Facebook Twitter

საქმე №ას-558-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.თ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ნ. და გ.კ–ია“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), შპს „ნ.მ–ი“ (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - აუცილებელი გზის მოწყობა (ძირითად სარჩელში), მილსადენის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ნ. და გ.კ–იამ“ (შემდგომ – კორპორაცია, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.თ–ის (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, აუცილებელი გზის მოსაწყობად ნება დაერთოს, გამოიყენოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის ნაწილები – 2279 კვ.მ და 45914 კვ.მ. აუცილებელი გზის პირობების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში დაუყონებლივი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

სარჩელის საფუძვლები

2. კორპორაცია, სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, მართავს და ავითარებს მაგისტრალური გაზსადენების ნავთობსადენებს, რომელთა საშუალებით საქართველოში შემოდის ბუნებრივი გაზი და ნავთობი, მარაგდება საქართველოს მოსახლეობა და საწარმოები, ბუნებრივი გაზი და ნავთობი. მოპასუხე, რომლის მიწის ნაკვეთები მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, ამის გამო კი შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება, მშენებლობის ნებართვის მიღება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად, ფერხდება სახელმწიფოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი. მოპასუხის საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობის, გატარებისა და ექსპლუატაციის უფლების მიღების მიზნით კორპორაციამ შესთავაზა მოპასუხეს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება, რაზედაც უარი მიიღო.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუცილებელი გზა მოითხოვება თავად მოპასუხის ნაკვეთების ფუნქციის დაკარგვის ხარჯზე, რაც დაუშვებელია. მოპასუხე გზის დადგენის წინააღმდეგია, ვინაიდან ეს გამოიწვევს მისი ნაკვეთების დანიშნულების მოსპობას და დაგეგემილი პროექტების გაუქმებას. ამასთან, დავა უნდა მოწესრიგდეს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და არა – აუცილებელი გზის დადგენის წესების შესაბამისად.

შეგებებული სარჩელი

4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა კორპორაციისა და სს „საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ (შემდგომ – ერთობლივად შეგებებული სარჩელის მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა საკუთრების უფლების ხელყოფის, კერძოდ, მისი მიწის ნაკვეთებით უკანონო სარგებლობის დაუყონებლივ აღკვეთა, მიწის ნაკვეთში უკანონოდ განთავსებული „გარდაბან-ნავთლუღისა“ და „საგურამო-ნავთლუღის“ მაგისტრალური გაზსადენის ამოღება და მიწის ნაკვეთების ნიადაგისა და მცენარეული საფრისათვის პირვანდელი სახის დაბრუნება.

5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უთითებს, რომ იგი მსხვილი ესტონელი ბიზნესმენია, რომელმაც 2008 წლის დასაწყისში შეიძინა დიდი ოდენობით მიწის სავარგულები, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ..... მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის საკუთრებააა 229.03 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც შედგება ორ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე 9 და 6 მიწის ნაკვეთებისაგან. იგი აპირებს უმსხვილესი ინვესტიციების განხორციელებას სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსებისა და ბიზნესრეკრეაციული ცენტრის სახით, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11.2 მილიარდი აშშ დოლარია. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ 2010 წლის 17 ივნისს წერილობით მიმართა კორპორაციას და მოითხოვა უკანონო სამუშაოებისა და უცხოელი ინვესტორის საკუთრების ხელყოფის დაუყონებლივ შეწყვეტა, რაზეც მას პასუხი არ მიუღია. 2010 წლის 5 ივლისის წერილის პასუხად კორპორაციამ აცნობა, რომ, მიწის ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრესთან 2007 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე, გაზსადენის მონაკვეთები განთავსებულია მის საკუთრებაში. მოპასუხის მტკიცებით, სერვიტუტი რეგისტრირებული არ იყო.

6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ნება დაერთო „მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ნავთლუღის მონაკვეთისა და შესაბამისი ნაგებობების მშენებლობის პროექტის“ სამშენებლო დერეფანში მოყოლილი მოპასუხის საკუთრებაში გარდაბანის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ........ – 2279 კვ.მ ფართობზე და ს/კ ........ – 45914 კვ.მ ფართობზე) აუცილებელი გზის მოსაწყობად, რათა მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცემოდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირების, მაგისტრალური გაზსადენის მფლობელობისა და ექსპლუატაციის მიზნით. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის საკუთრების ხელყოფის, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო სარგებლობის დაუყოვნებლივ აღკვეთის, მიწის ნაკვეთებში განთავსებული მაგისტრალური გაზსადენისა და ნავთობსადენის ამოღების და მიწის ნაკვეთების ნიადაგისა და მცენარეული საფრისათვის პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის, 2010 წლის 21 დეკემბრის, 2011 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა კორპორაციამ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით კორპორაციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მიეცა აუცილებელი გზის მოსაწყობად მოპასუხის საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის ნაწილების: 2279 კვ.მ-ისა და 45914 კვ.მ-ის გამოყენების უფლება. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოითხოვდა აუცილებელი გზის უფლების დადგენას, რაც მხარეთა ნებაზე არ იყო დამოკიდებული. ამასთან, სსკ-ის 180-ე მუხლი იმპერატიულია და სამეზობლო სამართლის თავშია მოქცეული. სამეზობლო სამართალი კი არსებითი ხასიათის ზემოქმედების შემთხვევაშიც თმენის ვალდებულებას აკისრებს მესაკუთრეს, როცა ეს ზემოქმედება ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობით ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში, ზემოქმედების აკრძალვა ტოლფასი იქნებოდა ამ სახის საქმიანობის გაუქმებისა, რაც დაუშვებელია. ამასთან, აუცილებელია საქმიანობა წარიმართოს სწორედ მოცემულ ადგილზე (გაზსადენის დანიშნულების, პარამეტრების, მასში გასატარებელი გაზის მოცულობის, სხვა გაზსადენებთან მიერთების საჭიროებისა და შესაძლებლობების, ქვეყნისა და რეგიონის სატრანსპორტო სისტემებში ჩართვის, რელიეფისა და გრუნტის თავისებურებების გათვალისწინებით, გაზსადენის მარშრუტი უალტერნატივოა – გაზსადენს რომ შეესრულებინა საკუთარი დანიშნულება, მისი მშენებლობა უნდა დასრულებულიყო მხოლოდ მოცემულ ადგილას), რაც დასტურდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშითაც და იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომ საპროექტო გაზსადენის შერჩეული მარშრუტი წარმოადგენს ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით განსახორციელებლად საუკეთესო ვარიანტს, რამდენადაც მინიმუმამდე არის დაყვანილი მშენებლობის პერიოდში კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებზე ზემოქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, კორპორაციას, როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთების, ასევე გაზსადენის მესაკუთრეს, უნდა მიეცეს უფლება, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის კუთვნილიმიწის ნაკვეთით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწის ნაკვეთზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის შემდგომი, შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია (გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა).

13. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაზე მოთხოვნის სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძლით ფორმულირება არ თავსდება მუხლის დეფინიციაში, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მის მიერ მოხმობილი საფუძველი – ექსპროპრიაციის წესით საკუთრების უფლების ჩამორთმევა გაზსადენების მშენებლობისათვის – მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუკი გაზსადენის მშენებლობის შედეგად ის მიწის ნაკვეთი, რომელ მიწის ნაკვეთზეც უნდა განთავსდეს გაზსადენი, სრულიად ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება და მესაკუთრე დანიშნულებისამებრ მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს. აღნიშნული გარემოების გარდა, საკითხი უკავშირდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის ურთიერთობას, რაც წესრიგდება სწორედ სსკ-ის 180-ე მუხლით.

14. ამასთან, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთშეჯერებით იკვეთება შემდეგი გარემოება: გაზსადენმა რომ შეასრულოს საკუთარი დანიშნულება, უნდა აშენდეს მხოლოდ სადავო ადგილას, რაც დასტურდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშითაც. ასევე, საპროექტო გაზსადენის შერჩეული მარშრუტი წარმოადგენს ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით განსახორციელებლად საუკეთესო ვარიანტს, რამდენადაც მინიმუმამდე არის დაყვანილი მშენებლობის პერიოდში კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებზე ზემოქმედება. დადგენილია ისიც, რომ პროექტის სამშენებლო დერეფანში მოყოლილია აპელანტის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებზე სერვიტუტის უფლების გავრცელების შეთავაზებაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა; დგინდება ისიც, რომ ზემოხსენებული შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ აპელანტის კუთვნილ ნაკვეთებზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის მხრიდან საერთო საზოგადოებრივი მიზნით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთადერთ და უალტერნატივო შესაძლებლობას წარმოადგენდა და სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

15. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, სარჩელი არ შეიცავს რაიმე მითითებას კომპენსაციის სანაცვლოდ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენასთან დაკავშირებით. ამასთან, აპელანტის მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელში თმენის ვალდებულების სანაცვლოდ რაიმე კონკრეტული ოდენობით კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ ყოფილა წარმოდგენილი, მოპასუხემ მხოლოდ ზოგადი მსჯელობა განავითარა კომპენსაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მითითება, რაკი მხარეთა მიერ არ არის მკაფიო და ცალსახა პოზიციები წარმოდგენილი კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, გაუმართლებელია, არსებული დავისას შეფასდეს კომპენსაციის მოთხოვნა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

17. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 180-ე მუხლი, რადგან არ არსებობდა ამ ნორმის შეფარდების იურიდიული შესაძლებლობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე. მილსადენთან დაკავშირებით აუცილებელი გზის მოთხოვნა ამ ნორმით არ რეგულირდება. სარჩელს საფუძვლად უდევს მილსადენთან დაკავშირებით აუცილებელი გზის დადგენა იმისათვის, რათა უწყვეტად გაზმომარაგდეს მოსახლეობა და საფრთხე არ ჰქონდეს საჯარო თუ საზოგადოებრივ ინტერესებს. მოცემული სადავო საკითხი უნდა მოწესრიგდეს არა აუცილებელი გზის დადგენის კერძოსამართლებრივი რეგულაციით, არამედ – კანონით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესაბამისად, ანუ, ე.წ., ექსპროპრიაციის საკანონმდებლო მოწესრიგებით. ამ კანონის 2.2(გ) პუქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ექსპროპრიაცია ხორციელდება ისეთი სამუშაოების წარმოების მიზნით, როგორიცაა ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა. შესაბამისად, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

18. კასატორი არის ინვესტორი, რომლის უფლებები დაცულია საქართველოსა და ესტონეთს შორის დადებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით (დამტკიცებულია პრეზიდენტის 2009 წლის 3 დეკემბრის №894 ბრძანებულებით). ტერმინი ინვესტორი მოიცავს ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას მეორე მხარის ტერიტორიაზე. 3.1 პუნქტით მხარე უზრუნველყოფს ინვესტიციებისა და შემოსავლების დაცვასა და უსაფრთხოებას, ხოლო მე-5 მუხლით, ხელშემკვრელი მხარე არ განახორციელებს ინვესტიციების ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას და არ მიიღებს თანაბარი ეფექტის ზომებს, თუ არ არსებობს შემდეგი პირობები: ექსპროპრიაციას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი და სხვა. ამდენად, ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, არ არსებობდა იურიდიული შესაძლებლობა, სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აუცილებელი გზის შესახებ სარჩელი, ვინაიდან ამგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოირიცხება კერძო და საჯარო საკანონმდებლო რეგულაციებით.

19. არასწორია სასამართლოს გადაწყეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, რამდენადაც მოხმობილი გარემოებები მიუთითებს კორპორაციის სარჩელის უსაფუძვლობას. მისგან გამომდინარე კი, შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. კორპორაციამ თვითნებურად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, გაიყვანა მილსადენი მიწის საფრის ქვეშ, შეასრულა სამუშაოები პროექტისა და ნებართვების გარეშე. ამის შედეგად, პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოპასუხეს მნიშვნელოვანი კაპიტალი უნდა დაებანდებინა და მოეწყო: სასტუმრო, გასართობი, სავაჭრო, სპორტული, საკონფერენციო დანიშნულების კომპლექსი; გაეშენებინა ე.წ. „მინი ქალაქი“ შესაბამისი ინფრასტრუქტურით. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მილსადენის არსებობა ნიშნავს შეზღუდულად ნაკვეთების გამოყენებას, ანუ, დაცვის ზონებიდან გამომდინარე, არსებობს მთელ მიწის ნაკვეთებზე გამავალი კილომეტრიანი დერეფანი, რომელშიც აკრძალულია მშენებლობა. ამით პრაქტიკულად გამოუსადებარი ხდება ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაც თავისთავად მესაკუთრისა და ინვესტორის უფლებების შელახვაა. ამასთანავე, მისლადენის არსებობა ინტერესს აკარგვინებს მოპასუხეს, განახორციელოს ინვესტიცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე არსებულ ნაკვეთზე, რადგან მილსადენის მიმდებარედ არსებობა თავისთავად რისკების შემცველია უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. ამდენად, ისეთ პირობებში, როდესაც მესაკუთრეს, მისი თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთზე გაუყვანეს მისალდენი, რომელიც კრძალავს მშენებლობას ერთკილომეტრიან დერეფანში, ხოლო მიმდებარე ნაკვეთების განაშენიანებას ინტერესს აკარგვინებს, წარმოადგენს მესაკუთრის უფლებების უპრეცედენტო შელახვის ფაქტს, რაც პირვანდელი სახთ აღდგენისა და მილსადენის ამოღება-დემონტაჟის მოთხოვნით მის მიერ წარმოდგენილი სარჩელის საფუძლიანობას მოწმობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმესაფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებანი, მაშინ მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთი გამოიყენება მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, არ შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია სსკ-ის 172–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით და კომპენსაციის მიღების უფლებაც ამ თმენისათვის წარმოეშობა. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები. მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აუცილებელი გზა არსებობს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან.

27. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.

28. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, რის მაგალითსაც სსკ-ის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.

29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ – ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი; № ას-870-2018, 17 მაისი, 2019 წელი; №ას-1022-2019, 30 ივლისი, 2021 წელი).

30. სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ – თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს – აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი; №ას-870-2018, 17 მაისი, 2019 წელი).

31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელს, მართებულად მიენიჭა უფლება, ისარგებლოს მოპასუხის კუთვნილმიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება მიწის ნაკვეთებთან, შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები, ასევე მიწის ნაკვეთები გაზსადენის სისტემასთან დააკავშიროს. ამასთან, ნორმის გამოყენებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოპასუხე საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხოელი ინვესტორი. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი გზის დაწესების გარდაუვალობა დასტურდება იმ გარემოებათა ერთობლიობით, რომლებიც ნათლად ჩანს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდანაც, სადაც კორპორაციას, დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება მეზობელ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სერვიტუტითაა დატვირთული იმ მეზობელ მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები, სადაც მილსადენი გადის. შესაბამისად, იმისათვის, რათა კორპორაცია დაუკავშირდეს სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთებს, აუცილებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გავლა.

32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას სასამართლოს მიერ განსახილველი დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 180-ე მუხლის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის პასუხად მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – „მინისტრი“) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

33. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების ჩამორთმევის პირობებს განსაზღვრავს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, დადგენილია ექსპროპრიაციის საფუძვლები. დასახელებულ ნორმაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან.

34. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის სამართლებრივ ბედს, აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს მილსადენის დემონტაჟისა და მიწის ნაკვეთისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს განჩინება სწორია, ხოლო საკასაციო საჩივარი – დაუშვებელი.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც, მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი; №ას-870-2018, 17 მაისი, 2019 წელი). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. თ.თ–ს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №9687 / გადახდის თარიღი 08.05.2023), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე