Facebook Twitter

9 ნოემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას- 1245-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მესტიის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა.ს–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.

3. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 2021 წლის 2 ივლისს, 14:00 საათზე, დაინიშნა. მოპასუხეს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.

4. 2021 წლის 2 ივლისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

5. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე იშუამდგომლა.

6. ზუდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის - 15831.60 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სოფელ ყ–ის ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საფასური -16000 ლარი.

6.1. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოპასუხემ ის ამტკიცებდა, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც შეიძლებოდა დაყრდნობოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხის დაკისრების შესახებ.

7.1. საჩივრის განსახილველად დანიშნულ სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორი კვლავ არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა საჩივრს მხარი არ დაუჭირა.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებით, იმავე სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი უარყოფილ იქნა.

9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ კორონა ვირუსის გამო, ხშირი იყო ჩაკეტვები, დაინფიცირება, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციაში მოთავსება და ა.შ.

თუმცა, მიუხედავად მხარის გამოუცხადებლობისა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაინც არ უნდა მიეღო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 633.1 (შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს;

საკასაციო პალატა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბუნებაზე და განმარტავს, რომ სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

16. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ სსსკ-ის 230.1-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვალა, რომ მოპასუხემ ჯეროვნად და დროულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

კერძოდ, კასატორის მხრიდან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არ იყო ანაზღაურებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა - 15831.60 ლარი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საფასური -16000 ლარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იკვლევს მტკიცებულებებს და ამ გზით არსებითად არ ამოწმებს სასარჩელო განცხადებაში აღწერილი გარემოებების დადასტურებადობის საკითხს.

შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

17. დამატებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 230 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

18. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულების პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

19. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით, 2021 წლის 2 ივლისს, 14:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა;

21. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება), 2021 წლის 9 ივნისს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ეცნობა სხდომის ადგილი, თარიღი და გამართვის დრო (იხ. აქტი).

21.1. მოპასუხეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ -ები: #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016). აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.

23. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

24. ამასთან, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლებას იმ საფუძვლითაც ითხოვდა, რომ კორონა ვირუსის გამო, ხშირი იყო ჩაკეტვები, დაინფიცირება, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციაში მოთავსება და ა.შ.

24.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 102-ე თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 103.1 მუხლებზე (მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) და განმარტავს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსთვის კორონა ვირუსის გამო, სავალდებულო თვითიზოლაციაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე