Facebook Twitter

საქმე №ას-1600-2023 29 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჩ–ია, გ.რ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.გ–მა (შემდეგ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ჭ–იას (შემდგომ – პირელი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და გ.რ–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თბილისში, .......... მდებარე ბინა №7, გამოთავისუფლდეს და გადაეცეს მოსარჩელეს; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის გადაცემამდე ყოველთვიურად ზიანის, 400 ლარის, ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბინაზე უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას თბილისში, ........ მდებარე სახლში №7 ბინა ეკუთვნის, თუმცა საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ეს ნივთი მაინცდამაინც ის ბინაა, რასაც მეორე მოპასუხე ამჟამინდელი მონაცემებით ფლობს, ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საფუძველი.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. კასატორის მითითებით, იგი ფართის კეთილსინდისიერი შემძენია, რომელმაც უფლებრივად უნაკლო ნივთი კანონით დადგენილი წესით იყიდა. რაც შეეხება მეორე მოპასუხის საკუთრებას, 2011 წლის 3 თებერვალს წინა მესაკუთრე დ.ჩ–სგან 26.24 კვ.მ-ის შეძენისას, ეს ფართი პირველ მოწინააღმდეგე მხარეს ფაქტობრივი მფლობელობით არ მიუღია, რადგან არც წინა მესაკუთრე (დ.ჩ–ძეს) ფლობდა ფართს. 2011 წლიდან 2018 წლამდე, ანუ სანამ მეორე მოწინააღმდეგე მხარე კასატორის კუთვნილ 25 კვ.მ-ში შეიჭრებოდა, რეგისტრირებული 26.74 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდით ......) არსებობდა მხოლოდ ფურცელზე. 2018 წელს მეორე მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ფართის ფაქტობრივი მფლობელობის პრობლემა გადაჭრა, კასატორის კუთვნილი ფართი დაიკავა და ამ დროს ფართის მოსარგებლე - პირველი მოწინააღმდეგე მხარის ფართიდან გამოძევებით დაეუფლა ქონებას.

7. კასატორის განმარტებით, მის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შეფასების გარეშე დატოვა, მაშინ, როდესაც ქ. თბილისში, ....... №6, ბინა №7-ში მდებარე 25 კვ.მ უძრავ ნივთზე კასატორის საკუთრების უფლება სადავო არ არის, სადავო ვერ იქნება კასატორის კუთვნილ ფართზე საჯარო რეესტრის ტექბიუროში დაცული სამართლებრივი გეგმის მონაცემებიც, რომელიც ერთვის საქმეს და რომლითაც იდენტიფიცირებადია კასატორის საკუთრებაში რეგისტრირებული და კასატორის ფაქტობრივი მფლობელობის 25 კვ.მ ფართი.

8. კასატორი დავის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, განმარტავს, რომ წინა მესაკუთრემ დ.ჩ–ს სახელზე გაასხვისა მხოლოდ 13 კვ.მ ფართი და ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა აღნიშნული 13 კვ.მ. შემდგომ დ.ჩ–ძემ უკანონოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე გაზარდა ფართი 26.24 კვ.მ-მდე. მეორე მოწინააღმდეგე მხარემ იმ სახით მხოლოდ ფურცელზე მიიღო წინა მესაკუთრე დ.ჩ–სგან 26.24 კვ.მ ფართი. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე დ.ჩ–სგან 2011 წელს შეძენილ 26.24 კვ.მ. ფართს ფაქტობრივად დაეუფლა შეჭრის გზით. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ადგილზე მისულმა ექსპერტმა ასახა მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან კასატორის ფართში შეჭრის შედეგად შეცვლილი ვითარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. კასატორს საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუმცა, მოპასუხის მტკიცებით, იგი საკუთარ ფართს ფლობს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციითა და სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, მხარეთა შორის დავას იწვევს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზუსტი ადგილმდებარეობა.

15. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს დაადასტურდება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისში, ....... მდებარე 25 კვ.მ, ბ. №7 (საკადასტრო კოდი №........) ეკუთვნის კასატორს. ქონება მან 2017 წლის 31 მაისს შეიძინა. 2012 წლის დეკემბრიდან კი უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ი.კ–ძე, რომელმაც სადავო ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა 06.09.2012წ. დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის (მამკვიდრებელი შ.კ–ძე) და 09.08.1997წ. №2-682 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. კასატორამდე ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ სხვა პირებიც. ამავე მისამართზე 26.74 კვ.მ ფართის მქონე ბინა (საკადასტრო კოდით .........) ეკუთვნის მეორე მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ქონება 2011 წლის 3 თებერვალს დ.ჩ–საგან შეიძინა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა სადავო ქონება 1999 წლის 21 ივლისს შეიძინა შ.კ–ძისგან. უდავოა, რომ მეორე მოპასუხის სახელზე ქონების გასხვისებამდე, 2011 წლის 5 იანვარს წინა მესაკუთრემ - დ.ჩ–ძემ შპს „ი–ის“ 2011 წლის 5 იანვრის ნახაზისა და ბმა ..... ქუჩა №6-ის კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში კუთვნილი ქონების ფართი დააზუსტა. საქმის მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დ.ჩ–ს მიერ 2011 წლის 5 იანვარს წარდგენილ განცხადებას სწორედ ზემოხსენებული საბუთები ერთოდა. იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ნოემბრის წერილითაც, შესაბამისად, დგინდება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 5 იანვრიდან დ.ჩ–ძეს ზემოთ ხსენებულ მისამართზე ეკუთვნოდა შპს „ი–ის“ ნახაზის შესაბამისად იდენტიფიცირებული 26.74 კვ.მ ბინა და სწორედ ეს შეიძინა მისგან მეორე მოპასუხემ. ნიშანდობლივის ის გარემობებაც, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 იანვრის დასკვნის თანხმად, მეორე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის ფართი ოთახების გეომეტრიული ზომებისა და ოთახების კონფიგურაციის ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, შეესაბამება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შპს „ი–ის“ მიერ მომზადებული უძრავი ქონების შიდა აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე – საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ფართის ჯამს. მაშინ, როდესაც, საჯარო რეესტრში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შიდა აზომვითი ნახაზი არ წარდგენილა და არც მოგვიანებით წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი არ დარეგისტრირებულა.

16. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...... 6/6 ...... ქუჩაზე მდებარე ბინის (საერთო ფართით 25 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 13 კვ.მ.) მესაკუთრედ აღრიცხული იყო შ.კ–ძე (ი.კ–ძის მამკვიდრებელი) (უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - 09.08.1997წ. №2-682 პრივატიზაციის ხელშეკრულება). უდავოა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის ინფორმაციის თანახმად, მეორე მოპასუხის კუთხვილ ქონებაზე (13 კვ.მ.) პირველადი რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა 2009 წლის 2 სექტემბერს, როდესაც დარეგისტრირდა დ.ჩ–ს საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა დ.ჩ–სა და ცნობა-დახასიათებაში მითითებულ მესაკუთრეს - შ.რ. ძე კ–ძეს შორის 1999 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა მყიდველს საკუთრების უფლება გადასცა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მის კუთვნილ 13/226 წილზე, რომელზეც თავად მესაკუთრეს საკუთრების უფლება ჰქონდა 09.08.1997წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (2011 წლის 5 იანვრის სარეგისტრაციო განაცხადით გაფორმდა ცვლილება რეგისტრირებულ უფლებაში და დაზუსტდა ქონების ფართი - 26.74 კვ.მ).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს კუთვნილი ბინის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მან ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორის კუთვნილი ფართის ფლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაზეც კანონიერად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ, საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ქ.გ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება №20373334920 / გადახდის თარიღი 30.01.2024), 70% –105 ლარი და სწრაფი გადახდის ტერმინალით TMR 49 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1035592441 / გადახდის თარიღი 06.03.2024), 70% –105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე