Facebook Twitter

საქმე №ას-772-2023 12 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.ნ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ.ნ–იას (შემდგომში ტექსტში "მოსარჩელე" ან "განმცხადებელი") საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, 26.04.2022 წლიდან სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილებაზე 12.02.2024 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 20.03.2024 წელს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ნ–იამ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, კერძოდ, მოვალის რეკვიზიტებში საიდენტიფიკაციო ნომრის (....) მითითება. განცხადებას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურის 18.03.2024 წლის შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი, რის გამოც კრედიტორს დაუდგინდა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2024 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. ამასთანავე, რადგან საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სსსკ-ის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 12.02.2024 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №ას-772-2023) დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და მასში მითითებულ მოვალის რეკვიზიტებს უნდა დაემატოს მისი საიდენტიფიკაციო ნომერი - "....“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განცხადება დაკმაყოფილდეს. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2024 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №ას-772-2023) დაშვებული უსწორობა და მოვალის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს - რეკვიზიტებს დაემატოს მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი - "....“.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია