საქმე №ა-6581-ა-4-2024 5 მარტი, 2024 წელი,
ქ. თ.
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი - შპს „ბ–ა“, მ.ჟ–ა, ააიპ ს.ფ-ს.კ. „დ–ო“ (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - რ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ.ღ–ი
მესამე პირები – სსიპ შემოსავლების სამსახური (წარმომადგენელი - დ.მ–ძე), საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – იურიდიული პირის ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოდ სამეწარმეო რეესტრში აღდგენა (ფაქტის დადგენა)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ა ..“-ის, ააიპ ს.ფ-ს.კ. „დ–ო“-სა და მ.ჟ–ას სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენისა და იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. დავაში მონაწილეობდნენ მესამე პირებად ჩართული სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
2. თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „ბ–ა..“-ის, ააიპ ს.ფ-ს.კ. „დ–ო“-სა და მ.ჟ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე N ას-1015-958-2015) შპს „ბ–ა ..“-ის, ააიპ ს.ფ-ს.კ. „დ–ო“-სა და მ.ჟ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.
4. თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ–ა ..’’-ის, მ.ჟ–ას, სსიპ ს.ფ-ს.კ. ,,დ–ოს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ბ–ა ..’’-ის, მ.ჟ–ას, სსიპ ს.ფ-ს.კ. ,,დ–ოს’’ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ.ი ,,თ. დ–ო’’ აღიარებული იქნა ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ მოქმედ იურიდიულ პირად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს "ბ–ას", მ.ჟ–ას და ააიპ ს.ფ-ს.კ. "დ–ოს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. შპს "ბ–ას", მ.ჟ–ას და ააიპ ს.ფ-ს.კ. "დ–ოს" წარმომადგენელმა რ.მ–მა, 2023 წლის 25 დეკემბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7. განმცხადებლის განმარტებით, ს.კ.ის რეგისტრაციის აღდგენაზე უარის საფუძველი ქონების არარსებობა გახდა, თუმცა, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ ს.კ.ის დამფუძნებელებისთვის ცნობილი გახდა, რომ კლუბს გააჩნია კონკრეტული ქონება, კერძოდ, სამეწარმეო წილი შპს გაზეთ „თ.დ–ოში“, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 211322816. აღნიშნული გარემოება ს.კ.ის დამფუძნებლებისათვის ცნობილი გახდა ა.წ. დეკემბერში, როდესაც შპს გაზეთი „თ.დ–ოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გ.ც–ძემ 2023 წლის 5 დეკემბერს წერილობით აცნობა ს.კ. „თ.დ–ოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს - მ.ჟ–ას, რომ მან, რამდენიმე პირთან ერთად: გ.ც–ძემ, დ.ქ–ძემ, გ.ტ–მა და შპს ს.კ.მა „თ. დ–ომ“ 1996 წლის 20 იანვარს დააფუძნეს შპს გაზეთი „თ. დ–ო“. გაზეთის დაფუძნებისას მ.ჟ–ა იმ პერიოდში მოქმედებდა, როგორც შპს ს.კ. „თ.დ–ოს“ პრეზიდენტი. ამავე წერილით გ.ც–ძემ მ.ჟ–ას აცნობა, რომ გაზეთის დამფუძნებლებს სურდათ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნის საფუძველზე მოეხდინათ შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით საჯარო რეესტრს 2023 წლის 1 დეკემბერს მიმართა შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ სხვა დამფუძნებელმა - დ.ქ–ძემ, რომელმაც ამონაწერის განახლება მოითხოვა. სამეწარმეო რეესტრმა დ.ქ–ძეს იმავე დღეს შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოსთხოვა მას გაზეთ „თ. დ–ოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის - შპს ს.კ. „თ. დ–ოს“ საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა 30 დღის ვადაში. რამდენადაც გაზეთ დ–ოს დამფუძნებლებს შორის შპს ს.კ.ი „თ. დ–ო“ იყო ერთადერთი იურიდიული პირი, ამიტომ გაზეთ „დ–ოს“ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად აუცილებელი იყო იურიდიული პირის განახლებული საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა. აღნიშნული იმითაც იყო განპირობებული, რომ გ.ც–ძე ატყობინებდა მ.ჟ–ას, რომ იგი და გაზეთის სხვა დამფუძნებელები, რომელთა შორისაც იყო ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დ.ქ–ძე, აპირებდნენ გაზეთის საქმიანობის აღდგენას, რომელშიც სრულყოფილად ასახავდნენ ს.კ. „თ. დ–ოს“ ისტორიას, ტრადიციებსა და სხვა მოვლენებს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, გ.ც–ძემ სთხოვა მ.ჟ–ას (როგორც კლუბის ყოფილ პრეზიდენტს) მიეწოდებინა მისთვის შპს ს.კ. „თ. დ–ოს“ საიდენტიფიკაციო მონაცემები.
8. რ.მ–მა, როგორც მ.ჟ–ას წარმომადგენელმა, ამ მიზნით 2023 წლის 6 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრს და საჯარო რეესტრის არქივიდან გამოითხოვა შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ მთლიანი სადამფუძნებლო დოკუმენტები. მოთხოვნის წინაპირობა იყო ისიც, რომ გაზეთ დ–ოს 1996 წლის 3 აპრილის სასამართლოს დადგენილებაში არსად არ იყო მითითებული საზოგადოების პარტნიორების წილობრივი მონაცემები.
9. საჯარო რეესტრის 2023 წლის 11 დეკემბერის #267207 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რ.მ–ს გადასცა მის მიერ მოთხოვნილი სადამფუძნებლო დოკუმენტები სრულად. გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის იყო გაზეთ „დ–ოს“ პარტნიორთა 1996 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდება და დამფუძნებელთა კრების ოქმი. აღნიშნული წესდებით გაირკვა, რომ შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ დაფუძნებისას, პარტნიორთა 1996 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდებით შპს ს.კ. „თ. დ–ოს“ საკუთრებაში გადაეცა 51%-იანი წილი.
10. განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს გაზეთ „თ. დ–ოში“ შპს ს.კ.ი „თ. დ–ოს“ მიერ წილის ფლობის თაობაზე, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია მ.ჟ–ას, შპს „ბ–ა 92-ს“ და ააიპ ს.ფ-სპორტული კლუბ „დ–ოს“ ვერ ეცოდინებოდათ სასამართლოში საქმის განხილვის მსვლელობისას. არათუ მათ, თვით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც კი არ იცოდა აღნიშნულის შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინფორმაცია მოსთხოვა განცხადებელს, დ.ქ–ძეს.
11. აღნიშნულის გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონლაინ პორტალზე სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების საძიებო განყოფილებაში, სექცია „სუბიექტის ძებნა“ „ორგ. დასახელება“ საძიებო ველში სიტყვების „თ. დ–ო“ ჩაწერით, სისტემა ეძებს და პოულობს 9 სუბიექტს, რომელთაგან უმრავლესობა რეგისტრირებულია 2000-იან წლებში და სხვა პროფილის არიან. ამასთან, არც ერთი მათგანის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში პარტნიორად ან მონაწილედ არ არის მითითებული შპს ს.კ.ი „თ. დ–ო“. გარდა ამისა, იქვე სექცია „მონაწილეებით ძებნა“ „ორგ. დასახელება“-ს საძიებო ველში „თ. დ–ო“-ს ჩაწერით, სისტემა ეძებს და პოულობს ერთ სუბიქტს: პროფესიონალური ს.კ.ი „თ. დ–ო“, რომელიც არის ააიპ „სკ დ–ო თ.“-ს (ს/ნ .......) დამფუძნებელი. ამდენად, ზემოხსენებული 10 სუბიქტიდან არც ერთი არ არის შპს „ს. კ. „თ. დ–ო“ და არც ერთი მათგანის სამეწრამეო რეესტრის ამონაწერში მონაწილე პარტნიორად არ არის მითითებული შპს ს.კ. „თ. დ–ო“.
12. შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი (მისი არარსებობის გამო) და ინფორმაცია მისი პარტნიორების შესახებ საჯაროდ ცნობილი არ იყო.
13. მოცემული საქმის განახლება და შპს ს.კ. „თ. დ–ოს“ პარტნიორების სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, ლიკვიდაციის რეჟიმში მისი აღდგენა, ავტომატურად დაამაგრებს საჯარო რეესტრში შპს ს.კ. „თ. დ–ოს“ სარეგისტრაციო მონაცემებს, რაც საშუალებას მისცემს შპს გაზეთ „თ. დ–ოს“ წარმატებით დაასრულოს „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან თავისი სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა და თავიდან აიცილოს „ხარვეზიანი საზოგადოების“ სტატუსი და საზოგადოების დაშლის უარყოფითი შედეგები - ლიკვიდაცია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, განცმხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე N ას-1015-958-2015), ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
15. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის 30 იანვარს, მოსარჩელეთა განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე განცხადებაში უთითებს იმის შესახებ, რომ მას გააჩნდა ქონება, თუმცა არ უთითებს იმაზე, თუ რატომ არის ეს ახლად აღმოჩენილი გარემოება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თვითონვე აღნიშნავს, რომ ს.კ.ი „თ. დ–ო“ ფლობს შპს გაზეთი „თ. დ–ოს“ 51%-იან წილს და ს.კ. „თ. დ–ოს“ პარტნიორად წარადგენს მისი პრეზიდენტი მ.ჟ–ა, რომელიც იმავდროულად არის მოსარჩელე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება და მხარეს მისი წარდგენა საქმის მიმდინარეობისას შეეძლო.
16. საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე 2024 წლის 6 თებერვალს გამოცხადებულმა მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შეკითხვების პასუხად თავიანთი პოზიციები შემდეგნაირად განმარტეს:
16.1. განმცხადებელმა (მოსარჩელეთა წარმომადგენელმა) აღნიშნა:
16.1.1. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ძირითადი მოტივაცია ეფუძნება იმას, რომ მოსარჩელეს არ აქვს იურიდიული ინტერესი, რადგან ქონება არ გააჩნია (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 12:46:21-დან). ცნობილ ჟურნალისტს დ.ქ–ძეს, რომელმაც თავისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა თ. დ–ოს და რომელიც არის გაზეთ „თ. დ–ოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სურვილი აქვს, დაწეროს „თ. დ–ოს“ ტრადიციებზე, მისი ფეხბურთელების ბიოგრაფიებზე მთელი ისტორია. დღეს „თ. დ–ოს“ სახელი სხვას აქვს მითვისებული, 2001 წლის მარტში დაფუძნებულ კლუბს, რომელიც იყენებს „თ. დ–ოს“ ისტორიას, მის წარსულს და, ცხადია, ვერ იქნება 1981 წელს თასების თასის მომპოვებელი. კანონში 2021 წელს განხორცილებული ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა მანამდე რეგისტრირებული სუბიექტების ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში. შესაბამისად, გაზეთ „თ. დ–ოს“ დირექტორმა - გ.ც–ძემ წამოიწყო გაზეთის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი, მიმართა საჯარო რეესტრს (მანამდე- 2023 წლის 1 დეკემბერს დ.ქ–ძემ მიმართა რეესტრს). რეესტრმა გ.ც–ძეს მოსთხოვა გაზეთის დამფუძნებელთა, რომელთა შორის არის იურიდიული პირი ს.კ.ი „თ. დ–ო“, სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენა. რეესტრი 30 წელია ამ დავაში ჩართულია და, ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ გაზეთი „თ. დ–ო“ ს.კ.ის „თ. დ–ოს“ სარეგისტრაციო მონაცემებს ვერ მიაწვდიდა. რეესტრმა 2023 წლის 11 სექტემბერს უკვე იცოდა, რომ ს.კ.ი „თ. დ–ო“ არ იქნა აღდგენილი რეესტრში. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, როდესაც მარწმუნებელთა სახელით გამოვითხოვე ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, აღმოჩნდა, რომ 1996 წელს დაფუძნებულა გაზეთი „თ. დ–ო“, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ს.კ.ი „თ. დ–ო“, მაგრამ არ არსებობს ისეთი ამონაწერი, რომლიდანაც ვლინდება, თუ რამდენი პროცენტი წილი აქვს დამფუძნებელს. მარტოოდენ იმის განცხადება, რომ პირს გააჩნია ქონება, არ არის საკმარისი, რადგან ქონებას თავისი გამოხატულება აქვს, მატერიალური აგებულება, თავისი ფორმა აქვს. მარტოოდენ დამფუძნებლად ყოფნის ფაქტი არ არის საკმარისი, რადგან შესაძლოა სასამართლოს გაუჩნდეს კითხვა, რამდენად საკმარისია მარტოოდენ ჩანაწერი, რომ პირი არის სხვა იურიდიული პირის დამფუძნებელი, რამდენია ეს ქონება, რამდენია ეს წილი, მაგალითად, 0.01 %-იდან დაწყებული (რადგან იქ სამი პარტნიორია) თუნდაც 99%-მდე -რამდენია ეს წილი (ქონება). აი, ზუსტად ის, თუ რამდენია ეს ქონება უნდა გარკვეულიყო ამონაწერში ან იმ დოკუმენტის მიღებით, რომელშიც ჩანაწერები იქნებოდა ასახული. ამიტომ იმ დამფუძნებელი დოკუმენტების (წესდება, რომელიც არ იყო საჯარო იმ პერიოდისათვის; ამონაწერი, რომელიც ახლავს წესდებას და რაც წარმოდგენილია, არის ძველი წესით გაცემული ამონაწერი, სადაც „თ. დ–ო“ მითითებულია როგორც მხოლოდ დამფუძნებელი, მაგრამ რამდენი პროცენტი წილი გააჩნია, არ ჩანს) მიხედვით, რომელიც გამოთხოვილი იქნა რეესტრიდან 2023 წლის 11 დეკემბერს, სწორედ ამ თარიღიდან გახდა ცნობილი მხარისათვის, რომ თურმე გაზეთ „თ. დ–ოს“ ჰყავს სამი პარტნიორი, წესდებაში (და იქვე 1996 წლის 3 აპრილის კრების ოქმიცაა) ჩანს წილების გადანაწილება. ამ გადანაწილების მიხედვით ირკვევა, რომ თურმე ს.კ. „თ. დ–ოს“ გაზეთ „თ. დ–ოში“ აქვს 51% წილი (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 12:48:18-დან);
16.1.2. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ.ჟ–ას, როგორც დამფუძნებელს აქვს 10 % -იანი წილი და შესაძლოა, როგორც დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა იცოდა, რომ დააფუძნა გაზეთი „თ. დ–ო“, მაგრამ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ დავა დაიწყო 2014 წელს, ამასთან, მოსარჩელე მარტო მ.ჟ–ა ხომ არ არის, დანარჩენი 90 % -იანი წილის მქონე დამფუძნებელბისთვის ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 12:54:55-დან);
16.1.3. სასამართლოს შეკითხვის პასუხად (რომ 2014 წლიდან დაწყებულ დავაზე, როდესაც საქმე არაერთხელ არსებითად იქნა განხილული, მათ შორის, სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით ერთხელ დაუბრუნდა კიდეც სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ კი ისევ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის საკასაციო საჩივრით, რომელიც 2023 წლის 11 სექტემბერს დასრულდა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა) ცხრა წლის მანძილზე რამდენად შეუძლებელი იყო იმ ინფორმაციის მოძიება, რაც მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელთა მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბერს მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი უნდა გახდეს, განმცხადებელმა განმარტა, რომ ეს გარემოებები კარგად არის აღწერილი წარმოდგენილ განცხადებაში. განმცხადებელმა მიუთითა: იმისთვის რომ გავიგოთ, საჯარო რეესტრში რა ინფორმაცია ინახება კონკრეტულ სუბიექტზე, უნდა მივმართოთ ონლაინ პორტალს, სადაც რამდენიმე სუბიექტი იძებნება. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, განმცხადებელმა განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა საჯარო რეესტრს ინფორმაციის მოსაძიებლად. მოსარჩელეები ამ ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ ონლაინ პორტალზე ძიების მეშვეობით (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:00:10-დან);
16.1.4. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, არსებობს თუ არა გაზეთ „თ. დ–ოს“ დაფუძნების თაობაზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, განმცხადებელმა განმარტა, რომ 1999 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ს.კ.ის წინააღმდეგ, ასევე მისი ხელმძღვანელების მიმართ არაერთი სისხლისამართლებრივი დავა იყო დაწყებული და მთელი დოკუმენტაცია ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და დღესაც არ არის დაბრუნებული. საქმე ისაა, რომ მ.ჟ–ამ ეს გადაწყვეტილება გაზეთის დაფუძნების შესახებ, როგორც ს.კ.ის „თ. დ–ოს“ პრეზიდენტმა, ერთპიროვნულად მიიღო და რეალურად იქ პარტნიორთა კრება, რომელმაც რამდენიმე პირის მონაწილეობით მიიღო იურიდიული პირის დაფუძნების გადაწყვეტილება, არ ჩატარებულა (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:05:59-დან);
16.1.5. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, მხოლოდ იმ დოკუმენტის წარდგენით, სადაც მითითებულია, რომ პირს რაღაც ქონება გააჩნია, თუმცა არ იცის, რამდენია ამ შემთხვევაში წილის ოდენობა, შეეძლო თუ არა ს.კ.ს „თ. დ–ოს“ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის გზით, საჯარო რეესტრიდან გამოეთხოვა და მიეღო შესაბამისი ინფორმაცია, განმცხადებელმა განმარტა, რომ ესეც შეუძლებელი იყო. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2014 წელს, სანამ დავას დაიწყებდნენ მოსარჩელეები, ისინი ვერ მიიღებდნენ ამ ინფორმაციას, რადგან ვინც კი იყო ამ ინფორმაციის გამოთხოვაზე უფლებამოსილი პირი, დაკავებული იყო. რ–ი 7 წელი იჯდა ციხეში, ჟ–ამ ორჯერ მოიხადა და მერე საზღვარგარეთ იყო წასული, ხოლო როდესაც ადვოკატს მიენიჭა უფლებამოსილება 2014 წელს დავის დასაწყებად, მაშინაც რომ მოეთხოვა ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, არ მისცემდნენ, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო არ იყო მაშინ. განმცხადებელმა განმარტა. რომ სასამართლო დავალების ფარგლებში ამ ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლებელი იყო, რადგან 2014 წელს დაწყებული იყო იურიდიული პირის გაუქმებისა და ლიკვიდაციის რეჟიმში აღდგენის თაობაზე დავა, ეს არ იყო დავა იმის თაობაზე, რომ ლიკვიდაციის რეჟიმში აღსადგენად იურიდიულ პირს ქონება უნდა ჰქონდეს. მოსარჩელეებს უნდა მიეღწიათ პირველი ეტაპისათვის. 2019 წლის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ გამოკვეთა მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიზანი იყო ლიკვიდაციის რეჟიმში იურიდიული პირის აღდგენა, ხოლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დამფუძნებელთა „მიზანი გახდა სხვა, ქონებების მოძიება“, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს შეუცვალა მიზანი და მხარემ დაიწყო ქონებების მოძიება, რადგან შესაძლოა სხვა ქონებაც აღმოჩნდეს - მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები. განმცხადებელმა განმარტა, რომ „ლიკვიდაციის ბატონ-პატრონი არის კრედიტორი...ანუ შენ კრედიტორებზე ზრუნავ და კრედიტორების დაცვაზეა მეწარმეთა კანონი, რამდენიმე მუხლი...ანუ ქონება კი არ არისო არსებითიო, უტრირება არ მინდა, რა თქმა უნდა, კი ქონებაც არის არსებითი, მაგრამ თუ ქონება არ გაქვსო, მაგრამ გაქვს პოტენციალი მომავალში ეს ქონებები გქონდეს...“ (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:08:25-13:17:51);
16.1.6. სასამართლოს შეკითხვის პასუხად სსსკ-ის 423.1-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც პირის ბრალის გამორიცხვით კონკრეტული ინფორმაციის არქონას ეხება, განმცხადებელმა განმარტა: 27 წლის წინ რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა რამდენად შეიძლება ახსოვდეს პირს, ამასთან, ყველასთვის ცნობილია ჟ–ას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები, 99 ტომი მასალები ს.კ.თან დაკავშირებით ამოღებული იქნა, თანაც იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრი არ აძლევს ინფორმაციას. ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდა პირს, რომ მიემართა საჯარო რეესტრისათვის. მიმართა იმან, ვინც დაინტერესებული იყო გაზეთის სარეგისტრაციო მონაცემების განახლებით, შესაბამისად, როდესაც ცინაძემ შეიტყო, მიწერა ს.კ.ს, რომ ეს უკანასკნელი ყოფილა გაზეთის 51 %-იანი წილით დამფუძნებელი. აი ესაა პასუხი ბრალეულობის თემაზე, განმცხადებელს ვერანაირად ვერ ექნებოდა წვდომა ამ ქონების (გაზეთში წილის) არსებობაზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:36:56-დან);
16.1.7. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, განმცხადებელმა დაადასტურა, რომ მისთვის საერთოდ უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ს.კ.ი იყო გაზეთ „თ. დ–ოს“ დამფუძნებელი, არათუ წილის ოდენობა ამ გაზეთში. ამ ინფორმაციის ცოდნა შეუძლებელი იყო, რადგან ს.კ.ის დოკუმენტაცია წაღებული იყო და არ მიუწვდებოდათ მოსარჩელეებს ხელი (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:39:57-დან). განმცხადებელმა განმარტა: იმ პირობებში, როდესაც მითითებაც კი არ გვაქვს ქონების მოძიებაზე, რატომ უნდა გასჩენოდა ს.კ–ს, ან მეორე იურიდიულ პირს „ბ–ას“ მოსაზრება, რომ გაზეთი არსებობს. ჯერ უნდა ვიცოდე ინფორმაცია, რომ დავიწყო გაზეთის მოძიება. იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ დავა დაიწყო, საჯარო რეესტრი ასეთ ინფორმაციას არ გასცემდა, ზერელე განცხადებაა მოპასუხის, რომ მიემართა მხარეს, მივცემდითო ინფორმაციას. რომც მიემართა მხარეს, ვინ იყო. დღესაც კი ჭირს ინფორმაციის მოძიება გაზეთზე, სანამ თვითონ გაზეთის დამფუძნებლებს არ დასჭირდათ ასეთი ინფორმაციის მოძიება (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:59:02-დან).
16.2. განმცხადებლის პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ (მოპასუხემ) განმარტა:
16.2.1. სასამართლო მტკიცების სტანდარტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დროს, ძალიან მაღალი არ არის და იმგვარ გარემოებებს გულისხმობს, რომ ინფორმაცია ობიექტურად მიუწვდომელი იყო და საშუალო წინდახედულების ფარგლებში, მისი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იყო. მოცემულ შემთხვევაში, დასადგენია რა პატივსადები გარემოება არსებობდა მხარისათვის, რომ აღნიშნული აქტივის (თუ ეს აქტივად შეიძლება ჩაითვალოს) შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მხარეს (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:41:01-დან);
16.2.2. მოპასუხემ საჯარო რეესტრის ფუნქციაზე და ნებისმიერი მესამე პირისათვის რეგისტრირებულ მონაცემთა ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება. მოპასუხემ განმარტა, რომ კონკრეტულ საწარმოში რეგისტრირებულ წილთან დაკავშირებით მხარეს შეეძლო საჯარო რეესტრის არქივიდან გამოეთხოვა ინფორმაცია, როგორც ეს გააკეთა 2023 წლის დეკემბერში. მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოდესმე რომელიმე მოსარჩელის სახელით მიმართა საჯარო რეესტრს და ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მხოლოდ 2023 წლის დეკემბერშია გამოთხოვილი. საყურადღებოა ისიც, რომ თუ შპს გაზეთი „თ. დ–ო“ სამოქალაქო ბრუნვაუნარიანი იყო და მას აქტივები გააჩნდა, საწარმოს დაფუძნებიდან- 1996 წლიდან 2023 წლამდე არავითარი აქტივობა საჯარო რეესტრში არ არის დაფიქსირებული (მაგ. ამონაწერის მოთხოვნა, მისი განახლება, დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია და სხვ.);
16.2.3. მოპასუხემ (განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარემ) ყურადღება გაამახვილა შპს გაზეთ „თ. დ–ოს“ წესდების 9.1 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად შპს-ის დირექტორი წლიურ ანგარიშს (ბალანსს მოგება-წაგების ანგარიშთან ერთად) ადგენს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში, რასაც ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარტნიორებს. მოპასუხემ მიუთითა: თუ ეს შპს იყო აქტიური, მას ყოველწლიურად უნდა შეედგინა ბალანსი და უნდა გადაეგზავნა მისი დამფუძნებელი პარტნიორებისათვის. ამ შპს -ის საკონტროლო პაკეტს, ანუ 51%-იან წილს ფლობს ს.კ.ი „თ. დ–ო“, ხოლო პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება 2/3-ით. თუკი შპს გაზეთი „თ. დ–ო“ რაიმე საქმიანობას ახორციელებდა ს.კ–ს „თ. დ–ოს“ გააჩნდა საკონტროლო პაკეტი და მის გარეშე გაზეთი (ს.კ–ის მიერ დაფუძნებული შპს) ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:44:49-დან);
16.2.4. მოპასუხემ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა მიუთითა თავის მიზანზე, რაც „თ. დ–ოს“ და მის ფეხბურთელთა აქტივობების წარმოჩენაა. მოპასუხემ ბევრი ეძება გაზეთ „თ. დ–ოს“ შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. 2023 წლამდე ამ გაზეთის არავითარი აქტივობა არ იძებნება, როგორც უკვე აღინიშნა. გაზეთის არსებობა თავისთავად აქტივად რომ ჩაითვალოს, მაშინ, სულ მცირე, გაზეთი უნდა ფუნქციონირებდეს, რაღაც საქმიანობას უნდა ახორციელებდეს, უნდა ჰქონოდა კავშირი თავის დამფუძნებელ ს.კ.თან, შესაბამისად, ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დამფუძნებელს და არადამაჯერებელია განმცხადებლის მტკიცება, რომ 27 წლის მანძილზე არ შეიძლებოდა გახსენებოდა დამფუძნებელს მის მიერ დაარსებული შპს. თუ ის სალიკვიდაციო რეჟიმში მყოფი საწარმო იყო, მაშინ მთელი ინფორმაცია უნდა გადაეცა დამფუძნებელი პარტნიორებისათვის. ლოგიკური მსჯელობისა და ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, განმცხადებელი ვერ ადასტურებს, რომ მის მიერ გაზეთის (შპს-ის) მოძიება არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე;
16.2.5. მოპასუხემ აღნიშნა, რომ უკვე განხილული და დასრულებული სასამართლო დავის ფარგლებში, თვითონ ს.კ–ს წარმოდგენილი აქვს 2013 წლის კრების ოქმი, სადაც მითითებულია სალიკვიდაციო პროცესის შეწყვეტისა და იურიდიული პირის ფუნქციონირების განახლების შესახებ. თავის მხრივ, ლიკვიდაციის პროცესი მოიცავს იურიდიული პირის მიერ ბალანსის შედგენას, რათა დადგინდეს, რა აქტივები აქვს და რითი შეუძლია კრედიტორთა დაკმაყოფილება. ამ ეტაპზეც იურიდიულ პირს აუცილებლად ექნებოდა ამის შესახებ ინფორმაცია. ის, რომ იურიდიულმა პირმა დააფუძნა საწარმო და ამის შემდეგ 27 წელი აღარ ახსოვდა ან ვერ გაიხსენა, არ წარმოადგენს იმ ობიექტურ გარემოებას, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას დაედება საფუძვლად, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მხარემ მხოლოდ ახლა წამოაყენა ეს არგუმენტები და მანამდე სხვადასხვა პოზიცია ჰქონდა. ობიექტურად მხარეს სრულად შეეძლო მოეძიებინა იურიდიული პირის ბალანსზე არსებული ქონება და წარედგინა სასამართლოსთვის. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადების არგუმენტაცია არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რადგან ობიექტურად სასამართლო განხილვის დროს და მანამდეც არსებობდა გარემოებები, რომელიც ცნობილი იყო მხარისათვის, მისივე მტკიცების ტვირთი იყო, დაედასტურებინა ქონების არებობა, რაც მან ვერ შეძლო;
16.2.6. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, მოპასუხემ განმარტა, რომ რეგისტრირებული მონაცემები საჯარო და ხელმისაწვდომია მესამე პირებისათვის (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა), ხოლო რეგისტრირებული მონაცემების საფუძვლის გასარკვევად, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მხარე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა არის კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტი (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:54:26-დან);
16.2.7. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, შესაძლებელია თუ არა საწარმოს მიერ ზოგადი ინფორმაციის მოპოვება, რადგან მაგალითად არ ახსოვს, სად რა წილს ფლობს და ასევე ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმო მიიღებს თუ არა ასეთ ინფორმაციას, მოპასუხემ განმარტა, ს.კ–ს შეეძლო ასეთი განზოგადებული ინფორმაცია მოეთხოვა საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, რომელიმე სამეწარმეო სუბიექტში უძრავ-მოძრავი, მათ შორის, მოეთხოვა სხვა საწარმოში წილის საკუთრებაში არსებობის შესახებ და მიეღო, არც სალიკვიდაციო რეჟიმია დამაბრკოლებელი ასეთ შემთხვევაში. ს.კ–ს არასოდეს მოუთხოვია ასეთი ინფორმაცია (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 13:56:26-დან);
16.2.8. განმცხადებლის არგუმენტების საწინააღმდეგოდ მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრისთვის არ მიუმართავს მოსარჩელე მხარეს, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ რაიმე ინფორმაცია მოითხოვა განმცხადებელმა საჯარო რეესტრიდან და ვერ მიიღო, ასეც რომ ყოფილიყო, მოსარჩელეს შეეძლო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის წარდგენის გზით მოეთხოვა ინფორმაცია, მათ შორის - განზოგადებული სახით, ს.კ–ი ფლობს თუ არა რაიმე უძრავ-მოძრავ ქონებას, სხვა საწარმოში წილს და ა.შ. მოპასუხემ მაგალითად მოიხმო, რომ 2013 წელს ზ.ვ–მა მიმართა საჯარო რეესტრს შპს ს.კ–ის „თ. დ–ოს“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული ხელშეკრულების ასლის გაცემის მოთხოვნით და მას გადაეცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. განმცხადებლის მტკიცება, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემდა ინფორმაციას და შეუძლებელი იყო საჭირო ინფორმაციის მოძიება, არ შეესაბამება სინამდვილეს (იხ. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 14:13:13-დან);
16.3. სხდომაზე გამოცხადებული მესამე პირის წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ განცხადებას. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურს თუკი მიმართავდა შპს-ის დამფუძნებელი, სამსახური მასთან დაცულ ინფორმაციას მიაწვდიდა (იხ.საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 14:04:26-დან და წინამდებარე განჩინების 16.1.6 ქვეპუნქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოსარჩელე მხარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს განცხადება საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმეზე N ას-1480-2019) გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, კერძოდ: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
18. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შეად. სუსგ-ებს: N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ; N ა-6389-1-16-2021, 15.04.2021წ; N ა-694-22, 17.05.2022წ; N ა-4490-21-ა-17-2021, 17.05.2022წ; N ა-6779-ა-3-2023, 25.04.2023წ; N ა-1854-1-8-2023, 15.06.2023წ; N ას-635-2023, 5.7.2023წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანია განმცხადებლის (მოსარჩელე მხარის) მიერ წარმოდგენილი განცხადების არგუმენტები და თანდართული დოკუმენტაცია (იხ. წინამდებარე განჩინების 7-13 პუნქტები) აკმაყოფილებს თუ არა სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს (იხ. წინამდებარე განჩინების 17-18 პუნქტები).
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თ., 2020).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ. მ. ს.იშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.);
22. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი გააჩნია. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.
23. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება.
24. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თ., 2005, გვ.377).
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც იძლევიან საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
26. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის, უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაში მდგომარეობს. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის XI კარით (საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით...“.
29. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე: Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.
30. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის წარმოება, დაფუძნებულია წინამდებარე განჩინების 7-13 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე დასახელებულ არგუმენტებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 16.1.1-16.1.6 ქვეპუნქტებშია მითითებული.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმაცხადებლის დასაბუთება არ შეესაბამება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს, რადგან არ არის გამოვლენილი ის გარემოებები, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
32. საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე/განჩინებებზე გაამახვილებს ყურადღებას:
32.1. 2014 წლის 7 ივლისს შპს „ბ–ა ..“-მა, ააიპ ს.ფ-სპორტული კლუბმა „დ–ომ“, შპს ს.კ–მა „თ. დ–ომ“ და მ.ჟ–ამ სარჩელი აღძრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ, მოითხოვეს 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ–ის „თ. დ–ოს“ (სარეგისტრაციო ნომრით 1279, საიდენტიფიკაციო კოდით .....) იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენა (აღიარება) და იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაცია. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების ნაწილში სარჩელში მითითებულია, რომ „შპს ს.კ–ს „თ. დ–ოს“ აქვს არა მხოლოდ ქონებრივი მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, არამედ მნიშვნელოვანი დავალიანებები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. 2013 წელს ჩატარებული იქნა შპს ს.კ–ი „თ. დ–ოს“ პარტნიორთა კრება და დამტკიცდა შპს ს.კ.ი „თ. დ–ოს“ წესდების ახალი რედაქცია“ (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.1-21). თ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბერს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ.247-256). ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით (იხ. სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ.70-92);
32.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე N ას-1015-958-2015) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით, რომლებიც ასახულია სუსგ N 1015-958-2015 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 43-47 პუნქტებში, ხოლო იმავე განჩინების 48.1-48.8 ქვეპუნქტებში მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა გაუქმებული იურიდიული პირის ფუნქციონირების გახანგრძლივების შესახებ ევროპული სამართლის მიხედვით და თითოეული ამ ქვეყნის მაგალითზე, სხვა გარემოებებთან ერთად, აღნიშნულია, რომ გაუქმებული იურიდიული პირი, რომელიც ლიკვიდაციის პროცესშია, უნდა ფლობდეს ქონებას, ხოლო მან უნდა შეწყვიტოს არსებობა, როდესაც მას არ გააჩნია რაიმე ქონება;
32.3. საკასაციო სასამართლო მისივე ზემოხსენებული განჩინებიდან მხოლოდ ამონარიდების სახით მიუთითებს (რადგან განჩინების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის მეშვეობით) იმ მსჯელობებზე, რომლებიც ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოთა კაპიტალს (ქონებას) ეხება, კერძოდ: 48.1 ქვეპუნქტიდან: „ნიდერლანდებში იურიდიული პირი გაუქმების შემდეგ არსებობას განაგრძობს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა მისი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისთვის“; 48.2 ქვეპუნქტიდან: „გაუქმებული კომპანიის კორპორაციული უფლებამოსილება განაგრძობს არსებობას მისი ქონების ლიკვიდაციის სასარგებლოდ, სანამ ლიკვიდაციის პროცესის დასრულება საჯაროდ მოხდება“; 48.3 ქვეპუნქტიდან: „გაუქმებული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ არსებობას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჭიროა მათი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისათვის“; 48.4 ქვეპუნქტიდან: „გაუქმებული კომპანია უფლებამოსილია, იყოს იურიდიული შერწყმის ან გაყოფის მონაწილე, რის შედეგადაც იგი არსებობას შეწყვეტს, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარტნიორებისთვის ჯერ არ დაუწყია კაპიტალის გადანაწილება“; 48.5 ქვეპუნქტიდან: „გაუქმებული ესპანური კომპანია კვლავ აგრძელებს არსებობას, მისი აქტივების ლიკვიდაციის განმავლობაში“; 48.6 ქვეპუნქტიდან: „იტალიაში, კომპანიის დირექტორები ინარჩუნებენ საწარმოს მართვის ძალაუფლებას „კომპანიის მთლიანობისა და კაპიტალის ღირებულების შენარჩუნების მიზნით“ იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეცნობებათ კომპანიის გაუქმების შესახებ და როცა ლიკვიდატორები დაინიშნებიან“.
32.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ბ–ა ..“-ის, ააიპ ს.ფ-ს.კ.ს „დ–ოს“, შპს ს.კ–ის „თ. დ–ოს“ და მ.ჟ–ას სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა დაზუსტებული სარჩელი და 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული შპს ს.კ.ი „თ. დ–ო“ აღიარებულ იქნა ლიკვიდაციის რეჟიმში მოქმედ იურიდიულ პირად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N ას-1480-2019). საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც, წინამდებარე დავის საბოლოო სამართლებრივ შედეგზე ახდენს გავლენას, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკასაციო სასამართლომ მისივე 2016 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე N ას-1015-958-2015) განჩინების სამართლებრივი მითითება მოიხმო, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს დაევალა გამოეკვლია და დაედგინა „საკითხი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 05.07.2002წ. გადაწყვეტილების მიღებისას, ს.კ–ს, როგორც შპს-ს ანუ კაპიტალურ საზოგადოებას, ჰქონდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი და დღემდე ერიცხება იგი. დღეს რა სტატუსით სარგებლობს საფეხბურთო კლუბი, მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ასეთ წარმონაქმნად მისაჩნევად, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა აუქმებს იურიდიულ პირს, როგორც სამართლის სუბიექტს თუ გადააქცევს მას წარმონაქმნად, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებები აქვს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, მესამე პირთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა თუ მოთხოვნების გამო, რა სახის სუბიექტად შეძლებს მონაწილეობას ურთიერთობებში ს.კ–ი, თუ იგი აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში“ (იხ. სუსგ N ას-1015-958-2015; პუნქტი 44)“.
32.5. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია: „სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში ს.კ–ის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმით იყო განპირობებული, რომ კლუბს გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები (ტ. 1; ს.ფ. 64-65 - შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია). საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ და ამავე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, დადგინდა, რომ 2019 წლის 7 ივლისის შედარების აქტის თანახმად, ს.კ–ს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. არსებული დავალიანება ჩამოწერილი იქნა როგორც 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღიარებული და შეუსრულებელი ვალდებულება (იხ. ტ. 2, 19.07.2019წ. ოქმი დანართით; ასევე- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ.472). საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, მოსარჩელის მიმართ აღარ არსებობს რაიმე სახის კრედიტორული მოთხოვნა, შესაბამისად, შესამოწმებელია, თვითონ, როგორც კრედიტორს, რომელი მოთხოვნები და ვის მიმართ გააჩნია და რა ქონებას ფლობს. საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ „მოსარჩელეს აქვს კონკრეტული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, რადგან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ მას გააჩნია რაიმე ქონება, მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე თანდართულ წერილში მითითებულია, რომ ს.კ–ს „ჩამოერთვა გუნდის ფეხბურთელები და მათზე რიცხული ქონებაც“ (იხ. ტ.1, ს.ფ.61)., თუმცა, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომ სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე მოსარჩელე უთითებდა, რომ ის იყო კონკრეტული მოთხოვნის მოვალე, ასევე, სარჩელის დაზუსტებამდე აღძრული მოთხოვნის იურიდიული ინტერესი იყო, რომ მოსარჩელე განახორციელებდა საკუთარ მოთხოვნებსა და შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს (იხ. სარჩელი- ტ.1,ს.ფ.3), თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ და რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვის პროცესში მოსარჩელის კუთვნილი რაიმე ქონება აღმოჩნდა, რაც მას საფუძველს მისცემდა დაედასტურებინა ნამდვილი იურიდიული ინტერესი იურიდიული პირის არსებობის გახანგრძლივებისათვის, მისი ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე. ზოგადად ლიკვიდაციის პროცესი იმით მთავრდება, რომ საწარმო ამოიშლება სამეწარმეო რეესტრიდან და იურიდიულად აღარ არსებობს (იხ. Tax and Duty Manual, Collection Manual Liquidation of Companies and other Company Law issues Document updated June 2023; https://www.revenue.ie/en/tax-professionals/tdm/collection/insolvency/liquidation.pdf“)- იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.608-609.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების 32.1-32.5 ქვეპუნქტებში ასახული გარემოებების მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრებოდა მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც მან ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, განმცხადებლის პრეტენზია, რომ საკასაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მხარეს „მიზანი შეუცვალა“, რადგან მისი მოთხოვნა იურიდიული პირის ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოდ აღდგენა იყო და არა ქონებების მოძიება (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1.5 ქვეპუნქტში განმცხადებლის პრეტენზია, დაფიქსირებული 2024 წლის 6 თებერვლის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე), ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან მტკიცების ტვირთის გადანაწილებას კანონმდებლობა განსაზღვრავს და მხარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, ეს არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო;
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სსსკ-ის 423.1 -ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობები არ შეიძლება განხორციელებულად იქნეს მიჩნეული, რადგან მოსარჩელეს არასოდეს მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის რაიმე ინფორმაციის მოძიების კუთხით თავისი აქტივების თაობაზე, მეტიც, 2014 წლიდან დაწყებულ დავაზე არც სასამართლოში უშუამდგომლია ისეთი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის გამოთხოვა, რაც შესაძლოა მის ქონებრივ უფლებებს უკავშირდებოდეს და აქედან გამომდინარე ადასტურებდეს ნამდვილ იურიდიულ ინტერესს აღძრული სარჩელისადმი. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს მისსავე 2016 წლის 18 მარტის განჩინების (რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს- N ას-1015-958-205) 48.1-48.8 ქვეპუნქტებზე, სადაც მიმოხილულია გაუქმებული იურიდიული პირის ფუნქციონირების გახანგრძლივების შესახებ ევროპული სამართლის მიდგომა, რომელიც სწორედ საწარმოს კაპიტალის (ქონების), ასევე შესაძლო კრედიტორულ მოთხოვნებსა და მესამე პირთა წინაშე ვალდებულებებს უკავშირდება (იხ. ტ.2, ს.ფ. 263-267).
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მტკიცება და მოსაზრებები, რომელიც მან სასამართლოს წარუდგინა 2024 წლის 6 თებერვალს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, წინააღმდეგობრივია, რადგან თავდაპირველად განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სასამართლოს წინაშე ზოგადი ინფორმაციის წარდგენას, რომ ს.კ–ს რომელიღაც შპს-ში წილი აქვს, იმ პირობებში, როდესაც არ არის ცნობილი, თუ რამდენია ეს წილი და რაში გამოიხატება, აზრი არ ჰქონდა (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1.1 ქვეპუნქტი), ხოლო შემდეგ მხარემ თავისი არგუმენტი დაუკავშირა საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობას და იმ გარემოებას, რომ 27 წლის მანძილზე შეუძლებელია პირს ახსოვდეს, თუ სად, რა დააფუძნა და რომელ საწარმოში ფლობს წილს. მხარისთვის საერთოდ უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ს.კ.ი იყო გაზეთ „თ. დ–ოს“ დამფუძნებელი, არათუ წილის ოდენობა ამ გაზეთში (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1.5-16.1.6 ქვეპუნქტები).
36. საკასაციო სასამართლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს მოიხმობს, რომელიც განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების... მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვას რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით საჯარო რეესტრის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მე-6.1 მუხლით უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო მე-6.4 მუხლით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცნობის, მათი დედნებისა თუ ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. მე-6 პრიმა მუხლი კი ადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი განისაზღვრება ამ კანონით, ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის, განცხადების განხილვის ვადის დინების განახლებისა და ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა, რომ მიმართა საჯარო რეესტრს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით და ვერ მიიღო; განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა, რომ აზრსმოკლებული იყო მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვა სხვა საწარმოში წილის ფლობის თაობაზე ამ წილის ოდენობის განსაზღვრის გარეშე; განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა, რომ საჯარო რეესტრი მაინც ვერ გასცემდა მხარის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რადგან შეუძლებელი იყო ზოგადად ინფორმაციის მოძიება ს.კ–ის მიერ სხვადასხვა საწარმოში წილების შესაძლო ფლობის თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება რაიმე ინფორმაციის გამოთხოვაზე 2023 წლის დეკემბრამდე, ისევე, როგორც, განმცხადებელს საქმისწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია შუამდგომლობა, რომ ცდილობდა რაიმე ინფორმაციის მოძიებას, თუმცა, არ მიეწოდა (იხ. სსსკ-ის 203-ე და 215-ე მუხლები).
38. „ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებათა წარმოშობა, შეცვლა, ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი; მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული); თ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015წ; გვ. 730-731).
39. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „ბ–ა 92“-ას, ააიპ ს.ფ-ს.კ. „დ–ო“-სა და მ.ჟ–ას მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით არ გამოვლინდა სსსკ-ის 423.1-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან არ დგინდება, რომ განმცხადებლისათვის ობიექტურად უცნობი იყო სხვა საწარმოში წილის ფლობა (თუმცა, ასევე დამოუკიდებელი მსჯელობის საკითხი გახდებოდა კონკრეტული აქტივის თუ პასივის მნიშვნელობა საწარმოს მიზნებისათვის), ამასთან, სუბიექტურად, შეუძლებელი მხარის მიერ ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, სასამართლოს წინაშე დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის გზით.
40. საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო 2024 წლის 23 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება (რეგისტრაციის N ა-1001-24; სულ 23 /ოცდასამი/ ფურცლად) დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ თანდართული დოკუმენტაციით განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს, საქმის მასალებს დაერთო მხოლოდ სასამართლოში განცხადების რეგისტრაციის ბარათი და კონვერტი.
41. განმცხადებელ მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 430-ე, 104-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ას“, მ.ჟ–ას, ააიპ ს.ფ-ს.კ.ს „დ–ოს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განმცხადებელს დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვალს წარმოდგენილი განცხადება (რეგისტრაციის N ა-1001-24; სულ 23 /ოცდასამი/ ფურცლად) დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ თანდართული დოკუმენტაციით;
3. შპს „ბ–ას“, მ.ჟ–ასა და ააიპ ს.ფ-სპორტულ კლუბს „დ–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური