Facebook Twitter

საქმე №ას-42-2024 18 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ქ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.ს.კ–ია’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ს.ს.კ–იამ’’ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ქ–ის’’ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 39 700 აშშ დოლარის, ასევე, ჯარიმის - 300 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: 14.06.2013 წელს, შპს ,,ს.ს.კ–იას” (,,წარმომადგენელი“), შპს ,,ქ–სა“ (,,გამყიდველი“) და შპს ,,ს–სს“ (,,მყიდველი“) შორის დაიდო ხელშეკრულება 521 800 ერთეული ალკოჰოლური პროდუქციის მიწოდებასა და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე.

3. ხელშეკრულების საერთო თანხა მისი მოქმედების ვადაში შეადგენდა 3 128 400 აშშ დოლარს.

4. ხელშეკრულების 8.8 პუნქტით, შპს ,,ქ–მა" იკისრა ვალდებულება, შპს ,,ს–სის“ მიერ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან ორი საბანკო დღის განმავლობაში, მოსარჩელისათვის ჩაერიცხა მიღებული თანხის 14.1% საკომისიო ანაზღაურების სახით, ხოლო, ხელშეკრულების 10.8 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევისათვის, ,,მყიდველი“ და ,,წარმომადგენელი“ თითოეული კონკრეტული შემთხვევისას, 5 საბანკო დღის განმავლობაში, მოსარჩელეს უხდიან ჯარიმას 300 000 აშშ დოლარის ოდენობით.

5. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ დაიწყო ანაზღაურება და მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 24 სექტემბერს და იმავე წლის ბოლომდე ჩარიცხა 59 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, თანხის ჩარიცხვა შეწყდა.

6. მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ მოძიებული, შპს ,,ს–სის“ მიერ გაცემული ცნობებით, საერთო ჯამში, გამყიდველს გადაერიცხა 700 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, საკომისიო ანაზღაურებამ შეადგინა 98 700 აშშ დოლარი, საიდანაც გადაუხდელია 39 700 აშშ დოლარი.

7. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს კურიერის საშუალებით გაუგზავნა პრეტენზია, თუმცა, მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებმა მის მიღებაზე ხელი არ მოაწერეს, რის შემდეგაც პრეტენზია გაიგზავნა ელექტრონული ფოსტით, მოპასუხის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან, გ.ქ–ასთან, თუმცა პასუხი კვლავ ვერ მიიღო.

8. 20/04/2018 წელს და 06/06/2018 წელს, სასამართლოს მთავარ სხდომებზე საქმის არსებითად განხილვის დროს, მოსარჩელემ შეცვალა მე-2 სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი და იგი დაამყარა მოპასუხის მიერ 14/06/2013 წლის ხელშეკრულების 10.8. პუნქტის დარღვევას.

9. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს შესრულებული აქვს გადაჭარბებით.

10. შპს ,,ქ–ს“ შპს ,,ს–სისაგან“ მიღებული აქვს მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ნაწილი, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად, მყიდველს 2013 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში უნდა გადაეხადა 1 428 800 აშშ დოლარი, თუმცა, გადაიხადა მხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც გრაფიკის დარღვევით. გარდა ამისა, მყიდველს უნდა მიეწოდებინა აქციზური მარკები, რომლის გარეშეც საქონლის მიწოდება ვერ განხორციელდებოდა და გაეტანა 361 600 ბოთლი ღვინო, თუმცა, ეს ვალდებულება მყიდველის მიერ არ შესრულებულა. შპს ,,ს–სისა“ და შპს ,,ც.ტ.კ–ის“ მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. 2013 წლის სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ჩამოსხმული 174 369 ბოთლი ღვინო, სახელშეკრულებო ღირებულებით 1 033 354.3 აშშ დოლარი, დღემდე ხელუხლებლად ინახება იჯარით აღებულ საწყობში, სადაც შპს ,,ქ–ის“ მიერ გადახდილი საიჯარო ქირა შეადგენს 179 116 ლარს. გარდა ამისა, შპს ,,ც.ტ.კ–ის“ მიერ გადასახდელია ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 712 240,85 და 500 000 აშშ დოლარი. ჯამში, მთლიანი დავალიანებაა 661 383,88 ლარი და 2 245 595,15 აშშ დოლარი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც შუამავალი კომპანიის მოთხოვნა, საშუამავლო თანხის მოთხოვნის შესახებ, უსაფუძვლოა.

11. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო რუსულ ენაზე. ხელშეკრულების 10.8. პუნქტი, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე, დედანში შემდეგი შინაარსისაა: ,,წინამდებარე ხელშეკრულების ამ (მოცემული) პუნქტის დარღვევისათვის მყიდველი და წარმომადგენელი თითოეული დარღვევის შემთხვევაზე თანხმდებიან, 5 საბანკო დღის განმავლობაში გადაუხადოს წარმომადგენელს ჯარიმა თითოეულ 300 000 აშშ დოლარის ოდენობით“, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამ პუნქტის ქართული თარგმნილი ვერსიით, ეს პუნქტი წარმოდგენილია სულ სხვა შინაარსით: ,,წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევისათვის მყიდველი და წარმომადგენელი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევისას 5 საბანკო დღის განმავლობაში თითოეულ წარმომადგენელს უხდის ჯარიმას 300 000 აშშ დოლარის ოდენობით“. ამდენად, ეს გარემოება სრულად ცვლის სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსს, გარდა ამისა, მითითებული პუნქტი (რომელიც უკრძალავს გამყიდველს და მყიდველს მომავალში წარმომადგენლის თანხმობის/მონაწილეობის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას), ითვალისწინებს სანქციას არა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის, არამედ, მხოლოდ 10.8. პუნქტში დათქმული ვალდებულებისათვის.

12. საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხემ ახალი ფაქტობრივი გარემოების სახით მიუთითა მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელ შედავებაზე - ხანდაზმულობა. საპატიო მიზეზად დაასახელა მოწმის ჩვენება.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 39 700 აშშ დოლარის გადახდა. 300 000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.( იხ. ტ.2.ს.ფ.4-17).

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რაც არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

16. 14.06.2013 წელს, შპს ,,ქ–ს“ (გამყიდველი) და შპს ,,ს–სს“ (მყიდველი) შორის, შპს ,,ს.ს.კ–იის“ შუამავლობით, დაიდო ალკოჰოლური პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება. საქონლის ღირებულება შეადგენდა 3 128 400 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო მყიდველის მიერ არაუგვიანეს 20 დღისა, ტვირთის შესაბამისი პარტიის გადაზიდვიდან.

17. ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში, გამყიდველმა იკისრა შუამავლისათვის საკომისიო ანაზღაურების გადახდა მიღებული თანხის 14.1%-ის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.

18. მოპასუხემ მოსარჩელეს 2013 წლის ოქტომბრის ბოლომდე, შეთანხმებული გასამრჯელოს სახით გადაუხადა 59 000 აშშ დოლარი.

19. მყიდველმა - შპს ,,ს–სმა“ ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხეს ჩაურიცხა 700 000 აშშ დოლარი.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ,,ს–სის“ მიერ, ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხისათვის ჩარიცხული 700 000 აშშ დოლარის 14.1% არის 98 700 აშშ დოლარი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელესათვის გადახდილი აქვს 59 000 აშშ დოლარი, დარჩენილი (98 700-59 000) 39 700 აშშ დოლარი, ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულების 8.8. პუნქტის თანახმად.

21. სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სკ-ის) 316.1. (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 744-ე (პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია) მუხლებით.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 8.8. პუნქტზე, რომლითაც, მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში გამყიდველს ეკისრებოდა შუამავლისათვის ანაზღაურების გადახდა მიღებული თანხის 14.1 პროცენტის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.

23. დადგენილია, რომ შპს ,,ს–სის“ მიერ, ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხისათვის ჩარიცხული იქნა 700 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადასახდელი გასამრჯელოს ოდენობამ შეადგინა 98 700 აშშ დოლარი (700 000-ის 14.1%), საიდანაც გადახდილია 59 000 აშშ დოლარი. ამდენად, მოპასუხის მიერ შესარულებელი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 39 700 აშშ დოლარს.

24. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (აპელანტი) მითითება, რომ ვინაიდან, შპს ,,ქ–ს“ და შპს ,,ს–სს“ შორის, 2013 წლის 14 ივნისს, შპს ,,ს.ს.კ–იის“ შუამავლობით დადებული ალკოჰოლური პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება დარღვეული იყო არა მხოლოდ მყიდველის, ასევე, თავად წარმომადგენლის მხრიდან, შუამავალი კომპანიის მიერ საშუამავლო თანხის მოთხოვნა, კანონიერ საფუძველსაა მოკლებული (მოპასუხის მითითებით, შპს ,,ს–სისა“ და შპს ,,ც.ტ.კ–ის“ მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. 2013 წლის სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ჩამოსხმული 174 369 ბოთლი ღვინო, სახელშეკრულებო ღირებულებით 1 033 354.3 აშშ დოლარი, დღემდე ხელუხლებლად ინახება იჯარით აღებულ საწყობში, სადაც შპს ,,ქ–ის“ მიერ გადახდილი საიჯარო ქირა შეადგენს 179 116 ლარს. გარდა ამისა, შპს ,,ც.ტ.კ–ის“ მიერ გადასახდელია ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 712 240,85 და 500 000 აშშ დოლარი. ჯამში, მთლიანი დავალიანებაა 661 383,88 ლარი და 2 245 595,15 აშშ დოლარი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც შუამავალი კომპანიის მოთხოვნა, საშუამავლო თანხის მოთხოვნის შესახებ, უსაფუძვლოა).

25. სადავო გარემოების დადგენის კუთხით, აპელანტი მიუთითებდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 10.12. პუნქტის (მყიდველი და წარმომადგენელი ვალდებულია გადაიხადონ და გაიტანონ, ხოლო, გამყიდველი ვალდებულია მთელი მოლაპარაკებული პარტია მიაწოდოს, დანართი N1, არაუგვიანეს 01 ნოემბრამდე - 20%-ისა, 01 დეკემბრამდე - 40%-ისა, 01 იანვრამდე - 30%-ისა და დარჩენილი პარტია 2014 წლის იანვრამდე) დარღვევის ფაქტზე, ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განჩინებაზე, რომლის თანახმად, დავა მიმდინარეობდა შპს ,,ქ–სა’’ და შპს ,,ს–ს’’-ს შორის, რომელიც მორიგებით დასრულდა. აპელანტის მოსაზრებით, მითითებული დავა მიმდინარეობდა სადავო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს.

26. აღნიშნულ საკითზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების სახით მორიგების აქტის დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც სადავო გარემოებას დაადასტურებდა, აპელანტის (მოპასუხის) მიერ არ არის წარმოდგენილი.

27. რაც შეეხება აპელანტის (მოპასუხის) შედავებას ხანდაზმულობაზე, აღნიშნული არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ და მიუთითა შემდეგზე:

28. სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (სუსგ №ას-369-350- 2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

29. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

30. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით.

31. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ.სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

32. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).

33. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. ამ კუთხით, სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტის - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში.

34. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

35. საპატიოობა კი მოცემულია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

36. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოპასუხე) მიუთითებდა, რომ მან სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძვლის არსებობის თაობაზე შეიტყო მოწმე ე.ბ–ის, - შპს ,,ს–სის" კომერციული დირექტორის, ჩვენების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ საპატიოდ არ მიიჩნია მითითება მოწმე ე.ბ–ის ჩვენებაზე, ვინაიდან, 2013 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,ს–სის" მიერ 200 000 აშშ დოლარის საბანკო ანაგრიშზე ჩარიცხვის შესახებ, შპს ,,ქ–ისათვის" ცნობილი იყო იმავე დღეს.

37. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

38. დადგენილია, რომ ბოლო ორი ჩარიცხვა 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, მოპასუხემ მიიღო 2013 წლის 11 ოქტომბერს (ს.ფ. 227-228).

39. მოწმე, ე.ბ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ამის შესახებ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, მ.ს–თვის, ცნობილი გახდა იმავე დღეს, რამდენადაც იგი ამ საკითხთან დაკავშირებით, მივლინებით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, შპს ,,ს–სის“ ოფისში.

40. ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, ,,გამყიდველი“ 2 საბანკო დღის განმავლობაში, მყიდველის მიერ ანგარიშზე დარიცხული თანხისას, ვალდებულია ,,წარმომადგენელს“ გადაუხადოს საკომისიო ანაზღაურება მიღებული თანხის 14.1%-ის ოდენობით.

41. ხელშეკრულების 12.1. პუნქტით, ნებისმიერი სადავო საკითხი მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.

42. ხელშეკრულების 12.2. პუნქტით, დადგენილია პრეტენზიის ფორმა და მისი შინაარსი; ხელშეკრულების 12.3. პუნქტით, პრეტენზია იგზავნება ფოსტით და/ან კურიერული მომსახურებით. პრეტენზიის წარდგენის დღედ ითვლება პრეტენზიის მიწოდება დანიშნულების საფოსტო ორგანიზაციაში და/ან კურიერულ სამსახურში. ერთდოულად იგზავნება პრეტენზიის ასლი ფაქსით, ელექტრონულად ან სხვა გზით, თანახმად მხარეთა შეთანხმებისა;

43. ხელშეკრულების 12.4. პუნქტით, მხარე, რომელიც მიიღებს პრეტენზიას, ვალდებულია განიხილოს იგი და უპასუხოს არაუგვიანეს 20 დღისა პრეტენზიის მიღების დღიდან. პასუხი პრეტენზიაზე იგზავნება ფოსტით და/ან კურიერული მომსახურებით. პასუხის გაცემის დღედ ითვლება პრეტენზიის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დღე;

44. ხელშეკრულების 12.5. პუნქტთ, თუ მხარეები ვერ მორიგდებიან მოლაპარაკების გზით, ნებისმიერი სადავო საკითხი და უთანხმოება, განიხილება მოსარჩელე მხარის სასამართლო ორგანოებში.

45. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრეტენზია, წერილობითი ფორმით, მოსარჩელემ 2013 წლის 13 დეკემბერს გააზავნა მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის გ.ქ–ას (მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებელ თანამდებობაზე მყოფი პირი) ელექტრონულ ფოსტაზე (ს.ფ. 51-55). შეტყობინების მიღების ფაქტი, სადავოდ არ არის გამხდარი.

46. სასამართლომ არ გაიზიარა მითითება მასზედ, რომ არ მომხდარა პრეტენზიის გაგზავნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულ მოპასუხე კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ვინაიდან, ხელშეკრულება არ შეიცავს მონაცემებს მოდავე მხარეთა ელექტრონული ფოსტის, ტელეფონისა და ფაქსის შესახებ (მითითებულია მხოლოდ შპს ,,ს–სის“ ტელეფონისა და ფაქსის ნომრები. ს.ფ. 22, 33).

47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის არსებული გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის იმ მისამართების შესახებ, სადაც მან გააგზავნა ელექტრონული წერილი თანდართული პრეტენზიის ტექსტით, ამ ურთიერთობის მიზნებისათვის, მოახდინა მოპასუხემ.

48. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მოახდინა მოპასუხის ინფორმირება პრეტენზიის შესახებ.

49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პრეტენზიაზე პასუხის გაცემის ვადა ამოიწურა 2014 წლის 02 იანვარს (2013 წლის 13 დეკემბრიდან მე-20 დღე). შესაბამისად, ამ დღიდან უნდა დაიწყოს მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დინება. სარჩელი კი შეტანილია 2016 წლის 31 ოქტომბერს. შესაბამისად, მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად.

51. რაც შეეხება 14.06.2013 წელს, შპს ,,ქ–ს“ (გამყიდველი) და შპს ,ს–სს“ (მყიდველი) შორის, შპს ,,ს.ს.კ–იის“ შუამავლობით დადებული ალკოჰოლური პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულების ავთენტურობას (მის ვალიდურობას, შესაბამისობას რუსული ხელშეკრულების შინაარსთან), პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელშეკრულების 8.8. პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერის ქართული თარგმანის შეუსაბამობას, რუსულენოვან დედანთან.

52. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

53. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებში მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავოდ გამხდარ გარემოებას, და რაც თავის მხრივ მოპასუხეს გაათავისუფლებდა მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებისაგან. მოპასუხემ (აპელანტი) სასამართლოს წარუდგინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, თუმცა დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლოობა საქმეზე მისი დართვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, როგორც შესაგებელში ჩამოყალიბებულ შუამდგომლობაში (საქმისწარმოების შეჩერების შესახებ) მითითებული საკითხიდან და თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა, მითითებული სამმხრივი ხელშეკრულება დაარღვია მყიდველმა. შპს „ს–სის“ და შპს „ს.ტ.კ–ას“ მიერ და ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა შპს „ს.ს.კ–იის“ მხრიდანაც. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დავის პირველ ინსტანციაში მიმდინარეობისას გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სასამართლოში განიხილებოდა ეს დავა, რომელიც იმ ეტაპზე არ დასრულებულა და მისი დასრულების შემდგომი შედეგები მთლიანად იყო დაკავშირებული წინამდებარე სამოქალაქო დავასთან. მითითებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელე წარმოადგენდა შუამავალს. შესაბამისად, მასაც როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს, ეკისრებოდა მთელი რიგი ვალდებულებები. აღნიშნული გარმოებები დადასტურებულ იქნა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერაც (შეკითხვების ეტაპზე), როდესაც დაზუსტებით და ნათლად აღნიშნა, რომ შპს ს.ს.კ–იას, როგორც შუამავალს ეკისრებოდა თავისთავად საშუამავლო ვალდებულებები, კერძოდ, ქართული პროდუქციის გატანა საქართველოდან რუსეთში და ასევე, პასუხისმგებლობა თანხების გადმორიცხვაზე ქართულ მხარესთან. გარდა ამ აღიარებისა, ხელშეკრულების 10.12 პუნქტში ნათლად იყო გაწერილი მხარეთა შემდეგი ვალდებულებები: „10.12. მყიდველი და წარმომადგენელი ვალდებულია გადიხადონ და გაიტანონ, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მთელი მოლაპარაკებული პარტია მიაწოდოს დანართი N 1 არაუგვიანეს 1 ნოემბრამდე -20%, 1 დეკემბრამდე -40%, 1 იანვრამდე - 30% და დარჩენილი პარტია 2014 წლის იანვრამდე.“ მითითებული მუხლის შესაბამისად ნათლად ჩანდა, რომ როგორც, გამყიდველი, ასევე წარმომადგენელიც - შპს ს.ს.კ–ია ვალდებული პირი იყო უზრუნველეყო პროდუქციის გატანა და თანხის ჩარიცხვაც შპს ქ–ისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხარეთა (მყიდველი და წარმომადგენელი) მიერ ხელშეკრულების ეს პირობა არ შესრულებულა.

54. შპს „ქ–ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავის არსებობით) კი დადასტურებულ იქნა, რომ იმ ეტაპისთვის ხელშეკრულების დარღვევის გამო ხელშეკრულება ვადამდე შეწყვეტილია და მიმდინარეობდა დავა. იმ პირობებში, კი როდესაც ხელშეკრულება დარღვეული იყო, როგორც მყიდველის, ასევე წარმომადგენლის მხრიდან, შუამავალი კომპანიის მიერ საშუამავლო თანხის მოთხოვნა ყველანაირ კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული. სწორედ ეს გარემოებაც საკმარისი საფუძველი იყო სარჩელის ამ ნაწილზე უარის თქმისათვის.

55. აპელანტმა, მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში წარუდგინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ განჩინებაში და მორიგების აქტში დეტალურად არის განმარტებული და დამტკიცებული, რომ მოდავე მხარეებს შორის 2013 წლის 14 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რომლის მხარესაც წარმოადგენდა შპს ს.ს.კ–ია) დარღვეულ იქნა გამყიდველის და შესაბამისად, წარმომადგენელი (შპს ს.ს.კ–ია) მხარის მხრიდან, კერძოდ, დადგინდა შემდეგი:

56. შპს „ქ–ისათვის“ ჯამში გადახდილი თანხიდან - 781 591,50 აშშ დოლარიდან (შპს „ს–მა“ შპს „ქ–ს“ 2013 წლის 14 ივნისს შპს „ქ–ს“, შპს „ს.ს.კ–იასა“ და შპს „ს–ს“ შორის გაფორმებული ღვინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა - 700 000 აშშ დოლარი, ხოლო შპს „ს.ტ.კ–ამ“ შპს „ქ–ს“ 2013 წლის 21 ნოემბერს შპს „ს.ტ.კ–ასა“ და შპს „ქ–ს“ შორის გაფორმებული N 21/3 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა 81 591,50 აშშ დოლარი) 301 190 (სამასერთიათასასოთხმოცდაათი) აშშ დოლარი ჩაითვალა 2013 წლის 14 ივნისს შპს „ქ–ს“, შპს „ს.ს.კ–იასა“ და შპს „ს–ს“ შორის გაფორმებული ღვინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს.ტ.კ–ის“ (შპს „ს–სის უფლებამონაცვლის“) მიერ მიღებული ალკოჰოლური პროდუქციის - 56 097 ცალი ბოთლი ღვინის სანაცვლოდ გადახდილი საქონლის ღირებულებად, ხოლო 398 810 (სამასოთხმოცდათვრამეტიათასრვაასათი) აშშ დოლარი ჩაითვალა, შპს „ქ–ის“ მიმართ დამდგარი ზიანის (მიუღებელი საქონლის, კერძოდ, 174 369 ბოთლი ღვინის და მისი ჩამოსხმის, შენახვისა და მოვლისათვის გაწეული ხარჯების) ანაზღაურების მიზნით გადახდილ თანხად. წარდგენილი მტკიცებულებით, რომელიც დაუსაბუთებლად არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ, აპელანტ მხარეს, მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების ფარგლებში სურვილი ქონდა დაედასტურებინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან დარღვეული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი არაჯეროვანი შესრულების შედეგად შპს „ქ–ს“ ნასყიდობის ღირებულების სახით მიღებული ჰქონდა არა 700 000 აშშ დოლარი, არამედ 301 190 აშშ დოლარი, როგორც მიწოდებული ალკოჰოლური პროდუქციის - 56 097 ცალი ბოთლი ღვინის სანაცვლოდ გადახდილი საქონლის ღირებულება. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების 8.8. პუნქტის მოთხოვნათა გათალისწინებით, შპს „ქ–ს“, არათუ გადაუხდელი არამედ მეტობით ქონდა გადახდილი მიღებული თანხის 14.1.% საშუამავლო თანხა შპს „ს.ს.კ–იისათვის“ და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებული იყო ამ საფუძვლით.

57. რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ განვითარებული მცდარი მოსაზრება.

58. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის მიმდინარეობისას (მოსამზადებელ ეტაპზე) მოპასუხის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ზეპირი მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სარჩელში მითითებული გარემოებებიდან და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ნათლად იკვეთება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ, მოსარჩელე მხარე სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ქ–მა“ დაიწყო საკომისიოს ანაზღაურების ჩარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 24 სექტემბერს და ამავე წლის ოქტომბრის ბოლომდე განახორციელა ჯამში 59 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა. მითითებული გარემოების დამადასტურებლად მხარე უთითებს სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებაზე (დანართი N2), ასევე, მხარე აღნიშნავს რომ მითითებული თარიღის შემდეგ თანხების გადმორიცხვა მოპასუხე მხარისაგან შეწყდა. რაც შეეხება, სარჩელზე მტკიცებულების სახით თან დართულ დოკუმენტს - მოსარჩელე მხარის საბანკო ამონაწერს, მითითებულ ამონაწერში ფიქსირდება შპს „ქ–ის“ მიერ საკომისიო თანხების გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ანგარიშსწორება განხორციელებულია შემდეგ თარიღებში: 27.08.2013 წ. – 28200 აშშ დოლარის ექვივალენტი ერ. ვალუტაში; 24.09.2013 წ. – 14100 აშშ დოლარის ექვივალენტი ერ. ვალუტაში და 15.10.2013 წ. – 28 000 ლარი. გარდა ამისა, მხარეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს მ. ს–ის პირადი ელ. ფოსტის გზავნილი და მასზე მიმაგრებული დოკუმენტი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან იკვეთება შემდეგი უზუსტობა: ელ. ფოსტა მ.ს–ის მიერ გაგზავნილი იქნა ადრესატებთან 2013 წლის 13 დეკემბერს, ხოლო გაფრთხილების წერილი დათარიღებულია 2011 წლის 13 დეკემბრით. რაც შეეხება გაფრთხილების წერილის ტექსტში მოთხოვნილია სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი დარჩენილი საკომისიო თანხა - 39700 ამერიკული დოლარი და გადახდის ბოლო ვადად მითითებულია 2013 წლის 14 ოქტომბერი. საყურადღებოა, ასევე მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ამონაწერი საქართველოდან ღვინის შესყიდვის თაობაზე. მითითებული დოკუმენტი დათარიღებულია 2013 წლის 15 ოქტომბრით. სარჩელში მოყვანილი გარემოებებიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის- მ.ს–ის ახსნა -განმარტების მიღების შემთხვევაში, გამოირკვევა რიგი გარემოებები, მათ შორის სარჩელში მითითებულ თარიღებთან მიმართებაში, კერძოდ, თუ რომელი თარიღით არის პრეტენზია დათარიღებული და რომელ თარიღი იყო ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა. მითითებული გარემოებების დაზუსტების შემთვევაში, კი დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ წინამდებარე სასაჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვალოს, ვინაიდან, უდავოა, რომ საკომისიო თანხის ბოლო გადახდა შპს ქ–ის მიერ განხორციელდა 2013 წლის 15 ოქტომბერს, გაფრთხილების წერილით გადახდის სავარაუდო ვადა იყო 2013 წლის 14 ოქტომბერი, ხოლო სარჩელი მოსარჩელე მხარის მიერ აღძრულ იქნა 2016 წლის 31 ოქტომბერს.

59. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მხრიდან ხანდაზმულობის დასაბუთებისათვის გამოყენებული და განმარტებული ხელშეკრულების მე-12 მუხლი მთლიანად ეძღვნება მხარეთა შორის ხელშეკრულების ფარგლებში ერთმანეთის მიმართ პრეტენზიის წარდგენის საკითხს და არა სასარჩელო ხანდაზმულობის განსაზღვრის საკითხს. მითითებული თავით დგინდება მხარეთა შორის პრეტენზიის ერთმანეთთან წარდგენის წესი (იხ., საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

61. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

62. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის (აპელანტი) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხისათვის 39 700 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

65. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე (პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია) მუხლიდან გამომდინარეობს.

66. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

67. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შუამავლობის ხელშეკრულების თავისებურებაზე. შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. ( იხ. დამატებით: თ. ნინიძე, საქართველოს სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, 744-ე მუხლი, თბ., 2001, გვ.441). საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებაა. შუამავლობა სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წრმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული. ( იხ. დამატებით: Roth, in MüKo.BGB, § 652, Rn.44.) შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. შუამავალს ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ დაიდება ძირითადი ხელშეკრულება შემკვეთსა და მესამე პირს შორის (იხ. დამატებით: სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, 744-ე მუხლი, ველი 4, 8, 2016, www.gccc.ge).

68. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე იმსჯელა შუამავლობის ხელშეკრულების შინაარსსა და ბუნებაზე, ამასთან, გამიჯნა შუამავლობა მასთან ახლოს მდგომ დავალების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისაგან (იხ., სუსგ №ას-1192-2022, 20 აპრილი, 2023 წელი). სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივი მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მეორე წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016 წ.). საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (იხ. სუსგ №ას-522-495-2014, 05 ივნისი, 2015წ.). აღსანიშნავია ისიც, რომ შუამავლობის დროს, შუამავალს ეკუთვნის გასამრჯელო, რომელიც შესაძლებელია მხარეებმა შეათანხმონ, ან თუ მისი ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად მიიჩნევა ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016; სუსგ № ას-304-287-2017, 13 ოქტომბერი, 2017წ. შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სსკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა (იხ. სუსგ-ები: №აას-1279-2019, 31.03.2021წ; №აას-803-2022, 06.10.2022წ.).

69. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა.

70. ამ განჩინების პპ: 17-21 დადგენილია, რომ 14.06.2013 წელს, შპს ,,ქ–ს“ (გამყიდველი) და შპს ,,ს–სს“ (მყიდველი) შორის, შპს ,,ს.ს.კ–იის“ შუამავლობით, დაიდო ალკოჰოლური პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება. საქონლის ღირებულება შეადგენდა 3 128 400 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო მყიდველის მიერ არაუგვიანეს 20 დღისა, ტვირთის შესაბამისი პარტიის გადაზიდვიდან.

71. ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში, გამყიდველმა იკისრა შუამავლისათვის საკომისიო ანაზღაურების გადახდა მიღებული თანხის 14.1%-ის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.

72. მოპასუხემ მოსარჩელეს 2013 წლის ოქტომბრის ბოლომდე, შეთანხმებული გასამრჯელოს სახით გადაუხადა 59 000 აშშ დოლარი.

73. მყიდველმა - შპს ,,ს–სმა“ ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხეს ჩაურიცხა 700 000 აშშ დოლარი.

74. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ,,ს–სის“ მიერ, ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხისათვის ჩარიცხული 700 000 აშშ დოლარის 14.1% არის 98 700 აშშ დოლარი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელესათვის გადახდილი აქვს 59 000 აშშ დოლარი, დარჩენილი (98 700-59 000) 39 700 აშშ დოლარი, ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულების 8.8. პუნქტის თანახმად.

75. საკასაციო პალატა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ შუამავლობის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს, ამიტომაც მასზე ვრცელდება სსკ-ის 319-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების სამართლებრივი ინსტიტუტი და შესაბამისად, მხარეთა უფლებამოსილება, თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ გაწერონ ხელშეკრულების შინაარსი. მიუხედავად აღნიშნული დათქმისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების კანონის საფუძველზე შეზღუდვის შესაძლებლობასაც, კერძოდ, მხარეებს ხელშეკრულებაში არ შეუძლიათ გაწერონ ისეთი დათქმა, რაც შუამავალს უფლებამოსილებას მიანიჭებს, შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების არდადების მიუხედავად, მოითხოვოს შუამავლობისათვის გათავლისწინებული გასამრჯელო ( კურტაჟი).

76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28), შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ -Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი, 2006.)

77. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

78. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

80. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21).

82. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

84. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ: 23, 24 -ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი, კერძოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულების 8.8. პუნქტით მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში, გამყიდველს ეკისრებოდა შუამავლისათვის ანაზღაურების გადახდა მიღებული თანხის 14.1 პროცენტის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.

85. დადგენილია, რომ შპს ,,ს–სის“ მიერ, ,,ხელშეკრულების“ ფარგლებში, მოპასუხისათვის ჩარიცხული იქნა 700 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადასახდელი გასამრჯელოს ოდენობამ შეადგინა 98 700 აშშ დოლარი (700 000-ის 14.1%), საიდანაც გადახდილია 59 000 აშშ დოლარი. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ შესარულებელი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 39 700 აშშ დოლარს.

86. კასატორის პრეტენზია იმაშიც მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტი და ამიტომაც არასწორად მიიჩნია მოთხოვნა განხორციელებადად (იხ. საკასაციო საჩივარი).

87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.

88. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უფლების წარმოშობა, ისევე როგორც მისი შეწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრულ დროსთან. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამცნობს უფლების სუბიექტს მისი დარღვეული უფლების სასამართლოს გზით განხორციელების ვადის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).

89. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი).

90. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).

91. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

92. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკსაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).

93. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020წ).

94. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

95. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).

97. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი.).

98. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

99. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).

100. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

101. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.)

102. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ: ხელშეკრულების 8.8. პუნქტით, „გამყიდველი“ 2 საბანკო დღის განმავლობაში, მყიდველის მიერ ანგარიშზე დარიცხული თანხისას, ვალდებულია ,,წარმომადგენელს“ გადაუხადოს საკომისიო ანაზღაურება მიღებული თანხის 14.1%-ის ოდენობით; ხელშეკრულების 12.1. პუნქტით, ნებისმიერი სადავო საკითხი მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზი;. ხელშეკრულების 12.2. პუნქტით, დადგენილია პრეტენზიის ფორმა და მისი შინაარსი; ხელშეკრულების 12.3. პუნქტით, პრეტენზია იგზავნება ფოსტით და/ან კურიერული მომსახურებით. პრეტენზიის წარდგენის დღედ ითვლება პრეტენზიის მიწოდება დანიშნულების საფოსტო ორგანიზაციაში და/ან კურიერულ სამსახურში. ერთდოულად იგზავნება პრეტენზიის ასლი ფაქსით, ელექტრონულად ან სხვა გზით, თანახმად მხარეთა შეთანხმებისა; ხელშეკრულების 12.4. პუნქტით, მხარე, რომელიც მიიღებს პრეტენზიას, ვალდებულია განიხილოს იგი და უპასუხოს არაუგვიანეს 20 დღისა პრეტენზიის მიღების დღიდან. პასუხი პრეტენზიაზე იგზავნება ფოსტით და/ან კურიერული მომსახურებით. პასუხის გაცემის დღედ ითვლება პრეტენზიის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დღე; ხელშეკრულების 12.5. პუნქტთ, თუ მხარეები ვერ მორიგდებიან მოლაპარაკების გზით, ნებისმიერი სადავო საკითხი და უთანხმოება, განიხილება მოსარჩელე მხარის სასამართლო ორგანოებში.

103. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 14 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, მხარეებმა მოაწესრიგეს პრეტენზიის წარდგენის საკითხი (ხელშეკრულების პპ: 12.2-12.4.).

104. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო პალატა განმარტას, რომ ერთნამეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხანდაზმულობის ვადა და პრეტენზიის წარდგენის ვადა, რაც განსახვავებული ცნებებია.

105. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებთ გათვალისწინებული მოთხოვნების სასამართლო წესით დაცვა სსკ-ის 744-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს 3 წლიან ხანდაზმულობის ვადაში (სსკ-ის 129-1 მუხლი). რაც შეეხება პრეტენზიის წარდგენას, აღნიშნული გულისხმობს არა სასამართლოში სარჩელის აღძვრას უფლების დასაცავად, არამედ ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ მოთხოვნის გაცხადებას. „საპრეტენზიო ვადა არის დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილმა პირმა სასამართლოსადმი მიმართვამდე ვალდებულ პირს უნდა მიმართოს“ (იხ. ნუნუ კვანტალიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017 წ, მუხლი 120, ველი12).

106. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასა და კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადას შორის განსხვავება მდგომარეობს იმ პირთა წრეში, ვისაც წარედგინება მოთხოვნა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, როგორც უკვე აღინიშნა, გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. პრეტენზიის შემთხვევაში კი მოთხოვნა წარედგინება უშუალოდ ვალდებულ მხარეს. ვალდებული პირის მიერ პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შემდეგ, უფლებამოსილ პირს აქვს სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის შესაძლებლობა.

107. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტის ან სხვა პირისადმი მიმართვის ვადის დაწესება სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით არის ნაკარნახევი, რადგან მხარეთა შორის სადავო საკითხი ნებაყოფლობით გადაწყდეს. საპრეტენზიო ვადის დადგენის ხსენებული მიზანი უნდა იქნეს მიჩნეული გონივრულად, რადგან თუ მხარის მიერ მოხდება მოთხოვნის ნებაყოფლობით დაკმაყოფილება, იგი დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, ისევე როგორც თავიდან იქნება აცილებული სასამართლოს გადატვირთვა ისეთი ტიპის დავებისაგან, რომელთა მორიგებით დასრულება თავად მხარეთა მიერ არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მსგავსი ვადის დაწესება უნდა შეფასდეს კანონმდებლის მიერ დავის სწრაფად დასრულების, ისევე როგორც სასამართლოს განტვირთვის მნიშვნელოვან მცდელობად.

108. შემდგომი არსებითი განსხვავება მდგომარეობს საპრეტენზიო და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გასვლის სამართლებრივ შედეგებში. პრეტენზიის განუცხადებლობისას პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას, რაც სარჩელის წარდგენის შემთხვევაში გამოიხატება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით. ამასთან, საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მოვალე გააკეთებს მითითებას ამის თაობაზე.

109. სასარჩელო ხანდაზმულობის შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგოდ, მოთხოვნა არსებობს, თუმცა მოვალეს ხანდაზმულობის შესაგებელზე დაყრდნობით შეუძლია უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მოვალე უფლებამოსილია და არა ვალდებული, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა უკავშირდება მოთხოვნის განუხორციელებლად ქცევას, ხოლო საპრეტენზიო ვადის გასვლა, ამის საპირისპიროდ, უფლების დაკარგვას და თავად ეს შედეგები არსებითად განსხვავებულია.

110. უფლების დაკარგვა და მოთხოვნის განხორციელების შეფერხება არსებითად განსხვავებულია, როგორც შინაარსობრივი, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. უფლების დაკარგვა წარმოადგენს არა მოთხოვნის განხორციელების საპირისპირო მნიშვნელობის ტერმინს, არამედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უფლების დაკარგვის სპეციალურ შემთხვევას. უფლების დაკარგვის სამართლებრივი შედეგია უფლების საბოლოოდ შეწყვეტა. ის განიხილება კრედიტორის მიერ კონკლუდენტურ უარის განცხადებად, რომელიც არ საჭიროებს მიღებას. მოთხოვნის განუხორციებლად ქცევისა და უფლების დაკარგვის განმასხვავებელი ნიშნები იმაშიც გამოიხატება, რომ პირველის შემთხვევაში საკითხი შეეხება სუბიექტური უფლების განხორციელებას, ხოლო უფლების დაკარგვის შემთხვევაში - ვალდებულებით ურთიერთობას, რა დროსაც ვადის დასრულება უფლების წარმოშობას იწვევს.

111. საპრეტენზიო და ხანდაზმულობის ვადებს შორის გარდა ზემოაღნიშნული განსხვავებებისა, ასევე არსებითი მნიშვნელობისაა ხანდაზმულობისა და საპრეტენზიო ვადებთან დაკავშირებული ნორმების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრა. კერძოდ, ისინი წარმოადგენენ იმპერატიულ ნორმებს, რომელთა შეცვლა მხარეთა მიერ დაუშვებელია თუ ექვემდებარება ცვლილებას. სასარჩელო ხანდაზმულობა ეფუძნება კანონს, ხოლო საპრეტენზიო ვადები შეიძლება დაეფუძნოს კანონს, სასამართლო დადგენილებას ან ხელშეკრულებას. საპრეტენზიო ვადა შეიძლება შეთანხმებული იყოს ასევე იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც არ არის კანონით გათვალისწინებული.

112. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრეტენზიო ვადები მხარეთა მიერ შეიძლება გახანგრძლივდეს კიდეც. ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებული ნორმები, ამის საპირისპიროდ, იმპერატიული ხასიათისაა. სსკ-ის 146-ე მუხლი კრძალავს ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესების შეცვლას. შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა დაუშვებელია.

113. ამასთან, საპრეტენზიო ვადები, როგორც წესი, დგინდება იმ სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ, რომლებიც ხელშეკრულების საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით საჭიროებს დავის სწრაფად დასრულებას, ასევე ამ მახასიათებლიდან გამომდინარე სრულიად გონივრულია, რომ საპრეტენზიო ვადები უფრო მცირე ვადებია, ვიდრე ხანდაზმულობის ვადები. ამასთან, არსებობს ზოგადი მიდგომაც, რომ ხანგრძლივი ვადები წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადებს, ხოლო მცირე ვადები - საპრეტენზიო ვადებს.

114. რაც შეეხება საპრეტენზიო ვადისა და ხანდაზმულობის ვადის შემოწმებას, მნიშვნელოვანია, რომ უფლების შეწყვეტის შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი ეცლება კრედიტორის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა/არარსებობის ფაქტს. მოთხოვნის ხანდაზმულობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება კი წარმოადგენს ვალდებული პირის შესაგებელს. შესაბამისად, აუცილებელია ამ უფლების გამოყენება მოხდეს თავად ამ პირის მიერ. პირს შეუძლია თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება გამოიყენოს ისე, როგორც მას სურს, ითმინოს ან არ ითმინოს უფლების დარღვევა. სასამართლოს არ შეუძლია საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან შესაძლებელია პირს სურდეს ვალდებულების შესრულება, მიუხედავად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლისა.

115. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრეტენზია წერილობითი ფორმით, მოსარჩელემ 2013 წლის 13 დეკემბერს გააზავნა მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის გ.ქ–ას (მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებელ თანამდებობაზე მყოფი პირი, კერძოდ, გ.ქ–ა არის მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი იხ.ს.ფ.56). ელექტრონულ ფოსტაზე (ს.ფ. 51-55). შეტყობინების მიღების ფაქტი, სადავოდ არ არის გამხდარი. სასამართლომ არ გაიზიარა მითითება მასზედ, რომ არ მომხდარა პრეტენზიის გაგზავნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულ მოპასუხე კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ვინაიდან, ხელშეკრულება არ შეიცავს მონაცემებს მოდავე მხარეთა ელექტრონული ფოსტის, ტელეფონისა და ფაქსის შესახებ (მითითებულია მხოლოდ შპს ,,ს–სის“ ტელეფონისა და ფაქსის ნომრები. ს.ფ. 22, 33).

116. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის არსებული გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის იმ მისამართების შესახებ, სადაც მან გააგზავნა ელექტრონული წერილი თანდართული პრეტენზიის ტექსტით, ამ ურთიერთობის მიზნებისათვის, მოახდინა მოპასუხემ.

117. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მჯელობებს და დასკვნებს, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მოახდინა მოპასუხის ინფორმირება პრეტენზიის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პრეტენზიაზე პასუხის გაცემის ვადა ამოიწურა 2014 წლის 02 იანვარს (2013 წლის 13 დეკემბრიდან მე-20 დღე). შესაბამისად, ამ დღიდან უნდა დაიწყოს მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დინება, სარჩელი კი შეტანილია 2016 წლის 31 ოქტომბერს, ამდენად, მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად.

118. რაც შეეება კასატორის პრეტენზიას საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, კერძოდ, კასატორი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინება საქმისათვის მტკიცებულების სახით - მორიგების აქტის დართვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ (აპელანტი) სასამართლოს წარუდგინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, თუმცა დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლოობა საქმეზე მისი დართვის შესახებ (იხ. კასატორის მოთხოვნა).

119. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 104-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო შესაგებელზე, კერძოდ, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად გაიზიარა და გადაწყვიტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ შპს „ს.ტ.კ–ასა“ და შპს „ქ–ს“ შორის დამტკიცებული მორიგების აქტი შემხებლობაში არ არის მხარეებს შორის მიმდინარე დავასთან, რადგან თუ მორიგების მხარეები თვლიდნენ, რომ მორიგების აქტის შედეგები შეიძლება ასახულიყო შპს „ს.ს.კ–იაზე“ ან/და აღნიშნულზე მიუთითებდნენ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში შპს „ს.ს.კ–ია“ აუცილებლად იქნებოდა ჩართული მესამე პირის სტატუსით. ამდენად, აპელირება აღნიშნულ მტკიცებულებაზე და მით უფრო მისი მითითება სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად, დაუსაბუთებელი და არასწორია ( იხ. საკასაციო შესაგებელი).

120. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმისათვის მტკიცებულების სახით მორიგების აქტის დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

121. კასატორი შუამდგომლობს საქმეზე მტკიცებულების სახით 2018 წლის 07 დეკემბერის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ შპს „ს.ტ.კ–ასა“ და შპს „ქ–ს“ შორის დამტკიცებული მორიგების აქტის დართვის შესახებ (იხ. 2024 წლის 11 მარტის შუამდგომლობა).

122. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

123. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები (შდრ: №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49). რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, აღნიშნულ ინსტანციაში სსსკ-ის 407-I მუხლის თანახმად, ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია და საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. (შდრ: სუსგ №ას-1592-2023, 30 იანვარი, 2024 წ.).

124. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბერის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი.

125. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და საკასაციო პალატა უფლებამოსილია შემოიფარგლოს კასატორის არსებითი ხასიათის პრეტენზიებზე მსჯელობით (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

126. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

127. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

128. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

129. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმისათვის მტკიცებულების სახით მორიგების აქტის დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორის შუამდგომლობა საქმეზე წერილობითი მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს 2024 წლის 11 მარტის Nა-1295-24 განცხადებაზე „19“ ფურცლად დართული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბერის განჩინება.

4. შპს „ქ–ს“ (ს.კ: .......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 06.02.2024წ. საგადასახადო დავალებით N1707197770 გადახდილი 5289.63 ლარის 70% – 3,702.74 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი