Facebook Twitter

საქმე №ას-56-2024 27 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "მ.ვ.ე.კ.ლ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომის ანაზღაურება და მისი დაყოვნებისთვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.ა–ის სარჩელი შპს "მ.ე.კ.ლ"-ის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელფასო დავალიანების, დარიცხული - 26 866.29 ლარის და ამ თანხის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად 0.07%-ის გადახდა, 2022 წლის 6 დეკემბრიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისთვის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 27 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეასრულა მორიგებით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დოკუმენტები.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებლს, განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები. ასევე, ე.ა–ის წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციისას დაადასტურა, რომ კასატორმა მორიგების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად შეასრულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს "მ.ვ.ე.კ.ლ."-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს "მ.ვ.ე.კ.ლ."-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

კასატორმა 2024 წლის 27 მარტს განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეასრულა მორიგებით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დოკუმენტები.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებლს განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები. ასევე, ე.ა–ის წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციისას დაადასტურა, რომ კასატორმა მორიგების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად შეასრულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 2373 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "მ.ვ.ე.კ.ლ."-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება შპს "მ.ვ.ე. კ. ლ"-ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ე.ა–ის სარჩელის გამო, შპს "მ.ვ.ე.კ.ლ"-ის მიმართ, შრომის ანაზღაურების და მისი დაყოვნებისთვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

3. კასატორ შპს "მ.ვ.ე.კ.ლ"-ს (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2024 წლის 10 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 2373 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე