საქმე №ას-146-2024 29 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „H. i.s. e.z.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ტ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ტ–მა (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „H. i.s. e.z.-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, 15 274.80 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრება, ასევე, ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის – 5 017.25 ლარისა (ხელზე ასაღები) და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით – 3 080 ლარის (ხელზე ასაღები) მოპასუხისათვის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 7116.39 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა დაეკისრა, ასევე, ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით 4 874.9 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა; 2020 წლისა და 2021 წლის გამოუყენებლი შევებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის ხელზე ასაღებ 1666 ლარს შეადგენდა, ხოლო დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში - ხელზე ასაღებ 833 ლარს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომლის თანახმად, დამსაქმებლის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, დასაქმებულის ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 375 ლარით განისაზღვრებოდა და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მენეჯერის ბრძანება დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი არ არის, შესაბამისად, ანაზღაურების ამგვარი პირობა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ ყოფილა და ამოქმედებულად ვერ მიიჩნევა.
6. სასამართლომ განსაზღვრული ხელფასისა და საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით მისაღები ანაზღაურება სრულად არ გადაუხდია, სხვაობა ჩარიცხულ და მისაღებ თანხებს შორის კი შეადგენს ხელზე ასაღებ 9 710.49 ლარს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის დავალიანების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია (მითითებული თვეებისათვის გადასახდელი დავალიანება შეადგენს ხელზე მისაღებ 2591.1 ლარს), მოპასუხისათვის დასაკისრებელი სახელფასო დავალიანება ხელზე მისაღები 7 116.39 ლარია (9710.49-2594,1). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 31-ე და 34-ე მუხლების (დღეს მოქმედი რედაქციის 41-ე და 44 მუხლები) საფუძველზე მართებულია მოპასუხისათვის პროცენტის დაკისრებაც ვადაგადაცილების დღეებისა და დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით, რაც ჯამურად შეადგენს 4874.9 ლარს (ხელზე მისაღები), შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულია და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დამსაქმებელმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება, რადგან არ არის ხელმოწერილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთან, კასატორის მითითებით, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში განსაზღვრულ ხელფასის ყოველთვიურ ოდენობას (375 ლარი) მხარე არ შესდავებია. სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ე.წ. დაწინაურების გამო გაზრდილი ხელფასის გაუცემლობა, რაზეც სასამართლომ იმსჯელა და დამსაქმებელს უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე, ხოლო ზემოაღნიშნული მსჯელობით სასამართლო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა.
9. კასატორი სადავოდ ხდის სახელფასო დავალიანების არსებობასაც და მიუთითებს, რომ სასამართლომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე დაადგინა თანხის არასრულყოფილად გაცემა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ამ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარე მოთხოვნას არ აყენებდა, არამედ მოითხოვდა, 2020 წლის მარტიდან დაწინაურების მიზეზით გაზრდილი ხელფასის საფუძველზე დაანგარიშებულიყო მიუღებელი ხელფასის ოდენობა.
10. კასატორის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა დაყოვნებისათვის პროცენტის უკანონო დარიცხვაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (დღეს მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი) (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (დღეს მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლი), (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება დასაქმებულის (მოსარჩელის) წინაშე სახელფასო დავალიანების არარსებობას, ასევე, იმ გარემოებას, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის ხელფასისა (სასამართლოს მითითებით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ხელზე ასაღებ 1666 ლარს, ხოლო დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდში (2021 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 მაისამდე) ხელზე ასაღებ 833 ლარს, ამასთან, დადგენილია, რომ 2020 წლის აპირლში დასაქმებულს უნდა მიეღო ანაზღაურების ნახევარი - 833 ლარი) და საქმეში წარმოდგენილ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის გათვალისწინებით კანონიერად დაადგინეს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისათვის 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით მისაღები ანაზღაურება სრულად არ გადაუხდია და ჩასარიცხ და ჩარიცხულ თანხებს შორის ხელზე მისაღები სხვაობა შეადგენს 9710.49 ლარს. ამასთან, ვინაიდან ოთხი თვის (2020 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის დავალიანების ნაწილი) სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია და მითითებული თვეების გადასახდელი დავალიანება შეადგენს ხელზე ასაღებ 2591.1 ლარს, დარჩენილი დავალიანების - 7116.39 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მართებულია, რის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
18. პალატის მითითებით, კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში დადგენილი ხელფასის ოდენობას, ხელზე ასაღებ - 833 ლარს და მიუთითებს, რომ 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას დასაქმებულის ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 375 ლარით განისაზღვრა. ამასთან, ხელფასის ეს ოდენობა მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არ შესდავებია.
19. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს მითითება 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შრომის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით (სშკ-ის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; 20.2 მუხლი), რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ ვლინდება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დამსაქმებლის გენერალური მენეჯერის ბრძანება, დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი არ არის, შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ პირობაზე მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დასაქმებულის ანაზღაურების ოდენობა (ცალმხრივად, დასაქმებულის თანხმობის გარეშე) ამოქმედებულად ვერ მიიჩნევა (არსებითი პირობის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, ანუ – დასაქმებულის სავალდებულო თანხმობით). აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 3 ოქტომბრის შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების განმავლობაში თანამშრომლის ხელფასი იქნებოდა ძირითადი ტარიფის 50%. ამასთან, 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდში (დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდი), მოსარჩელის ანაზღაურების ძირითადი ტარიფი შეადგენდა ხელზე მისაღებ 1666 ლარს, რომლის 50% ხელზე მისაღებ 833 ლარს შეადგენს, სახელფასო დავალიანება სადავო პერიოდში კანონიერად დაანგარიშდა 833 ლარიდან.
20. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, დეკრეტული შვებულების პერიოდში ხელფასის ოდენობა 375 ლარი მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არ შესდავებია, ისევე, როგორც 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე თანხის არასრულყოფილად გაცემასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარე მოთხოვნას არ აყენებდა და მხოლოდ 2020 წლის მარტიდან დაწინაურების მიზეზით გაზრდილი ხელფასის საფუძველზე მოითხოვდა დაანგარიშებულიყო მიუღებელი ხელფასის ოდენობა, დაუსაბუთებელია და სარჩელიდან არ გამომდინარეობს, რომლის თანახმად, მხარე დავობდა არასრული ხელფასის დარიცხვაზე, როგორც დაწინაურებამდე, ასევე დაწინაურების შემდგომ გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით და მიუთითებდა, რომ დამსაქმებლის დავალიანება შეადგენდა ხელზე ასაღებ 15 274.80 ლარს. ამასთან, სარჩელის თანახმად, დამსაქმებელი მიუთითებდა დეკრეტული შვებულების დროს ხელფასის ოდენობაზე - 980 ლარზეც და განმარტავდა, ვინაიდან ეს თანხა ძირითადი ხელფასის ნახევარი იყო, აქედან უნდა დაანგარიშებულიყო დეკრეტული შვებულების დროს ყოველთვიური ხელფასიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის საკასაციო პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდნენ, დაუსაბუთებელია და რაიმე არსებით შედავებას არ ეფუძნება.
21. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უარყოფს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და ფაქტობრივად შესრულებულია სამუშაო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის ანაზღაურება არ დასტურდება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1798-2019, 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „H. i.s. e.z.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „H. i.s. e.z.-ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №500 / გადახდის თარიღი 30.01.2024), 70% – 420 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე