Facebook Twitter

საქმე №ას-1511-2023

1 აპრილი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს....“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს....“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შპს „ს....-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ს....-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ქვითრის დედანი ან წარმოედგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უახლესი მტკიცებულებები. ასევე, კასატორს დაევალა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (განახლებული მინდობილობა) ან სათანადო სუბიექტის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს....-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შპს „ს....-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ს....-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ქვითრის დედანი ან წარმოედგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უახლესი მტკიცებულებები. ასევე, კასატორს დაევალა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (განახლებული მინდობილობა) ან სათანადო სუბიექტის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა კასატორის შპს „ს....-ის“ დირექტორს ი.ჩ–ძეს 2024 წლის 19 თებერვალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 20 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 29 თებერვალს.

შესაბამისად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „ს....-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე