15 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-669 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–გი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.ა–გი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ამ გადაწყვეტილებით გ.ჭ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 30 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს ზუსტი, ამასთან არასწორად შეფასდა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება/ექსპერტიზის დასკვნა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2020 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა ავტომანქანა - „TOYOTA CAMRY“-ის, სარეგისტრაციო ნომრით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა ან მოსარჩელის ავტომანქანა) დაზღვევის ხელშეკრულება.
4.4. მზღვეველმა დაზღვეულის სახელზე სადაზღვევო პოლისი გასცა. დაზღვეულ რისკებად ავტომანქანის მთლიანი განადგურება, ხოლო მაქსიმალურ სადაზღვევო თანხად - 30 000 აშშ დოლარი განისაზღვრა.
დაზღვევის პერიოდი ვრცელდებოდა 30.09.2020-დან – 30.09.2021 წლამდე მომხდარ სადაზღვევო შემთხვევებზე.
4.5. მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, თუ მისთვის უფლებამოსილი მძღოლის მიერ წარმოდგენილი შეფასების და/ან სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი აღმოჩნდებოდა (იხ. შეთანხმების მე-4 ნაწილის 11.1.3 ქვეპუნქტი).
4.6. 2020 წლის 25 ოქტომბერს დაახლოებით 23:10 საათზე, ხონის რაიონში, სოფელ ...... მიმდებარე ტერიტორიაზე დ.წ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მძღოლი), დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა და გადავარდა მდინარე ლუხმელას მიმდებარედ, დაბლობში.
4.7. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მძღოლი და ამ უკანასკნელის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის მიხედვით - 250 ლარით დაჯარიმდა (იხ. საჯარიმო ქვითარი).
4.8. 2020 წლის 26 ოქტომბერს, მზღვეველის ცხელ ხაზზე ავტომანქანის დაზიანების შედეგად ზიანის ანაზღაურების თაობაზე პრეტენზია დაფიქსირდა.
4.9. მოპასუხემ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N001261421 დასკვნა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ექსპერტიზის დასკვნა) წარადგინა, რომლის მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები თავისი ფორმითა და ხასიათით განვითარებული არიან ბლაგვ-მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) ურთიერთკონტაქტის შედეგად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, ავტომობილის დაბლობში გადავარდნის და გადაბრუნების პროცესში, მიწის გრუნტთან ურთიერთკონტაქტის შედეგად.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს მძღოლის გასაუბრების ოქმშია მოცემული (იხ. დასკვნა).
4.10. მოსარჩელემ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2021 წლის 17 ივნისის დასკვნა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა), წარადგინა, რომლის მიხედვით, პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფაქტობრივი მონაცემები სინამდვილეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, რამაც გამოიწვია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის არასწორი ანალიზი და დასკვნა.
კერძოდ, წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და შემთხვევის ადგილის საგზაო მონაკვეთის ანალიზით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს მძღოლის გასაუბრების ოქმშია მოცემული (იხ. დასკვნა).
4.11. მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან (2020 წლის 26 ოქტომბერს სს ,,ს.კ.ა–გის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მონაცემები, აგრეთვე აღნიშნულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით 2020 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი Nბა000170534 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თანდართული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, გასაუბრების შესახებ ოქმი და სიმთვრალეზე გადამოწმების ტესტის შედეგი) ირკვეოდა, რომ მძღოლი ავტომანქანით არხში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები აღნიშნულია/დაზუსტებულია მისი გასაუბრების ოქმში და რომლის საპირწონედ, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 25 თებერვალის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N001261421 დასკვნით, სრულიად ურთიერთგამომრიცხავი გარემოება დგინდება.
კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს გასაუბრების ოქმშია მოცემული.
სადაზღვევო ხელშეკრულების NR/MO-001/20-1 პირობების IV ნაწილის 11.1.3. ქვეპუნქტის თანახმად კი, მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, თუ მისთვის მხარის (უფლებამოსილი მძღოლის) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) არის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი (იხ. 2021 წლის 10 მარტს წერილი).
4.12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის 20 აპრილის წერილით, მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას ს/გზის სოფ. .....მონაკვეთზე ბოძკინტების მოწყობისა და საგზაო მონიშვნის შესახებ ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა პერიოდული შეკეთების სამუშაოები.
ვინაიდან, აღნიშნულ ს/გზაზე ასფალტის საფარი იყო მოფრეზილი, საორიენტაციო ბოძკინტები არ არსებობდა, ხოლო საგზაო მონიშვნის სამუშაოები ჩატარდა 1-10 ნოემბრის პერიოდში.
4.13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის 11 ივნისის წერილით: მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას ს/გზის სოფ. ...... მონაკვეთზე ბოძკინტების მოწყობისა და საგზაო მონიშვნის შესახებ ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა პერიოდული შეკეთების სამუშაოები.
ვინაიდან აღნიშნულ ს/გზაზე ასფალტის საფარი იყო მოფრეზილი, საორიენტაციო ბოძკინტები არ არსებობდა, ხოლო საგზაო მონიშვნის სამუშაოები ჩატარდა 1-10 ნოემბრის პერიოდში, ბოძკინტები დამონტაჟდა 17-25 დეკემბრის შუალედში.
4.14. კონსტრუქციული დაზიანების გამო, დაზღვეული ავტომანქანა ექსპლუატაციისთვის უვარგისია და აღდგენას არ ექვემდებარება.
4.15. დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული სრული ზიანი - 30 000 აშშ დოლარია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).
ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
7. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
8. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს.
9. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
11. სარჩელი დაკმაყოფილებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა ასევე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) კომპანიისათვის ზიანის მიყენება.
12. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
12.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
12.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
12.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
12.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
12.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
12.6. მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის რელობის, სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ასევე ზიანის მოცულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მან აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი, სახელდობრ:
12.6.1. მოპასუხის/კასატორის მიერ წარდგენილი პირველი ექსპერტიზის დასკვნის კვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად დაუშვა იმის ალბათობა, რომ ფხიზელმა მძღოლმა დაზღვეული ავტომანქანა განზრახ მიმართა ხევისკენ და გადავარდა, რამდენადაც დაცემის კუთხის მიხედვით, დასკვნის ავტორი სხვა ვერსიის შესაძლებლობას არ უშვებდა.
საქმის მასალებით ცალსახად და უტყუარად არც ის გარემოება დასტურდებოდა შემთხვევის შედეგად თუ რა დაემართა მძღოლს, ჩაეძინა, გაითიშა, მოდუნდა თუ სხვა.... ამასთან, იმ პირობებში, როცა სადაზღვევო თანხა მესამე პირს უნდა მიეღო, მოპასუხემ ვერ განმარტა განზრახ, წინასწარი შეცნობით სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით თუ რატომ უნდა დაეზიანებინა მძღოლს სხვისი ავტომანქანა.
12.6.2. მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებას მოსარჩელემ მეორე ექსპერტიზის დასკვნა დაუპირისპირა, სადაც დეტალურადაა განხილული ყველა შესაძლო ვარიანტი, საგზაო დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, ჩატარებულია ექსპერიმენტი (ავტოსაგზაო შემთხვევის მოდელირება), რომლითაც დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლებელია გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილის იმგვარად გადავარდნა, როგორც მძღოლი აღწერს.
ამასთან, მეორე დასკვნის შედგენისას ექსპერტის მხრიდან გათვალისწინებულია არსებითი და მნიშვნელოვანი გარემოება მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას სავალი გზის ამ მონაკვეთზე საორიენტაციო ბოძკინტები დამონტაჟებული არ იყო, რაც პირველი ექსპერტიზის დასკვნაში გაანალიზებული არ იქნა. მეტიც, პირველ საექსპერტო გამოკვლევაში მითითებულია, რომ „იმ შემთხვევაში თუ მძღოლს ჩაეძინებოდა, გზის პირას არსებულ პარაპეტს/ბოძკინტებს უნდა შეჯახებოდა, რასაც ადგილი არ ჰქონია“.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის/მოპასუხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი გარემოებანი. აქედან გამომდინარე, ვლინდება სსკ-ი 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 910 ლარის (საგადახდო დავალება #Nd26, გადახდის თარიღი 14.06.2023წ), 70% - 2 737 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 910 ლარის (საგადახდო დავალება #Nd26, გადახდის თარიღი 14.06.2023წ), 70% - 2 737 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე