Facebook Twitter

ას-549-2023

12 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მეორე კასატორი – შპს „ა.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ნასყიდობის ღირებულების დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ა.ბ–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, 1 333 500 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 1-21).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. შპს „ა.ბ–მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ნასყიდობის ღირებულების 500 000 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. შეგებებული სარჩელი: ტ.3, ს.ფ. 50-76).

1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ა.ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 333 500 აშშ დოლარის გადახდა.

2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ა.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 500 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შპს „ა.ბ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „ა.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, (გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ა.ბ–ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 133 350 00 აშშ დოლარის გადახდა (პირგასამტეხლო შემცირდა 0.1%-დან 0.01%-მდე).

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 30 მარტის №54 ბრძანებით, შპს „ა.ბ–ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, ....., ........–ისა და ....... ქუჩებს შორის მდებარე 7007 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .......). აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2010 წლის 30 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა.ბ–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

5.2. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს ევალებოდა გარკვეული საინვესტიციო პირობების შესრულება. ხელშეკრულების 3.1. მუხლით: „გამყიდველი" ვალდებულია:

ა) მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა გააუქმოს ქონებასთან დაკავშირებით მესამე მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია/მოთხოვნა (მათ შორის საიჯარო უფლებები, უზრუნველყოფა და ა.შ.), იმგვარად რომ ქონება თავისუფალი იყოს ნებისმიერი და ყოველგვარი ვალდებულებისგან მყიდველზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტისათვის;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ბ.ა) დახმარება გაუწიოს „მყიდველს“ სასტუმროს ოპერატორის ლიცენზიის – მიღებაში; ბ.ბ) დახმარება გაუწიოს „მყიდველს“ კანონმდებლობის შესაბამისად ახლადაშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობისათვის საჭირო სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლებაში 10 წლის განმავლობაში;

გ) მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და იმ შემთხვევაში თუ მყიდველი სამინისტროს წარუდგენს შესაბამის საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, გაუგზავნოს „მყიდველს“ ოფიციალური შეტყობინება და დაადასტუროს, რომ მყიდველმა სრულად, სათანადოდ და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.

„მყიდველი“ ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს მყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში დაასრულოს საპროექტო სამუშაოები და მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში მიწის ფართზე ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს 40 სართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება: მიწისქვეშა ავტოფარეხი, პირველ, მეორე და მესამე სართულზე – სავაჭრო ცენტრი, მრავალეკრანიანი კინოდარბაზი, ბოულინგის სათამაშო მოედანი, საბავშვო გასართობი ცენტრი, სამორინე არანაკლებ 20 სათამაშო მაგიდით, 500 სათამაშო ავტომატით, ღამის კლუბი, აპარტამენტები და ოფისები, 200 ოთახიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სილამაზის ცენტრი და სპა, ფიტნეს კლუბი, საჩოგბურთო კლუბი, საცურაო აუზი;

გ) აღნიშნული პროექტისათვის განახორციელოს არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 თვის ვადაში შექმნას არანაკლებ 350 სამუშაო ადგილი;

დ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ყოველ 6 თვეში წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს“;

ე) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულუბის მომენტისათვის წარმოადგინოს საექპერტო/აუდიტორული კომპანიის დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესახებ.

ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით:

4.1. თუ „მყიდველი“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ნასყიდობის ფასს (წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტი), „მყიდველს“ არ გადაეცემა ქონებაზე საკუთრების უფლება.

4.2. თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს (გარდა

ხელშეკრულების „2.1 პუნქტით“ გათვალისწინებული შემთხვევისა), მაშინ „გამყიდველი“ უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული თვისა) მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდის: ა) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების ნასყიდობის ფასის 0.1% - ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.3. „გამყიდველის“ მიერ მყიდველისთვის წინამდებარე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ „მყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და „მყიდველის“ მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში „გამყიდველს“ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება:

4.4. გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.3. მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი კარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე და გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 40%-ის ოდენობით.

5.3. მყიდველმა - შპს „ა.ბ–მა“ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

5.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ვ.ბ–ძის მიერ, 2010 წლის 27 სექტემბერს, შპს ა.ბ–ის დირექტორისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, გამყიდველმა მყიდველისგან მოითხოვა 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის შესაძლო მოკლე ვადაში მიწოდება, ხოლო შპს „ა.ბ–ის“ 02.10.2010 წლის წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეწოდა ინფორმაცია, რომ 30.03.2010 წლის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

5.5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ა.გ–ძის მიერ, 23.03.2011 წელსა და 29.09.2011 წელს, შპს ა.ბ–ის დირექტორისთვის გაგზავნილ წერილებს (შესაბამისად, 12 და 18 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის შესაძლო მოკლე ვადაში მიწოდების მოთხოვნით), ანალოგიური პასუხი გაეცა შპს „ა.ბ–ის“ 18.07.2011 წლისა და 05.10.2011 წლის წერილებით. ხოლო შპს „ა.ბ–ის“ 13.02.2012 წლის წერილით ირკვევა, რომ იგი მომზადებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ს. ჯ–ძის 2.02.2012 წერილის საპასუხოდ და შეიცავს, მითითებას იმ გარემოებებზე, რომ 30.03.2010 წლის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შესაბამისად, დასაქმებულია მხოლოდ სამი საქართველოს მოქალაქე. არცერთ წერილობით კორესპონდენციას არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

5.6. 2012 წლის 5 ნოემბერს, N285 ბრძანებით სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ნასყიდობის ხელშკრულების გაუქმების და პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დადგენის მიზნით.

5.7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის (ი. ი–ძის) 2015 წლის 23 იანვრის Nს-25 ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა.ბ–ს“ შორის 2010 წლის 30 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და გაუქმდა შპს „ა.ბ–ის“ სახელზე ნასყიდობის საგანზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, რომელმაც დაადასტურა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. ზემოაღნიშნული 2015 წლის 23 იანვრის Nს-25 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, 2015 წლის 11 თებერვალს საჩივარი წარადგინა შპს „ა.ბ–მა“, რაც აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 18 მაისის N129 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 23 იანვრის Nს-25 ბრძანება და სამინისტროს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2010 წლის 30 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

5.8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 22 სექტემბრის N01-10/4087 წერილით, გამყიდველმა არ მოიწონა მყიდველის მიერ 2015 წლის 7 სექტემბრის N5539 წერილით შეთავაზებული საინვესტიციო ვადები და პირობები და შესთავაზა მყიდველს ახალი წინადადების წარმოდგენა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 9 დეკემბრის N01-10/5244 წერილით, გამყიდველმა მყიდველს აცნობა, რომ გამყიდველისათვის მიუღებელი იყო გამყიდველის მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის N7097 და N7153 წერილებით შეთავაზებული პირობები (მათ შორის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის მოხსნასთან დაკავშირებით).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. შპს „ა.ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების შედეგად, პალატას უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა დაარღვია ვალდებულებები და დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო საინვესტიციო პირობების შესრულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა პირგასამტეხლოს დარიცხვა. კრედიტორმა (მოსარჩელემ) მოპასუხეს გაუგრძელა სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა და პირგასამტეხლოს გადახდის პირობით შესთავაზა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. მყიდველმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გონივრული ვადების წარმოდგენა და არ გადაიხადა დარიცხული პირგასამტეხლო. ამდენად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, საფუძვლიანი იყო მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა შპს „ა.ბ–ის“ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თობაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სააპელაციო პალატის აზრით, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, 0.1%-დან უნდა შემცირებულიყო 0.01%-მდე.

5.10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და პროექტის განხორციელების შემაფერხებელ მიზეზთა დადგენის მიზნით, პალატამ ყურადღება მიაქცია შპს „ა.ბ–ის“ მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დ.ბ–ძის სახელზე გაგზავნილი 2015 წლის 7 სექტემბრის N5539 წერილის შინაარსს, რომლის თანახმად, 2010 წლის 30 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მყიდველმა დაიწყო საპროექტო სამუშაოებზე მუშაობა, მერიისთვის პროექტის შეთანხმების მიზნით, თუმცა, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროულად ვერ განხორციელდა აღნიშნული პროექტი. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, 20 ქვეყანაში ახორციელებდა დიდი ოდენობით ინვესტიციებს და ჯგუფის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო საქართველოში შემოსვლამდე დაწყებული მასშტაბური პროექტების დასრულებისკენ. ზემოაღნიშნული პროექტის დროულად შესრულების მიზნით, კომპანია პარტნიორთან ერთად შემოვიდა საქართველოში, თუმცა ამ პარტნიორთან უთანხმოების გამო, იძულებული გახდა საკუთარი სახსრებით დაესრულებინა საქართველოში დაწყებული პროექტები, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის გარემოება, რომ სამშენებლო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ უსაფუძვლო იყო მოპასუხის მტკიცება, თითქოს, კრედიტორმა თავად შეუწყო ხელი ვალდებულების შეუსრულებლობას, რამაც მყიდველს ხელი შეუშალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ნასყიდობის საფასურის მყიდველისთვის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შპს „ა.ბ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს, ვინაიდან, მოპასუხეს შეგებებული სარჩელით პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია. სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია და სათანადოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ იყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.

6.2. შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ გარიგებაში მონაწილე მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ თუ მყიდველი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, ის დაკარგავდა საკუთრების უფლებას ქონებაზე და დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასის ოდენობით. გარიგების აღნიშნული დანაწესი კი სასამართლომ არ გაითვალისწინა.

6.3. კასატორი მიუთითებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული პესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არის სამოქალაქო კოდექსზე იერარქიით მაღლა მდგომი და სპეციალური კანონი და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მისით.

შპს „ა.ბ–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.4. შპს „ა.ბ–მა“ 2013 წლის 24 დეკემბერს წერილობით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება, ვინაიდან, იმ დროისათვის შეიცვალა სამშენებლო რეგულაციები და შეუძლებელი იყო 40 სართულიანი შენობის განთავსება. შპს „ა.ბ–მა“ 2013 წლის 24 მაისს წერილობით მიმართა ასევე ქ. ბათუმის მერიას და ვინაიდან, კომპანიის მიერ იგეგმებოდა სამშენებლო სამობილიზციო სამუშაოების განხორციელება, მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის უსაფრთხოების ღობით შემოღობვა. ბათმის მერიამ 2013 წლის 18 ივნისის წერილით უარი უთხრა კომპანიას შესაბამისი ნებართვის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო მშენებლობის ნებართვის მისაღებად დადგენილია 24 თვიანი ვადა. შესაბამისად, აუცილებელი იყო კომპანიას წარედგინა სამინისტროსთან ხელმოწერილი შეთანხმების ქტი განახლებული ვადით. კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას და კომპანიას სრული უფლება ჰქონდა მიეღო შესაბამისი ნებართვა, ასევე სრულად არ იყო გასული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, მერიამ დაუსაბუთებლად უთხრა უარი შესაბამისი ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, მიუხედავად შპს „ა.ბ–ის“ არაერთი მცდელობისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეასრულად ნაკისრი ვალდებულება.

6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

6.6. სასამართლოს უდავოდ უნდა მიეჩნია ან დაედგინა ის გარემოება, რომ შპს „ა.ბ–ის“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სარეკრეაციო ზონას, ხოლო დღეის მდგომარეობით წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, სადაც მშენებლობა დაუშვებელია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისისა და 2023 წლის 09 ივნისის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა.ბ–ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორ გამოყენებას და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხის სამოქალაქო სამართლის ნორმათა ფარგლებში შეფასებას ემყარება, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.

10. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი, ნასყიდობის ღირებულების 500000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაკისრება. მოთხოვნები გამომდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა.ბ–ს“ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ......) პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 30 მარტის №54 ბრძანებით საფუძველზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

11. საქმეზე დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 30 მარტის №54 ბრძანებით („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7, მე-8, მე-11 მუხლების შესაბამისად) , შპს „ა.ბ–ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, ......, ......–სა და ...... ქუჩებს შორის მდებარე 7007 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .......). აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2010 წლის 30 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა.ბ–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

12. ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება მოვალეობები. მყიდველს ევალებოდა გარკვეული საინვესტიციო პირობების შესრულება (იხ. განჩინების 5.1-5.2 პუნქტები). ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს (გარდა ხელშეკრულების „2.1 პუნქტით“ გათვალისწინებული შემთხვევისა), მაშინ „გამყიდველი“ უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული თვისა) მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდის: ა) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების ნასყიდობის ფასის 0.1% - ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. „გამყიდველის“ მიერ მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ „მყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და „მყიდველის“ მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში „გამყიდველს“ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი კარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე და გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 40%-ის ოდენობით.

13. დადგენილია, რომ შპს „ა.ბ–მა“ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება 500000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, თუმცა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გამყიდველი გავიდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ ხელშეკრულების მოშლა სადავო გახადა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კრედიტორმა თავად შეუწყო ხელი ვალდებულების შეუსრულებლობას.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის მართებულად გადასაწყვეტად სწორად უნდა იქნეს მოძიებული მოთხოვნის განმაპირობებელი სამართლებრივი საფუძვლები. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო პალატამ პირველ რიგში, უნდა იმსჯელოს წარმოადგენდა თუ არა მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

15. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეფასების საგანს წარმოდგენს ავტონომიურ რესპუბლიკასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოთხოვის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მხარეთა მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუძვლიდან - ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და მოთხოვნის საფუძვლიანობაც სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნულ მუხლში კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენილია, თუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სსსკ-ის მე-11 მუხლი კი, შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

17. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იმსჯელა სასამართლო კოლეგიებს შორის განსჯადობის საკითხზე, განმარტა, რომ „დავის კატეგორიის განსაზღვრისათვის არსებითია სწორედ ნორმატიული კომპონენტი - დავის გამომდინარეობა ამა თუ იმ სამართლის კანონმდებლობიდან (იხ., სუსგ #ბს-1479-1411 (გ-09), 09 თებერვალი, 2010 წელი). გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კონკრეტულად კი, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის განსაზღვრისათვის კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად კომპონენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე“.

18. საკასაციო პალატის შეფასებით, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებაა, გარიგების საგანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებაა, მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარიგების დადების სამართლებრივი საფუძველი კი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონია. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2010 წლის 21 ივლისის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით) მე-3 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განხორციელების, ადგილობრივი მართვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანოს. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა, მათ შორის, პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-8 პუნქტით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად (გაუქმებულია 2010 წლის 10 დეკემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს N103 კანონით), ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების (შემდგომში - ქონება) მართვისა და განკარგვის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. კანონის პირველი მუხლის „გ“ პუნქტი ითვალისწინებს პრივატიზებას, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით კი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს, ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). შესაბამისად, პრივატიზაციის ცნების ქვეშ კანონმდებელი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესსაც გულისხმობს. კანონის 4-ე მუხლით (გარიგების დადების დროს მოქმედი კანონი) დადგენილია, რომ ქონების მართვას და პრივატიზებას, ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

19. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები (მრავალ გადაწყვეტილებათა შორის იხილეთ სუსგ-ები: ას-890-852-2014, 30.12.2014წ.; ას-25-2019, 22.07.2020წ.).

20. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი, ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ (სუსგ.: ას-292-279-2025, 30.10.2015წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივრების განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან და მისი შეწყვეტიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნები არასწორად განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და არ გადაუგზავნა საქმე განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ა.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე