საქმე №ას-73-2024 01 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ხ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ფ–ომ“ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ხ–ის (შემდგომში – „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, ....... და 2023 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა კომპანიის მენეჯერს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2023 წლის 11 ნოემბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 24 ნოემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2023 წლის 06 დეკემბერს.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2, 61.2, 61.3, 369.1, 2591.1, მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში დარეგისტრირდა 22.11.2023 წელს, საპროცესო ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე. აღნიშნულს ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილის დეტალები, სადაც ნათლად ჩანს, როგორც სააპელაციო საჩივრის ფოსტაში დარეგისტრირების, ასევე, კურიერის ვიზიტის თარიღი. ამდენად, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში დარეგისტრირდა სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
14. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, 2023 წლის 22 ნოემბერს ჩააბარა ფოსტაში, შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
16. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 10 ნოემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 159), შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2023 წლის 11 ნოემბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 24 ნოემბერს. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირებულია 2023 წლის 06 დეკემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 160), თუმცა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე - 2023 წლის 22 ნოემბერს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
18. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი გასაჩივრების უფლების მქონე მხარე საჩივარს ფოსტაში ჩააბარებს გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მიიჩნევა, რომ მან საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა, მიუხედავად თავად ფოსტის მიერ გზავნილის ადრესატამდე მიტანის თარიღისა.
19. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ფოსტის უკუგზავნილი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 16), რომლის თანახმად, გზავნილის სახეობას წარმოადგენს - წერილობითი კორესპონდენცია, გამგზავნს - მოსარჩელე და ადრესატს - ახალციხის რაიონული სასამართლო, გზავნილის გაგზავნის თარიღია 2023 წლის 22 ნოემბერი, ხოლო კურიერის ადრესატთან ვიზიტის (ჩაბარების) თარიღი 2023 წლის 06 დეკემბერი. აღნიშნულ უკუგზავნილზე დარტყმულია შპს „ფ–ის“ ბეჭედი. ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია კონვერტით, რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 160,184), ხოლო კონვერტზე და კერძო საჩივარზე დართულ უკუგზავნილზე მითითებული შტრიხკოდი (GP.....) ერთი და იგივეა.
20. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებითა და ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2023 წლის 22 ნოემბერს გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მოსარჩელემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ფ–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება და შპს „ფ–ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი