Facebook Twitter

26 იანვარი, 2024 წელი,

საქმე №ას-1325 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „მ.ა.ი.ჯ–ია“ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.ბ.კ–უს“ (მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში); ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „მ.ა.ი.ჯ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამკვეთი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ვ.ბ.კ–უს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემფასებელი) წინააღმდეგ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფუილ იქნა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებულ მოპასუხეს შეუსრულებელი ვალდებულების თანხის - 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს - 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასმართლოში გამართულ სხდომაზე დაადასტურა, რომ შეკვეთის საბოლოო/სრული ვარიანტი კასატორისთვის არ ჩაუბარებიათ. ვადის გაჭიანურების გამო, განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტი ჩავარდა, ბიზნესოპერატორებმაც უარი თქვეს თანამშრომლობაზე, შესაბამისად, ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ მხარემ ინტერესი დაკარგა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2018 წლის 20 თებერვალს მხარეებს შორის უძრავი ქონების შეფასებაზე მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება დაიდო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მომსახურების ხელშეკრულება). საფასური - 5 000 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა, რომლის 70% დამკვეთს ავანსის სახით შემკვეთისათვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 2 საბანკო დღეში, შესაბამისი ინვოისის საფუძველზე უნდა გადაეხადა.

დარჩენილი 30% კი, რეპორტის დასრულებაზე დამკვეთისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებიდან შესაბამისი ინვოისის საფუძველზე, 3 საბანკო დღეში, რომლის შემდგომ მხარეები მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას უნდა გადაეხადა საურავი, აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4.2 პუნქტი).

4.3.1. შემფასებელმა ბათუმში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართი 50,197 კვ.მ), არსებული N01/2, N02/1, N03/1 შენობა-ნაგებობის, საქალაქთაშორისო ავტოსადგურის საერთო ფართით - 4,651 კვ.მ-სა და მათთან ერთად, დანართ #1-ში (1.1 პუნქტი) მითითებული მოძრავი ქონების, შეფასების ვალდებულება იკისრა. შემფასებელს 20 სამუშაო დღეში დამკვეთისთვის წინასწარი რეპორტის პროექტი, ხოლო საბოლოო პროდუქტი (2.2 პუნქტი), დამკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 3 სამუშაო დღეში უნდა წარედგინა (1.3 პუნქტი).

4.4. დამკვეთმა 2018 წლის 26 თებერვალს მოპასუხეს ავანსი (მომსახურების ღირებულების 70%) - 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 8634.85 ლარი აუნაზღაურა.

4.5. შემფასებელმა ჯამურად ბათუმში, ....... მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეაფასა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ანგარიში მომზადდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (2017წ.) შესაბამისად. ანგარიშში, მოცემულია ობიექტის შეფასებისას გამოყენებული პროცედურები და მეთოდოლოგია, შესაბამისი ინფორმაცია, კვლევები და ანალიზი.

შეფასება მოამზადა შესაბამისი ცოდნის, განათლებისა და გამოცდილების მქონე დამოუკიდებელმა შემფასებელმა/გარე შემფასებელმა. ანგარიშში მოცემულია შედარებითი მონაცემები, რომელსაც ემყარება ობიექტის ღირებულების შემფასებლის პროგნოზი და ანალიზი.

ასევე აღნიშნულია, რომ შეფასების მოცულობაში, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქონების მოძრავ აქტივებთან ერთად შემოწმებითა და საბაზრო ინფორმაციის ანალიზის და ხარჯების დადგენის მეთოდის გამოყენებით შედის ობიექტის მიმდინარე საბაზრო ღირებულების გამოსათვლელად შემაჯამებელი შეფასებითი ანგარიშის მომზადებაც (იხ. 2018 წლის 20 მარტის დასკვნა).

4.6. 2018 წლის 20 მარტს, შემფასებელმა დამკვეთს შეფასების პირველადი დოკუმენტი/დრაფტი გაუგზავნა. იმავე წლის 29 მარტს, დაკორექტირებული შეფასების დოკუმენტი შენიშვნების გათვალისწინებით მზად იყო, თუმცა, მოსარჩელემ შესრულებული სამუშაო არ მიიღო და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით ავანსის დაბრუნება მოითხოვა.

4.6.1. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომსახურების ხელშეკრულების პირობა არ დაურღვევიათ, მისი მტკიცებით, მომსახურების მიღებაზე უარი შეფასებაში მითითებული ქონების საბაზრო ღირებულებამ განაპირობა, რადგან დამკვეთს საინვესტიციო მიზენებისათის უფრო მეტი ღირებულების მითითება აწყობდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

4.7. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შეფასება დამკვეთს საინვესტიციო შეთანხმებისთვის, კერძოდ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის ესაჭიროებოდა.

ავტოსადგური სავაჭრო ცენტრად უნდა გადაკეთებულიყო და შეფასებაც უძრავ-მოძრავი ქონების ინვესტორისთვის მისაყიდათ სჭირდებოდათ, რის თაობაზეც შემფასებლისთვის უცნობი იყო (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

4.8. მოპასუხეს/შემფასებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.

5. ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უარყოფა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 644-ე (ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები) 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), და 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

6. შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა კი, 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.

7. სსკ-ის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243).

სამართლებრივ დოქტრინაში არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული სსკ-ის 352-ე მუხლში მითითებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა (გასვლის) და ხელშეკრულების მოშლის ტერმინოლოგიური უზუსტობის შესახებ (იხ. www.gccc.ge – 352-ე მუხლის კომენტარი) და დასკვნის სახით შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რასაც გადაცემულისა და მიღებულის ორმხრივი რესტიტუცია მოსდევს, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება.

საგულისხმოა ისიც, რომ ზოგადად ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ.

8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ნაკლიან მომსახურებაზე აპელირებდა, კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მოძრავი ნივთების საერთო ჯამური შეფასებით, შეთანხმების პირობა დაირღვა, რადგან ისინი მოპასუხეს არა ჯამურად, არამედ ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინა.

9. შემფასებლის/მოპასუხის მტკიცებით კი, მოძრავი ნივთების ინდივიდუალურ შეფასებაზე მხარეები არ შეთანხმებულან, შესაბამისად, ისინი ერთობლივად (ჯამურად) შეფასდა.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია მოძრავ ნივთებთან მიმართებით თუ რაზე შეთანხმდნენ (ჯამურ თუ ინდივიდუალურ შეფასებაზე) მხარეები და რაში გამოიხატებოდა შეფასების ნაკლი მოძრავი ნივთების ჯამური შეფასებით.

11. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ნარდობის ხელშეკრულებაზე და მის მარეგულირებელ ნორმებზე მიაქცევს და განმარტავს, რომ 639-ე მუხლის მიხედვით თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა (შესრულებული სამუშაო), 641-ე მუხლით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის. 642.1 მუხლის მიხედვით, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. 643.1 მუხლის თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 645-ე მუხლით, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. 644-ე მუხლის მიხედვით კი, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

12. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, მომსახურების ხელშეკრულებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ბათუმში, ..... მდებარე უძრავ ქონებასან ერთად დანართი #1-ში მითითებული მოძრავი ნივთებიც უნდა შეფასებულიყო (1.1. პუნქტი). ასევე დადგენილია, რომ მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება არა ინდივიდუალურად, არამედ ჯამურად შეფასდა. ისიც დადგენილია, რომ მოსარჩელეს/დამკვეთს უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება საინვესტიციო მიზნებისთვის, უძრავ-მოძრავი ქონების ინვესტორისთვის მისაყიდად ესაჭიროებოდა, შესაბამისად, მომსახურების ხელშეკრულების დადების მიზანი საინვესტიციო ქონების ჯამური ღირებულების განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც მოპასუხემ შეასრულა კიდეც და კასატორის მითითება, რომ დანართი #1 მოძრავი ნივთების ჩამონათვალს შეიცავდა, ამ დასკვნის გაქარწყლებას ვერ ასაბუთებს.

13. საკასაციო პალატა აღიარებული სამართლებრივი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.

ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ 405-ე, 352-359-ე მუხლები) (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021).

14. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე.

ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.

14.1. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია:

ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს);

ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი);

გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა;

დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;

ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი;

ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე);

ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017.პ.34).

14.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად და უპირობოდ არ ანიჭებს მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, არამედ ვალდებულების დარღვევა ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს.

14.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს/შემფასებელს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, კასატორისთვის ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის (ავანსის) დაბრუნების კანონისმიერ წინაპირობები არ წარმოქმნილა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

15. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ხოლო დამკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევა (ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მისაღები საფასურის დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობა), შეგებებული მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს შეთანხმებული მომსახურების დარჩენილი ღირებულება - 1500 აშშ დოლარი და შეთანხმების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 250 აშშ დოლარი.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ქ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 241 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2022წ), 59 ლარისა (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2022წ) და 369 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.01.2023წ) ჯამურად - 669 ლარის, 70% - 468.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „მ.ა.ი.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „მ.ა.ი.ჯ–იას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გ.ქ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 241 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2022წ), 59 ლარისა (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.11.2022წ) და 369 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.01.2023წ) ჯამურად - 669 ლარის, 70% - 468.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე