Facebook Twitter

№ას-564-2023

15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ო–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ქ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე,) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ო–ძის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითდი თანხის 16 000 აშშ დოლარისა და სესხის სარგებლის (ძირითადი თანხის - 16 000 აშშ დოლარის 5%-ის) 800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება 2020 წლის 1 ივლისიდან, სესხის ძირითადი თანხის სრულ დაფარვამდე (ტ.1, ს.ფ. 96-110).

1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ქ–ძის სარჩელი დ.ო–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და მოპასუხე დ.ო–ძეს მოსარჩელე ი.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩვრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 11 მაისს, შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც დ.ო–ძემ დაადასტურა, რომ ი.ქ–ძისგან სესხის სახით მიიღო 16000 აშშ დოლარი, თვეში 5%-იანი სარგებლით და კისრულობს ვალდებულებას, რომ გადაიხადოს ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე. ხელწერილს ხელს აწერს მოპასუხე დ.ო–ძე.

5.2. სს ,,ლ.ბ–ის“ 2020 წლის 16 ივნისის N2254472 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, მოპასუხე დ.ო–ძემ, მოსარჩელე ი.ქ–ძის ანგარიშზე შეიტანა თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 11 მაისს დ.ო–ძეზე გაიცა სესხი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ოდენობით დოლარში სესხის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესს (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი სამოქალაქო კოდექსის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და 625-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება კანონს. თუმცა, ამავდროულად პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელისაგან თანხის 16 000 აშშ დოლარის ოდენობით მიღების ფაქტი, საიდანაც მის მიერ დაბრუნებული იქნა 3000 აშშ დოლარის ოდენობით ი.ქ–ძის ანგარიშზე თანხის შეტანის გზით.

5.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და განმარტა, რომ, ვინაიდან დადასტურებულია ი.ქ–ძის მიერ დ.ო–ძისათვის სესხის სახით 16 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, თანხის მოპასუხისათის დაკისრების საფუძველი გამომდინარეობს კონდიქციური ვალდებულებიდან და სარჩელი დ.ო–ძის მიმართ სწორედ აღნიშნულის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

5.5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 13 000 აშშ დოლარის დავალიანების გადახდის თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან მოპასუხემ 16 000 აშშ დოლარიდან ი.ქ–ძის ანგარიშზე 3 000 აშშ დოლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების გარდა, ვალდებულების სხვა ნაწილში შესრულების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის თანახმად, არ წარუდგენია.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ინავრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ო–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, 2018 წლის 11 მაისს შედგენილი ხელწერილი, რომლის თანახმადაც მან ი.ქ–ძისაგან ისესხა 16 000 აშშ დოლარი, თვეში 5%-იანი სარგებლით და რომლის საფუძველზეც იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირათადი თანხის სრულ დაფარვამდე, არ არის ორმხრივი ხელმოწერით შედგენილი დოკუმენტი და მას ხელს არ აწერს დ.ო–ძე.

6.2. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ დ.ო–ძემ სესხის ხელშეკრულება სადავოდ არ გახადა საქმის არსებითად განხილვამდე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი არის არა ხელშეკრულება, არამედ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც მხარეთა ნება არ არის გამოხატული, ვინაიდნ გამოვლენილია მხოლოდ ერთი პირის ნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დოკუმენტი არ არის შედგენილი დ.ო–ძის მიერ და მასზე არ არის აღნიშნული მოპასუხის ხელმოწერა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე განახორციელა თუ არა შედავება და სადავოდ გახადა თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების/ხელწერილის ნამდვილობა.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).

15. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

18. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 625.1-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) მუხლებზე.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სადავო სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 625-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან ეწინააღმდეგენა კანონს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან თანხის - 16 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, თანხის დ.ო–ძისათვის დაკისრების საფუძველი გამომდინარეობს კონდიქციური ვალდებულებიდან და სარჩელი მოპასუხის მიმართ სწორედ აღნიშნულის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

20. განსახილველ შემთხვევაში, დ.ო–ძე საკასაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სადავო საკითხზე. კასატორი სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, მხარეთა შორის 2018 წლის 11 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების/ხელწერილის ნამდვილობას. იგი აცხადებს რომ აღნიშნულ დოკუმენტზე არ არის მისი ხელმოწერა და აღნიშნულის შესახებ მიუთითა ახსნა-განმარტების ეტაპზე.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ; №ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (სუსგ Nას-108-2021, 22.04.2021წ.).

22. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.; სუსგ Nას-132-2019, 30.06.2021წ.).

23. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.

24. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია 2018 წლის 11 მაისს გაფორმებული ხელწერილის ნამდვილობა. პირიქით, დ.ო–ძემ დაადასტურა, რომ მან მოსარჩელისაგან სესხით სახით მიიღო 16000 აშშ დოლარი, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მას დაბრუნებული აქვს ი.ქ–ძისათვის. კასატორს არც მოსამზადებელ სხდომაზე არ გაუხდია სადავოდ ხსენებულ ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე როგორც შესაგებლის წარდგენისას, ასევე საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე და მთავარ სხდომაზეც უთითებდა, რომ მან ი.ქ–ძისაგან ისესხა 16 000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც მას უკვე გადახდილი ჰქონდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, ის რომ დ.ო–ძეს სადავოდ არ გაუხდია სესხის ხელშეკრულების/ხელწერილის ნამდვილობა. ამდენად, დ.ო–ძე მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად ზემოთ მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

25. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. საკაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს არც კი მიუთითებია და მითუმეტეს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია მისი აღიარების გასაქარწლებლად.

26. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ზემოაღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტ დ.ო–ძის მითითება მასზედ, რომ 2018 წლის 11 მაისს გაფორმებულ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ არის, რადგან ასეთ გარემოებაზე მითითების უფლება მხარეს გააჩნდა მხოლოდ შესაგებლის წარმოდგენისა და საქმის მომზადების სტადიაზე იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, გარემოებათა დაზუსტებისა და შევსების გზით შეძლებოდა კვალიფიციური შედავება.

27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 664.26 ლარის 70% – 1164.98 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ო–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. დ.ო–ძეს (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1664.26 ლარის (საგადახდო დავალება N16576581627, გადახდის თარიღი 31.03.2023) 70% – 1164.98 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე