Facebook Twitter

საქმე №ას-729-2022 09 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.დ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე”, „დასაქმებული” ან „კასატორი”) 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობა დაიწყო შპს „ს–ში“ მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებდა პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციას სავაჭრო მარკის - „ვულე-ვუს“ ქვეშ და განთავსებული იყო ქ. ბათუმში, ....... ქ. N8-ში.

2. 2018 წლის 05 დეკემბრიდან შპს „ს–მა“ შეწყვიტა სავაჭრო მარკა „ვულე-ვუს“ მეშვეობით პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაცია და აღნიშნული საქმიანობა ბათუმში, ....... ქ. N8-ში მდებარე ფართში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყო შპს „ს–მა“ (შემდგომში - „მოპასუხე”, „კომპანია” ან „დამსაქმებელი”).

3. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 20 ნოემბერს მასსა და კომპანიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაში იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4. კომპანიის დირექტორის 10.12.2018წ. N18/507ა ბრძანებით მოსარჩელე, მისივე განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 10 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-46).

5. კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (რომელსაც იმავე დღეს გაეცნო მოსარჩელე და დაადასტურა ხელმოწერით) დებულებებში გაწერილია სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა, მათ შორის, აღრიცხვის მენეჯერის ვალდებულებები. ეს ვალდებულებები გამოიხატება შემდეგში:

- 58-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერი ვალდებულია შეასწავლოს მოლარე-კონსულტანტებს ელექტრონული ფოსტით სარგებლობა (წერილების მიღება და გაგზავნა, ფაილის ატვირთვა-ჩამოტვირთვა). ყოველდღიურად უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის შემოწმება (სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ), რათა მუდმივად კონტროლდებოდეს ახალი წერილების მიღება, ასევე, სავალდებულოა ოფისიდან მიღებულ წერილზე პასუხის სახით დასტურის წერილის გაგზავნა. მენეჯერი ვალდებულია პროგრამა სრულყოფილად შეასწავლოს მოლარე-კონსულტანტებს. ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფოსტით იგზავნება მაღაზიიდან ოფისში, აკრეფილი უნდა იყოს ცალკე ფაილში (WORD ან EXCEL) და ფაილის სახით გადაიგზავნოს ოფისში;

- 77-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერები და მოლარე-კონსულტანტები ვალდებულნი არიან პრეტენზიების გამოხატვის გარეშე შეასრულონ ოფისიდან მიღებული დავალება.

6. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/253 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. საფუძველი: 01.08.2019წ. ახსნა-განმარტებითი ბარათები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული განცხადება/ახსნა-განმარტებითი ბარათები საქმეში წარდგენილი არ არის.

7. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/254 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან დროებით დაინიშნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. საფუძველი: პირადი განცხადება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადება საქმეში წარდგენილი არ არის.

8. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/257 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/253 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58).

9. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/258 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/254 ბრძანება მოსარჩელის მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59).

10. კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანებით ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერი - მოსარჩელე 2019 წლის 09 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60).

11. 05.08.2019 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა, ვინაიდან მისთვის გაუგებარი იყო დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, მიმდინარე წლის 02 აგვისტოს 19:00 საათსა და 19:30 საათს შორის პერიოდში მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თანამშრომელი თ. ნ–ძე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ და გაუგზავნა შესაბამისი ბრძანება ელექტრონულ ფოსტაზე. ასევე, მოაწოდა ინფორმაცია 02.08.2019წ. N19/254 ბრძანების შესახებ 02 აგვისტოდან მისი დროებით მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55).

12. კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული წერილობითი დასაბუთების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო დაკავებული თანამდებობისათვის საჭირო ორგანიზაციული უნარ-ჩვევების არქონა და თანამშრომლების შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფის შეუძლებლობა, რაც უარყოფითად აისახა ობიექტის მუშაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61).

13. 2019 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე სს „თ.ბ–ში“ კომპანიის მიერ ჩაირიცხა 1 792,93 ლარი შემდეგი დანიშნულებით: 2019 წლის 1-8 აგვისტოს ხელფასი, ივლისის თვის ბონუსი და 2 თვის ხელფასის კომპენსაცია N19/260 ბრძანების თანახმად. მოსარჩელეს არ გააჩნდა ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურება, მას დამატებით ბონუსებიც ეძლეოდა. კერძოდ: 2019 წლის მაისში მოსარჩელემ ხელფასისა და ბონუსის სახით მიიღო - 725,2 ლარი, ივნისში - 791,84 ლარი, ხოლო ივლისში - 1 033,90 ლარი.

14. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 01.04.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 29-31 მარტს მათი ქსელის წამყვან ვიზაჟისტ ნ.ხ–თან ერთად მივლინებაში იყო მაღაზია „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში, სადაც ევალებოდათ ზოგადი მდგომარეობის შეფასება. შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში პროდუქციის მარაგი არ იყო საკმარისი და თაროებზე შეინიშნებოდა სიცარიელე; ფასმაჩვენებლები არ იყო უკლებლივ ყველა პროდუქციაზე; არ იყო დაცული ბრენდის მიერ მიწოდებული პლანოგრამები; თაროებზე აღინიშნებოდა მტვერი; ტესტერსტენდებზე აღინიშნებოდა მტვერი; მენეჯერი ცარიელ მარაგს არ ავსებდა, ხოლო მტვერს იმით ხსნიდა, რომ ვერ იმორჩილებდა თანამშრომლებს; რამდენიმე თანამშრომელი იყო ბეიჯის გარეშე, მათ შორის, მენეჯერიც; 30-31 მარტს დანიშნული იყო წინასწარ დაანონსებული ღონისძიება - ბრენდ „Dior“-ის კლიენტის დღე, რომლის ორგანიზება ევალდებოდა მენეჯერს თანამშრომლებთან ერთად. ამ დღეების შესახებ ბრენდ მენეჯერმა მენეჯერს 28 მარტს წერილობით აცნობა; მას ევალებოდა კლიენტების ჩაწერა მაკიაჟისა და მოვლის პროცედურაზე, რაც ვერ შეძლო; აღნიშნულის გამოც კომპანიას მოუწია თანამშრომლების გამოყენება და კლიენტების მოსაზიდად დიდი დატვირთვით მუშაობა. ამ ყველაფრის გამო მან სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მაღაზიის მენეჯერს - მოსარჩელეს თანამშრომლების თანდასწრებით და გააფრთხილა, რომ ეს მას კარგ შედეგებამდე არ მიიყვანდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 145-146).

15. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 29.07.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 25-26 ივლისს მივლინებით იმყოფებოდა „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში წამყვან ვიზაჟისტ ნ. ხ–თან ერთად კომპანია „ლორეალის“ დღეების ჩასატარებლად. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ბრენდ მენეჯერმა თ. ც–მა 19 ივლისს წინასწარ, წერილობით აცნობა მაღაზიას და ამ დღეების ორგანიზება სთხოვა. კერძოდ, ამ ორი დღის განმავლობაში კლიენტების ჩაწერა 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ნახევარი საათის ინტერვალით. მენეჯერს 24 ივლისს 14:00 საათამდე უნდა ეცნობებინა კლიენტთა რაოდენობის შესახებ, რაც მან არ გააკეთა. უკვე ადგილზე ჩასულებს ჩაწერილი დახვდათ მხოლოდ ერთი კლიენტი 13:00 საათზე. მათ აქაც მოუწიათ მათი რესურსებისა და ნაცნობების გამოყენება და შესულ კლიენტებზე მუშაობა მაღაზიის დაკეტვამდე. ვინაიდან, ისევ არ შესრულდა სამსახურის მოთხოვნა (როგორც მარტში „Dior“-ის დღეებში), მან კიდევ ერთხელ მისცა სიტყვიერი გაფრთხილება მოსარჩელეს და აცნობა ამ უპასუხისმგებლო საქციელზე შესაძლო გართულების შესახებ. გარდა ამისა, მაღაზია ისევ არ გამოიყურებოდა სათანადოდ: უწესრიგობა თაროებზე, გამოცარიელებული თაროები, მტვერი, სუნამოს ტესტერები ფერშეცვლილი, უსიამოვნო სუნით. აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა ნ. ხ–მა მის 30.07.2019წ. მოხსენებით ბარათში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 148, 150).

16. 07.07.2021წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომპანიის აღრიცხვის მენეჯერის, ნ.მ–ის ჩვენების თანახმად: მას კომპანია აგზავნიდა გადამოწმებებზე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელე მის ფილიალში, რომლის მენეჯერიც იყო, არ ავსებდა მარაგებს თაროებზე, შემდეგ კი მას უწევდა ამ საქმის გაკეთება. ის ყველანაირად ეხმარებოდა მას; მოსარჩელე ვერ იმორჩილებდა კოლექტივს, რაც მისი დიდი პრობლემა იყო; ფილიალი არამიზნობრივად გასცემდა საჩუქრებს, თვითონ თანამშრომლებიც იღებდნენ საჩუქრებს; სამსახურის მიზნებისათვის მოსარჩელე ზედმეტად თავს არ იტვირთავდა; საბაზო ტრენინგი იყო ქ. თბილისში, სადაც მოსარჩელე არ ჩავიდა; მიუხედავად ამისა, ევალებოდა თუ არ ევალებოდა, ის ყველანაირად ედგა მხარში მოსარჩელეს და მის გასაკეთებელს აკეთებდა; კონსულტანტებიც უკმაყოფილოები იყვნენ მოსარჩელის მუშაობით, ხოლო ეს უკანასკნელი მათი მუშაობით; მაღაზიაში ბრენდების წარწერები იყო ჩამოცვენილი და მტვერი იდო თაროებზე; მარაგებს ის უვსებდა, არასდროს მოსარჩელეს მარაგები არ შეუვსია, ის თვეში ერთხელ თვითონ უვსებდა მარაგებს. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარდგენილი ახსნა-განმარტებები მისი დაწერილია (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 1, ს.ფ. 263, 14:05-15:12სთ).

17. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მისი გათავისუფლების შესახებ კომპანიის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - კომპანიის ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის - 850 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან, 09.08.2019წ.-დან პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დღემდე. მოსარჩელის მტკიცებით, მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. მის მიმართ დამსაქმებელს რაიმე სახის დისციპლინური სახდელი არ გამოუყენებია, უფრო მეტიც, წარმატებული შრომისთვის ყოველ თვე ბონუსებს აძლევდა, რითაც უდავოდ დასტურდება მოსარჩელის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა.

18. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან - აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.

20. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან.

24. სააპელაციო პალატის განმარტებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველი დასაქმებულის ქცევით გამოწვეული ხელშეკრულების შეწყვეტისაგან იმით განსხვავდება, რომ დასაქმებულს არ ძალუძს სამუშაოს შესრულება, მაშინაც კი, როცა სურს აღნიშნული, ან როდესაც დასაქმებულს არ აქვს სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი, სათანადო უნარ-ჩვევები ან კვალიფიკაცია, რაც საერთო ჯამში სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულებას იწვევს. მართალია, შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას, თუმცა იმისათვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული შრომის უფლება, მიზანშეწონილია დამსაქმებელს გაცემული ჰქონდეს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება, რათა დასაქმებულს სამუშაოს შესრულების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცეს. თუკი, დასაქმებული შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას, ისეთი მნიშვნელოვანი სანქციის გამოყენება, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, გამართლებულია.

25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებლის მტკიცებით, მოსარჩელე სათანადოდ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გამოიხატა შემდეგში: მტვერი იდო მაღაზიის თაროებსა და სტენდებზე; ზოგიერთი ტესტერი თაროზე იდო არომატ და ფერშეცვლილი (გაფუჭებული); თანამშრომლები აგვიანებდნენ სამსახურში, რის გამოც გახსნისას მაღაზია არ იყო სათანადოდ მზად მუშაობისთვის და დამლაგებელს მუშა მაღაზიის დალაგება უწევდა, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნიდა მომხმარებელს; მენეჯერი არასოდეს არ ატარებდა ბეიჯს, კონსულტანტებსაც სჭირდებოდათ მითითება, რომ ბეიჯი გაეკეთებინათ; მენეჯერი არ უთითებდა თანამშრომლებს გრძელი თმის შეკვრაზე, შესაბამისად, რამდენიმე თანამშრომელი დადიოდა გაშლილი თმით; მობილურით სარგებლობდა სავაჭრო დარბაზში უკლებლივ ყველა თანამშრომელი; მოსარჩელე უყურადღებო იყო, რაც აისახებოდა მაღაზიის ნავაჭრზეც; ვერ აკეთებდა პროდუქციის მარაგების დროულ და სწორ შევსებას; თანამშრომლები მუდმივად შეჯგუფულები იყვნენ მეორე დარბაზში, სალაროს გარშემო, ეს კი ტოვებდა დაკეტილი მაღაზიის შთაბეჭდილებას, ვინაიდან პირველი დარბაზი იყო ცარიელი; პროდუქციის მიღება დაკავშირებული იყო ქაოსთან მაღაზიაში, პროდუქციას იღებდნენ და მარკავდნენ თანამშრომლები, მენეჯერი თითქმის არ მონაწილეობდა ამ პროცესში; მენეჯერს საწყობი ჩაკეტილი ჰქონდა და გასაღებს მუდმივად თან ატარებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებელი პირი მისი არყოფნისას საწყობით ვერ ისარგებლებდა, მაგალითად, პარასკევ საღამოს მიღებული პროდუქცია ორშაბათამდე (მენეჯერის დასვენების დღეებია შაბათი და კვირა) თაროზე უტესტეროდ იდო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ამ პროდუქციის გაყიდვას, ე.ი. მენეჯერი შეგნებულად აფერხებდა მაღაზიის სრულყოფილ მუშაობას, რაც აისახებოდა პროდუქციის რეალიზაციებზე; ახალი კლიენტების მოზიდვა, კლიენტებთან ხარისხიანი კომუნიკაცია; მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა, გარკვეული ბრენდების დღეებში კლიენტების ვერმოზიდვა; ელექტრონული ფოსტის არშემოწმება; მაღაზიაში აღწერის ჩაუტარებლობა, რის შედეგადაც აღმოჩნდა დანაკლისი, ასევე, მეტობა; დამლაგებელს მშრალ და მზიან ამინდში აიძულებდა მეორედ მისულიყო სამსახურში დღის მეორე ნახევარში, რაც მას არ ევალებოდა; მაღაზიის მთლიანი სტოკი გადაგზავნილი ჰქონდა მეუღლის, ე. მოწყობილის პირად მეილზე (01.04.2019), ასევე, 01.08.2019 წელს მეუღლის პირად მეილზე გადაგზავნილი ჰქონდა საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესის ქულებით შეძენილი „ვულე-ვუს“ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლებიც მომხმარებლებმა გაანაღდეს „ვულე-ვუში“; მენეჯერი არ აკონტროლებდა მაღაზიაში წარდგენილი პროდუქციის გაყიდვას მაღაზიის კოდის (მიღების თარიღისა და ვადების) მიხედვით; არასერიოზული მიდგომა ჰქონდა სწავლებისადმი, რომელიც ტარდებოდა თბილისში ბრენდების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე; მენეჯერი ვერ უზრუნველყოფდა კონსულტანტების დასწრებას დროულად და ხარისხიანად.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ აღრიცხვის მენეჯერის სამსახურებრივი ფუნქციები დეტალურადაა გაწერილი კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 54-ე პუნქტში. სასამართლოს მოსაზრებით, ის დარღვევები და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, არ არის თანხვედრაში შინაგანაწესით აღრიცხვის მენეჯერისათვის გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ასეთ პირობებში კი, აღრიცხვის მენეჯერისათვის ფილიალში არსებული ნებისმიერი დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება არაგონივრული და არასამართლიანია.

27. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე სათანადოდ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც დამსაქმებელმა შესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებებით სათანადოდ ვერ დაადასტურა. ამ გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა მასთან დასაქმებული პირის მოხსენებითი ბარათი და მისი შემდგენი პირის ჩვენება, რაც სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ მოიცავს ყველა იმ დარღვევას, რასაც დამსაქმებელი მოსარჩელეს ედავება.

28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული დარღვევების ჩადენის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დამსაქმებლის მიერ არ არის დასაბუთებული, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევების ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა და არ შეიძლებოდა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე არ ყოფილა გამოყენებული არანაირი დისციპლინური ღონისძიება ან თუნდაც წერილობითი შენიშვნა/მითითება და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე თანამდებობრივად დაწინაურდა კიდეც.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული სანქცია მეტისმეტად მკაცრი და არაადეკვატური იყო, რაც გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას გამორიცხავდა. სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის თუნდაც მკაცრი ზომა, მაგრამ არა უკიდურესი - სამსახურიდან გათავისუფლება. შესაბამისად, დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია.

30. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით და იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ: მოპასუხე არის მოგებაზე ორიენტირებული მეწარმე სუბიექტი, რომლის ძირითად შემოსავალს პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული მოგება წარმოადგენს; მოსარჩელე დასაქმებული იყო კომპანიის ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერად, რომლის მუშაობითაც დამსაქმებელი კმაყოფილი არ იყო და ზოგ შემთხვევაში არცთუ უსაფუძვლოდ; მოსარჩელის გათავისუფლებიდან გასულია 2 წელი და 7 თვე; მოსარჩელეს ჰქონდა არასტაბილური შრომითი ანაზღაურება, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიიჩნია. ამასთან, დასაქმებულის კომპანიაში მუშაობის პერიოდისა და მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - 10 000 ლარი, გონივრულ და პროპორციულ ოდენობად ჩათვალა.

31. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

33. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

33.1. სასამართლომ ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ სწორად არ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები და საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილი პრაქტიკა, ასევე, არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები;

33.2. სასამართლომ გამოიყენა სასაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, თუმცა გაუგებარია მოცემულ შემთხვევაში რატომ არის შეუძლებელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რატომ არის შეუძლებელი მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე სრულიად უსაფუძვლოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, დავის განხილვის დროს ვერ დადგინდა ვერცერთი გარემოება, რაც დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის შეუსაბამობას დაადასტურებდა, შესაბამისად, სრულიად გონივრული და ლოგიკური, ასევე, სამართლიანია მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება, არგუმენტი ან/და მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება;

33.3. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა, ან მისი ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, ან დამსაქმებელს დააკისროს კომპენსაცია. გამოდის, რომ სასამართლომ თვითონ გადაწყვიტა და ჩათვალა, რომ მოსარჩელე არ უნდა აღდგენილიყო სამსახურში. თუმცა, გაუგებარია რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ არ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულად აღდგენა. აღნიშნული დისკრეციული უფლების გამოყენება სასამართლოს არ შეუძლია დასაქმებულის საწინააღმდეგოდ, ამ უკანასკნელის უფლებების დარღვევის ხარჯზე;

33.4. სასამართლომ ასევე ვერ დაასაბუთა იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმა და აღნიშნულის ნაცვლად მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურება არ გააჩნდა, რის გამოც, მოქმედი შრომის კოდექსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ განახორციელა ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურების გამოთვლა. კერძოდ, 2019 წლის მაისში მან ხელფასისა და ბონუსის სახით მიიღო 725,2 ლარი, ივნისში 791,84 ლარი, ხოლო ივლისში 1 033,90, შესაბამისად, მოსარჩელის საშუალო ხელფასი შეადგენდა 850 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 26 350 ლარს (31X850=26350), რომლის მესამედიც (10 000 ლარი) დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, მოპასუხეს ნაცვლად კანონით დადგენილი ოდენობით განაცდური ხელფასისა, დაეკისრა 3-ჯერ ნაკლები თანხა, რაც იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლა მოსარჩელე, ყოვლად გაუმართლებელია;

33.5. შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.;

33.6. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან;

33.7. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი არის ის, რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად;

33.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია არ არის გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად, ვერ ახდენს მოსარჩელის უფლებების დაცვას და პირიქით ხელს უწყობს და ახალისებს მოპასუხეს, განახორციელოს მსგავსი უკანონო ქმედებები.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

35. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, კომპენსაციის 10 000 ლარით განსაზღვრის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

36. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

37. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

38. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დავის წამოშობის დროს მოქმედი რედაქცია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

39. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა შემდეგი: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეეძლოს. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე Nას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-637-637-2018, 29 აგვისტო 2018 წელი).

40. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული.

41. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, მისი აღსრულების ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა. დასაქმებულმა სამართალწარმოების შედეგად მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლადაც სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 270-272).

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შეუძლებლობა დამსაქმებლის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. მან უნდა ადასტუროს, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან არსებობს, თუმცა დაკავებულია. მისივე მტკიცების საგანში შედის ასევე იმის დადასტურება, რომ მესამე პირი, რომელიც სადავო პოზიციას იკავებს, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, აღნიშნული ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, დამსაქმებლის პატივსადები ინტერესი გათავისუფლებულ დასაქმებულთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობაშიც შეიძლება მდგომარეობდეს. ზემოაღნიშნული გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით). აღნიშნული კი, შესაძლებელია, გაირკვეს დამსაქმებლის საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი; Nას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; Nას-761-712-2017, 10 ივლისი, 2017 წელი; Nას-132-2021, 31 ოქტომბერი, 2022 წელი).

43. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და, შესაბამისად, მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილად ითვლება. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტურ გზად მისთვის კომპენსაციის გადახდა მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე არის მოგებაზე ორიენტირებული მეწარმე სუბიექტი, რომლის ძირითად შემოსავალს პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული მოგება წარმოადგენს; მოსარჩელე დასაქმებული იყო კომპანიის ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერად, რომლის მუშაობითაც დამსაქმებელი კმაყოფილი არ იყო და ზოგ შემთხვევაში არცთუ უსაფუძვლოდ; მოსარჩელის გათავისუფლებიდან გასულია 2 წელი და 7 თვე; მოსარჩელეს ჰქონდა არასტაბილური შრომითი ანაზღაურება. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზემოთ დასახელებული გარემოებების გამო პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა ან/და მიზანშეუწონლობა დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.

44. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის სხვა გარემოებები. კერძოდ, კომპანიაში იმ თანამდებობის კვლავ არსებობის ფაქტი, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა და აღნიშნული თანამდებობის ვაკანტურობა. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, ხომ არ არსებობს კომპანიაში ტოლფასი თანამდებობა. ხოლო, ასეთის დადგენის შემთხვევაში, არის თუ არა ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური და მოსარჩელის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისი.

45. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. მისი მტკიცებით, კომპენსაციის ოდენობა არ არის გონივრული, სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით დავებზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე Nას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; Nას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; Nას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; Nას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).

47. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაცია - 10 000 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რა გარემოებებით იხელმძღვანელა სასამართლომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლების ხანგრძლივობის, მისი შრომის ანაზღაურებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. შესაბამისად, თუკი სააპელაციო სასამართლო წინამდებარე საქმის ხელახლა განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს წინამდებარე განჩინების 46-ე პუნქტში მითითებული გარემოებები და კომპენსაციის სამართლებრივი მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, განსაზღვროს კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

49. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა ან კომპანიაში ტოლფასი, ვაკანტური სამუშაო ადგილის არსებობის ფაქტი, ხოლო, ამგვარი თანამდებობის არარსებობის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს და დაასაბუთოს კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

51. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დ.დ–ძის სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, კომპენსაციის 10 000 ლარით განსაზღვრის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი