საქმე №ას-417-2019 09 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ.რ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.ბ–ძე, ს.ბ–ძე, რ.ბ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით ზ.რ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მარიამ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), სალომე (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და რ.ბ–ძეების (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ყვარელი, ......., მიჰყიდა მოპასუხეებს. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა შეძენილი ბინის საფასური, სულ ჯამში, 70 000 ლარი;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა განსახილველ სარჩელზე სადავო 2013 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდასა და ზიანის ანაზღაურებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოპასუხეებმა სრულად გადაუხადეს მოსარჩელეს შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ყვარელი, ........, საფასური. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასევე საქმეში წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული 22.02.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეთა განცხადებით სამივე მყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა გამყიდველს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე და გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის საფასური (იხ. ს.ფ. 89 და 91, ტომი 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი, 22.02.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 17-21, ტომი 1);
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს 2013 წლის 22 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა, ხოლო მოტყუების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს ნასყიდობის ფასის გადაუხდელობაზე.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეებმა მოატყუეს მოსარჩელე და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხა არ მიუღია; სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, აგრეთვე, მოსარჩელის პრეტენზია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები, არ შეაფასა და არ გამოიკვლია პირველ და მეორე მოპასუხეებთან გასაუბრების ოქმები, რომლებიც შედგა ვაკე-საბურთალოს შსს მე-7 განყოფილებაში, სადაც მათ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე აღნიშნეს, რომ იგი გაიქვითა ბესარიონ ბიწაძის ვალში, ხოლო მესამე მოპასუხესთან გასაუბრების ოქმი განყოფილებაში არ იძებნება; აგრეთვე არ არსებობს პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ ოქმში მითითებული ბესარიონ ბიწაძის მიერ ვალის დადასტურების ფაქტი და არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა თანხის გადახდას.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების სუბიექტები მოცემული საქმის მხარეებად გვევლინებიან. გამომდინარე აქედან, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციულ, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად უნდა იქნას მიჩნეული.
6. რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს შსს მე-7 განყოფილებაში მოპასუხეთა გამოკითხვის ოქმებს, სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც თავად მოსარჩელემაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი და შეფასებული იქნა ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ სამოქალაქო დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 29 მარტის განჩინებაშიც იმსჯელა და მიუთითა, რომ „მოპასუხეებთან გასაუბრების ოქმები, სადაც ისინი ვალის გაქვითვაზე მიუთითებენ, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით არ წარმოადგენს 2013 წლის 22 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით აღიარებული ფაქტობრივი გარემოების გამაბათილებელ რელევანტურ მტკიცებულებას“. პალატამ განმარტა, რომ „ვალის გაქვითვა“ ვალდებულების შესრულების ერთ-ერთი საშუალებაა და სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი არ აქარწყლებს სადავო თანხის გადახდის ფაქტობრივ გარემოებას. მოცემულ გამოკითხვის ოქმებში ორივე მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების არსებობას და ცალსახად მიუთითებს, რომ მათ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება არ გააჩნიათ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინების 4.3. პუნქტი, ს.ფ. 101, ტომი 1).
7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები (ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და მყიდველის მიერ მისი შესრულება, ნასყიდობის საფასურის გადახდა). მოცემულ დავაზე ისინი წარმოადგენენ პრეიუდიციულ ფაქტებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 22 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის სრულად გადახდილია ნასყიდობის საგნის ღირებულება - 70 000 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტების გამოკვლევას თავი აარიდა. მან გადმოწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/10757-14), რომელშიც არსად ფიგურირებს იმ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე მითითება, რომ მყიდველმა სრულად შეასრულა 22.02.2013 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება. მოსამართლემ იხელმძღვანელა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული, შაბლონური შინაარსის ჩანაწერით, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე;
13.2. ეს არ იყო სტანდარტული ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს იყო ოჯახის წევრებს შორის დადებული შეთანხმება (მოსარჩელის ძმისშვილები არიან მოპასუხეები), რომლის დროსაც თავისუფლად შესაძლებელია, რომ შემდგომში მომხდარიყო ვალდებულების შესრულებაზე შეთანხმება, თუმცა სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ ამ გარემოების გამოკვლევა;
13.3. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას წარმოადგენდა მოპასუხე მხარის სურვილი ნასყიდობის საგანი იპოთეკით დაეტვირთა და ბანკიდან სესხი აეღო, რითაც დაკმაყოფილდებოდნენ როგორც მოსარჩელე, ისე - მისი სხვა მევალეები. აღნიშნული გარემოების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდებოდა, ვინაიდან, თუ საფასურის გადახდას არ გულისხმობდა ხელშეკრულება, მხარეები დადებდნენ არა ნასყიდობის, არამედ - ჩუქების ხელშეკრულებას;
13.4. მოპასუხეებმა ისარგებლეს მოსარჩელის კეთილგანწყობით, ნათესაური კავშირითა და ნდობით და არ შეასრულეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. რომ არა მოპასუხე მხარის თვალთმაქცური ქმედება, კასატორის მოტყუება, გარიგება არ დაიდებოდა;
13.5. მოპასუხეების განმარტებით (ოქმი - ვაკე-საბურთალოს რაიონის სამმართველო), მოსარჩელე წარმოადგენდა არა კრედიტორს, არამედ - მოვალეს და მას გაექვითა ვალი. სასამართლო არ დაინტერესებულა, ჰქონდა კი მოსარჩელეს ძმის ან ძმის ოჯახის ვალი.
14. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-58-56-2016, 26 თებერვალი, 2016 წელი).
15. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი [სსსკ-ის 266-ე მუხლი]. აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის - 2013 წლის 22 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს მოპასუხეთა მიერ მოტყუებაზე ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო. ხოლო, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტების საწინააღმდეგოდ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა განსახილველ სარჩელზე სადავო 2013 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდასა და ზიანის ანაზღაურებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოპასუხეებმა სრულად გადაუხადეს მოსარჩელეს შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ყვარელი, .......... , საფასური (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი).
17. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, გააჩნია პრეიუდიციული ძალა, ვინაიდან განსახილველ დავაშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ გახდება ხელახალი კვლევის საგანი სსსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლებიდან გამომდინარე.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30% - 1050 ლარის გადახდა.
20. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.რ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.რ–ვას (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30% - 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. ზ.რ–ვას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ნოტარიულად დამოწმებულ რუსულენოვან თარგმანთან ერთად; რუსულ ენაზე შედგენილი ქორწინების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 129-134);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი