Facebook Twitter

საქმე №ას-343-2021 27 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ვ–ძე, ა.მ–ძე, ც.უ–ლი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჰ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ვ–ძის, ა.მ–ძისა და ც.უ–ლის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...... განლაგებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდებით: №......., №......., №........, №........, მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის ხელშეშლის აღკვეთა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი სამშენებლო სამუშაოს შესრულების ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 25.08.2014 წელს, ერთი მხრივ, ე.თ–ს, მ.კ–სა (შემდგომში - „გამყიდველები“) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის დაიდო პირობადადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველებმა მყიდველს/მოსარჩელეს მიჰყიდეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 444 კვ.მ, მდებარე, თბილისში, ......., მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებამდე ნასყიდობის საგანი რჩებოდა გამყიდველების საკუთრებაში, ხოლო მყიდველი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებოდა „მომავალ მესაკუთრედ“.

4.2. ...... №10-ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინები საკადასტრო კოდებით: №......., №....., №...., და იმავე მისამართზე მდებარე მ.კ–ს საკუთრებაში არსებული ფართი საკადასტრო კოდით: №......, გასხვისდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე. მოსარჩელემ აუქციონზე შეძენილი ქონების მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მეექვსე სართულზეც მდებარეობდა მათ მიერ შეძენილი ბინები, არ შეესაბამებოდა პროექტის მოთხოვნებს და საჭიროებდა დემონტაჟს.

4.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამჟამად, უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ......., სართული 6, ფართი 23.77 კვ.მ და 22.77 კვ.მ, ს/კ: ........ და ........, ირიცხება ქ.ვ–ძის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 10.07.2018 წელს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

4.4. უძრავი ქონების, მდებარე, თბილისში, ........, სართული 6, ფართი 97.00 კვ.მ, ს/კ: ......, მესაკუთრეა ა.მ–ძე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია 17.04.2018 წელს დამოწმებული სააღსრულებო ბიუროს განკარგულება.

4.5. უძრავი ქონების, მდებარე, თბილისში, ........, სართული 6, ფართი 98.00 კვ.მ, რეგისტრირებული მესაკუთრეა ც.უ–ლი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 22.05.2018 წელს დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №000061 მითითების თანახმად, თბილისში, ........ მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაირღვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 01.05.2015 წლის №1869273 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით, ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ მისი პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

4.7. №000061 მითითების დანართის მიხედვით, ობიექტის მშენებლობისას დაშვებულია შემდეგი დარღვევები: ფასადებზე დამატებით მოწყობილია წყალშემკრები მილები. ფასადი ნაწილობრივ შესაღები და შესალესია. დასასრულებელია ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე - ტერიტორიიდან და შენობიდან გასატანია სამშენებლო ნარჩენები და ხარაჩოები; ფასადი 1-9 ღერძებში: დამატებით მოწყობილია ხვრელები, გამწოვი და კონდიციონერის აგრეგატი. -3.00 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია ფრამუგები; ფასადი ა-გ ღერძებში: დამატებით მოწყობილია საჰაერო მილი და გამწოვები; ფასადი 9-1 ღერძებში: ნაწილობრივ შეცვლილია ვიტრაჟების და კარ-ვიტრაჟების ვიზუალი. ±0.00 ნიშნულზე 9-8 და 2-1 მონაკვეთებში შემცირებულია კარების ღიობების სიმაღლე. 8-5 და 4-2 მონაკვეთებში კარ-ვიტრაჟებს მონაცვლებული აქვს ადგილი. 9-8 და 2-1 მონაკვეთებში შემცირებულია ვიტრაჟების სიგანე. 5-5 ღერძებზე შეცვლილია ღიობების სიმაღლე და დამატებით მოწყობილია გისოსები. ±0.00 ნიშნულზე 3-2 მონაკვეთში გაზრდილია ღიობის სიგანე, 8-2 მონაკვეთში შემცირებულია ღიობების სიმაღლე, ხოლო 8-5 მონაკვეთში დამატებით მოწყობილია კედელი და ღიობის ნაწილი ამოშენებულია. ამავე ნიშნულზე 5-4 მონაკვეთში შემცირებულია კარის სიგანე. ±3.34, ±6.80, და ±9.76 ნიშნულებზე საზაფხულო ფართებში დამატებით მოწყობილია გამათბობელი დანადგარების კარადები გამწოვი მილებით. +12.32 ნიშნულზე 9-5 მონაკვეთში დამატებით მოწყობილია საჩრდილობელი. +18.24 ნიშნულზე 8-8 ღერძთან დამატებით მოწყობილია ხვრელები და მილი. +6.80 ნიშნულზე 3-3 ღერძთან დამატებით მოწყობილია კონდიციონერის აგრეგატი. გაზრდილია მოაჯირების სიმაღლე. +4.74 ნიშნულზე 8-8 ღერძთან დამატებით მოწყობილია კონდიციონერის აგრეგატი. ±0.00 ნიშნულზე 9-9 ღერძის გარეთ დამატებით მოწყობილია სამშენებლო ბლოკის კედელი.

4.8. გეგმების მიხედვით: მონოლითური და სამშენებლო ბლოკის კედლები არ არის ნაჩვენები განსხვავებული ფაქტურით. შემცირებულია კიბის უჯრედის სიგანე. სართულებზე ნაწილობრივ შეცვლილია კიბის საფეხურების რაოდენობა; ±0.00 ნიშნულზე: შემცირებულია გარე კედლების სისქე. ა-ბ და 2-4 მონაკვეთების გადაკვეთაზე დამატებით მოწყობილია კაპიტალური კედლები. 5-8 მონაკვეთში 5-5 ღერძის მარჯვნივ კიბის უჯრედის დიაფრაგმაში დამატებით მოწყობილია ღიობი, ასევე დიაფრაგმის მიმდებარედ დამატებით მოწყობილია კედელი. შემცირებულია ავტოსადგომის ფართი. სადარბაზოში დასასრულებელია შშმ პირთათვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსების მონტაჟი. 9-9 ღერძის გარეთ დამატებით მოწყობილია პანდუსი და ბლოკის კედელი, რომელიც ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს; ±3.84 ნიშნულზე: გ-გ ღერძთან შეცვლილია ვიტრაჟების და კედლების ადგილმდებარეობა, რის ხარჯზეც გაზრდილია შიდა ფართი, შემცირებულია საზაფხულო ფართი და 2-4 მონაკვეთში გაზრდილია აივნის სიგანე; ±3.84-დან და ±15.68 ნიშნულის ჩათვლით ბ-ბ ღერძის გარეთ 1-2 და 8-9 მონაკვეთებში გაზრდილია სართულშუა გადახურვის ფილის გაბარიტები და აივნების ნაცვლად მოწყობილია საცხოვრებელი ფართები. ა-ა ღერძის გარეთ დამატებით მოწყობილია მცირე ზომის აივნები; +9.76 ნიშნულზე: გ-გ ღერძთან შეცვლილია ვიტრაჟების და კედლების ადგილმდებარეობა, რის ხარჯზეც გაზრდილია შიდა ფართი, შემცირებულია საზაფხულო ფართი და 2-4 მონაკვეთში გაზრდილია აივნის სიგანე; 5-5 ღერძთან ბ-გ მონაკვეთში დიაფრაგმაში დამატებით მოწყობილია ღიობები; +15.68 ნიშნულზე: გაზრდილია სართულის სიმაღლე; +18.24 ნიშნულზე: დამატებით მოწყობილია დაშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია შიდა ფართი და შენობის სიმაღლე; ვერ მოხერხდა ობიექტზე არსებულ ფართების ნაწილში შესვლა და ობიექტის სრულად დათვალიერება.

4.9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითება დარღვევების გამოსწორების თაობაზე არ შესრულდა, რასაც მოჰყვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების დაჯარიმება სამმაგი ოდენობით.

4.10. მოსარჩელე, რომელიც მიწის მესაკუთრეებთან გაფორმებული პირობადადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულია ააშენოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და უზრუნველყოს მისი ექსპლუატაციაში მიღება, უთითებს, რომ ობიექტის თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ბინების დემონტაჟი, რის უფლებასაც ეს უკანასკნელები არ აძლევენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას, ანუ აღძრული აქვს ნეგატორული სარჩელი.

4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც ნივთის მესაკუთრე, ასევე ნივთის ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი. მოსარჩელემ პირობადადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იკისრა მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, რისი დასრულების შემდგომაც გადაეცემოდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე. მოცემულ ეტაპზე იგი ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა მისი ვალდებულებაა. შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელების მიზნით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის აღკვეთა.

4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელემ უნდა ადასტუროს მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის არსებობის ფაქტი. აღნიშნული კუთხით მოსარჩელე უთითებს მერიის მუნიციპალური ინსპექციის აქტზე, რომლითაც დადგენილია ობიექტზე სამშენებლო დარღვევები და მესაკუთრეებს დაევალათ მშენებლობის თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. მოსარჩელის განმარტებით, დადგენილი დარღვევების გამოსწორებისათვის საჭიროა მეექვსე სართულის დემონტაჟი, რათა ჭერის სიმაღლე შეესაბამებოდეს პროექტით განსაზღვრულს.

4.13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №000061 მითითების დანართზე, სადაც აღწერილია მშენებლობისას დაშვებული დარღვევები. ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ჭერის სიმაღლის გარდა, არსებობს არაერთი დარღვევა, რომელიც გამოსასწორებელია, კერძოდ, შენობის გარე ფასადი არ შეესაბამება პროექტს, შენობაში დამატებით მოწყობილია ხვრელები, ფრამუგები, გამწოვი და კონდიციონერის აგრეგატი, შეცვლილია ვიტრაჟებისა და კარ-ვიტრაჟების ვიზუალი, შეცვლილია ღიობების ზომები, შემცირებულია კედლების სისქე, კიბის უჯრედების სიგანე, შიდა ფართის გაზრდის მიზნით შეცვლილია ვიტრაჟებისა და კედლების ადგილმდებარეობა, შემცირებულია საზაფხულო ფართი, გაზრდილია აივნის სიგანე და ა.შ. და რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, დამატებით მოწყობილია დაშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია შიდა ფართი და შენობის სიმაღლე. ამდენად, ადგილი აქვს არაერთ დარღვევას. მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხეთა მხრიდან აღნიშნული დარღვევების გამოსწორებაში ხელშეშლას დაადასტურებდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოსარჩელე, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებასა და ექსპლუატაციაში მისაღებად ვარგის კონდიციამდე შენობის მიყვანაზე პასუხისმგებელი პირი (მშენებლობის დასრულებამდე შენობის მართლზომიერი მფლობელი), ითხოვს მოპასუხეებისგან, როგორც ამავე მრავალბინიანი სახლის რამდენიმე ბინის რეგისტრირებული მესაკუთრისაგან, შენობის თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესასრულებელი სამუშაობის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთას.

10. კეთილსინდისიერი მფლობელი, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 161, ველი 1). მოსარჩელე, როგორც მშენებელი, არის მშენებარე შენობა-ნაგებობის მართლზომიერი მფლობელი, რომელიც ასრულებს იმგვარ სამუშაოებს, რაც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად არის საჭირო და უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პროცესში ხელშეშლის აღკვეთა. თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად ეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა (სსკ-ის მუხლი 161). მოთხოვნის უფლების მოვალე არის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხელშეშლის ქმედებას. მოთხოვნის უფლების პოსესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი, შესაძლებელია, მიმართული იყოს მესაკუთრის წინააღმდეგაც (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 161, ველი 5; (ასევე იხ: სუსგ №ას-1060-2020, 24.12.2020წ; №ას-314-2020, 06.07.2021წ.)).

11. მოსარჩელის განმარტებით, შენობის თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აუცილებელია შენობის მე-6 სართულის დემონტაჟი, რაც გულისხმობს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ბინების დემონტაჟს და აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან/ხელს უშლიან მოპასუხეები.

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

13. სსკ-ის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კეთილსინდისიერების პრინციპის გამოხმაურებაა. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; №ას-189-2020, 20.04.2021წ; №ას-833-2019, 15.11.2019წ; №ას-942-2020, 28.04.2021წ.). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (სუსგ №ას-549-521-2015, 18.11.2015წ.).

15. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაადგინა თბილისში, ........ მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 01.05.2015 წლის №1869273 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევის მრავალი პუნქტი (დარღვევათა მხოლოდ ნაწილი შეეხება მე-6 სართულის პარამეტრებს) (ტ.1, ს.ფ.37-42), რომელთა აღმოფხვრაში მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლა საქმის მასალებით არ დასტურდება. სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას და, შესაბამისად, არც მტკიცებულებაა წარმოდგენილი მასზე, რომ შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია უშუალოდ მისი მე-6 სართულის დემონტაჟი (რომ სხვაგვარად რეკონსტრუქცია ვერანაირად ვერ მოხდება) და აღნიშნული შენობის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის.

16. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სარჩელის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ჰ–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ნ.ს–ძისა (პ/ნ: .....) და მ.ზ–ას (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 150 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 28.06.2021წ., გადახდილი თანხა 120 ლარი; საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 30.06.2021წ., გადახდილი თანხა 30 ლარი) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია