Facebook Twitter

საქმე №ას-778-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აპრილის განჩინებით ნ.კ–ძისა (შემდგომში - „მოსარჩელე“) და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (შემდგომში - „მოპასუხე“, „ცენტრი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის №427-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 15 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით; სარჩელი სამსახურში აღდგენის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2014 წლის 07 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ამავე წლის 8 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა უვადოდ;

2.2. 2017 წლის მაისიდან, დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ცენტრში ბოსტნეულის და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ხელფასს - 1700 ლარსა და დანამატს - 340 ლარს;

2.3. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის შესახებ 02.05.2017წ. ბრძანების მე-4-მე-5 პუნქტების თანახმად, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ასევე დასაქმებულის ფუნქციები განისაზღვრა დანართი №1 და №2-ის შესაბამისად;

2.4. ცენტრის 29.09.2017 წლის N427-კ ბრძანების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ცენტრის დირექტორის 2016 წლის 4 ივლისის 111-ძ ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის შრომის შინაგანაწესის 28-ე მუხლის „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ზ.შ–ას 2017 წლის 29 სექტემბრის N4624/11 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსს - მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

2.5. ბრძანების საფუძვლად მითითებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ზ.შ–ას 2017 წლის 29 სექტემბრის N4624/11 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ირკვევა შემდეგი:

2.5.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ცენტრიდან 2017 წლის 19 სექტემბერს შევიდა 04/1101 წერილი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის „ს–ის“ (შემდგომში - „ს–ი“) მიერ მცენარეთა ახალი ჯიშების - ლობიოს 4, კარტოფილის 1, ხახვის 1 და ნივრის 1 ერთეული ჯიშის რეგისტრაციას;

2.5.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ აღნიშნული საქმის შესწავლით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალურ ბიულეტენში ს–ის მიერ გამოქვეყნდა ინფორმაცია ლობიოს, კარტოფილის, ხახვის და ნივრის ახალი ჯიშების რეგისტრაციის თაობაზე, რომელთა ავტორად (სელექციონერად) მოხსენიებულია ცენტრი და რამდენიმე პიროვნება, მათ შორის, ერთ-ერთ ავტორად - ამავე ცენტრის ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი - მოსარჩელე;

2.5.3. აღნიშნული ბოსტნეული ჯიშების რეგისტრაციის თაობაზე ცენტრისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მოგვიანებით - 2017 წლის აგვისტოს თვეში;

2.5.4. მოხსნებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი პრაქტიკიდან გამომდინარე, ცენტრში სასოფლო-სამეურნეო სფეროში, სამეცნიერო თემატიკები, პროექტები და სიახლეები განიხილება ცენტრის სამეცნიერო საბჭოზე. ვინაიდან ზემოაღნიშნული ბოსტნეული ჯიშების რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესახებ სამეცნიერო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა, სიტუაციის გარკვევის მიზნით ცენტრის ხელძღვანელობის მიერ ს–იდან გამოთხოვილი იქნა რეგისტრაციის დროს წარდგენილი დოკუმენტი;

2.5.5. ს–იდან მიღებულ დოკუმენტს წარმოადგენს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის 3 აგვისტოს N12 ოქმის ამონაწერი, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად მოხსენიებულია ზემოაღნიშნული ბოსტნეული ჯიშების საბჭოზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. ოქმის ამონაწერს ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს მდივანი და დასმულია ცენტრის ბეჭედი;

2.5.6. 2016 წლის 3 აგვისტოს ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს სხდომა (N12), რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა მხოლოდ ხორბლის ერთი ჯიშის - „თბილისური 15“-ის რეგისტრაციის საკითხი. ზემოაღნიშნული ბოსტნეული ჯიშების (ლობიოს 4, კარტოფილის 1, ხახვის 1 და ნივრის 1) რეგისტრაციის საკითხი კი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე (N12) განხილული საერთოდ არ ყოფილა, თუმცა N12 სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც სხდომაზე თითქოსდა განხილულ იქნა ზემოაღნიშნული ბოსტნეული კულტურების რეგისტრაციის საკითხი, ს–ში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ცენტრის ბოსტნეული ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა - მოსარჩელემ. აღნიშნული დადასტურებული იქნა ცენტრის სწავლული მდივნის ლ.მ–ის ახსნა-განმარტებით. მისივე განმარტებით, თუ ვის მიერ იქნა გაცემული 2016 წლის 3 აგვისტოს სხდომის (N12) ოქმის ამონაწერი (მოსარჩელის მიერ ს–ში წარდგენილი სხდომის ოქმი), რომელზეც დაფიქსირებულია მისივე ხელმოწერა, მისთვის უცნობია. ასევე უცნობია მისთვის, თუ ვის მიერ იქნა დასმული აღნიშნულ ოქმზე ცენტრის ბეჭედი, რაც ინახება ბუღალტერიაში და ბეჭდის დასმა ხდება მთავარი ბუღალტრის ნ.ღ–ის მიერ მხოლოდ ცენტრის დირექტორის ხელმოწერაზე;

2.5.7. ცენტრის ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა - მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მცენარეთა ახალი ჯიშების: ლობიოს 4, კარტოფილის 1, ხახვის 1, ნივრის 1, რეგისტრაციის საკითხი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე არ განხილულა, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, ს–ში დარეგისტრირებული N12 სხდომის ოქმი, მისივე მოთხოვნით გადასცა ლ.მ–მა; დირექტორის მოადგილის ნ.ხ–ის და ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის ც.ს–ის განმარტებით, 2016 წლის 3 აგვისტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდა სხდომა (N12), სადაც განხილული იქნა ხორბლის ჯიშის, „თბილისური 15“-ის რეგისტრაციის საკითხი, ხოლო მცენარეთა ჯიშების - ლობიოს 4, კარტოფილის 1, ხახვის 1, ნივრის 1, რეგისტრაციის საკითხი საერთოდ არ განხილულა;

2.5.8. ცენტრის მთავარი ბუღალტრის ნ.ღ–ის განმარტებით, ცენტრის ბეჭედი დირექტორის ბრძანებით ინახება მასთან. ბეჭდის დასმა ხდება მხოლოდ ცენტრის დირექტორის ხელმოწერაზე და, თუ ვის მიერ არის დასმული 2016 წლის 3 აგვისტოს N12 სხდომის ოქმზე ლ.მ–ის გვარის გასწვრივ ბეჭედი, მისთვის უცნობია;

2.5.9. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ცენტრის ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა -მოსარჩელემ დაარღვია ცენტრის შრომის შინაგანაწესის (დამტკიცებული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 04 ივლისის Nო111-6 ბრძანებით) 28-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი („ცენტრის სახელით იმ ქმედების განხორციელება, რომელიც სცდება დასაქმებულის უფლებამოსილების ფარგლებს“) და „პ“ ქვეპუნქტი („ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან ცენტრის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ“);

2.5.10.საქმის შესწავლით ვერ დგინდება, თუ ვის მიერ და რა პირობებში მოხდა არასწორი ინფორმაციის ასახვა მოსარჩელის მიერ ს–ში წარდგენილ 2016 წლის 3 აგვისტოს N12 სხდომის ოქმის ამონაწერში, რაც იწვევდა ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტს;

2.5.11.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

2.6. ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-10 მუხლით დასაქმებული ვალდებულია: პირადად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობები, დავალებები და მითითებები („ა“ ქვეპუნქტი); თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები („ბ“ ქვეპუნქტი);

2.7. შინაგანაწესის 28-ე მუხლის მიხედვით დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის დარღვევა; სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლებისა და ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ; ცენტრის სახელით იმ ქმედებების განხორციელება, რომელიც სცილდება დასაქმებულის უფლებამოსილების ფარგლებს; ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან ცენტრისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ („ა“-ბ; დ; მ; პ ქვეპუნქტები);

2.8. შინაგანაწესის 29.1. მუხლით თანამშრომლის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, მისი ჩადენის გარემოებებისა და დასაქმებულის მუშაობის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა - მოქმედების ვადა 2 (ორი) თვე; ბ) გაფრთხილება - მოქმედების ვადა 6 (ექვსი) თვე; გ) შრომის ანაზღაურების დაკავება არაუმეტეს შრომის ანაზღაურების 20 (ოცი) პროცენტისა - მოქმედების ვადა 1 (ერთი) წელი; დ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს 03.01.2019 წლის NMIA 9 19 00006846 წერილით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 დეკემბერს საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის Nო32091217002 საქმეზე, ს–ის დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 10 იანვარს მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალურ ბიულეტენში ს–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ლობიოს, კარტოფილის, ხახვის და ნივრის ახალი ჯიშების რეგისტრაციის თაობაზე, რომელთა ავტორებად (სელექციონერად) მოხსენიებულია ცენტრი და რამდენიმე პიროვნება, მათ შორის, ერთ-ერთ ავტორად - ამავე ცენტრის ბოსტნეული-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი - მოსარჩელე. ს–ში ახალი ჯიშების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სამეცნიერო კვლევითი საბჭოს 2016 წლის 03 აგვისტოს N12 ოქმის ამონაწერი. 2017 წლის 02 ოქტომბერს სამეცნიერო-კვლევითმა საბჭომ წერილით მიმართა ს–ს და აცნობა, რომ სამეცნიერო საბჭოს მიერ გაცემული N12 ოქმი წარმოადგენს არალეგიტიმურ დოკუმენტს, სადაც ცენტრის ბეჭედიც და მდივნის ხელმოწერა არის გაყალბებული. საქმეზე ჩატარებული იქნა კომპლექსური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზები, რითაც დადგინდა, რომ სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმზე N12 შესრულებული ხელმოწერა „ლ.მ–ი“ არ არის შესრულებული ლ. მ–ის და მოსარჩელის მიერ, არამედ შესრულებულია სხვა პირის მიერ, ასევე სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმზე N12-ის მეორე გვერდზე არსებული ცენტრის ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა ბეჭდის უშუალოდ ქაღალდის ზედაპირზე ზემოქმედებით, არამედ გადატანილია ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება;

2.10. ცენტრის დირექტორმა ლ.უ–ძემ 02.10.2017 წელს განცხადებით მიმართა ს–ს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს–ის მიერ 2017 წლის 10 იანვარს მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალურ ბიულეტენში N41 გამოქვეყნებული ახალი ჯიშების რეგისტრაცია ცენტრის სამეცნიერო საბჭოზე არ განხილულა. ცენტრის სახელით წარმოდგენილი სამეცნიერო-საბჭოს მიერ გაცემული N12 ოქმის ამონაწერი კი არალეგიტიმური დოკუმენტია. შესაბამისად, პროცედურების დარღვევით დარეგისტრირებული ჯიშების (ლობიოს 4, კარტოფილის 1, ხახვის 1, ნივრის 1 ახალი ჯიშების) ავტორთა ჯგუფებს უნდა დაევალოთ, უარი განაცხადონ საავტორო უფლებებზე და გამოითხოვონ დოკუმენტაცია ს–იდან;

2.11. ს–ის 2017 წლის 30 ნოემბრის N01-05/1369 წერილით საქმის მასალების თბილისის მთავარ პროკურატურაში გადაგზავნის გამო ს–ში დაწყებული წარმოება შეჩერდა;

2.12. 2019 წლის თებერვლიდან მოსარჩელე დასაქმებულია შპს „მზა ჩითილში“ აგრონომის პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი 2500 ლარია.

3. სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ბრძანებაში აღნიშნული დარღვევის ფაქტი, რაც ამართლებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 02.05.2017წ. ბრძანების საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-4-მე-5 პუნქტების თანახმად, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ასევე დასაქმებულის ფუნქციები განისაზღვრა დანართი №1 და №2-ის შესაბამისად. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული დანართებით განსაზღვრული დასაქმებულისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, მათი დარღვევა არც გამხდარა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მოსარჩელის ქმედება შეფასებული იქნა ცენტრის შრომის შინაგანაწესის 28-ე მუხლის „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დარღვევად. სასამართლოს მითითებით, შრომის შინაგანაწესი, რომლის მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით გაათავისუფლეს დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან, მოსარჩელის დანიშვნის ბრძანების მიხედვით არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არც სხვა რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. ასევე არ დგინდება შინაგანაწესის მოსარჩელისათვის გაცნობის ფაქტი.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ს–ში წარდგენილი 2016 წლის 3 აგვისტოს N12 სხდომის ოქმის ამონაწერის მოსარჩელის მიერ გაყალბების ფაქტი არ დასტურდება. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათში აღინიშნა, „საქმის შესწავლით ვერ დგინდება, თუ ვის მიერ და რა პირობებში მოხდა არასწორი ინფორმაციის ასახვა მოსარჩელის მიერ ს–ში წარდგენილ 2016 წლის 3 აგვისტოს N12 სხდომის ოქმის ამონაწერში, რაც იწვევდა ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტს“. ამდენად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეჭვის საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, მართალია, დაწყებული გამოძიება ამ ეტაპზე დასრულებული არ არის, თუმცა, როგორც საქართველოს შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს 03.01.2019 წლის N MIA 9 19 00006846 წერილით ირკვევა, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზების მიხედვით, სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმზე N12 შესრულებული ხელმოწერა „ლ.მ–ი“ არ არის შესრულებული ლ.მ–ის და მოსარჩელის მიერ, არამედ შესრულებულია სხვა პირის მიერ.

5. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან ცენტრის სახელით დასაქმებულის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ ან/და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან ცენტრის ან მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი. პალატის მითითებით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გაამართლებდა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, რამეთუ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია სშკ-ის 47-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) დადგენილი საფუძვლების დარღვევით, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.

7. სააპელაციო პალატის შეფასებით, ასევე მართებული იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტა აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის მიკუთვნებასა და მის ოდენობასთან მიმართებით.

8. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამჟამად ვაკანტური არ არის მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია. სახელდობრ, საქმეზე მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმე გ.ბ–ის ჩვენებისა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.10.2019წ. სხდომის ოქმი, 13:15:34-13:26:07 სთ) და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების შესაბამისად, ცენტრში ბოსტნეულის და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე უვადოდ, კონკურსის წესით დანიშნულია გ.ბ–ი. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, სასამართლოს მოსაზრებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, სწორედ მოსარჩელის და არა მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტის დადასტურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის ვალდებული მიუთითოს ისეთი თანამდებობა, რომელიც ვაკანტურია და ტოლფასია ცენტრის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის პოზიციისა. სასამართლო თავისი ინიციატივით, მხარის მითითების გარეშე, ვერ განსაზღვრავს ვაკანტური პოზიციის ტოლფასოვნებას, რამეთუ აღნიშნულით შესაძლოა მხარე აღდგენილ იქნეს იმგვარ პოზიციაზე (მაგ: დაბალი პოზიცია), რომელიც მისთვის მიუღებელია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ვაკანტურ პოზიციაზე მოსარჩელის მხრიდან მითითების არარსებობის პირობებში, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტა კომპენსაციის დაკისრებასთან მიმართებით.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპენსაცია არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და კომპენსაციის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა. ამასთან, კომპენსაციამ უნდა დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. სასამართლომ მოსარჩელის მაღალი კვალიფიკაციისა და საქმიანი გამოცდილების, ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადის (განუსაზღვრელი) გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა - 15000 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია. პალატის მითითებით, ხსენებული ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმებულის შელახული უფლებების გონივრულ კომპენსირებას, აქვს პრევენციული ხასიათი, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის ინტერესებს.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შრომის შინაგანაწესი, რომლის მოთხოვნათა დარღვევის საფუძველზე მოხდა დასაქმებული მოსარჩელის გათავისუფლება, არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს და მოსარჩელისათვის არ მომხდარა შრომის შინაგანაწესის გაცნობა;

15.2. მოსარჩელე ცენტრში არსებულ რეორგანიზაციამდე მუშაობდა ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსად. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის დროს ცენტრმა მოსარჩელეს გააცნო შრომის შინაგანაწესი. მოსარჩელე ცენტრში არსებული რეორგანიზაციის შედეგად გადაყვანილ იქნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელის გადანიშვნის ბრძანების უშუალო შემადგენელი ნაწილია ბრძანების დანართები №1 და №2, სადაც გათვალისწინებულია მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობები ცენტრში მოქმედი შრომის შინაგანაწესის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის 1.3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი უფლებამოსილია „ამ ხელშეკრულებით, დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის მოთხოვნების სისტემატურად ან/და უხეშად დარღვევის შემთხვევაში დააკისროს დასაქმებულს დისციპლინური სახდელები, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.“ მოსარჩელე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდეც, ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას და მის შემდეგაც იცნობდა ცენტრში მოქმედ შინაგანაწესს. მისი დანიშვნა ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მოხდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ხელშეკრულების საფუძველზე (რომლის უშუალო ნაწილსაც წარმოადგენდა შრომის შინაგანაწესი). აღნიშნულ შემთხვევაშიც, ბრძანების დანართები გამომდინარეობს უშუალოდ ცენტრის შრომის შინაგანაწესიდან, დანართებში გათვალისწინებულია მხარეთა უფლება-მოვალეობები და დასაქმებულის ფუნქციები. აღნიშნულ ბრძანებას იცნობდა მოსარჩელე, ვინაიდან გადაყვანილ იქნა მითითებულ თანამდებობაზე რეორგანიზაციის შედეგად და აღნიშნული ასევე დასტურდება იმით, რომ ის დანიშვნიდან მის გათავისუფლებამდე პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ხსენებულ პოზიციაზე;

15.3. არასწორია ის გარემოება, რომ დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა იმ ეჭვის საფუძველზე, რაც გამომდინარეობს დოკუმენტის გაყალბებიდან. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი არ ყოფილა დოკუმენტის გაყალბება ან ეჭვი დოკუმენტის გაყალბებასთან მიმართებით. მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის N427-კ ბრძანებით გათვალისწინებული საფუძვლები - „ცენტრის სახელით იმ ქმედების განხორციელება, რომელიც სცდება დასაქმებულის უფლებამოსილების ფარგლებს“ და „ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან ცენტრის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ“;

15.4. დასაქმებულის ფუნქციებიდან არსად ჩანს მისი უფლებამოსილება თავად უზრუნველყოს კონკრეტული ჯიშების ს–ში სარეგისტრაციოდ წარდგენა უშუალო ხელმძღვანელის ან ცენტრის დირექტორის დავალების გარეშე. დასაქმებულის მხრიდან თვითნებურად, ცენტრის სამეცნიერო საბჭოზე განუხილველი ახალი ჯიშების ცენტრის სახელით ს–ში დარეგისტრირება წარმოადგენს სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას;

15.5. მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლებამოსილება თავად წაეღო დოკუმენტი ს–ში, რომელიც არ ყოფილა საბჭოს მიერ განხილული. მან, როგორც სამსახურის უფროსმა, დაარღვია წინდახედულობის ნორმა. მისი მხრიდან სახეზე იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დასაქმებულს არ ევალოდებოდა და მისთვის არც არავის დაუვალებია კონკრეტული ჯიშების რეგისტრაცია ს–ში ანუ მოსარჩელემ აღნიშნული ჯიშები წაიღო თავისი ინიციატივით (განზრახვით) და დაარეგისტრირა (მათ შორის, საკუთარ თავზეც);

15.6. მოსარჩელის მხრიდან ს–ში აღნიშნული ჯიშების რეგისტრაციამ გამოიწვია ის, რომ ცენტრის სახელზე და ცენტრის „წარმომადგენლის“ მიერ დარეგისტრირდა ის ჯიშები, რომლებზეც ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არ უმსჯელია. აღნიშნული ჯიშების დარეგისტრირებით, ერთი მხრივ, შეცდომაში იქნა შეყვანილი ს–ი და, მეორე მხრივ, მთელი რიგი სუბიექტების მხრიდან შეიქმნა ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯიშები უკვე შემოწმებულ იქნა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ კანონით გათვალისწინებულ განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის ქმედებით მოხდა ცენტრის სახელის დისკრედიტაცია მეცნიერთა ფართო წრეებში. ამდენად, სახეზეა მოსარჩელის მიერ „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაც.

16. კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია მის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

17. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

18. დადგენილია, რომ ცენტრის 29.09.2017 წლის N427-კ ბრძანების თანახმად, სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ცენტრის დირექტორის 2016 წლის 4 ივლისის 111-ძ ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის შრომის შინაგანაწესის 28-ე მუხლის „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ზ.შ–ას 2017 წლის 29 სექტემბრის N4624/11 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსს - მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი).

19. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 37 (1) „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი, №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).

20. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

21. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

23. ამასთან, გასათვალისწინებელია შრომით დავებზე მტკიცების ტვირთის თავისებურებაც, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ზ.შ–ას 2017 წლის 29 სექტემბრის N4624/11 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქმის შესწავლით ვერ დადგინდა, თუ ვის მიერ და რა პირობებში მოხდა არასწორი ინფორმაციის ასახვა მოსარჩელის მიერ ს–ში წარდგენილ 2016 წლის 3 აგვისტოს N12 სხდომის ოქმის ამონაწერში, რაც იწვევდა ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5.10 ქვეპუნქტი), რაც გახდა სწორედ მოსარჩელისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი. დადგენილია ისიც, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს სამეცნიერო-კვლევითმა საბჭომ წერილით მიმართა ს–ს და აცნობა, რომ სამეცნიერო საბჭოს მიერ გაცემული N12 ოქმი წარმოადგენს არალეგიტიმურ დოკუმენტს, სადაც ცენტრის ბეჭედიც და მდივნის ხელმოწერა არის გაყალბებული. საქმეზე ჩატარებული იქნა კომპლექსური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზები, რითაც დადგინდა, რომ სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმზე N12 შესრულებული ხელმოწერა „ლ.მ–ი“ არ არის შესრულებული ლ.მ–ის და მოსარჩელის მიერ, არამედ შესრულებულია სხვა პირის მიერ, ასევე სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმზე N12-ის მეორე გვერდზე არსებული ცენტრის ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა ბეჭდის უშუალოდ ქაღალდის ზედაპირზე ზემოქმედებით, არამედ გადატანილია ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.9. ქვეპუნქტი).

25. ამდენად, ს–ში წარდგენილი 2016 წლის 3 აგვისტოს №12 სხდომის ოქმის ამონაწერის მოსარჩელის მიერ გაყალბების ფაქტი არ დასტურდება.

26. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაურკვეველია, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან ცენტრის სახელით დასაქმებულის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ (შრომის შინაგანაწესის 28-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი) ან/და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან ცენტრის ან მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (შრომის შინაგანაწესის 28-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი), რაც გაამართლებდა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. თუნდაც კასატორის იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ მოსარჩელის ფუნქციებში არ შედიოდა ს–ში კონკრეტული ჯიშების სარეგისტრაციოდ წარდგენის უფლებამოსილება, გამომდინარე იქედან, რომ არც მოსარჩელის გათავისუფლებისას და არც მას შემდეგ არ დადასტურდა მის მიერ 2016 წლის 3 აგვისტოს №12 სხდომის ოქმის ამონაწერის გაყალბების ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევის ადეკვატური და პროპორციული ღონისძიება იყო და არ არსებობდა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა.

27. საკასაციო პალატის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას ყოველთვის აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მყარი საფუძვლის არსებობისას. თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოიყენება ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

28. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით, ხოლო კასატორს წარმოდგენილი არ აქვს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 802,5 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 52,5 ლარი და დარჩენილი 750 ლარის 70% - 525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს (ს.კ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 14 ივნისს №02706 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 802,5 (რვაას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 52,5 (ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი და დარჩენილი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის 70% - 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი