ საკითხზე და დამატებით განმარტავს, რომ შემძენის კეთილსინდისიერება სამართლის საკითხს წარმოადგენს, რომელსაც სასამართლო კონკრეტული მატერიალური სამართლის ნორმისა და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირების გზით ახორციელებს.

20. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1252-2020, 29.09.2021 წ.).

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ სააპელაციო პალატამ მცდარად მიიჩნია ნ.ჯ–ძე კეთილსინდისიერ შემძენად და აღნიშნულთან დაკავშირებით პირველ რიგში განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს, სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს; კერძოდ, 185-ე მუხლი ქცევის შემდეგ წესს ადგენს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება 17.10.2017. №3/4/550).

22. კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით არის გამოწვეული. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ №ას-320-2020, 18 თებერვალი, 2021წ.).

23. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

24. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც; ანუ, ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები. ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (იხ. სუსგ: №ას-729-2019, 4.10.2019; №ას-394-373-2013, 20.05.2014).

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის სადავო გარიგების გაფორმებისას, სადავო უძრავი ქონება მ.გ–ის სახელზე იყო რეგისტრირებული, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა მ.გ–ის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის კანონიერება. ამ უკანასკნელთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ რ.პ–ისა და მ.გ–ის სახელით, 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იყო. რაც შეეხება მ.გ–სა და ნ.ჯ–ძის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას, ვერცერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ.ჯ–ძემ მ.გ–ის უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის შესახებ იცოდა ანდა გონივრული წინდახედულების ფარგლებში შეეძლო სცოდნოდა, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას დაარღვევდა. სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები (ქ.ჩ–ის, ა.მ–ის, ხ.ხ–ძის), ადასტურებენ მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ ნ.ჯ–ძე და მ.გ–ი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ და მათი ერთმანეთთან დაკავშირება სადავო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში, შუამავლების, ე.წ. „მაკლერების“ - ქ.ჩ–ის, ა.მ–ისა და ხ.ხ–ძის მეშვეობით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ შუამავალთაგან მოპასუხე ნ.ჯ–ძეს პირადად მხოლოდ ხ.ხ–ძე იცნობდა, რომელსაც უძრავი ქონების რეალიზაციაში დახმარების მიზნით, ქ.ჩ–მა მიმართა და სწორედ ამ უკანასკნელმა ჩართო სადავო ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში მესამე შუამავალიც - ა.მ–ი, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა შემდგომ სადავო ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუს მ.ლ–თან, სადაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მ.გ–ი და ნ.ჯ–ძე. თავად მ.გ–იც, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში(გამოკითხვის ოქმში) ადასტურებს, რომ მყიდველ ნ.ჯ–ძეს პირველად ნოტარიუს მ.ლ–ის ოფისში შეხვდა, სადაც ისაუბრეს ქონების გასხვისების პირობებზე. სხვა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერებისადმი, მ.გ–ს არ მიუთითებია. შესაბამისად, მ.გ–ის მხრიდან სამოქალაქო საქმის განხილვის ეტაპზე შეცვლილი პოზიცია და მისი მხრიდან მტკიცება იმისა, რომ ნ.ჯ–ძემ დანამდვილებით იცოდა თუ რა მიზეზით ფორმდებოდა მასთან საბაზროზე ბევრად ნაკლებ ფასად ნასყიდობის ხელშეკრულება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც გამოძიების ეტაპზე მის მიერვე მიცემულ ჩვენებასთან, ასევე დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოსაზრების გაზიარებისა და ნ.ჯ–ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის წინაპირობა, რამეთუ საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულება, ვერც პირდაპირ და ვერც ირიბად ვერ ადასტურებს, რომ ნ.ჯ–ძემ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების დადებამდე იცოდა უძრავი ქონების რაიმე სახის უფლებრივი ნაკლის შესახებ, რაც შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას გააქარწყლებდა.

26. საკასაციო პალატა ნ.ჯ–ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის მიზნებისათვის, ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ მ.გ–თან შეთანხმებული სადავო უძრავი ქონების ღირებულება საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი იყო და აღნიშნული გარემოება უცნობი ვერ იქნებოდა ნ.ჯ–ძისთვის, რომელიც დაკავებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით და მისთვის ცნობილია თბილისში არსებული უძრავი ქონებების ფასები. დასახელებულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. შესაბამისად, დასახელებული ნორმა მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ იკვეთება ნასყიდობის ფასის განსაზღვრისას მხარეთა ნების ფორმირებაში უკანონო ჩარევა (იძულება; მოტყუება; გავლენის ბოროტად გამოყენება და სხვ.), ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ოდენობის შესაბამისობის/შეუსაბამობის კვლევა სასამართლოს პრეროგატივას არ წარმოადგენს. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებასაც, რომლის მიხედვით, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაშიც, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი ვერ გახდება (იხ., სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

27. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის არგუმენტებს მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინების მიხედვით, ყადაღა დაედო ნ.ჯ–ძის საკუთრებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა რვა უძრავ ქონებას: ს/კ ......., ს/კ .........; ს/კ .........., ს/კ .........., ს/კ ........., ს/კ ......., ს/კ ........., ს/კ ........., რაც კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს, რომ რ.პ–ის საკუთრებაზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ქონების თავის სახელზე რეგისტრაციის გარდა, ნ.ჯ–ძე თაღლითობით დაუფლებული სხვა უძრავი ქონებების მესაკუთრედაც არის რეგისტრირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ ნ.ჯ–ძე არამართლზომიერად, თაღლითურად არის დაუფლებული განჩინებით დაყადაღებულ ქონებებს. ამასთან, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, ცალკე აღებული ეს გარემოებაც, მ.გ–თან გაფორმებულ ხელშეკრულებას არანამდვილად ვერ აქცევს. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის, 2020 წლის 16 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა და სწორედ ამ გარიგებასთან მიმართებით უნდა დასტურდებოდეს უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, სხვა, ამ საქმესთან შემხებლობაში არ მყოფ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობები, სადავო გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

28. საკასაციო პალატა საკუთრების უფლების რეგისტრირებადი ხასიათის გათვალისწინებით, ნ.ჯ–ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის მიზნებისათვის, არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის იმ არგუმენტსაც, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, მოწმედ დაკითხულმა გ.ც–ძემ (რომელსაც თავდაპირველად მიმართეს უძრავი ქონების რეალიზაციაში დახმარების თხოვნით) დაადასტურა, რომ მან ეჭვი შეიტანა და უარი განაცხადა №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაში დახმარებაზე იმ მოტივით, რომ ამ ქონების რეალური ფასი გაცილებით დიდი იყო). აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა საკუთრების უფლების წარმოშობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს, რომელიც საჯარო რეესტრში მის სავალდებულო რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული (სსკ-ის 183.1 მუხლი), ამასთან, კანონმდებელი ადგენს შემძენის მხოლოდ ერთ ვალდებულებას - შეამოწმოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა, ანუ, ის პირია, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერშია ასახული (სსკ-ის 185-ე მუხლი). შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლებათა სავალდებულო რეგისტრაციის წესის არსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, შემძენს დამატებით ტვირთად დააწვეს ყველა დეტალზე ეჭვის შეტანა და გამოკვლევის ჩატარება. ქონების მომავალმა მესაკუთრემ ზოგადად, სუბიექტური წინდახედულების ფარგლებში შესაძლოა ბევრ საკითხში შეიტანოს ეჭვი და საჯარო რეესტრისა და მისი ჩანაწერების გარდა სხვა გარემოებებიც შეამოწმოს (რაც ინდივიდუალურია), მაგრამ ამ დამატებითი გარემოებების არარსებობა გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს და აღნიშნულის განხორციელება მთლიანად შემძენის დისკრეციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სხვა პირმა, თავისი ინდივიდუალური მოსაზრებით, ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე ეჭვი შეიტანა სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის კანონიერებაში, ვერ გახდება ნ.ჯ–ძის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის განმსაზღვრელი ფაქტორი, რამეთუ სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, რაც გულისხმობს წინდახედულების გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია (ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს სუსგ №ას-1246-1166-2017, 28.02.2018; №ას-394-373-2013, 20.05.2014).

29. რაც შეეხება კასატორის შედავებას მასზედ, რომ მ.გ–სა და ნ.ჯ–ძეს შორის წერილობითი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილე პირთა ჩვენებები შეიცავს ბევრ ურთიერთშეუსაბამობას ამ ხელშეკრულებაში ასახულ გარემოებებთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესს. დასახელებული მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

30. განსახილველ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატამ შემძენის - ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერების საკითხი მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა, რომელთა გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ შემძენისათვის - ნ.ჯ–ძისათვის სადავო უძრავ ქონებაზე უფლებრივი ნაკლის შესახებ ცნობილი ვერ იქნებოდა. ამასთან, სწორედ წერილობით ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში ასახული გარემოებებისა და ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილე პირთა ჩვენებების ურთერთშესაბამისობით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ნ.ჯ–ძის მხრიდან ნასყიდობის საგნის ღირებულების 142740 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. კასატორმა კი, ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და გამოტანილი დასკვნის სისწორე/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.

31. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შესაფებას შემძენის - ნ.ჯ–ძის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის თაობაზე, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის (სადავო უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების აღდგენას) მიღწევის შესაძლებლობას.

32. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, რ.პ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. რ.პ–ის (ირანის პასპორტი N4....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N8183, გადახდის თარიღი 16.01.2023) 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე