Facebook Twitter

ას-170-2023

01 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.დ–ვა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.დ–ვამ (შემდეგში მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.კ–ძისა (შემდეგში მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) და ი.დ–ვას (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:

1.1. შემდეგი უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ ცნობა: ქ. თბილისი, ........., ს/კ: ........; ქ. თბილისი, ...... გამზირის პირველი შესახვევი N6, ბინა 31, ს/კ: ........; ქ. თბილისი, ........ 33ე, ს/კ: ........; ქ. თბილისი, ......... 33ე, ს/კ: .........; ქ. თბილისი, ......... 33ე, ს/კ: ........

1.2. ნ.კ–ძესა და ი.დ–ვას შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ბათუმი, ...... ქუჩის გაგრძელება, ახლანდელი ........., ს/კ ........) 2012 წლის 29 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების (განცხადების რეგისტრაციის N882012866279) 1/2 ნაწილის ბათილად ცნობა.

1.3. ი.დ–ვასთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, 33ა, ამჟამად N33ბ, ს/კ .......; ბ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N 33ბ,ს/კ .......; გ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N33ბ, ს/კ .........; დ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N 33ა, ამჟამად N33ბ, ს/კ .........

1.4. მოპასუხეებმა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

2. ნ.კ–ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გ.დ–ვასთვის მის სასარგებლოდ ბერკლის, „BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/ - საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის - 59500 ფუნტი სტერლინგის ნახევრის - 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის დაკისრება; ასევე ნ.კ–ძის სასარგებლოდ, ბინის გაუქირავებლობის 48000 აშშ დოლარის, იძულებით აყვანილი დაცვის სამსახურზე გადახდილი თანხის - 3000 ლარის, ქირის თანხის - 1300 ლარის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის დახარჯული თანხის - 1000 ლარის, სახლში დარჩენილი 1000 ევროს, გატეხილი ნეკნის მკურნალობის თანხის - 5000 ლარის, იტალიაში გამგზავრებისათვის აღებული სესხის თანხის - 20000 ევროს ექვივალენტი ლარის, მორალური ზიანის - 20000 ლარის დაკისრება.

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

3.1. გ.დ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გ.დ–ვა (პ.ნ .....) ცნობილი იქნა თანამესაკუთრედ ნ.კ–ძის (პ.ნ ......) სახელზე რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ბინა N50, ს/კ ....... ბ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირის პირველი შესახვევი N6, ბინა N31, ს/კ ......... გ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, ს/კ ....... დ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, ს/კ ........ ე) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, ს/კ ........; გ.დ–ვას სასარჩელო მოთხოვნას ი.დ–ვასა და ნ.კ–ძის მიმართ, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...... ქუჩის გაგრძელება, ახლანდელი ......... ქუჩა N4, ს/კ .........., - ი.დ–ვასთან ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 29 ივნისს) - 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე - ეთქვა უარი; გ.დ–ვას სასარჩელო მოთხოვნას, ი.დ–ვას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, 33ა, ამჟამად N33ბ, ს/კ ...... ბ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N33ბ, ს/კ ....... გ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ ........ დ) ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N 33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ ....... - ეთქვა უარი.

3.2. ნ.კ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გ.დ–ვას ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - ბერკლის, „BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/ - საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის - 59500 ფუნტი სტერლინგის ნახევრის - 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. ნ.კ–ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნები გ.დ–ვას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. გ.დ–ვას და ნ.კ–ძეს ჰყავთ საერთო შვილი - 1985 წლის 13 ივლისს დაბადებული ი.დ–ვა (ძირითადი სარჩელით მოპასუხე);

4.2. ნ.კ–ძის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ბინა N50, საკადასტრო კოდი: ......., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ....-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007; 2. ქალაქი თბილისი, ......... გამზირის I შესახვევი N6, საკადასტრო კოდი: ....., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული 2005 წლის 31 აგვისტოს დამოწმებული ნოტარიუსის ბ.ს–ძის მიერ რეესტრით N1-7269, თარიღი: 01/09/2005; 3. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ....., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ..-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007; 4. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ....., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ....-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007; 5. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ....., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ავტოსადგომის ნასყიდობის ხელშეკრულება N1-7495, დამოწმების თარიღი: 26/08/2008, ნოტარიუსი მ.ჟ–ია, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 27/08/2008.

4.3. 2016 წლის 11 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე

გამჩუქებელმა (დედა) - ნ.კ–ძემ, დასაჩუქრებულს (შვილი) - ი.დ–ვას აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ..... ქუჩის გაგრძელება, ახლანდელი ..... ქ.4, ს/კ ......., საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2016 წლი17 მაისს.

4.4. 2016 წლის 11 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე გამჩუქებელმა (მამა) - გ.დ–ვამ, დასაჩუქრებულს (შვილი) - ი.დ–ვას აჩუქა უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, 33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ ......; 2. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ .......

4.5. ი.დ–ვას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ ......., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:11/05/2016; 2. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N 33ა, ამჟამად N 33ბ, ს/კ ......, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:11/05/2016; ზემოაღნიშნული ორივე უძრავი ქონება ი.დ–ვაზე საკუთრების უფლებით აღიცხვამდე, ირიცხებოდა გ.დ–ვას სახელზე (22/06/2011 ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე).

4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა მოძალადე - გ.დ–ვას, მსხვერპლთან - ნ.კ–ძესთან სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა მოძალადე - გ.დ–ვას, მსხვერპლთან - ი.დ–ვასთან სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

4.8. 2017 წლის 6 იანვრის მდგომარეობით გ.დ–ვას და ნ.კ–ძის სახელზე ბერკლის, („BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/) - საბანკო ანგარიშზე ფიქსირდებოდა 60227.53 ფუნტი სტერლინგი, ხოლო 2017 წლის 6 სექტემბერს ამავე ანგარიშზე დაფიქსირდა 231.63 ფუნტი სტერლინგი. ანგარიშზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ გ.დ–ვას და ნ.კ–ძეს.

4.9. ნ.კ–ძის და გ.დ–ვას ბერკლის, („BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/) - ყოველთვიური შემნახველი ანგარიშიდან 21/02/2017 წელს გადაირიცხა თანხა 57 000 ფუნტის ოდენობით გ.დ–ვას ანგარიშზე.

4.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 09 იანვარს, ლას ვეგასში, ნევადა (აშშ) დარეგისტრირდა საქორწინო ხელშეკრულება გ.დ–ვას და ნ.კ–ძეს შორის; მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდა ასევე ქალაქ რომის სამოქალაქო რეესტრის მიერ.

4.11. სასამართლომ დაადგინა, რომ გ.დ–ვა, ქ. რომის სამეწარმეო რეესტრის არქივში ფიქსირდება როგორც მცირე მეწარმე, საქმიანობა: ბროკერი, ფირმის საქმიანობის დაწყების თარიღი: 10/06/1999, საქმიანობის შეწყვეტის თარიღი: 12/11/2009.

4.12. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის/დავის წარმოშობის პერიოდისათვის (2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდი) ი.დ–ვას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 09.03.2017 წელს, ხოლო საქართველოში შემოსვლა დაფიქსირებულია 17.11.2017 წელს. ნ.კ–ძეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 09.03.2017 წელს, ხოლო საქართველოში შემოსვლა დაფიქსირებულია 18.10.2017 წელს. გ.დ–ვას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 03.12.2016 წელს, ხოლო საქართველოში შემოსვლა დაფიქსირებულია 30.01.2017 წელს, კვლავ გასვლა ფიქსირდება 21.02.2017 წელს, შემოსვლა - 02.03.2017 წელს, გასვლა - 27.05.2017, შემოსვლა - 14.08.2017.

4.13. 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილებებით (N0011713154 და N0011713151) - ნ.კ–ძე და ი.დ–ვა ცნობილ იქნენ დაზარალებულად, 2018 წლის 16 იანვარს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე N00716011800, ი.დ–ვას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით გ.დ–ვა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ).

4.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ გ.დ–ვა და ნ.კ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (1999 წლიდან) და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად (1984 წლიდან - 2017 წლის იანვრის თვემდე), ერთობლივად წყვეტდნენ საოჯახო საკითხებს და ერთობლივი გადაწყვეტილებით განკარგავდნენ კუთვნილ ქონებებს.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. გ.დ–ვამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ნ.კ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.დ–ვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, ნ.კ–ძის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ასაჩივრებს შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებს ამცირებს და აღარ სურს მათი განხილვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.დ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და იტალიის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული/დამოწმებული დოკუმენტაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, გ.დ–ვა და ნ.კ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1999 წლიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატამ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონება ითვლებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებად და შესაბამისად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გ.დ–ვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში.

7.2. რაც შეეხება გ.დ–ვას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობდა ნ.კ–ძესა და ი.დ–ვას შორის, 2012 წლის 29 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების (უძრავი ქონების ს/კ .......) 1/2 ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წელსვე გ.დ–ვასთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და იმ შემთხვევაში თუ, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრე, არ ეთანხმებოდა მეუღლის გადაწყვეტილებას ქონების გაჩუქების შესახებ, მას აღნიშნულზე პრეტენზია უნდა დაეყენებინა შესაბამისი წესით, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ერთობლივი გადაწყვეტილებით განკარგეს და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

7.3. რაც შეეხება გ.დ–ვასა და ი.დ–ვას შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების (ს/კ ......; ს/კ .......; ს/კ ........; ს/კ ....), ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების საფუძვლიანობას, გ.დ–ვა მიუთითებდა უმადურობაზე, რომელიც წარმოიშვა 2017 წლის დასაწყისში ოჯახური კონფლიქტის სახით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავი ქონებები გ.დ–ვამ შეიძინა 2011 წელს და იმავე დღეს აჩუქა შვილს, ი.დ–ვას. ი.დ–ვას მიერ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღრიცხვა განხორციელდა 2016 წელს და ამ დრომდე გ.დ–ვას არავითარი პრეტენზია არ გამოუხატავს შვილის მიმართ. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია გ.დ–ვას პოზიცია, რომ ავადმყოფობის პერიოდში შვილმა არ მოინდომა მამასთან ცხოვრება და მისი მოვლა, მეუღლეთა შორის არსებულ კონფლიქტში ჩაერია, მოპასუხეებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და გამოაგდეს სახლიდან. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები (გ.დ–ვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, გამოკითხვის ოქმები, პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმები, სხვადასხვა სახის ოფიციალური ინფორმაცია და ა.შ.) აღნიშნულ პოზიციას აქარწყლებდა, მოწმეთა ჩვენებები კი მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ მხარეთა შორის ოჯახური კონფლიქტის წარმოშობამდე გ.დ–ვა და ი.დ–ვა ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობდნენ.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. ნ.კ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო გ.დ–ვამ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით გ.დ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ნ.კ–ძის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.2. კასატორი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ რეგისტრირებული ქორწინება საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ხელახლალი რეგისტრაციის მოთხოვნის დაუცველად არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებს და მოვალეობებს. სააპელაციო პალატამ კი, სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ ნ.კ–ძესა და გ.დ–ვას შორის არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ ძალადაკარგული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის არასწორი განმარტების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ისე რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები არ შეუფასებია.

8.3. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეამცირა შეგებებული სარჩელის მოთხოვნები, თუმცა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებთან მიმართებით აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ანაზღაურების შესახებ. ნ.კ–ძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 953-ე და 954-ე მუხლები.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

13. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

15. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

16. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შდრ. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გ.დ–ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, გ.დ–ვას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების მართზომიერება და ნ.კ–ძის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა.

18. გ.დ–ვას სარჩელი ეფუძნებოდა ნ.კ–ძესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმის განმსაზღვრელ ნორმებს და მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. სსკ-ის 1159-ე მუხლის შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სსკ-ის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით (გ.დ–ვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში) დასტურდებოდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობა და სადავო უძრავი ნივთების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა, რაც ქმნიდა პრეზუმირებულ ფაქტს მასზე მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ.

19. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.კ–ძის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონებები:

1). ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ბინა N50, საკადასტრო კოდი: ......., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ...-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007;

2). ქალაქი თბილისი, ......... გამზირის I შესახვევი N6, საკადასტრო კოდი: ........, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული 2005 წლის 31 აგვისტოს დამოწმებული ნოტარიუსის ბ. ს–ძის მიერ რეესტრით N1-7269, თარიღი: 01/09/2005;

3). ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ......., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ..-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007;

4). ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ......, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2006 წლის 27 ოქტომბერს დამოწმებული საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „ჭ–ძე - ...-ის“ კრების ოქმი N6, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08/05/2007;

5. ქალაქი თბილისი, ......... გამზირი, N33ე, ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი: ......, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ავტოსადგომის ნასყიდობის ხელშეკრულება N1-7495, დამოწმების თარიღი: 26/08/2008, ნოტარიუსი მ.ჟ–ია, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 27/08/2008.

21. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 09 იანვარს, ლას ვეგასში, ნევადაში (აშშ) დარეგისტრირდა საქორწინო ხელშეკრულება გ.დ–ვასა და ნ.კ–ძეს შორის. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდა ასევე ქალაქ რომის სამოქალაქო რეესტრის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ გ.დ–ვა და ნ.კ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (1999 წლიდან) და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად (1984 წლიდან - 2017 წლის იანვრამდე).

22. კასატორი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ რეგისტრირებული ქორწინება საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ხელახლალი რეგისტრაციის მოთხოვნის დაუცველად არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი ძალადაკარგული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორი განმარტების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ისე, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები არ შეუფასებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ნ.კ–ძის საკასაციო პრეტენზია გ.დ–ვას დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში ემყარება მხოლოდ ზემოაღნიშნულ დასაბუთებას, სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ მასზე.

23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მითითებული საკითხის სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, შესაბამისად, უარყოფს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო ატების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პალატა ასევე მიუთითებს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და ამავე დროს ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-5 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ლეგალიზაციას. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები ამ კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, კლარკის ოლქის კლერკის სამსახურის მიერ აპოსტილით დამოწმებული ქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ.დ–ვა და ნ.კ–ძე დაქორწინდნენ 1999 წლის 09 იანვარს (აპოსტილით დამოწმების თარიღი 2017 წლის 21 თებერვალი). ასევე წარმოდგენილია რომის მმართველობის ტერიტორიული სამსახურის მიერ აპოსტილით დამოწმებული ქორწინების შესახებ აქტის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს იტალიის რესპუბლიკის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქორწინების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას (ქორწინების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღი - 2018 წლის 02 მაისი, აპოსტილით დამოწმების თარიღი - 2018 წლის 21 ივნისი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტებით დასტურდება გ.დ–ვასა და ნ.კ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობა და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე და 1168-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.დ–ვას სასარჩელო მოთხოვნა - ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

24. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე მის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეამცირა შეგებებული სარჩელის მოთხოვნები, თუმცა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებთან მიმართებით აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი უარს იტყოდა მოთხოვნაზე, უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 378-ე მუხლის დანაწესი და შეეწყვიტა საქმის წარმოება, რაზეც მხარეს შეეძლო შეეტანა კერძო საჩივარი.

25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე, რომლის აღწერილობით ნაწილში, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების აღწერისას მითითებულია, რომ სააპელაციო პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ნ.კ–ძის წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: ნ.კ–ძის სასარგებლოდ, ბინის დაუქირავებლობის 48000 აშშ დოლარის, იძულებით აყვანილი დაცვის სამსახურზე გადახდილი თანხის - 3000 ლარის, ქირის თანხის - 1300 ლარის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის დახარჯული თანხის - 1000 ლარის, სახლში დარჩენილი 1000 ევროს, გატეხილი ნეკნის მკურნალობის თანხის - 5000 ლარის, იტალიაში გამგზავრებისათვის აღებული სესხის თანხის - 20000 ევროს ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის 20000 ლარის გ.დ–ვასათვის დაკისრებაზე. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი სათანადო მსჯელობას მითითებულ საკითხზე არ შეიცავს და არც სარეზოლუციო ნაწილშია ასახული შესაბამისი შედეგი.

26. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატის 2022 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმით (იხ. სხდომის ოქმი 16:27:46 -16:30:05) ნათლად არ ირკვევა, ნ.კ–ძის წარმომადგენლის პოზიცია შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილთან (ნ.კ–ძის სასარგებლოდ, ბინის დაუქირავებლობის 48000 აშშ დოლარის, იძულებით აყვანილი დაცვის სამსახურზე გადახდილი თანხის - 3000 ლარის, ქირის თანხის - 1300 ლარის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის დახარჯული თანხის - 1000 ლარის, სახლში დარჩენილი 1000 ევროს, გატეხილი ნეკნის მკურნალობის თანხის - 5000 ლარის, იტალიაში გამგზავრებისათვის აღებული სესხის თანხის - 20000 ევროს ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის 20000 ლარის გ.დ–ვასათვის დაკისრებაზე) მიმართებით, კერძოდ, გაურკვეველია აპელანტი საბოლოოდ თუ რა პოზიციას აფიქსირებს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების ამ ნაწილებზე, ამცირებს სასარჩელო მოთხოვნას, თუ უარს ამბობს მასზე. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ნ.კ–ძემ სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ საკითხის გარკვევის მიზნით საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, იმისათვის, რომ სააპელაციო პალატამ გამოარკვიოს ნ.კ–ძის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე დაყენებული მოთხოვნის შინაარსი და დაადგინოს მხარის მითითება სასარჩელო მოთხოვნების შემცირებაზე (ნ.კ–ძის სასარგებლოდ, ბინის დაუქირავებლობის 48000 აშშ დოლარის, იძულებით აყვანილი დაცვის სამსახურზე გადახდილი თანხის - 3000 ლარის, ქირის თანხის - 1300 ლარის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის დახარჯული თანხის - 1000 ლარის, სახლში დარჩენილი 1000 ევროს, გატეხილი ნეკნის მკურნალობის თანხის - 5000 ლარის, იტალიაში გამგზავრებისათვის აღებული სესხის თანხის - 20000 ევროს ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის 20000 ლარის გ.დ–ვასათვის დაკისრების ნაწილში), წარმოადგენს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის შემცირებას, თუ მითითებულ ნაწილში სარჩელზე უარის თქმას და ამის შემდეგ მიიღოს ამ ნაწილში შესაბამისი გადაწყვეტილება.

27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმას, რომ ნ.კ–ძის ერთ-ერთ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გ.დ–ვასთვის მის სასარგებლოდ ბერკლის, „BARCLAYS“ /ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, N22 5LA, ბერკლის ლესტერი - LE87 2BB/ - საბანკო ანგარიშიდან გატანილი ფულადი თანხის - 59500 ფუნტი სტერლინგის ნახევრის - 29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი აღნიშნულ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას კვლავ წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ნახევრის (29750 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარის) ანაზღაურება (ნ.კ–ძის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მოთხოვნის ნაწილში უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში), რომელიც მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (იხ. მაგ სუსგ №ას-169-159-2014) და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში ნ.კ–ძის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

29. მოცემული ნორმების ანალიზის, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთებისა და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე