Facebook Twitter

საქმე №ას-1637-2018 25 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "H. B. B.V. (ჰ.ბ. ბ.ვ.) (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.06.2018 წლის განჩინება; ამავე სასამართლოს 30.05.2018 წლის განჩინება მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩელში: სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა; კონტრაფაქციული საქონლის განადგურება; შეგებებულ სარჩელში: ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „H. B. B.V.“-მ (ჰ.ბ. ბ.ვ.) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდის იმპორტისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის აკრძალვა;

1.2. მოპასუხისთვის მის მიერ შემოტანილი პროდუქციის, სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული ლუდის განადგურების დავალება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ზე, რომელიც რეგისტრირებულია საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2014 წლის №47087 ბრძანების საფუძველზე სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში.

2.2. მოპასუხემ შემოიტანა სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული ლუდი (44 352 ცალი 0.33-ლიტრიან ბოთლში და 48 000 0.33-ლიტრიან ქილაში). შემოტანილი საქონელი არის კონტრაფაქციული. ლუდის ქილებიდან და ბოთლიდან სასაქონლო ნიშნის განცალკევება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, ლუდის ბოთლებს აქვს განსაკუთრებული დიზაინი, რომელიც მისი მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრებაა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების დაცვის ერთადერთი საშუალება პროდუქციის განადგურებაა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ნამდვილად შემოიტანა სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული ლუდი, მაგრამ იგი არ არის კონტრაფაქციული. პროდუქცია დამზადებულია თავად მოსარჩელის მიერ და მასზე სასაქონლო ნიშანი მოთავსებულია კანონიერად.

3.2. მოპასუხემ აღნიშნული პროდუქცია შეიძინა ლეგიტიმური გარიგების საფუძველზე გერმანიის რეზიდენტი კომპანია „P.A.G“-სგან. პარალელური იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის - 168 769 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 22 257 ლარის გადახდის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

5.1. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებულ 44 352 ბოთლ და 48 000 ქილა ლუდს. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ განახორციელა მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

5.2. უზრუნველყოფის მოხსნისთვის საჭირო პროცედურებისა და დროის გათვალისწინებით ვერ მოხერხდა ყადაღამოხსნილი პროდუქციის რეალიზაცია, რადგან მას გაუვიდა ვარგისიანობის ვადა. პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, მოპასუხე მიიღებდა 168 769 ლარის შემოსავალს. აღნიშნული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით კი - სარგებლის სახით მიიღებდა 22 257 ლარს. ამ ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.12.2017 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდის იმპორტი და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა; მოპასუხეს დაევალა მის მიერ შემოტანილი პროდუქციის, კერძოდ, სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული ლუდის (44 352 ცალი 0,33-ლიტრიან ბოთლში და 48 000 ცალი 0,33-ლიტრიან ქილაში) განადგურება; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

7.1. მოსარჩელე ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე „HEINEKEN“, რომელიც რეგისტრირებულია საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2014 წლის №47087 ბრძანების საფუძველზე სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში.

7.2. მოსარჩელის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის შპს „თ.თ.“, მხარეთა შორის გაფორმებული ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულების თანახმად.

7.3. მოსარჩელე 24.10.2014 წლის მინდობილობით შპს „თ.თ–ს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, დაიცვას მისი ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის იმოქმედოს მარწმუნებლის სასაქონლო ნიშნების ექსპერტის სახით, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

7.4. მოპასუხემ შემოიტანა სასაქონლო ნიშან „ჰეინეკენით“ ნიშანდებული ლუდი (44 352 ცალი 0,33-ლიტრიან ბოთლში და 48 000 0,33-ლიტრიან ქილაში). აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეტყობინა შპს „თ.თ–ს“.

7.5. მოპასუხის მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული 44 352 ცალი 0,33-ლიტრიანი ლუდის ბოთლებიდან და 48 000 0,33-ლიტრიანი ლუდის ქილებიდან სასაქონლო ნიშნის განცალკევება არის შეუძლებელი. ლუდის ქილებსა და ბოთლზე ნიშანი დატანილია იმგვარად, რომ სასაქონლო ნიშანი ფაქტობრივად ვერ მოსცილდება.

7.6. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის 04.05.2015 წლის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2015 წლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებულ 44 352 ცალ 0,33-ლიტრიან ბოთლ და 48 000 0,33-ლიტრიან ქილა ლუდს, რომელიც საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე განთავსებული იყო მოპასუხის საწყობში რეგისტრაციის ნომრებით - 47087 (HEINEKEN).

7.7. მოპასუხის 13.05.2015 წლის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.06.2015 წლის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 187 672 ლარის განთავსების ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის შეტანის გზით ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ან თავდებობის წარმოდგენით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.07.2015 წლის განჩინებით გაუქმდა 05.05.2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.10.2015 წლის განჩინებით.

7.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.03.2017 წლის ექსპერტიზის №001638517 დასკვნის თანახმად, მოპასუხის საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის გამოკვლევით დადგინდა, რომ ორივე სახეობის ტარით (მინის ბოთლი და ლითონის ქილა) წარმოდგენილ ლუდის პარტიებს გასული აქვთ ვარგისიანობის ვადა. 46 723 ლითონის ქილაში ჩამოსხმულ ლუდს წარწერით: „HEINEKEN“, Heineken LAGER BEER PREMIUM QUALITY. Cont e 33 d-330 ml-11.1FLOZZ alc 5% vol“, მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016 წლის თებერვლამდე. 27 491 ცალ მინის ბოთლებში ჩამოსხმულ ლუდს წარწერით: „HEINEKEN“, Heineken LAGER BEER PREMIUM QUALITY. Cont 33 d-330 ml-11.1FLOZZ alc 5% vol“, მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016 წლის მარტამდე.

7.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.03.2017 წლის №001712917 დასკვნის თანახმად, მოპასუხე „Heineken“-ის მარკის 74 214 (27 491 ცალი 0,33 მლ. ბოთლის ლუდი და 46 723 ცალი 0.33 მლ. ქილის ლუდი) ერთეული ლუდის რეალიზაციის შემთხვევაში მიიღებდა 168 769 ლარის ოდენობის შემოსავალს, ხოლო აღნიშნული თანხის 01.09.2015 წლიდან 28.02.2017 წლის ჩათვლით, სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით, კომპანია სარგებლის სახით საორიენტაციოდ მიიღებდა 22 257 ლარს.

7.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.12.2015 წლის №ას-1285-1223-2014 გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლო ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს საქონლის კონტრაფაქციულობასთან დაკავშირებულ დავებში. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობა, მოწინააღმდეგე მხარის იდენტურ ან მსგავს საქონელზე სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი, რის შემდეგადაც მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქონელი არ არის კონტრაფაქციული. ამასთან, უნდა მიუთითოს, თუ რა ფორმით მისცა მას განსაკუთრებული ნიშნის მფლობელმა ნებართვა სასაქონლო ნიშნის გამოსაყენებლად.

7.11. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი მოსარჩელის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, დაადასტუროს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ მოპასუხის სიტყვიერ მითითებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ შემოტანილი სასაქონლო ნიშან „ჰეინეკენით“ ნიშანდებული ლუდი (44 352 ცალი 0,33-ლიტრიან ბოთლში და 48 000 0,33-ლიტრიან ქილაში) კონტრაფაქციული საქონელია. სასამართლომ იხელმძღვანელა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და მოსარჩელე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეს, „სასაქონლო ნიშნის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა და საქონლის განადგურება.

7.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა განსახილველ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის - 168 769 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 22 257 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად) განსაზღვრული წინაპირობები არ არსებობდა.

8. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.06.2018 წლის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის მოსაზრება, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი სასაქონლო ნიშან „ჰეინეკენით“ ნიშანდებული ლუდი (44 352 ცალი 0,33-ლიტრიან ბოთლში და 48 000 ცალი 0,33-ლიტრიან ქილაში) არ არის კონტრაფაქციული საქონელი, არამედ წარმოადგენს პარალელურ იმპორტს საქართველოს ტერიტორიაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საქონლის გადაადგილების სერტიფიკატზე მითითება სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის საპირისპირო და გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება და არ წარმოადგენს სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ გამოირიცხა საქონლის კონტრაფაქციულობის პრეზუმფცია, საფუძველს მოკლებულია მისი მოსაზრება პარალელური იმპორტის აკრძალვის რისკებზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 30.05.2018 წლის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

10.1. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გამიჯნეს კონტრაფაქციულობისა და საქართველოში პარალელური იმპორტის სამართლებრივი წინაპირობები. ევროპული კომისიის განმარტების თანახმად, პარალელურ იმპორტს ადგილი აქვს, როდესაც ერთი წევრი სახელმწიფოდან ხდება საქონლის იმპორტი მეორე სახელმწიფოში და საქონელი მიწოდებულია მწარმოებლის ოფიციალური მიწოდების არხების მიღმა. პარალელური იმპორტი ნებადართულია იმ მომენტიდან, როდესაც პროდუქტი იყიდება იმპორტის განხორციელების ქვეყანაში - პარალელურ იმპორტიორს შესაბამისად შეუძლია, იყიდოს საქონელი ერთ ქვეყანაში და გაყიდოს სხვა ქვეყანაში. ამგვარი გადაწყვეტილებით სასამართლომ ფაქტობრივად აკრძალა პარალელური იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე.

10.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ შემოტანილი საქონელი კონტრაფაქციულია. სასამართლომ არ შეაფასა გარემოება მასზე, რომ სადავო საქონელი წარმოებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე, მოპასუხემ იგი მიიღო გერმანელი ექსპორტიორისგან - „PDM ADVISER GMBH“-სგან.

10.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეს არ დაურთო მოპასუხის მიერ წარდგენილი საქმის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მასზე, რომ პროდუქცია კონტრაფაქციული არ არის. მოპასუხეს საკუთარი კონტრაქტორისგან პასუხის მიღებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დამატებითი დროის განსაზღვრაზე შუამდგომლობის დაყენება არ შეეძლო, რადგან მასთან უკუკავშირი არ ყოფილა. მოპასუხისთვის უცნობი იყო, ჰქონდა თუ არა საერთოდ ამ კომპანიას საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. საპროცესო ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეს ამგვარი უსაფუძვლო შუამდგომლობა არ დაუყენებია, თუმცა, როგორც კი მიიღო საფოსტო გზავნილი, მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ არის.

14. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდის იმპორტის, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის აკრძალვისა და შემოტანილი პროდუქციის განადგურების დავალების, ასევე - ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი არ ეთანხმება მის მიერ შემოტანილი საქონლის კონტრაფაქციულობის თაობაზე სასამართლოს დასკვნას.

15. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (23.06.1999 წლის №2159-IIს კანონის დავის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით), კონტრაფაქციული პროდუქციაა ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.

16. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა: 1) საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი (შედიოდეს იმ საქონლის ჩამონათვალში), რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; 2) საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; 3) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ (სუსგ №ას-286-2021, 12.11.2021წ., პუნ. 21; №ას-1285-1223-2014, 01.12.2015წ., პუნ. 87).

17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების არსებობა და მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მითითებული პროდუქცია კონტრაფაქციული არ იყო და მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება ჰქონდა (საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით შდრ: სუსგ №ას-1285-1223-2014, 01.12.2015წ. პუნ. 93-98). ისეთ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევის ვარაუდის საფუძველზე შეჩერდა შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საქონლის გაფორმების პროცედურები და თავად მოსარჩელე ინფორმირების მომენტიდანვე უარყოფს სადავო საქონლის მის მიერ წარმოების ფაქტს, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო იმის დადასტურება, რომ პროდუქცია არ იყო კონტრაფაქციული. საქონლის გადაადგილების სერტიფიკატი სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და კონტრაფაქციულობის გამოსარიცხად საკმარისი არ არის.

18. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული არ არის დაცული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილია ამ ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე.

19. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

20. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიისაგან, მისი დისტრიბუტორისაგან (მით უფრო რამდენჯერმე გადაყიდვის შემთხვევაში) პროდუქციის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით არ ნიშნავს იმას, რომ მყიდველმა შექმნა პროდუქცია; ამ გზით, რაც მართლზომიერია, შეძენილი პროდუქციის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ სადავო საქონლის მყიდველმა, რომელიც შემდეგ იმავე საქონელს ყიდის, სასაქონლო ნიშნის განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლება არამართლზომიერად გამოიყენა (სუსგ №ას-286-2021, 12.11.2021წ.). ამავე საქმეში საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მოსარჩელე კომპანიის დისტრიბუტორის მიერ მესამე პირზე გასხვისებული საქონელი, როგორც ორიგინალი პროდუქცია, საბოლოოდ მოპასუხე კომპანიამ შეიძინა და საქართველოში შემოიტანა. პროდუქცია პალატამ კონტრაფაქციულად არ მიიჩნია და განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიას უნებართვოდ კი არ გამოუყენებია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი, არამედ მარტივი სავაჭრო ოპერაცია კანონიერად განახორციელა - იყიდა საქონელი შემდგომი გაყიდვის მიზნით (სუსგ №ას-286-2021, 12.11.2021წ.).

21. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პროდუქცია ორიგინალია, სწორედ იმპორტიორმა უნდა გაწიოს. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ მან შეიძინა და საქართველოში შემოიტანა არა კონტრაფაქციული (სხვა პირის მიერ წარმოებული და მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით მარკირებული), არამედ ორიგინალი, მოსარჩელის მიერ წარმოებული საქონელი.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ეს ფაქტები დგინდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ. 67). სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპების დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (სუსგ №ას-100-2021, 27.05.2021წ.).

23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი მოსარჩელის მიერ იყო წარმოებული.

24. ამრიგად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების შესაბამისად, მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშან „HEINEKEN“-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდის იმპორტის, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის აკრძალვისა და შემოტანილი პროდუქციის განადგურების დავალების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1285-1223-2014, 01.12.2015წ; №ას-718-686-2016, 03.10.2016წ; №ას-936-901-2016, 16.01.2019წ; №ას-1709-2019, 04.11.2021წ.).

25. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ შეგებებულ სარჩელს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობის გამო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერება გამორიცხავს მისი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიების გაუმართლებლობას.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2018 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც, სსსკ-ის 380.2 მუხლზე დაყრდნობით, არ დაკმაყოფილდა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა (ტ.2, ს.ფ. 284-294, იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:22:20-14:30:42).

27. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი მტკიცებულებები შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (სუსგ №ას-816-767-2015, 19.11.2015წ; №ას-14-2020, 28.05.2020წ.).

29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. მტკიცებულების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება. კასატორის განმარტებით, მტკიცებულებების, რომელთა დართვაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა, წარმოსადგენად სასამართლოს წინაშე დამატებითი დროის განსაზღვრაზე არ უშუამდგომლია. აღნიშნულს კასატორი საპროცესო ეკონომიის პრინციპზე მითითებით ხსნის, რაც სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ განიხილება. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17). შესაბამისად, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

30. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.06.2018 წლის განჩინება.

3. შპს „კ–ის“ მოთხოვნა მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2018 წლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე