Facebook Twitter

8 თებერვალი, 2024 წელი,

საქმე №ას-262-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

II კასატორი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 78 978.29 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის - 5186.08 ლარის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. I კასატორის მტკიცებით, დამზღვევის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა სადაზღვევო შემთხვევის რეალურად დადგომა. გარდა ამისა, მხარის მითითებით, მოთხოვნა ხანდაზმულია.

1.2. II კასატორის მტკიცებით, სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - 5186.08 ლარის სანაზღაურებაზე დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი, ვინაიდან ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.2 პუნქტითა (დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნისგან დასაცავად იქნება გაწეული, თუ ასეთი ხარჯების გაწევა აუცილებელია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე) და 3.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (სადაზღვევო შემთხვევა დადასტურდება საგამოძოებო ორგანოების მიერ გამოტანილი დადგენილების ანდა კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით) თანახმად, დამკვეთის მოთხოვნისგან დასაცავად აუცილებლად უნდა ეწარმოებინათ სასამართლო დავა, აქედან გამომდინარე სადაზღვევო თანხამ ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეული ხარჯებიც უნდა მოიცვას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტისა და 24 აპრილის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2014 წლის 14 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/665/14 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), დაიდო. რომლის საგანს მესამე პირის/დამკვეთის წინაშე დამზღვევის პროფესიული პასუხისმგებლობა წარმოადგენდა.

4.3.1. სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება დამზღვევის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა დამკვეთისადმი, გამოწვეული დამზღვევის (მისი თანამშრომლის) მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, რაც დადასტურდება:

ა) დამკვეთის დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე, დამზღვევის მიერ მზღვეველთან ნებაყოფლობითი აღიარებით და როდესაც მზღვეველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისგან წერილობითი დადასტურების მიღების პირობით დამზღვევი დაარეგულირებს მის მიმართ დაზარალებული მხარის მიერ წაყენებულ პრეტენზიებს სასამართლოს გარეშე, ასევე, ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 და 6.1. პუნქტებში მითითებული პირობების სრული დაცვით;

ბ) საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოტანილი დადგენილების ან/და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე (იხ. 3.1. პუნქტი).

4.4. 2014 წლის 3 ივლისს მოსარჩელესა და სს „ს.რ–ას“ შორის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დამკვეთი) დამკვეთის ობიექტების დაცვს თაობაზე №1/2471 ხელშეკრულება დაიდო. მომსახურების ყოველთვიური ღირებულება - 833 377.95 ლარით განისაზღვრა.

4.4.1. შეთანხმებით, დამკვეთი უფლებამოსილია მიყენებული ზიანი უაქცეპტოდ გაქვითოს მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხებიდან.

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიის სარჩელი დამკვეთის წინააღმდეგ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა;

მოპასუხეს/დამკვეთს მოსარჩელის სასარგებლოდ - 79 778.29 ლარისა და 798.40 ლარის, ასევე სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1594.94 ლარის გადახდა დაეკისრა.

4.5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოპასუხე/დამკვეთის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დამკვეთის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 191 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4.5.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მოსარჩელეს/კასატორს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 988.92 ლარის 70%, 2792.24 ლარი;

4.6. 2018 წლის 27 ივლისს, დაზღვეულმა დამზღვევს წერილობით მიმართა, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 4.2. პუნქტის საფუძველზე, დამკვეთის მიერ ზიანის გამო გაქვითული თანხის - 79778.29 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით (2018 წლის 16 იანვრის განჩინებით დასრულებული სამართალწარმოება).

მზღვეველმა მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო პრეტენზიის აღძვრის წესებზე და მოითხოვა დამზღვევისაგან ინფორმაცია ხელშეკრულების 6.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;

4.7. 2019 წლის 6 თებერვლის წერილით, დაზღვეულმა მზღვეველს კვლავ აცნობა, რომ დეპარტამენტში ვერ მოიძებნა ინფორმაცია სადაზღვევო ხდომილებების შესახებ 72 საათის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიისათვის შეტყობინების თაობაზე (დეპარტამენტი არ ახდენდა მსგავსი ჩანაწერების წარმოება/შენახვას).

ვინაიდან, დამკვეთის წინააღმდეგ წარმოებული დავის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიას სრულად ჰქონდა გადაცემული სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული მასალა, მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი ზიანის გამო გაქვითული თანხისა და სასამართლო ხარჯების, ჯამურად - 84 964.37 ლარის ანაზღაურება.

4.8. 2014 წლის ივლისში, ოქტომბერსა და ნოემბერში დამკვეთის დასაცავ ობიექტებზე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე ახორციელებდა, ოთხ სადაზღვევო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც დამკვეთმა მატერიალური ზარალი განიცადა.

შესაბამისად, დამკვეთმა მოსარჩელეს - 79 778.29 ლარი, მომსახურების ანაზღაურებიდან დაუქვითა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვევლი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. დადგენილია, რომ დაზღვევის პერიოდში, კერძოდ, 2014 წლის 11 ნოემბერს თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს გურჯაანის მოსაბრუნებელ პუნქტში, სათადარიგო მასალების საწყობში, 2014 წლის ივლისში სადგურ ფოთში, ოქტომბერში სადგურ თბილისის სატვირთოში და ნოემბერში სადგურ ფოთში მომხდარი ქურდობების შედეგად, დამკვეთმა - 79 778.29 ლარის ზარალი განიცადა.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა დამკვეთმა მოსარჩელეს მომსახურების საფასურიდან უაქცეპტო წესით გაუქვითა, შედეგად კი, მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება შეწყდა (იხ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადაზღვევო შემთხვევას რეალურად ჰქონდა ადგილი და იმისდა მიუხედავად, ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში (2018 წლის 16 იანვრის განჩინებით დასრულებული სამართალწარმოება) დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნება თუ არა მიჩნეული, მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის გამაქარწყლებელი გარემოებანი და მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ამასთან, მზღვევლი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დამკვეთსა და დამზღვევს შორის განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რაც სწორედ სადაზღვევო შემთხვევის დადგომას უკავშირდება. ამასთან, ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, მესამე პირს - მზღვეველს არც რელევანტური პოზიცია არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოთხოვნის ხნდაზმულობასთან მიმართებით პირველი კასატორის პრეტენზიას და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 130-ე მუხლზე რომლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.

მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება, დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დინება, ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხე მხარის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2018 წლის 16 იანვრიდან, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ვინაიდან, სწორედ ამ გადაწყვეტილებით დადგინდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, რაც გახდა კიდეც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 2019 წლის 30 მაისს, შესაბამისად, დაცულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაც.

8. პირველი კასატორის პრეტენზია იმისაც მოიცავს, რომ დამზღვევს არ განუხორციელებია მზღვეველის მიმართ შეტყობინების ვალდებულება, რის გამოც, ხელშეკრულების 6.1. და 6.2 პუნქტების მიხედვით, ის უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.

8.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ მართალია, მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის შეთანხმებულ ვადაში მიწოდება მნიშვნელოვან ფაქტორია, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 814.3 მუხლის დანაწესით: მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

ამავე ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველს ეკისრება შეტყობინების მოვალეობის დარღვევის ნეგატიური შედეგების მტკიცების ტვირთი - მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევის ფაქტის დადასტურება.

განსახილველ შემთხვევაში, მზღვეველს მიაჩნია, რომ მან დაკარგა მესამე პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლება, რადგან დამზღვევმა გაუშვა ამ პირის მიმართ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

აშკარაა, რომ დამკვეთის ქონების ქურდობაში მონაწილე პირის მიმართ, დამზღვევს რეგრესული მოთხოვნის უფლება წარმოეშვება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის დამკვეთისათვის ანაზღაურების (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის) საფუძველზე, მაგრამ, რაკი გამოძიების მიერ დღემდე არ დადგენილა დანაშაულში მონაწილე პირი, მის წინააღმდეგ რაიმე მოთხოვნის წარდგენაც ობიექტურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დამზღვევის (მისთვის უცნობია ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი) მხრიდან სსკ-ის 1008-ე ნორმით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაშვებას არ ჰქონია ადგილი და კასატორის ეს არგუმენტიც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

9. მეორე კასატორის პრეტენზია სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - 5186.08 ლარის, ანაზღაურებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმას შეეხება, რასაც საკასაციო სასამართლოც უარყოფს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს, რომ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება შეთანხმების 3.1. და 4.2. პუნქტებიდან არ გამომდინარეობდა, ვინაიდან, სახელშეკრულებო ჩანაწერი ,,დამკვეთის მოთხოვნისაგან დასაცავად“, მოიაზრებს, რომ მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს დამკვეთის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლოში მოსარჩელემ დაიწყო, დამკვეთის მიმართ დაცვის მომსახურების თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 948,91 ლარის (საგადასახდო დავალება #1680850913, გადახდის თარიღი 07.04.2023წ), 70% - 2 764.37 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახდო დავალება #365761, გადახდის თარიღი 15.02.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე