Facebook Twitter

საქმე №ას-1361-2019 07 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.კ–ის უფლებამონაცვლეები - მ.კ–ი და ა.კ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (შემდგომში - „მოპასუხე“, „უნივერსიტეტი“ ან „კასატორი“) და ა.კ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ.მ–ის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანება მოსარჩელისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 12600.00 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ოდენობით; სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 24 სექტემბრის N352 ბრძანებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე მუხლების, 89-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და უნივერსიტეტის „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები და მათ შორის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის თეორიის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დამტკიცდა მოსარჩელე. ამავე ბრძანების მიხედვით, აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის ვადად სრული და ასოცირებული პროფესორებისათვის განისაზღვრა სამი წელი (ტომი I, ს.ფ. 20–22);

2.2. 2007 წლის 24 სექტემბერს დაქირავებულს - მოსარჩელესა და დამქირავებელს - უნივერსიტეტს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე დამქირავებლის მიერ მიღებული იქნა სამუშაოზე ეკონომიკის თეორიის მიმართულებით სრული პროფესორის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 24 სექტემბრამდე (ტომი I, ს.ფ. 23-24);

2.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე 2007 წლის 24 სექტემბრიდან 2010 წლის 24 სექტემბრამდე მუშაობდა უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;

2.4. ზემოაღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2010 წლის 24 სექტემბრიდან, მოსარჩელე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში 2013 წლის 30 მაისამდე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეულ სპეციალისტად სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით (მხარეთა ახსნა–განმარტებები; უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2013 წლის 18 ივნისის N540 ცნობა; ტომი I, ს.ფ. 27);

2.5. უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანებით, უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეულ სპეციალისტს -მოსარჩელეს 2013 წლის 30 მაისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

2.6. უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მეორე პუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „დ“, „გ“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის 2013 წლის 29 მაისის N730 წარდგინება, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებითი ბარათი, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნა (ბრძანება, ტომი I, ს.ფ. 25);

2.7. უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის, ქ.ხ–ძის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ უნივერსიტეტის რექტორის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 24 სექტემბრის N1/419, 2012 წლის 24 ოქტომბრის N1/492, 2012 წლის 31 დეკემბრის N1/572 და 2013 წლის 5 აპრილის N1/172 ბრძანებების საფუძველზე, საქმის წარმოების და საკადრო საკითხთა სამსახურს დაევალა შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების მომზადება. მომზადდა ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა მხარეებს შორის. მოხსენებითი ბარათის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი არაერთი გაფრთხილებისა, ბიზნესის და სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი - მოსარჩელე არცერთ შესაბამის ხელშეკრულებას ხელს არ აწერს (ტომი I, ს.ფ. 30);

2.8. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის - ი. შ–ის, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნ. კ–ის და სკოლის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის ნ. რ–ის 2013 წლის 29 მაისის (წარდგინების შედგენის თარიღად მისი ავტორები მიუთითებენ 2013 წლის 28 მაისს) N730 წარდგინებაში მითითებულია, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს N1/348 ბრძანების საფუძველზე, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ვადის გასვლის გამო, სტატუსი შეუჩერდათ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის 12 დოქტორანტს; საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით „ეკონომიკური თეორიის“ სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია; აღნიშნულ პროგრამაზე დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ პროგრამის ხელმძღვანელი არ იღებს მონაწილეობას იმ კომისიის მუშაობაში, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დასკვნა-შუამდგომლობა სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე; წარდგინებაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის შესახებ დეკანატმა მოხსენებითი ბარათი წარადგინა 2013 წლის 27 თებერვალს, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა. ამასთან, მითითებულია, რომ 2013 წლის 7 მარტის N1/131 ბრძანებით აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული დოქტორანტების პირად საქმეებში არსებულ ხელშეკრულებებზე დღემდე არ არის თემის ხელმძღვანელის ხელმოწერა (ტომი I,ს.ფ. 28-29);

2.9. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შ.ჭ–ას 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 28 მაისს აღნიშნულ სამსახურში შევიდა N730 წარდგინება. ხარისხის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია წარდგინებაში აღწერილი პრობლემების აღმოფხვრა ნებისმიერი მეთოდით, რათა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე აღდგეს სრულფასოვანი სასწავლო პროცესი. მოხსენებითი ბარათის ავტორი სასწავლებლის რექტორს მიმართავს წარდგინებაში ასახული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების თხოვნით (ტომი I, ს.ფ. 31);

2.10. უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ლ.ბ–ის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნაში მითითებულია, რომ იურიდიული სამსახურის უფროსს მოსამზადებლად დაეწერა უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის ქ.ხ–ძის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შ.ჭ–ას 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებითი ბარათი. დასკვნის ავტორი მიუთითებს, რომ, როგორც მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი - მოსარჩელე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც ფერხდება სასწავლო პროცესი, ასევე მან არ შეასრულა რექტორის N1/419, N1/492, N1/572 და N1/172 ბრძანებები, რომლებიც ითვალისწინებდა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი მათი უფლებამოსილებები, ხოლო მოსარჩელე ყოველთვის თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. იგი არ ემორჩილება უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს და ამით ზიანს აყენებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. დასკვნის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას;

2.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხე მხარის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ასახული პოზიციით, საქმის ზეპირი განხილვისას მისი განმარტებებით დგინდება, რომ დასაქმებულის - მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად სასწავლებლის ადმინისტრაციამ მიუთითა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნივერსიტეტის რექტორის მიერ ბრძანების გამოცემის დროისთვის - 2013 წლის 30 მაისისათვის სშკ-ის მოქმედი რედაქციით, 37.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო ორი ძირითადი საფუძვლით, კერძოდ: 1. დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებების ხელმოწერაზე უარი; 2. დასაქმებულის, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სშკ-ის 37-ე მუხლით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი.

6. სასამართლომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ გააუქმა ის პროგრამა, რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის წინაპირობები არ არსებობდა. ამასთან, პალატამ სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციად ჩათვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე 12 600 ლარის დაკისრება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე - მ.კ–ი და შვილი - ა.კ–ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 8.3., 15.3., 22.1., 23.1 და 23.3. მუხლები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რაიმე მტკიცებულება, რომ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლა ახორციელებდა არააკრედიტებულ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ სტატუსშეჩერებული დოქტორანტების არააკრედიტებული პროგრამით აღდგენის შესახებ დასკვნის ხელმოწერაზე განაცხადა უარი და მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია უკანონოდ, არის დაუსაბუთებელი;

13.2. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის გონივრულობის დასაბუთების შესახებ. კომპენსაციის - 12600 ლარის მოპასუხისთვის სრულიად დაუსაბუთებლად დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას და მოპასუხის კანონიერი უფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას.

14. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 30 მაისის N1/229 ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მეორე პუნქტი, სშკ-ის 37.1. მუხლის „დ“, „გ“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, უნივერსიტეტის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1219 მოხსენებითი ბარათი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დეკანის 2013 წლის 29 მაისის N730 წარდგინება, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 29 მაისის N1221 მოხსენებითი ბარათი, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 30 მაისის N733 დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი).

16. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო ორი ძირითადი საფუძვლით, კერძოდ: 1. დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებების ხელმოწერაზე უარი; 2. დასაქმებულის, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

17. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის განთავისუფლების პირველ ფაქტობრივ საფუძველთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2013 წლის იანვრიდან [სშკ-ის 6.1. ქვეპუნქტი: შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით] და, შესაბამისად, მოსარჩელეს ხელფასი მიღებული აქვს 2013 წლის მაისის ჩათვლით, რაც ადასტურებს მასთან ხელშეკრულების არსებობას. გამომდინარე აქედან, შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ვერ შეფასდება შრომითი მოვალეობის დარღვევად.

18. რაც შეეხება კასატორის მიერ შედავებულ მეორე საფუძველს - დასაქმებულის, როგორც სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 20 მარტის N96464 წერილის თანახმად, აკრედიტაცია გაიარა სწორედ იმ სადოქტორო პროგრამამ, რომელიც იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი უნივერსიტეტში, ხოლო მოპასუხის მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამასთან, დოქტორანტების სტატუსის აღდგენა ვერ მოხერხდა 2013 წლის 29 მაისის მდგომარეობით იმის გამო, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არაკრედიტირებული პროგრამით სტატუსშეჩერებული დოქტორანტების აღდგენისათვის დასკვნაზე ხელმოწერაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უნივერსიტეტის შინაგანაწესით (შიდა რეგულაციებით) და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არასაპატიო მიზეზით არაჯეროვნად შესრულებას.

19. უნივერსიტეტის საკასაციო პრეტენზიაც სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებას ეხება. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მტკიცებულება, რომ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლა ახორციელებდა არააკრედიტებულ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით-სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დამსაქმებელს ევალებოდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს და გააქარწყლებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არაკრედიტირებული პროგრამით სტატუსშეჩერებული დოქტორანტების აღდგენისათვის დასკვნაზე ხელმოწერაზე. საკასაციო საჩივარიც არ შეიცავს მითითებას კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტის არასწორად დადგენაში. გამომდინარე აქედან, დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.

22. რაც შეეხება კასატორის შედავებას კომპენსაციის ოდენობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.; ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).

23. განსახილველ შემთხვევაში თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 1050 ლარს. ამდენად, მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა - 12600 ლარი არის მოსარჩელეზე ერთი წლის მანძილზე გასაცემი ხელფასის ჯამი (1050x12=12600), რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, უზრუნველყოფს მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას და ვერ ჩაითვლება დამსაქმებელთან მიმართებით არაგონივრულ ოდენობად.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის 70% – 441 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს №07106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 (ექვსას ოცდაათი) ლარის 70% – 441 (ოთხას ორმოცდაერთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი