Facebook Twitter

22 თებერვალი, 2024 წელი,

საქმე №ას-568-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - „ტ.ჰ.დ.მ.კ ა.შ.“ („ჰ.დ.ე.ქ.ქ.ე.თ.ი–ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „ნ–ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 27 ივლისს, ,,ჰ.დ.ე.ქ.ქ.ე.თ.ი–სა" (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და სს ,,ნ–ას" (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) შორის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა.

2. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო მოსარჩელეს არაუგვიანეს 2012 წლის 19 დეკემბრისა უნდა დაესრულებინა, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაო - არაუგვიანეს 2013 წლის 9 მაისისა. ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის შესრულების ანგარიშში შესწორების შეტანის მიზნით, მოსარჩელეს დამატებითი ვადა 2013 წლის 21 ნოემბრამდე, ხოლო, მოგვიანებით, იგივე ვადა 2014 წლის 1 სექტემბრამდე განესაზღვრა.

3. სადავო ხელშეკრულების პირველი ფაზის სამუშაო მოსარჩელემ 751 დღის დაგვიანებით შეასრულა, ხოლო, მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაო - 610 დღის დაგვიანებით.

4. მოსარჩელის მიერ შესრულებული პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაო შეამოწმა შპს ,,ს.კ–მა", რომელმაც 2013 წლის 30 სექტემბერს თავდაპირველი შემოწმების ანგარიში მოამზადა და მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილად ჩატარებულად არ აღიარა.

2013 წლის 2 დეკემბერს მომზადებული საბოლოო შემოწმების ანგარიშითაც შპს ,,ს.კ–მა" მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არასრულყოფილად შესრულებულად ჩათვალა.

5. 2015 წლის 9 იანვარს, ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს მოსარჩელის მიერ მიღების თაობაზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.

6. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 1 447 164.24 აშშ დოლარი შეადგინა.

7. მოპასუხემ აანაზღაურა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 981 573.31 აშშ დოლარი.

8. სადავო ხელშეკრულების ღირებულება 4 253 949 აშშ დოლარს შეადგენდა.

9. ექსპერტიზის ჩატარებისთვის მოპასუხემ 30 196 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯი გასწია.

10. შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც განმარტა, რომ 1 437 164.24 ლარის ღირებულების სამუშაოდან მოპასუხემ მხოლოდ 981 573.31 აშშ დოლარის სამუშაო აანაზღაურა, რის გამოც 455 590.93 აშშ დოლარი დარჩა გადასახდელი.

ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ვადაგადაცილების გამო მოსარჩელე ვალდებულია, რომ, გადაიხადოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საერთო ფიქსირებული ღირებულების 0.1%-ს ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-სა, თუმცა, ამ ოდენობის პირგასამტეხლო, შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, ის უნდა შემცირდეს 71 858.21 აშშ დოლარამდე და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ 455 590.93 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, დამატებით, საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზეც მიუთითა:

- შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარს მოპასუხე იმ საფუძვლით აცხადებდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 425 395 აშშ დოლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 30 196 აშშ დოლარის - გადახდა ევალებოდა.

- მხარეები იმ გარემოებაზე არ დავობდნენ, რომ საბოლოო ანგარიშსწორებისას მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლებოდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი.

- უდავო იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებისთვის მოპასუხემ 30 196 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯი გასწია.

13.2. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, შეთანხმების განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0.1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის ჯამური თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.

რაკი საქმეზე დადგინდა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განსაზღვრულია 4 253 949 აშშ დოლარის მოცულობით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა 4 253 949 აშშ დოლარის 10%-ს, 425 394 აშშ დოლარს შეადგენდა.

13.3. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სამუშაოს დასრულების ვადები მოსარჩელემ მნიშვნელოვნად გადააცილა, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო 751 დღის დაგვიანებით, ხოლო, მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 610 დღის დაგვიანებით შეასრულა.

გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა, შესაბამისად, მასზე არსებითად იყო დამოკიდებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები).

ამდენად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას (455 590.93 აშშ დოლარი) უნდა გამოკლებოდა დარიცხული პირგასამტეხლო 425 395 აშშ დოლარი და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი - 30 196 აშშ დოლარი, ჯამურად 455 591 აშშ დოლარი, რისი გათვალისწინებითაც სარჩელი წარუმატებელი იყო.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

- კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ვადაგადაცილების მოტივი და მოპასუხის ბრალეულობა. სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მიერ შესრულების განხორციელების თარიღიდან მოპასუხის მიერ შესრულების მიღების თარიღამდე პერიოდში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მოპასუხის შესრულების დაგვიანებით შემოწმებასა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე აღნიშნული დაგვიანებების გავლენაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა სასამართლომ გაიზიარა. უფრო მეტიც, ასეთი დღეების სიმრავლე სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შემდეგი იურიდიული პირი - „ტ.ჰ.დ.მ.კ ა.შ.“ (სარეგისტრაციო ნომერი #140070).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: კანონიერია, თუ არა, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის ანაზღაურების შესახებ მენარდის მოთხოვნა, ასევე შესამოწმებელია პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის დასაბუთების არგუმენტაცია.

20. სარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 629.1 მუხლშია წარმოდგენილი. ამ მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველი მოთხოვნის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო არგუმენტირებულად დაეყრდნო საქმეზე გამოვლენილ შემდეგ ძირითად გარემოებებს:

1). სადავო ხელშეკრულების პირველი ფაზის სამუშაო მოსარჩელემ 751 დღის დაგვიანებით, ხოლო, მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაო - 610 დღის დაგვიანებით შეასრულა.

2). მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 1 447 164.24 აშშ დოლარი შეადგინა.

3). მოპასუხემ აანაზღაურა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი, 981 573.31 აშშ დოლარი.

4). შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარს მოპასუხე იმ საფუძვლით ასაბუთებს, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 425 395 აშშ დოლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 30 196 აშშ დოლარის გადახდა ევალებოდა.

5). მხარეები იმ გარემოებაზე არ დავობდნენ, რომ საბოლოო ანგარიშსწორებისას მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლებოდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი (სადავოა მხოლოდ მოპასუხის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა).

6). უდავო იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებისთვის მოპასუხემ 30 196 აშშ დოლარი გადაიხადა.

7). ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0.1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მთლიანი თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.

8). ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4 253 949 აშშ დოლარს შეადგენდა, რის შესაბამისადაც, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა 4 253 949 აშშ დოლარის 10%-ს, 425 394 აშშ დოლარს შეადგენს.

22. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას (455 590.93 აშშ დოლარი) უნდა გამოკლებოდა დარიცხული პირგასამტეხლო - 425 395 აშშ დოლარი და მოპასუხის მხრიდან ექსპერტის მომსახურებისთვის გადახდილი ხარჯი - 30 196 აშშ დოლარი, რაც ჯამურად 455 591 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია, რაც სარჩელის წარუმატებლობის მაუწყებელია.

23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, მოცემული კუთხითაც გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი.

პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო სამუშაოს დასრულების ვადების უკიდურესად ხანგრძლივი გადაცილების (ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო - 751 დღის დაგვიანებით, ხოლო, მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 610 დღის დაგვიანებით შესრულდა) ფაქტი და საკუთრივ ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს (ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპი) მნიშვნელოვანი ხასიათი.

კერძოდ, საკასაციო პალატა არგუმენტირებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან გარიგებით გათვალისწინებული სამუშაო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის სავალდებულო მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა, მასზე არსებითად იყო დამოკიდებული მშენებლობის დროული დაწყება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობამ განაპირობა მთლიანი პროქტის მნიშვნელოვანი ვადით შეფერხება და პალატას მიიჩნია, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „ტ.ჰ.დ.მ.კ ა.შ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „ტ.ჰ.დ.მ.კ ა.შ.-ს“ (რეგისტრაციის ნომერი - 140070) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ი–ის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება № 0, გადახდის თარიღი - 26/03/2019) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე