Facebook Twitter

ბს-788-754(გ-06) 15 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 30 აგვისტოს ი. დ-მ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თავდაცვის სამინისტროსა და ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის მიმართ ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, 7530 ლარის გადახდევინების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან 2004წ. 4 ოქტომბრამდე მუშაობდა ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალში მიმღები განყოფილების ...ად, ხოლო 2004წ. 4 ოქტომბერს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნდათ დავალიანება სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით, სულ _ 7530 ლარი.

ზემოაღნიშნული სარჩელი ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 14 სექტემბერს დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო იმავე წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2005წ. 5 ოქტომბრისთვის.

2005წ. 5 სექტემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ლ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების _ თავდაცვის სამინისტროსა და ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის მიმართ ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, 4405,84 ლარის გადახდევინების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი 2005წ. 14 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული და საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2005წ. 5 ოქტომბრისთვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

2005წ. 17 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაიწყო მოცემული საქმის განხილვა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება _ მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ხსენებულ განცხადებას დაეთანხმა ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის წარმომადგენელი და განმარტა, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილის უფლებამონაცვლე იყო ¹... სამხედრო ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად იმყოფებოდა ქ. გორში, ხოლო ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი წარმოადგენდა მხოლოდ ერთ ბატალიონს. ხსენებულ განცხადებას არ დაეთანხმა მოსარჩელეების _ ი. და ლ. დ-ეების წარმომადგენელი, რომელმაც ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ ერთ საქმედ გაერთიანებული სარჩელები აღძრულ იქნა ორი მოპასუხის მიმართ სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ერთ-ერთი მოპასუხის _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამასთან, ასანაზღაურებელი თანხა სწორად არ დაიანგარიშა ხსენებულმა სამხედრო ნაწილმა, რის გამოც ამ ნაწილში მოპასუხეს წარმოადგენდა დასახელებული სამხედრო ნაწილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი _ საბოლოოდ განსაზღვრული დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა აგრეთვე მიუთითა აღნიშნული კოდექსის მე-20 (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) და 22-ე (განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმის განხილვა) მუხლებზე, დააზუსტა სარჩელი _ ასანაზღაურებელი თანხის ნაცვლად მოითხოვა უძრავი ქონების გადაცემა სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი შენობის ან მისი ნაწილის სახით და აღნიშნა, რომ იმავე კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) თანახმადაც, განსჯადი სასამართლო იყო ახალციხის რაიონული სასამართლო.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითად მოპასუხეს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტრო, ხოლო მეორე მოპასუხე _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო საქმეში ჩაბმული ყოფილიყო, როგორც მესამე პირი. ამასთან, აღნიშნული სამხედრო ნაწილი წარმოადგენდა მხოლოდ ერთ ბატალიონს, რომელიც არ შეიძლებოდა, რომ დ-ების სარჩელზე მოპასუხე ყოფილიყო. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო თანხის დადგენა, რაც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 25 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ _ იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქალაქო სასამართლომ მოცემული საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მოპასუხის _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელი იყოქ. ახალციხე და, შესაბამისად, სსკ-ის მე-16 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით მიიღო სარჩელი წარმოებაში ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განსჯადობით ისე იქნა გადაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ამ საქმეში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებული ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი არ ყოფილა ცნობილი არასათანადო მხარედ და მას არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული სტატუსი მინიჭებია. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. დ-ს ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც მან საქმის სხვა სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო, სსკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, მის მიერ განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმე განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა, თუნდაც აღნიშნული საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან ამ საქმეზე ძირითად მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სადავო თანხის დადგენა მხოლოდ მისი პრეროგატივაა, მეორე მოპასუხე _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საქმეში ჩაებას, როგორც მესამე პირი და აღნიშნული სამხედრო ნაწილი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ბატალიონს, რომელიც არ შეიძლება, რომ დ-ეების სარჩელზე მოპასუხე იყოს, მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ერთ-ერთი მოპასუხის _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელია ქ. ახალციხე და, შესაბამისად, სსკ-ის მე-16 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით მიიღო სარჩელი წარმოებაში ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განსჯადობით ისე იქნა გადაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ამ საქმეში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებული ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი არ ყოფილა ცნობილი არასათანადო მხარედ და მას არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული სტატუსი მინიჭებია, ხოლო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. დ-ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც მან საქმის სხვა სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 ნოემბრის სხდომაზე ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილის უფლებამონაცვლე იყო ¹... სამხედრო ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად იმყოფებოდა ქ. გორში, ხოლო ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი წარმოადგენდა მხოლოდ ერთ ბატალიონს, მაგრამ ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ დაუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების რეალურად არსებობა და საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხზე.

რაც შეეხება ახალციხის რაიონული სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეზე ძირითად მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სადავო თანხის დადგენა მხოლოდ მისი პრეროგატივაა, მეორე მოპასუხე _ ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილი კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საქმეში ჩაებას, როგორც მესამე პირი და აღნიშნული სამხედრო ნაწილი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ბატალიონს, რომელიც არ შეიძლება, რომ დ-ების სარჩელზე მოპასუხე იყოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელზე მოპასუხის (მოპასუხეების) განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივაა _ სწორედ მოსარჩელე მიუთითებს სარჩელში, თუ ვინ უნდა იყოს მის სარჩელზე მოპასუხე, ხოლო სასამართლო მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხის საპროცესო მდგომარეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლებრივად, შეზღუდულია მოსარჩელის თანხმობით, რაზეც პირდაპირ მიუთითებს სსკ-ის 85-ე მუხლი, რომელიც თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლისთვის მოითხოვს მოსარჩელის თანხმობას და ასეთ შეცვლას გამორიცხავს მისი თანხმობის გარეშე. ამდენად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოსარჩელის მიერ მითითებულ მოპასუხესთან მიმართებაში ზოგადად იმსჯელოს მისი პროცესუალური ქმედუნარიანობისა და საპროცესო მდგომარეობის შესაძლო ცვლილების თაობაზე, მით უმეტეს, თუ იგი საპროცესო კანონით დადგენილი წესით არ დააყენებს საკითხს მის მიერ არასათანადოდ მიჩნეული მოპასუხის მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვის ან სათანადო მოპასუხით მისი შეცვლის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე და დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ¹... ახალციხის სამხედრო ნაწილის წარმომადგენელთა, შესაბამისად, წერილობით და ზეპირ განცხადებებს უფლებამოსილი სასამართლოსათვის საქმის გადაგზავნის შესახებ.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ახალციხის რაიონული სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სარჩელი და ასანაზღაურებელი თანხის ნაცვლად მოითხოვა უძრავი ქონების გადაცემა სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი შენობის ან მისი ნაწილის სახით და მიუთითა, რომ სსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) თანახმად, განსჯადი სასამართლო იყო ახალციხის რაიონული სასამართლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება, რაც სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის _ უძრავი ქონების მისთვის მიკუთვნება მოითხოვა. სსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით, ამასთან, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების ადგილსამყოფელია ქ. ახალციხე.

სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით, მით უმეტეს, თუ მოსარჩელე ასეთი შეცვლის წინააღმდეგია. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა აირჩიეს ახალციხის რაიონული სასამართლო, სადაც წარადგინეს კიდეც მოგვიანებით ერთ საქმედ გაერთიანებული სარჩელები, რის გამოც ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ გააჩნდა მოპასუხეთა განცხადებებზე დაყრდნობით მოცემული საქმის სხვა სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის საპროცესო უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს;

2. მოცემული საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.