Facebook Twitter

საქმე №ას-715-2020 2 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ი–ნა; არასრულწლოვანი ს.ი–ი (საპროცესო წარმომადგენელი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ.ი–ნას (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ს.ი–ის (შემდეგში - მოპასუხე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ს.ს. ძე ი–ს (შემდეგში - არასრულწლოვანი) ბელარუსის რესპუბლიკაში მცხოვრებ დედასთან დაბრუნება.

2. ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

3.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

3.2. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3.3. სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.4. დადგინდა, რომ არასრულწლოვანი დაუბრუნდეს დედას, ბელარუსის რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსარჩელეს;

3.5. დადგინდა, რომ არარსრულწლოვანის ბელარუსიაში დაბრუნება უზრუნველყოს დედამ, მოსარჩელემ.

4. 2019 წლის 23 ოქტომბერს, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა და ითხოვა 2019 წლის 9 ოქტომბრის დასახელებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ხოლო, 2019 წლის 8 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გასცა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, არასრულწლოვნის სახელით, საკასაციო წესით გაასაჩივრა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა (შემდეგში - კასატორი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ამავე საკასაციო საჩივრით კასატორმა იშუამდგომლა, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინების (რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება) აღსრულებისა და ამავე განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ იმ საფუძლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ განსხვავებული შედეგის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან ბავშვი უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნებოდა გაყვანილი.

7. ამავდროულად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა, ამავე განჩინების აღსრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებაზეც.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისა და მოპასუხის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ამავე პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინების აღსრულება და ამავე განჩინებაზე 2019 წლის 8 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არასრულწლოვნის საკასაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით არასრულწლოვნის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასრულწლოვნის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12. 2020 წლის 5 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც ამავე სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა ითხოვა.

13. 2020 წლის 3 ივნისს, ხსენებული განცხადების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა.

14. 2020 წლის 11 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა მოპასუხის წარმომადგენელმა ი.მ–ძემ, რომელმაც ითხოვა:

ა). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, არასრულწლოვნის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების იგივე ვადით შეჩერება.

14.1. განმცხადებლის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა, რადგან ს.ი–ი და არასრულწლოვანი ბავშვიც სარგებლობდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით.

მათი საქართველოში ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმითა და „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.

დაუშვებელია მათი საქართველოდან გაძევება. მათზე ბელარუსში გაცემული პასპორტები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, შესაბამისად, ისინი საზღვარს ვერ დატოვებენ. ამდენად, გამორიცხულია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.

14.2. განმცხადებელს აქვს ინფორმაცია, რომ მოსარჩელე ცდილობს, ბელარუსის რესპუბლიკაში, არასრულწლოვანი შვილისათვის, ახალი პასპორტის კანონსაწინააღმდეგოდ დამზადებას;

14.3. მოცემულ ეტაპზე, ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ბავშვი მზად არაა, ბელარუსის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობები, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

15.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 263-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის ინტერესების ურთიერთშეჯერებით, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.

ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს გონივრულ და სამართლიან საფუძველზე, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ზემოხსენებული ღონისძიებების გამოყენებას.

15.2. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მიუხედავად მოპასუხის ინტერესისა - ესარგებლა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით და მასთან დაკავშირებული პრივილეგიებით, უმთავრესი იყო კრედიტორის ინტერესი - აღესრულებინა მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ისეთ პირობებს, რომლებსაც შეეძლო, გადაწყვეტილების აღსრულება დაებრკოლებინა და აღსრულების გადადება გამოეწვია.

16. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების უარყოფა მოითხოვა და ეს მოთხოვნა შემდეგნაირად დაასაბუთა:

16.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გადაწყვეტილების კანონიერი გზით აღსრულებისათვის არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები, რითაც უგულებელყო არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის უნდა აღმოიფხვრას ყველა დამაბრკოლებელი და აღსრულების გამომრიცხავი გარემოება.

16.2. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება, მოითხოვს გარკვეულ პროცედურას, მათ შორის, პასპორტის დამზადებას, ბილეთის შეძენას და კანონიერი გზით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. კონკრეტულ შემთხვევაში, არასრულწლოვნის პასპორტი ჩაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურში და არასრულწლოვანი სარგებლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობით.

16.3. გარდა ამისა, არსებობს არასრულწლოვანის მკვეთრად გამოხატული ნება, კერძოდ, მას არ სურს ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება. ამდენად, ბავშვზე ძალადობისა და სხვა უკანონო ქმედების გარეშე, წარმოუდგენელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება.

16.4. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმისა და „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განმცხადებელიც და არასრულწლოვანიც, იმყოფებიან საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის დაცვის ქვეშ. მათი წარმოშობის ქვეყანაში არათუ დაბრუნება, არამედ ქვეყნიდან გაძევება და წარმოშობის ქვეყნის საზღვართან მიახლოებაც იკრძალება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია განმცხადებლის შუამდგომლობა, არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების იგივე ვადით შეჩერების მოთხოვნა.

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ არასრულწლოვანი დაუბრუნდეს დედას, ბელარუსის რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსარჩელეს; დადგინდა, რომ არარსრულწლოვანის ბელარუსიაში დაბრუნება უზრუნველყოს დედამ, მოსარჩელემ.

ამდენად, განმცხადებლის თხოვნა, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების გადადება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებაში მდგომარეობს.

20. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სსსკ-ის 263.1 და „სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 მუხლების დანაწესი.

სსსკ-ის 263.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

„სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 მუხლის შინაარსი კი, ასეთია:

სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აღსრულება:

ა). მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას - მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ). მოვალის მხადაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას - საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე;

გ). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას - გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ). იმ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზეც მიქცეულია გადახდა - სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

21. ამავდროულად, საყურადღებოა, განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი, კერძოდ, ის მოტივი, რომლის საფუძველზეც იგი გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების შესახებ შუამდგომლობს.

მოცემულ შემთხვევაში, ასეთ საფუძვლად განმცხადებელმა დაასახელა შემდეგი გარემოებები:

1). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რადგან თავადაც და არასრულწლოვანი ბავშვიც სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით. მათი საქართველოში ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმითა და „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაუშვებელია მათი საქართველოდან გაძევება. მათზე ბელარუსში გაცემული პასპორტები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, შესაბამისად, ისინი საზღვარს ვერ დატოვებენ. ამდენად, გამორიცხულია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.

2). განმცხადებელს აქვს ინფორმაცია, რომ მოსარჩელე ცდილობს, ბელარუსის რესპუბლიკაში, არასრულწლოვანი შვილისათვის, ახალი პასპორტის კანონსაწინააღმდეგოდ დამზადებას;

3). მოცემულ ეტაპზე, ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ბავშვი მზად არაა, ბელარუსის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად.

22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველს არ ქმნის.

22.1. დასაწყისში პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (რომლის აღსრულების გადადებასაც განმცხადებელი ითხოვს) მოპასუხის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმოება დასრულებულია.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით განმცხადებლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ეს გარემოება იმის მაუწყებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც სსსკ-ის 264.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

შესაბამისად, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებული შედეგი წარმოიქმნას და ამით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა გამოიკვეთოს.

22.2. განმცხადებლის მიერ მითითებული სამართლებრივი აქტები, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმი და „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების წესს არ ადგენენ და არც ისეთ საფუძველს ქმნიან, რომლის შესაბამისადაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება. მათი მიზანი განსხვავებულია და ვერც ერთი ხსენებული სამართლებრივი აქტი წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებისთვის სამართლებრივად ვარგის არგუმენტს არ შეიცავს. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზანი ბავშვის კანონიერი ინტერესების დაცვაა, მისი აღსრულების გადადება აღნიშნული ინტერესების დაცვის მიზნის შესრულებას დააბრკოლებს, რაც გამართლებული ვერ იქნება.

22.3. პალატის შეფასებით, განსახილველი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას განმცხადებლის მიერ საზღვრის კვეთის სიძნელეებზე მითითებაც ვერ გამოიწვევს. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მხარის საზღვრის კვეთის სიძნელეების არსებობა, თავისთავად განაპირობებს, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილებების შეტანას მაგრამ მთლიანობაში აღსრულების პროცესს ვერ დააბრკოლებს.

საყურადღებოა, რომ სასამართლო ერთჯერადად გადადებს აღსრულებას, თუ განმცხადებელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადების მოთხოვნა გამოწვეულია ობიექტური მიზეზით და გადადების შემდეგ არსებული მდგომარეობა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამასთან, ასეთი სახის ღონისძიების საფუძველი უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული, მაგალითად, ქონებრივი და სხვა სახის (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, მოვალის ადგილზე არყოფნა და სხვა გარემოება) დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, მოცემულ შემთხვევაში ასეთი ხასიათის გარემოებანი გამოვლენილი არაა.

22.4. რაც შეეხება განმცხადებლის მხრიდან იმის აღნიშვნას, რომ მოცემულ ეტაპზე, ფსიქოლოგიურად და ემოციურად, არასრულწლოვანი მზად არაა ბელარუსის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად, მითითებული საკითხი ვერ გახდება მოცემული განჩინების კვლევის საგანი, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სწორედ ამ არგუმენტების კვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიღებული და მისი კანონიერების საკითხი, საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით დადასტურდა; კერძოდ, საკასაციო პალატამ, მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ამდენად, მითითებული საკითხიც ვერ გახდება წინამდებარე საქმის განხილვის საგანი რადგან საკასაციო პალატა, მოცემულ საქმეზე მოპასუხის კერძო საჩივრის კანონიერებას იხილავს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განჩინებაზეა წარმოდგენილი, ხოლო ამ განჩინებით სარჩელის იურიდიული ბედი კი არ გადაწყვეტილა, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისა და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობა შეფასდა.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე