Facebook Twitter

საქმე № ას-1485-2023 20 მარტი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.კ–ვა (მოსარჩელე, აპელანტი)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ხ–ძე, შპს „ნ–სი“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნაწარმოების გამოყენების აკრძალვა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.კ–ვა არის მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი და შპს „ს–ას“ დირექტორი. გ.კ–ვა არის ფილმისთვის „პირველი ბერი“ მამა გაბრიელის ცხოვრება“ სცენარის ავტორი, რომლის შექმნაზეც 2012 წლიდან მუშაობს. კინოპროექტი „ბრძოლა (ბერი გაბრიელი)“ გ.კ–ვამ, კუთვნილი კომპანიის, შპს „ს–ას“ საშუალებით, წარადგინა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე. აღნიშნული კინოპროექტი იგივე კონკურსზე მოსარჩელეს მანამდეც წარდგენილი ჰქონდა, თუმცა პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო. გ.კ–ვას სცენარი მოიცავს ბერი გაბრიელის ცხოვრების და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს, მათ შორის ბავშვობის ეტაპს.

2. ნ.ხ–ძე არის რეჟისორი, პროდიუსერი. იგი არის შპს „ნ–სის“ დირექტორი. შპს „ნ–სი“ დაფუძნდა 2022 წლის 30 მაისს.

3. 2022 წლის მარტის თვეში ნ.ხ–ძე და გ.კ–ვა შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ნ.ხ–ძის შეთავაზებაზე, შეესყიდა მოსარჩელისგან სცენარი, მოპასუხემ უარი მიიღო. აღნიშნულის შემდგომ მხარეებმა განიხილეს ბერი გაბრიელის შესახებ გ.კ–ვას სცენარით ფილმის ერთობლივად გადაღების საკითხი.

4. ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ.კ–ვა იქნებოდა სცენარის ავტორი და რეჟისორი, ხოლო მოპასუხე, როგორც პროდიუსერი, უზრუნველყოფდა ფინანსურ, დისტრიბუციის, ოპერატორის, ფილმის დიზაინერ- მხატვრის და სხვა საკითხებს. მოსარჩელე, ასევე თანახმა იყო, ნ.ხ–ძე ყოფილიყო თანარეჟისორიც.

5. შეხვედრაზე გ.კ–ვას მოთხოვნით, ოფიციალურად შეთანხმების მიღწევამდე მხარეებს ეკრძალებოდათ სცენარის შინაარსის გამჟღავნება. შეხვედრა შედგა ნ.ხ–ძის ინიციატივით, რომლისთვისაც მანამდე ცნობილი იყო სცენარის ნაწილი (ბერი გაბრიელის ცხოვრების ბავშვობის ეტაპი).

6. 2022 წლის 28 მარტს გ.კ–ვამ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ნ.ხ–ძეს გადაუგზავნა სცენარის სრული ვერსია. მოპასუხე ნ.ხ–ძე ადასტურებს, რომ მას აქვს და გაცნობილია გ.კ–ვას მიერ დაწერილი სცენარის სრულ ვერსიას. 2022 წლის 14 ივნისს ნ.ხ–ძემ მოსარჩელეს გადაუგზავნა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაზე მხარეებს ხელი არ მოუწერიათ და შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა.

7. 2022 წლის მაისიდან ნ.ხ–ძემ, შპს „ნ–სის“ სახელით დამოუკიდებლად დაიწყო წინასწარი პიარ კამპანია ბერი გაბრიელის შესახებ ფილმის სამომავლო გადაღების თაობაზე, როგორც სოციალური ქსელით, ასევე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით. პიარ კამპანია მოიცავდა სარეკლამო კამპანიას და ფინანსების მობილიზებას. დავის განხილვის დროისთვის მოპასუხეებს ფილმის გადაღება დაწყებული არ აქვთ, თუმცა ნ.ხ–ძემ და ი.ხ–ძემ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტში წარდგენილი აქვთ ფილმის, „ღირსი მამა გაბრიელის“ სცენარი, რაზეც „საქპატენტმა“ 2022 წლის 31 აგვისტოს გასცა დეპონირების მოწმობა.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. მოპასუხეებს ნ.ხ–ძესა და შპს „ნ–სს“ აეკრძალოთ გ.კ–ვას კუთვნილი სცენარის გამოყენების, შეცვლის და გადამუშავების უფლება;

8.2. მოპასუხეებს ნ.ხ–ძესა და შპს „ნ–სს“ გ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისროთ საავტორო უფლების დარღვევის გამო ერთჯერადი კომპენსაციის სახით 200 000 აშშ დოლარის გადახდა;

8.3. მოპასუხეებს ნ.ხ–ძესა და შპს „ნ–სს“ გ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის გადახდა.

9. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და შემდეგში სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ.კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ნ.ხ–ძესა და შპს „ნ–სს“ აეკრძალათ მოსარჩელე გ.კ–ვას კუთვნილი სცენარის გამოყენების, შეცვლის და გადამუშავების უფლება; მოსარჩელე გ.კ–ვას უარი ეთქვა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

11. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნებით

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

14. პირველი კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო მოთხოვნა

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად და დაუსაბუთებლად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან ნაწარმოების მოპასუხის მფლობელობაში არსებობა წარმოშობს მისი გამოყენების საფრთხეს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარჩელის როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი საავტორო უფლებების დარღვევას. საქმეზე დგინდება, რომ სცენარის ღირებულება 20 000 აშშ დოლარია, სწორედ აღნიშნულ თანხას მიიღებდა მოსარჩელე ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ამიტომაა სარჩელით აღნიშნული თანხის ათმაგი ოდენობა მოთხოვნილი. თავის მხრივ, დადასტურდა, რომ მოპასუხემ გამოიყენა სცენარი და მიიღო გარკვეული სახის ჰონორარიც.

15. მეორე კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება არა მტკიცებულებებზე, არამედ მოსაზრებებზე დააფუძნა. სასამართლო ვალდებული იყო ჯერ მტკიცებულებებით ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა, ხოლო შემდეგ მიეცა მათთვის სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა და სასამართლომ მხოლოდ ვარაუდზე მითითებით დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ.

15.3. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მიერ მისი სცენარის მითვისების ფაქტი, აღნიშნული გარემოების დამტკიცება კი აუცილებელია იმისთვის, რომ მოპასუხეს აეკრძალოს სადავო ნაწარმოების გამოყენება. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება იღებს პრევენციულ ხასიათს და პირს წინსწრებით უკრძალავს იმ მოქმედებას, რაც მას არ ჩაუდენია. ასეთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებითა და ძალაში დატოვებით მოპასუხე მხარეს ელახება საქმიანი რეპუტაცია.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთების განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ორივე საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

24. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება). მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

25. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ვ)მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება მიზნად ისახავს, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება.

27. ზიანის ანაზღაურებისას ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ბრალი (იხ. სუსგ N ას-667-2023, 16.11.2023 წ.)

28. განსახილველი საქმის ფარგლებში მთავარი საკვლევი სამართლებრივი საკითხებია: სახეზეა თუ არა საავტორო უფლების ხელყოფა, რაც გამოიხატება სხვისი ნაწარმოების არამართლზომიერი გამოყენების გამო აღნიშნული მოქმედების აკრძალვის, ასევე, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილების მართლზომიერების შემოწმება.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რამდენადაა სახეზე მისი ორიგინალი ნაწარმოების უნებართვო გამოყენებით საავტორო უფლების ხელყოფა, რადგან აღნიშნული გარემოების დადასტურებაა სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობა.

30. საკასაციო პალატა ამ კუთხით იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის საკუთარი საავტორო უფლების გადაცემის შესახებ თანხმობა, დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ნაწარმოები მიიღო, რაც წარმოშობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გაგებით არ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

31. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.კ–ვა არის მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი და შპს „ს–ას“ დირექტორი. გ.კ–ვა არის ფილმისთვის „პირველი ბერი“ მამა გაბრიელის ცხოვრება“ სცენარის ავტორი, რომლის შექმნაზეც 2012 წლიდან მუშაობს. კინოპროექტი „ბრძოლა (ბერი გაბრიელი)“ გ.კ–ვამ, კუთვნილი კომპანიის, შპს „ს–ას“ საშუალებით, წარადგინა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე. აღნიშნული კინოპროექტი იგივე კონკურსზე მოსარჩელეს მანამდეც წარდგენილი ჰქონდა, თუმცა პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო. გ.კ–ვას სცენარი მოიცავს ბერი გაბრიელის ცხოვრების და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს, მათ შორის ბავშვობის ეტაპს. მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ სწორედ მისი სცენარის გამოყენებით შეძლო მოპასუხემ ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელება, რომ სცენარი ერთი და იგივეა, ან მათ შორის არსებობს მაღალი ხარისხის მსგავსება. ასეთი სახის დასაბუთება და შესაბამისი სახის მტკიცებულებები მოსარჩელის მხრირან ვერ იქნა წარმოდგენელი.

32. რაც შეეხება კომპენსაციის სახით ერთჯერადად 200 000 აშშ დოლარის და მორალური ზიანის სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო ამავე განჩინების 26-ე პუნქტში მითითებული თუნდაც ერთი კრიტერიუმის დადასტურება, სარჩელის დაკმაყოფილება კი დამოკიდებული იყო არა ერთი, არამედ კუმულაციურად ოთხივე წინაპირობის არსებობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.როგორც გ.კ–ვა, ასევე ნ.ხ–ძისა და შპს „ნ–სის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ხ–ძესა (პ.ნ. .........) და შპს „ნ–სს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ლ–ის (პ.ნ. .........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება: 7680; გადახდის თარიღი 22.11.2023;) 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე