23 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-1138 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ც.ნ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ა–ვი (მოპასუხე)
დავის საგანი - თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორების თაობაზე მოთხოვნის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ც.ნ–ამ სარჩელი აღძრა ვ.ა–ვის წინააღმდეგ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25 % - 23562 ლარის, გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე ცნობილი იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ (პირველი ექსპერტიზის დასკვნის აზომვითი ნახაზის მიხედვით);
მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით, 2019 წლის 5 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 6968,46 ლარი, 2020 წლის 17 ივლისს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 12775 ლარი და 2021 წლის 30 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 3818,54 ლარი (3880 ლარიდან), ჯამურად - 23562 ლარი.
მოსარჩელეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშიდან დაუბრუნდა 2021 წლის 30 ნოემბერს N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერის საფუძველზე გადახდილი თანხიდან (3880 ლარიდან) ზედმეტად გადახდილი - 61,46 ლარი.
3. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხისთვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 32820,60 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე ცნობილი იქნა თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #......., 67.61 კვ.მ მესაკუთრედ;
მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 2019 წლის 5 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 6968,46 ლარი, 2020 წლის 17 ივლისს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 12775 ლარი და 2021 წლის 30 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 3880 ლარი, ჯამურად 23623,46 ლარი;
დარჩენილი - 9197,14 ლარის შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელისთვის მიკუთვნებული უძრავი ნივთი; განისაზღვრა, რომ იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად ანაზღაურების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ.ა–ვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
ც.ნ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
ც.ნ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ც.ნ–ა ცნობილი იქნა თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #......., 67.61 კვ.მ მესაკუთრედ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს N5005449418 დასკვნაში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით) ვ.ა–ვისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30700 აშშ დოლარის 25 %-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
7. ც.ნ–ას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა. კერძოდ, მხარე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 23562 ლარის მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემის შესახებ. შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულებას შეექმნება დაბრკოლება და წარმოქმნილია უსწორობის გასწორების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
9. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უსწორობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში უზუსტობა რეალურადაა დაშვებული.
10. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირებას იმ საფუძვლით, რომ იგი მათ მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის - 23 562 ლარის მოპასუხისთვის გადაცემის თაობაზე მითითებას არ შეიცავს.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საჭიროებს შესწორებას.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ საპროცესო დოკუმენტი რეალურად შეიცავს გარკვეული ხასიათის უზუსტობებს (შეცდომას).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ფორმულირებულია შემდეგი სახით:
ც.ნ–ა ცნობილი იქნეს თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #........, 67.61 კვ.მ მესაკუთრედ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს N5005449418 დასკვნაში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით) ვ.ა–ვისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30700 აშშ დოლარის 25 %-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით გადაწყვეტილება არსებული სახით (მათ შორის სარეზოლუციო ნაწილი) ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით წარმართული საკასაციო განხილვის ფარგლებში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ განცხადების ავტორის მოთხოვნა მოიაზრებს არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტურ ცვლილებას რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს და არსებითად სცდება უსწორობის გასწორების ფარგლებში განსახილველ საკითხთა წრეს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ, არ არის გამოვლენილი უსწორობის გასწორების წინაპირობები, მით უფრო მაშინ, როდესაც განცხადებაში დასმული საკითხი წარმოადგენს არა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების წინაპირობას არამედ იგი გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გასარკვევი საკითხია.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.ნ–ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე