Facebook Twitter

21 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-601-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - ტ.ფ–ვა (მოსარჩელე)

II კასატორი - ამხანაგობა ,,პ....-ის“ წევრები: დ.დ–ძე, ი.დ–ძე, ნ.ბ–ი, ე.ს–ია, ვ.ბ–ი, ბ.ბ–ი (მოპასუხეები, ნ.ბ–ი - შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); ქირის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამხანაგობა ,,პ....“ (შემდეგში - ამხანაგობა) 2012 წლის 26 სექტემბერს დაფუძნდა, რომლის წევრები იყვნენ: დ.დ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ი.დ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ნ.ბ–ი (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ე.ს–ია (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ვ.ბ–ი (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და ბ.ბ–ი (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე).

2. 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) ამხანაგობის წევრებმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვალდებულება იკისრეს, რომლის ვადად მშენებლობის დაწყებიდან 1 წელი განისაზღვრა. ამხანაგობაში ტ.ფ–ვას (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) შენატანს 307კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები შეადგენდა.

3. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსარჩელისათვის ამხანაგობას უნდა გადაეცა: 16 500 აშშ დოლარი; მე-2 სართულზე ავტოფარეხის თავზე აღმოსავლეთის მხარეს მდებარე 72 კვ.მ ფართი, თეთრი კარკასით, კერძოდ: გარედან დასრულებული, შიდა გალესილი ტიხრებით და ელექტროგაყვანილობით; ბოლო სართულზე აღმოსავლეთის მხარეს მდებარე მანსარდის ტიპის 60 კვ.მ ფართი.

4. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

4.1. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხეთათვის შესრულების დავალება, კერძოდ: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მარცხენა ტორსული კედლის ფართის 0.00 ნიშნულიდან პირველი სართულის ჭერის ნიშნულამდე ქვიშა-ცემენტის ბათქაშით დაფარვა და მარცხენა ტორსულ კედელსა და ძველი ავტოფარეხის კედელს შორის არსებული სივრცის გადახურვა, თუნუქის წყალსადინარი ღარის მოწყობით, ქანობით ქუჩისკენ; სახლის უკანა ფასადის კედელსა და საყრდენ კედელს შორის არსებული სივრცის ქვიშა-ცემენტის ბათქაშით სრულად გადახურვა, სადარბაზოსთან არსებული ტორსული კედლის უკან ღია გრუნტის სივრცის გადახურვა, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების საევაკუაციო მილსადენთა სისტემის შეცვლა და მარცხენა ტორსულ კედელზე ფუნქციონალურად განთავსება, საფეხუროვანი მოხაზულობის მილის ვერტიკალური დგარით შეცვლა.

4.2. მოპასუხეთათვის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე მოსარჩელის კუთვნილი მანსარდის ტიპის ფართის (აღმოსავლეთით) საცხოვრებლად ვარგის კონდიციამდე მიყვანის დაავალება, კერძოდ: იატაკის მოპირკეთება (ბეტონის დასხმა და ხის იატაკის დაგება), კედლებისა და ჭერის მოპირკეთება-თბოიზოლაცია (დათბუნება და გიფსოკარდონის გაკვრა), ელექტროობის მოწყობა, სანტექნიკის გაკეთება (საკანალიზაციო მილსადენის გაყვანა, 4 სველი წერტილის მოწყობა), აბაზანა-ტუალეტის სამშენებლო ნორმების დაცვით პროექტის მიხედვით აშენება (მანსარდაში შესასვლელის მიხედვით კორიდორის მარცხენა მხარეს გადატანა).

4.3. მოპასუხეთათვის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე (აღმოსავლეთ მხარეს) მანსარდის ტიპის ფართში ექსპერტიზით დადგენილი დანაკლისის - 13.52 კვ.მ მოცულობის ფართით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით - 9 464 აშშ დოლარით (1კვ.მ ფართი 700 აშშ დოლარზე გაანგარიშებით) შევსება.

4.4. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 16 130 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრება.

4.5. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე განცდილი მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის - 25 808 აშშ დოლარის ოდენობით;

4.6. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის იანვრამდე განცდილი მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბინის გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლის - 28 800 აშშ დოლარის ოდენობით.

4.7. 60 000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრება.

5. 7 000 აშშ დოლარის ოდენობით ბინით სარგებლობის პერიოდის ქირის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის წინააღმდეგ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი მესამე მოპასუხემ წარადგინა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით:

6.1. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს, 16 130 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, ხოლო, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2. მესამე მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელეს, ბინით სარგებლობის გამო ზიანის ასანაზღაურებლად 4 500 აშშ დოლარის ოდენობით ქირის გადახდა დაეკისრა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მესამე მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- მოპასუხეებს დაევალათ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მარცხენა ტორსულ კედელსა და ძველი ავტოფარეხის კედელს შორის არსებული სივრცის გადახურვა, თუნუქის წყალსადინარი ღარის მოწყობით, ქანაობით ქუჩისკენ, ასევე, - სახლის უკანა ფასადის კედელსა და საყრდენ კედელს შორის არსებული სივრცის გადახურვა, სადარბაზოსთან არსებული ტორსული კედლის უკან ღია გრუნტის სივრცის გადახურვა თუნუქის წყალსადინარი ღარის მოწყობით;

- მოსარჩელისათვის მოპასუხეებს 4 004 აშშ დოლარისა და 4 591.2 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;

- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოსარჩელეს 2 500 აშშ დოლარის გადახდა დაევალა.

8.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6 აპრილის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მარცხენა ტორსულ და უკანა ფასადის კედელზე უხარისხოდ შესრულებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაო ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის ბინის შიდა სივრცეში წყლის ჩადინების თავიდან აცილებას, რის გამოც მისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინა ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად ვერ მიიჩნეოდა.

ამასთან, ამავე ბიუროს 2014 წლის 5 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა ზემოაღნიშნული დასკვნის გასაბათილებლად ვერ გამოდგებოდა, რადგან მისი კვლევის მიზანი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან მოსარჩელისთვის გადასაცემ ფართებში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის დადგენა იყო და, არა - მათში წყლის ჩადინების მიზეზების გარკვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოს მოპასუხეთათვის დავალების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ წარმატებულად ჩათვალა, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 639-ე, 641.1 და 642.1 მუხლებიდან.

8.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მანსარდის ტიპის ფართის საცხოვრებლად ვარგის კონდიციამდე მიყვანისა და სველი წერტილების პროექტის მიხედვით მოწყობის შესახებ აღძრული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რომ მანსარდის საცხოვრებლად ვარგის (გარემონტებულ) მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება მოპასუხეებს (ამხანაგობის წევრებს) ნარდობის ხელშეკრულებით არ უკისრიათ.

ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეებმა, აშენებულ საცხოვრებელ ფართში ბოლო სართულზე აღმოსავლეთით მდებარე 60კვ.მ მანსარდის მოსარჩელისთვის გადაცემის ვალდებულება იკისრეს, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რომ დასახელებული მანსარდა საცხოვრებლად ვარგისი (გარემონტებული) უნდა ყოფილიყო (სსკ-ის 639-ე, 641.1 მუხლები).

8.3. მანსარდის ტიპის ფართში ექსპერტიზით დადგენილი დანაკლისის (სხვაობა 60კვ.მ-სა და 46.48კვ.მ-ს შორის) 13.52 კვ.მ მოცულობის ფართით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით (9 464 აშშ დოლარი - 1კვ.მ 700 აშშ დოლარზე) შევსების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩათვალა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის დასკვნის თანახმად, იატაკის დონეზე მანსარდის ფართი 54.28კვ.მ-ია, საიდანაც შიდა ფართია 42.56კვ.მ, ხოლო, აივნის ფართია 11.72კვ.მ, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 60კვ.მ-ისა.

შესაბამისად, ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მანსარდის მდგომარეობა არ შეესაბამება, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ნაკლის აღმოფხვრა და მანსარდის ფართის 60კვ.მ-დე გაზრდა შეუძლებელია, წარმოქმნილია მოსარჩელისათვის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 394.1, 408.1, 409-ე მუხლები).

ფულადი ანაზღაურების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემოებები მიიღო მხედველობაში:

უძრავი ქონების შეფასების შესახებ საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 24 აპრილის დასკვნის მიხედვით, 1 კვ.მ გარემონტებული მანსარდის ფართის საბაზრო ღირებულება 900 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო, თანხის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელემ 1 კვ.მ-ზე 700 აშშ დოლარით იხელმძღვანელა.

შესაბამისად, ზიანის გაანგარიშებისას 1 კვ.მ-ზე 700 აშშ დოლარი უნდა მიჩნეულიყო მხედველობაში. რაც შეეხებოდა დანაკლისი ფართის ოდენობას, იგი 5.72 კვ-ს შეადგენდა, რაც 60კვ.მ-ისა და 54.28კვ.მ-ის სხვაობას წარმოადგენს.

აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს 4 004 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა (სსკ-ის 394.1, 408.1 და 409-ე მუხლები).

8.4. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას - მის წინაშე მოპასუხეთა მხრიდან - ბინისა და მანსარდის ტიპის საცხოვრებელი ფართების აშენების შესრულების ვადის დადგომიდან (2014 წლის თებერვლიდან) განცდილი მატერიალური ზარალის მიუღებელი შემოსავლის სახით ანაზღაურების თაობაზე, მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარუმატებლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ მას უკვე დადებული ჰქონდა ან სადავო ქონების ქირავნობის შესახებ გარიგების დადებას აპირებდა ან თავისი ფუნქციური დანიშნულებით ქონება შემოსავლის მისაღებად იყო გათვალისწინებული.

საქმის მასალებით არც ის გარემოება არ მტკიცდებოდა, რომ მოსარჩელის საქმიანობის საგანი ბინების გაქირავება და ამ გზით შემოსავლის მიღება იყო (სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები).

8.5. მოპასუხეთა მხრიდან - 16 130 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან (2014 წლის თებერვალი) ვალდებულების შესრულებამდე (2018 წლის 4 აპრილი) განცდილი მატერიალური ზარალის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

კერძოდ, მოსარჩელეს ზიანი იმ ოდენობით აუნაზღაურა, რასაც იგი საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში მიიღებდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდის მონაცემებით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების დეპოზიტებზე უცხოურ ვალუტაში 2014 წლისათვის 2018 წლამდე პერიოდში შესაბამისად 7.0%, 6.1%, 5.4%, 4.8% იყო, რაც საშუალოდ წლიურ 5.6%-ს შეადგენდა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს გადასახდელი თანხის წლიური 6% უნდა დაჰკისრებოდა, რაც 2014 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდის გათვალისწინებით 4 591.2 აშშ დოლარს შეადგენდა.

8.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა 2013 წლის აგვისტოდან ბინის გამოსახლების მუქარის, ბინაში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით გამოწვეული სულიერი ტანჯვის, განცდილი ფსიქო-ემოციური სტრესისა და ჯანმრთელობის შერყევისთვის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, რადგან მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები მორალური ზიანის ანაზღაურების სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას არ ქმნიდა.

8.7. რაც შეეხებოდა მესამე მოპასუხის შეგებებული სარჩელს, მისი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა:

- მესამე მოპასუხის ბინაში მოსარჩელე 2012 წლის 26 სექტემბრიდან 2014 წლის 18 სექტემბრამდე, როგორც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პერიოდში, ასევე, მშენებლობის დასრულებისა და კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგაც ცხოვრობდა.

- საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2013 წლის 3 აგვისტოს დასრულდა, ხოლო, კორპუსი ექსპლუატაციაში ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხის ბინაში ცხოვრების სახელშეკრულებო პერიოდად უნდა განისაზღვროს 2013 წლის აგვისტომდე და, არა - 2013 წლის 30 დეკემბრამდე დროის მონაკვეთი, ვინაიდან, 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით მესამე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ მისი კუთვნილი ბინა მოსარჩელისათვის დროებით საცხოვრებლად მშენებლობის პერიოდში დაეთმო.

აღნიშნულ პერიოდად კი, უშუალოდ მშენებლობის დასრულების პერიოდი (2013 წლის 3 აგვისტო) მიიჩნევა და ეს მოვლენა კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღთან დაკავშირებული არაა.

საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული ფირმა „ჩოხის“ მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ურემონტო მდგომარეობაში მესამე მოპასუხის კუთვნილი ბინის გაქირავების საბაზრო ღირებულება 520 აშშ დოლარს შეადგენდა, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მესამე მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს 2 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

9.1. საკასაციო საჩივრით, მოსარჩელე, ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი დასაბუთებით მოითხოვს:

- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, ბინისა და მანსარდის ნივთობრივი ნაკლით აშენებამ და მანსარდის დაუსრულებლობამ, მოსარჩელეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. ბინაც და მანსარდაც თბილისის ცენტრში, რენტაბელურ ადგილზე მდებარეობს. შესაბამისად, კასატორს მარტივად, მინიმალური გონიერებისა და მცირე ძალისხმევის შედეგად, ქირავნობის მარტივი გარიგების პირობებში შეეძლო მათი გაქირავება და სოლიდური შემოსავლის მიღება, რაც ეკონომიკური სიდუხჭირიდან მისთვის გამოსავალი იქნებოდა. მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი ნათელი იყო მოპასუხეთათვის, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან და სამშენებლო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ.

- მართალია, მიუღებელი შემოსავლის მატერიალური ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მიკერძოებულად, მინიმალურ ფარგლებში შეაფასა.

- მორალური ზიანი მოსარჩელეს იმ არაადამიანური და ღირსების შემლახავი დამოკიდებულების გამო მიადგა, რაც მესამე მოპასუხის ბინაში მის ცხოვრებას ახლდა თან. სამოქალაქო კოდექსი მორალურ ზიანად ისეთ ქმედებას მიიჩნევს, რომელიც ფიზიკურ ტკივილთან სულაც არ არის დაკავშირებული. შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არსებობდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი საქმეზე დადასტურებულია.

- სსკ-ის 380-ე მუხლის მიხედვით, თუ შესრულების ხარისხი ხელშეკრულებაში დაწვრილებით არ არის განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი. ამდენად, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, რომ მანსარდის ფართში დამატებითი სამუშაო ჩაეტარებინათ და იგი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოეყვანათ.

9.2. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი არგუმენტაციით:

- სადავო სამართალურთიერთობა სააპელაციო სასამართლომ ნარდობად არასწორად დააკვალიფიცირა, არასწორად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამხანაგობის მიერ მოსარჩელისთვის გადასაცემი ბინის ფართი ნაკლის მქონეა და ამხანაგობის წევრებმა თანხის გადაცემის ვალდებულება დროულად არ შეასრულეს.

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6 აპრილის დასკვნა, რომლითაც საერთოდ არ დგინდება ის გარემოება, რომ უხარისხო მშენებლობის გამო მოსარჩელის კუთვნილ ბინას გააჩნია ნაკლი. ხსენებული დასკვნა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ წვიმის დროს ბინისა და სადარბაზოს დატბორვა გარემო ფაქტორებმა და კორპუსის საევაკუაციო მილის დაზიანებამ გამოიწვია და, არა - უხარისხოდ შესრულებულმა მშენებლობამ, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა. საგულისხმოა, რომ ზემომითითებული პრობლემა მშენებლობის დასრულებისა და კორპუსის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ხეებმა და ფოთლებმა საევაკუაციო მილი დააზიანეს და მისი აღმოფხვრის ვალდებულება მოპასუხეთა მოვალეობაში აღარ შედიოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეზე ამხანაგობის 2014 წლის 5 აგვისტოსა და 2014 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმებია წარმოდგენილი, რის საფუძველზეც სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა შეკრებილი ფულადი თანხებით კორპუსის საევაკუციო მილი შეაკეთეს, რაშიც ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით. საევაკუაციო მილის შეკეთების შემდეგ კორპუსის სადარბაზოსა და ბინებში წყალი აღარ ჩადინებულა.

- სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გადასაცემი 16 130 აშშ დოლარის მიღებასა და ბინის დარეგისტრირებაზე მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი. მითითებული გარემოება ამხანაგობის 2013 წლის 15 აგვისტოს კრების ოქმითაც დასტურდება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისისა და 31 აგვისტოს განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოპასუხეთა მხრიდან 16 130 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან (2014 წლის თებერვალი) ვალდებულების შესრულებამდე (2018 წლის 4 აპრილი) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რასაც შემდეგი არგუმენტაციით ასაბუთებს:

ზემომითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, სადაც განმარტებულია, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან მიმართებით მიდგომა განსხვავებულია, რაც ფულის განსაკუთრებული თვისებით, კერძოდ, სყიდვითუნარიანობით არის გამოწვეული და, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს.

ფული ყოველვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება შესძინოს, არამედ, საბანკო პროცენტის სახით გარკვეული პერიოდული შემოსავალიც მიაღებინოს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს ზიანი იმ ოდენობით აუნაზღაურა, რასაც იგი საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში მიიღებდა.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი განმარტება განსახილველ ინდივიდუალურ საქმესთან დაკავშირებით ვერ იქნება გამოყენებული, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითვე დადგენილია, რომ:

თუკი დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ.-ები: №ას-884-2022, 27.04.2022; №ას-964-2018, 01.04.2020; №ას-81-2020, 02.03.2020; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ; №ას-459-438-2015, 07.07.2015).

მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის გამო მიყენებული ზიანის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს სსკის 411-ე მუხლის წინაპირობების არარსებობა ქმნის. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება შეეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15).

აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 411-ე მუხლი როგორც სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმა, თანაბრად გამოიყენება როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (იხ. გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის კომენტარი, წიგნის სამი, გვ. 724) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

411-ე მუხლის მიზნებისათვის სავალდებულოა, მოსარჩელე მიუთითებდეს, რომ თანხის დეპოზიტზე განთავსება მის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდოა მეორე მხარისათვის. ამ ფაქტების მითითების გარეშე მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს (იხ. სუსგ. №ას-884-2022, 27.04.2022).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული შემთხვევა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი უზენაესი სასამართლოს განჩინებებსა თუ გადაწყვეტილებებში განხილული შემთხვევებისგან განსხვავდება, რადგან მოცემული დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროულად შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება; მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა, სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს არ ქმნის.

ამდენად, 2014 წლის თებერვლიდან 2018 წლის 4 აპრილამდე პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

12. რაც შეეხება გადაწყვეტილების დანარჩენს ნაწილებს, მათში წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი, სახელდობრ:

12.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6 აპრილის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მართებულად დაადგინა, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მარცხენა ტორსულ და უკანა ფასადის კედელზე უხარისხოდ შესრულებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაო მოსარჩელის ბინის შიდა სივრცეში წყლის ჩადინების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფდა, რის გამოც მისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინა ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად ვერ მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოს მოპასუხისთვის დავალების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ კანონისმიერად ჩაითვალა წარმატებულად, გამომდინარე სსკ-ის 639-ე, 641.1 და 642.1 მუხლებიდან.

12.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მანსარდის ტიპის ფართის საცხოვრებლად ვარგის კონდიციამდე მიყვანისა და სველი წერტილების პროექტის მიხედვით მოწყობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოტივით არ არსებობს, რომ მანსარდის საცხოვრებლად ვარგის (გარემონტებულ) მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება მოპასუხეებს ნარდობის ხელშეკრულებით არ უკისრიათ.

ხელშეკრულებაში აღნიშნული მხოლოდ ისაა, რომ აშენებულ საცხოვრებელ ფართში მოპასუხეებმა ბოლო სართულზე აღმოსავლეთით მდებარე 60 კვ.მ მანსარდის მოსარჩელისთვის გადაცემის ვალდებულება იკისრეს, თუმცა მითითებული არ არის, რომ დასახელებული მანსარდა საცხოვრებლად ვარგისი (გარემონტებულ მდგომარეობაში) უნდა ყოფილიყო.

12.3. მანსარდის ტიპის ფართში ექსპერტიზით დადგენილი დანაკლისის (სხვაობა 60 კვ.მ-სა და 46.48 კვ.მ-ს შორის) 13.52 კვ.მ ფართით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით (9 464 აშშ დოლარი - 1კვ.მ 700 აშშ დოლარზე) შევსების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ნაწილობრივ სახეზეა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის დასკვნის თანახმად, იატაკის დონეზე მანსარდის ფართი 54.28 კვ.მ-ია, საიდანაც შიდა ფართია 42.56 კვ.მ, ხოლო, აივნის მოცულობაა 11.72 კვ.მ, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 60კვ.მ-ისა.

შესაბამისად, ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მანსარდის ფართობი არ შეესაბამება, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ნაკლის აღმოფხვრა და მანსარდის ფართის 60კვ.მ-დე გაზრდა მატერიალური სახით შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი იყო დასაბუთებული (სსკ-ის 394.1, 408.1, 409-ე მუხლები).

12.4. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ მას უკვე დადებული ჰქონდა ან საქმეში მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების დადებას აპირებდა; ასევე არაა დასაბუთებული, რომ თავისი ფუნქციური დანიშნულებით ქონება მოსარჩელისთვის შემოსავლის მისაღებად იყო გათვალისწინებული; ამასთან, საქმის მასალებით არც ის გარემოება არ მტკიცდებოდა, რომ მოსარჩელის საქმიანობის საგანს ბინების გაქირავება და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენდა და სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ 2014 წლის თებერვლიდან განცდილი მატერიალური ზიანის (ბინის გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები).

12.5. სსკ-ის 413-ე მუხლით (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) გათვალისწინებული შემადგენლობის ერთმნიშვნელოვნად არარსებობის გამო მოსარჩელეს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც მართებულად ეთქვა უარი.

12.6. ამავდროულად, საქმეზე შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებები მასზედ, რომ მესამე მოპასუხის ბინაში მოსარჩელე 2012 წლის 26 სექტემბრიდან 2014 წლის 18 სექტემბრამდე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პერიოდში, მშენებლობის დასრულებისა და კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგაც ცხოვრობდა (საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2013 წლის 3 აგვისტოს დასრულდა, ხოლო, კორპუსი ექსპლუატაციაში ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული) მითითებული საფუძვლით საცხოვრებელი ბინის სარგებლობიდან გამომდინარე მიუღებელი ქირის თანხის - 2500 აშშ დოლარის ანაზღაურების საფუძველს აყალიბებს და წარმოქმნის ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.

13. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, 2014 წლის თებერვლიდან 2018 წლის 4 აპრილამდე პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში მოპასუხეების სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს 713,93 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ტ.ფ–ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ამხანაგობა ,,პ....-ის“ წევრების: დ.დ–ძის, ი.დ–ძის, ნ.ბ–ის, ე.ს–იას, ვ.ბ–ისა და ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ამხანაგობა ,,პ....-ის“ წევრებს - დ.დ–ძეს, ი.დ–ძეს, ნ.ბ–ს, ე.ს–იას, ვ.ბ–სა და ბ.ბ–ს, ტ.ფ–ვას სასარგებლოდ დაეკისრათ 4 591.2 აშშ დოლარის გადახდა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს;

5. ტ.ფ–ვას, ამხანაგობა ,,პ....-ის“ წევრების: დ.დ–ძის, ი.დ–ძის, ნ.ბ–ის, ე.ს–იას, ვ.ბ–ისა და ბ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროთ, ამ უკანასკნელების გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 713,93 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე