საქმე №ას-93-2024 22 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ზ.ვ–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 15 იანვრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზ.ვ–ძისათვის (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი") მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. .....; ზესტაფონის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. ......... და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს.კ. ........., გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა.
2. განმცხადებლის განმარტებით, მხარეთა შორის 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა N3171492-12476034 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 8 600 ლარის ოდენობით წლიური 20,9%-ის დარიცხვით; ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ დავალიანების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით განეხორციელებინა სადაზღვევო კომპანიაში სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ; მსესხებელი ასევე ვალდებული იყო სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად; N3171492-12476034 პოლისის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევისთვის სადაზღვევო პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0,72%-ს; საკრედიტო ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებითა და მასზე დართული გრაფიკით განსაზღვრული წესის მიხედვით, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, სესხი ვადაგადაცილებაშია 26.07.2023 წლიდან; მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ; მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 31.10.2023 წელს; საკრედიტო დავალიანების ოდენობა შეადგენს ჯამში 9 915,71 ლარს, მათ შორის, ძირითადი თანხა 8 495,86 ლარი, სარგებელი 1 089,43 ლარი, პირგასამტეხლო 314,49 ლარი და დაზღვევა 15,93 ლარი.
3. შესაბამისად, მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9 915,71 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 8 495,86 ლარი, პროცენტი 1 089,43 ლარი, პირგასამტეხლო 314,49 ლარი და დაზღვევის თანხა 15,93 ლარი; მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირითადი თანხის - 8 495,86 ლარის წლიური 20,9%-ის გადახდის დაკისრებას 31.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 775,63 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 8 495,86 ლარის 0,1%-ის ოდენობით 31.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 535,10 ლარისა.
4. განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი, სასამართლო წარმოება კი დაკავშირებულია ხანგრძლივ დროსთან, რა პერიოდშიც მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამდენად, მოსარჩელეს, ერთი მხრივ, წაერთმევა უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მოვალის კუთვნილი ქონებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ქონების ღირებულება იმდენად შემცირდეს, რომ კრედიტორისათვის შეუძლებელი გახდეს მოთხოვნის მოვალის ქონების მეშვეობით დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი ზესტაფონი, სოფელი ......, ს.კ. .....; რაიონი ზესტაფონი, სოფელი ......, ს.კ. ........ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს.კ. ....... (თავისი წილის), გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198.2.ბ, 35612.1 და 35618-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
7. საარბიტრაჟო მოპასუხემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
8. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სსსკ-ის 393.1, 393.ე და 393.ე1 მუხლების იგნორირებით;
8.2. სასამართლომ არასაკმარისად დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა;
8.3. მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, 2023 წლის 10 ოქტომბერს რატომ გავიდა იგი ცალმხრივად ხელშეკრულებიდან მოპასუხისათვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. სასამართლო თავის განჩინებაში ადასტურებს, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2023 წლის 26 სექტემბრიდან, ანუ ვადაგადაცილება იყო 30 დღე, თუმცა მიუხედავად დროის ასეთი სიმცირისა, სასამართლოს არ გაუჩნდა კითხვა ხომ არ ცდილობდა მოსარჩელე თავისი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას;
8.4. სასამართლო არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რომ მან მისაღები სესხის, 8 600 ლარის ნაცვლად მიიღო 8 375 ლარი გამოგონილი ე.წ საკომისიო თანხის გამოკლებით. ამასთან, ხელშეკრულება იყო კაბალური და აღემატებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცესო განკვეთს და პირგასამტეხლოს;
8.5. სასამართლო არც იმ ფაქტით დაინტერესებულა ჰქონდა თუ არა მსესხებელს თანხები გადახდილი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი 21.03.2023წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელს განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს ,,ა.ს–ი“. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარდგენილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის - შპს ,,ა.ს–ის“ 03.11.2023წ. განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხის მიმართ მიღებულია განსახილველად.
12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაში დასაშვები სტანდარტით დასაბუთებული იყო, რომ აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარდგენილი სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღუსრულებლობისაგან დაცვის მიზნით. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. სასამართლომ მოდავე მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, დაადგინა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა, რითაც მოსარჩელის ინტერესებთან ერთად, თანაზომიერად დაიცვა მოპასუხის უფლებებიც.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი; გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური და თანაზომიერია; ამასთან, ის უშუალო კავშირშია აღძრულ სარჩელთან და რეალურად უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობისაგან დაცვას იმგვარად, რომ გამოყენებული ღონისძიება მძიმე ტვირთად არ დააწვება მოპასუხის ინტერესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.
18. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
20. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის, საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
21. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
22. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; Nას-754-722-2016, 13 სექტემბერი, 2016 წელი). უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დამოკიდებული სარჩელის საბოლოო ბედზე და მისი გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-942-2019, 01 აგვისტო, 2019 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა არბიტრაჟს - შპს „ა.ს–ს“ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, საარბიტრაჟო სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 9 915,71 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 8 495,86 ლარი, პროცენტი - 1 089,43 ლარი, პირგასამტეხლო - 314,49 ლარი და დაზღვევის თანხა - 15,93 ლარი; მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირითადი თანხის - 8 495,86 ლარის წლიური 20,9%-ის გადახდის დაკისრებას 31.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 775,63 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 8 495,86 ლარის 0,1%-ის ოდენობით 31.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 535,10 ლარისა; არბიტრაჟის 03.11.2023წ. დადგენილებით საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ, ასევე, მოპასუხის ნებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება და გამართლებულია განმცხადებლის ვარაუდი, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხემ განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
25. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, რომლის მიმართაც ითხოვს მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, წარმოადგენს არა მხოლოდ მოპასუხის საკუთრებას, არამედ ისინი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხისა და კიდევ სხვა ხუთი პირის თანასაკუთრებაში (იხ. ს.ფ. 32-37).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისი წილის) გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვას, რაც სათანადოდ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია. საჩივრის ავტორს აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე არ მიუთითებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ვ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 15 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი