საქმე №ას-321-2023 30 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ე.გ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2022 წლის გადაწყვეტილებით მ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი შპს „ჯ.ე.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 15.03.2022 წლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 6124.44 ლარის გადახდა; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.10.2019 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ დაიკავა საწარმოს ბრენდ მენეჯერის პოზიცია. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1530.61 ლარს.
3.2. 20.02.2022 წელს მოსარჩელეს აეწია სხეულის ტემპერატურა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ აცნობა მოპასუხეს. მოპასუხეს ასევე ეცნობა, რომ კოვიდ ტესტირების ჩატარებამდე დასაქმებული ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში. 23.02.2020 წელს მოსარჩელის მიერ ჩატარებული კოვიდ ტესტი აღმოჩნდა დადებითი, რის გამოც იზოლაციის დასრულების თარიღად განისაზღვრა 02.03.2022 წელი.
3.3. 01.03.2022 წელს მოსარჩელემ ელექტრონული წერილით მიმართა მოპასუხეს, კერძოდ, მის ბუღალტერს ნ.ნ–ს. ელექტრონული წერილით მოსარჩელე ითხოვდა, მისი წერილი კომპანიამ მიიღოს ოფიციალურ შეტყობინებად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ნ.ნ–ს უკვე ესაუბრა წინა დღეს. წერილში აღნიშნულია შემდეგი: „როგორც გითხარი, ბატონ პ–თან კვირას სატელეფონო საუბრით შემთხვევით გავიგე სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების თაობაზე. კოვიდის საკარანტინო პერიოდი გადიოდა 1-ში და 2-ში ვგეგმავდი სამსახურში დაბრუნებას. ძალიან საინტერესო ფორმაა სამსახურიდან დათხოვნის, ისევე როგორც მოტყუებით გასაღების გამორთმევა. დანარჩენ დეტალებზე არ განვევრცობი. გათავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე გახლავთ შრომის კოდექსის დარღვევა, კომპანია ვალდებულია გადაიხადოს 2 თვის შრომითი ანაზღაურება კომპენსაციის სახით. გთხოვთ, აღნიშნული ქმედების თაობაზე შპს ჯ.ე.გ–მა მომაწოდოს ოფიციალური ახსნა-განმარტება და დასაბუთება. ასევე, გთხოვ, ამომაგდო კომპანიის გროუპ ჩეთიდან და ჩემი შეტყობინება WhatsApp ჩეთში ოფიციალურად გაავრცელო“.
3.4. 11.03.2022 წელს მოსარჩელემ კვლავ ელექტრონული წერილით მიმართა მოპასუხეს, კერძოდ, მის ბუღალტერს ნ.ნ–ს. ელექტრონულ წერილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე უგზავნის წერილს დამსაქმებლის ხელმძღვანელებისთვის. ასევე, მოსარჩელე ითხოვდა წერილის მიღების ოფიციალურ დადასტურებას და ატვირთვას კომპანიის გუნდურ მიმოწერაში. ელექტრონულ წერილში/შეტყობინებაში აღნიშნულია შემდეგი: „2022 წლის 1 მარტს კომპანიის ხელმძღვანელობას მოგმართეთ ოფიციალურად ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ე.წ. გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების ოფიციალური შეტყობინების გამოგზავნის მოთხოვნით. კომპანიის ბუღალტერმა, ქალბატონმა ნ.ნ–მა დამიდასტურა, რომ თქვენ შეტყობინებას გაეცანით, თუმცა დღეის მდგომარეობით, შპს „ჯ.ე.გ–ის“ მხრიდან პასუხი არ მიმიღია. კომპანიამ ჩემთან მიმართებით დაარღვია შრომითი კანონმდებლობა და აგრეთვე, მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება..... 1 მარტს გავიდა 8 დღიანი ვადა საიზოლაციო პერიოდი, 2 მარტს დავგეგმე სამსახურში გამოსვლა. 28 თებერვალს ბატონ პ.გ–ძესთან სატელეფონო საუბრის დროს შემთხვევით შევიტყვე კომპანიის გადაწყვეტილება. კონფლიქტის შემდგომი გამწვავების თავიდან ასარიდებლად, სამსახურში მიზანშეუწონლად ჩავთვალე მოსვლა და მოგმართავთ წერილობით. კომპანიისაგან განმეორებით მოვითხოვ ბრძანების მოწოდებას გათავისუფლების შესახებ შესაბამისი დასაბუთებით და ახსნა-განმარტებით“. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით დაადასტურა როგორც 01.03.2022 წლის, ისე 11.03.2022 წლის წერილების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღების და მათი რეაგირების გარეშე დატოვების ფაქტობრივი გარემოება.
3.5. მოსარჩელემ წერილობით შეტყობინებაზე პასუხი მოპასუხისაგან მიიღო 15.03.2022 წელს, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 15.03.2022 წლის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 15.03.2022 წლიდან. ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა 15 დღის განმავლობაში, საპატიო მიზეზის წარმოდგენის გარეშე, ასევე, მის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მისაკუთრება.
3.6. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს დასაქმებულის მისამართით რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია.
3.7. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს დასაქმებულისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაში მითითებულ სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია, ისე შეუფარდა დისციპლინური ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
3.8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ზეპირ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.
3.9. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოპასუხეს გადაწყვეტილი ჰქონდა არა იმ საფუძვლით, რაც გასაჩივრებულია, არამედ სხვა საფუძვლით, თუმცა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე მის მიმართ ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ გამოუვლენია და დაელოდა მის გამოჯანმრთელებას. მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე შეიცვალა მდგომარეობა, ვინაიდან დასაქმებული სამუშაოზე აღარ ცხადდებოდა, დადგა საკითხი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე წლების განმავლობაში სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად ჩარიცხული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმების, რასაც მოსარჩელემ თავი აარიდა, რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა სამუშაოზე გამოუცხადებლობისა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის თავის არიდების საფუძვლით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერება.
3.10. საქმეში არ არის წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, საქმეში წარდგენილი წერილებით, რომლის ჩაბარებაც მოპასუხემ არ უარყო, დგინდება, რომ მოსარჩელე მინიმუმ 01.03.2022 წლიდან ზეპირსიტყვიერად ინფორმირებული იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და იგი ელოდებოდა დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი მტკიცებულების ჩაბარებას. მან განმეორებითაც მიმართა დამსაქმებელს 11.03.2022 წელს და კვლავ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების ჩაბარება, ხოლო დამსაქმებელმა მხოლოდ 15.03.2022 წელს უზრუნველყო აღნიშნული ბრძანების მოსარჩელისათვის გადაცემა. ამასთან, მიუხედავად დასაქმებულის არაერთი მოთხოვნისა, დამსაქმებელმა მკაფიო და ნათელი ნება შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება/შეწყვეტის შესახებ არ გამოავლინა, რის გამოც მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიოდ.
3.11. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში მითითებულ მეორე საფუძველს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერც აღნიშნული დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით და სასამართლოზე მიცემული ახსნა-განმარტებით შეცვალა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ეს საფუძველი, აღიარა, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში დასაქმებულს პირად ანგარიშზე ძირითად შემთხვევაში ხელფასის სახით ურიცხავდა სახსრებს კომპანიის სასარგებლოდ სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად, რაც მინიმუმ საბუღალტრო ანგარიშგების წესების დარღვევას წარმოადგენს.
3.12. საქმეში არ არის წარდგენილი წერილობითი დოკუმენტი, შრომითი ხელშეკრულების ან შინაგანაწესის სახით, რომლითაც დასაქმებულების უფლება-მოვალეობები იქნებოდა განსაზღვრული. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დამსაქმებელს ჰყავდა ხელმძღვანელი პირები, ასევე, ბუღალტერი, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი კომპანიის ფულად სახსრებზე. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მისი შრომითი მოვალეობებიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა ერთპიროვნულად და ფარულად განეკარგა მოპასუხის კუთვნილი ფულადი სახსრები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, როგორც მოპასუხე მიუთითებს, არსებობდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის დამსაქმებელს წერილობითი ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია და არც რაიმე სახის გაფრთხილება მიუცია, უფრო მეტიც, მას ამ პერიოდზე სრულად მიეცა სახელფასო ანაზღაურება, რაც გარკვეულწილად ბადებს საფუძვლიან ეჭვს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს ადგილი მოსარჩელის მხრიდან. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერებას ამოწმებს გათავისუფლების ბრძანებაში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, გათავისუფლების საფუძვლების წერილობით დასაბუთებაში მითითებული გარემოებების ფარგლებში, ცალსახაა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება არამართლზომიერად.
3.13. შრომითსამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიკური სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, რაც აუცილებელს ხდიდა მასთან უკიდურესი ღონისძიების გამოყენებას - სამსახურიდან დათხოვნას და შედარებით უფრო მსუბუქი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას. ამრიგად, არ გამოიკვეთა დასაქმებულის ისეთი ქმედება/უმოქმედობა, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც გაამართლებდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის 15.03.2022 წელს გამოცემული ბრძანება დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი, როგორც მართლსაწინააღმდეგო.
3.14. სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლო ხელმძღვანელობს სშკ-ის 48-ე მუხლით, სამსახურში აღადგენს უკანონოდ დათხოვნილ დასაქმებულს (იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე), ან მიაკუთვნებს მას შესაბამის კომპენსაციას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს სამსახურში აღდგენა და განაცდური. მისი მოთხოვნაა მხოლოდ კომპენსაციის დაკისრება. მოსარჩელე თავად ირჩევს სასარჩელო მოთხოვნას, რასაც სასამართლო ვერ შეცვლის და ვერ გააფართოებს, მხარეს ვერ მიაკუთვნებს იმას, რაც მას არ უთხოვია. სასამართლო შებოჭილია მხარეთა მიერ დაყენებული მოთხოვნის ფარგლებით. შესაბამისად, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციად მართებულად მიიჩნია მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 4 თვის სახელფასო ანაზღაურების, ჯამურად - 6124.44 ლარის დაკისრება. ამასთან, სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრის მიზნებისათვის გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს იძულებითი განაცდური არ მოუთხოვია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დაკავებული პოზიციიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).
9. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
12. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 15.03.2022 წლის ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა), ხოლო ფაქტობრივი საფუძველი - დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა 15 დღის განმავლობაში, საპატიო მიზეზის წარმოდგენის გარეშე, ასევე, მის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მისაკუთრება (ს.ფ. 53).
13. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივად შეფასების შედეგად მართებულად დაადგინა, რომ დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა განაპირობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ინფორმირებამ, კერძოდ, საქმეში წარდგენილი წერილებით, რომლის ჩაბარებაც მოპასუხემ დაადასტურა, დგინდება, რომ მოსარჩელე მინიმუმ 01.03.2022 წლიდან ზეპირსიტყვიერად ინფორმირებული იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და იგი ელოდებოდა დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი მტკიცებულების ჩაბარებას (ს.ფ. 49-50). მან განმეორებითაც მიმართა დამსაქმებელს 11.03.2022 წელს და კვლავ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებისა და დასაბუთების ჩაბარება (ს.ფ. 51-52), ხოლო დამსაქმებელმა მხოლოდ 15.03.2022 წელს უზრუნველყო აღნიშნული ბრძანების მოსარჩელისათვის გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება დაკისრებული შრომითი ვალდებულებების დარღვევად. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ვერც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში მითითებული მეორე საფუძვლის - კომპანიის კუთვნილი თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მისაკუთრების - დამტკიცება. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მისი შრომითი მოვალეობებიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა ერთპიროვნულად და ფარულად განეკარგა მოპასუხის კუთვნილი ფულადი სახსრები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელისათვის დამსაქმებელს წერილობითი ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია და არც რაიმე სახის გაფრთხილება მიუცია. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ დაკისრებული შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკიდურესი ღონისძიების გამოყენების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების არსებობა, გათავისუფლების შესახებ ბრძანება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.
14. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მოუთხოვია სამსახურში აღდგენა და განაცდური. მისი მოთხოვნა მხოლოდ კომპენსაციის დაკისრებაა. შესაბამისად, დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებად სწორად განისაზღვრა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება.
15. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიას დასაქმებულისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ დასაქმებულის 4 თვის შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობით განსაზღვრული კომპენსაცია - 6124.44 ლარი, გონივრულია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 306.20 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 214.34 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ე.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჯ.ე.გ–ს“ (ს/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს ლ.ჩ–ძის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 306.20 ლარის (საგადახდო დავალება №16634766920, გადახდის თარიღი 05.04.2023წ.) 70% – 214.34 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია