საქმე №ზ-149-2024 5 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს "ს–ოს" წარმომადგენელი რ.ნ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ქ–ია, შ.ხ–ი (მოსარჩელეები)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული არითმეტიკული შეცდომების გასწორება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–იასა და შ.ხ–ის სარჩელი რ.ნ–იას, ლ.ქ–ვას, ხ.ნ–იასა და დ.ც–იას წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით რ.ნ–იას, ლ.ქ–ვას, ხ.ნ–იასა და დ.ც–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით რ.ნ–იას, ლ.ქ–ვას, ხ.ნ–იასა და დ.ც–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 1 აპრილს, შპს "ს–ოს" დირექტორმა რ.ნ–იამ საჩივრით/განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, საქმე #ას-1083-2023, გაუქმება მოითხოვა, რადგან ის გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. განმცხადებლის განმარტებით ი.ქ–იამ მის თანამოაზრეებთან ერთად სასამართლო მოატყუა, გადაწყვეტილებები გამოტანილია აშკარა არითმეტიკული შეცდომებით, რომელთა გასწორებასაც განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს სთხოვს.
5. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინება 2024 წლის 11 მარტს ჩაიბარა. ამ განჩინებით კი ი.ქ–იას მიერ ჩადენილი უპრეცედენტო დანაშაულია დაფარული და გამართლებული. განმცხადებელი საბუღალტრო მონაცემებში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს და განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვას მოითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
7. ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული 2024 წლის 26 იანვრიდან.
8. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).
9. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებული ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
10. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
11. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
12. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას“ (Tchitchinadze v Georgia - § 53).
13. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ – (იქვე - § 58. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
15. კანონის ზემოთ მითითებული ნორმის დეფინიცია ნათლად განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ერთი და იგივე საქმეში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის წესს.
16. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი წანამძღვრის დადგენა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოსამართლის/ან მოსამართლეების უფლებას მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ასე მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე, რომელიც: ა) მონაწილეობდა საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში (სსსკ-ის 29-ე მუხლი); ბ) ან თუ მოსამართლეს, ან სასამართლოს მთლიან შემადგენლობას საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ (სსსკ-ის 30-31-ე მუხლები), გ) თუ არსებობდა თვითაცილების საფუძველი და ამის შესახებ მიღებულია შესაბამისი განჩინება (სსკ-ის 32-ე მუხლი), დ) თუ მოსამართლე, ან მოსამართლეები დროებით ჩამოცილებული იყვნენ საქმეთა განხილვისაგან („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი), ე) ან არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-43-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. სუსგ #ა-181-ბ-1-2016, 14.06.2016 წ.).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმე განიხილა კანონიერმა შემადგენლობამ, რადგანაც მოსამართლეების მონაწილეობის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული არცერთი გარემოება დადგენილი არ ყოფილა.
18. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი ნორმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს "ს–ოს" 2024 წლის 1 აპრილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს "ს–ოს" განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, გაუქმების თაობაზე, ერთხელ უკვე განიხილა საკასაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით შპს "ს–ოს" 2024 წლის 5 თებერვლის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად, მიზანშეწონილი და მართებულია მისთვის განსახილველ საქმეზე სსსკ-ის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ საკასაციო სასამართლოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე შპს „ს–ოს“ მიერ მომავალში შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი და სხვ.) დარჩება რეაგირების გარეშე.
21. საკასაციო სასამართლო განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ, აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ მიუთითებია საკასაციო სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებაში და კონკრეტულად რა სახის უსწორობის გასწორება სურს, შესაბამისად, შპს "ს–ოს" ეს მოთხოვნა ვერ შეფასდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს–ოს" წარმომადგენელ რ.ნ–იას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური