საქმე №ას-65-2024 15 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.დ.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „თ.დ.გ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.მ–იის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 80 871.64 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს 2021 წლის 13 თებერვლამდე უნდა შეესრულებინა ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის მაგისტრალური არხის გამანაწილებლის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 5 ივნისს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რამაც 2021 წლის 14 თებერვლიდან 2021 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 80 871.64 ლარი. აღნიშნული თანხა შემკვეთმა - მოპასუხემ მოსარჩელეს აღარ გადაუხადა და დაუკავა,როგორც პირგასამტეხლო.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია. აღნიშნული შემთხვევისათვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 435.82 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 21 თებერვალს, ერთი მხრივ, მოპასუხეს (შემსყიდველი) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-89/20, რომლის თანახმად, მოსარჩელეს 2021 წლის 13 თებერვლამდე უნდა შეესრულებინა ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის მაგისტრალური არხის გ-61-1 (ბებნულა) გამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება 483 501.54 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 30 აგვისტო.
7. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, 9.3. ქვეპუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას სამუშაოს შესრულების ვადებით გათვალისწინებული საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2021 წლის 13 თებერვლის ნაცვლად, მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 5 ივნისს, 112 დღის ვადაგადაცილებით.
9. მოპასუხემ (შემკვეთმა) მიმწოდებელს საზღაურის ნაწილი - 80 871.64 ლარი არ გადაუხადა და ჩაუთვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევას, რამაც 112 დღე შეადგინა, ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, რომ არსებობდა მენარდის მიერ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულების საპატიო მიზეზი, ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზზე აღარ იმსჯელებს, და აღნიშნულთან მიმართებით გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას (სასამართლოს მითითებით, „არ წარმოდგენილა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ვადაგადაცილება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. მხოლოდ მითითება ვადაგადაცილების მიზეზებზე, რაც არაფრითაა დადასტურებული და რასაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მოსარჩელის განმარტების გაზიარების საფუძველი არ არის“).
11. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.
12. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
14. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური. პალატამ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო - 80 871.64 ლარი არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.
16. მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველი იყო მოპასუხე შპს და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის მაგისტრალური არხის გ-61-1 (ბებნულა) გამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა შემსყიდველს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მენარდემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევას, რამაც 112 დღე შეადგინა, რის გამოც ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით - 80 871.64 ლარი. სააპელაციო პალატამ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის, ვადაგადაცილების პერიოდის, ასევე, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ არსებობს მისი ოდენობის 40 435.82 ლარამდე (ნახევრამდე), შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ოდენობით განსაზღვრული პირგასამტეხლო არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და პროპორციული ოდენობის. აღსანიშნავია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შეასრულა, თუმცა არაჯეროვნად, კერძოდ, დაარღვია ბოლო ორი მიწოდების ვადა, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას.
17. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადაგაცილების დღეების ოდენობა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს იმ ხარისხის დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დაირღვა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე არ უთითებდა. ასევე, პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურება შესრულდა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
19. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს დასკვნა, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, საფუძვლიანად მიიჩნია იქიდან გამომდინარეც, რომ სამუშაოების ღირებულება 483 501.54 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო - 80 871.64 ლარი ღირებულების 16.72%-ია, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა და არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (სუსგ №ას-1451-1371-2017), რომლის მიხედვით მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. მან ნებაყოფლობით იკისრა ვალდებულების შესრულება და, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურება. შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი წინაპირობებისა და იმ გარემოების დადასტურება, თუ რატომ იყო სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი, ეკისრება მოსარჩელეს.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ №ას-848-814-2016, №ას-11581104-2014), რადგან სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს შემცირებას საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ განუცდია ზიანი. საკასაციო სასამართლოს განმარტების მიხედვით კი, პირგასამტელოს მოთხოვნა ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. აღნიშნული განპირობებულია პირგასამტეხლოს არსით, რაც სააპელაციო პალატამ მისი ოდენობის შემცირებით უგულებელყო.
23. კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა 112 დღის დაგვიანებით, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მხარეთა შეთანხმება შეესაბამება სსკ-ით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
27. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
30. 2020 წლის 21 თებერვალს, ერთი მხრივ, მოპასუხეს (შემსყიდველი) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-89/20, რომლის თანახმად, მოსარჩელეს 2021 წლის 13 თებერვლამდე უნდა შეესრულებინა ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის მაგისტრალური არხის გ-61-1 (ბებნულა) გამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება 483 501.54 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 30 აგვისტო.ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, 9.3. ქვეპუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას სამუშაოს შესრულების ვადებით გათვალისწინებული საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
31. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2021 წლის 13 თებერვლის ნაცვლად, მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 5 ივნისს, 112 დღის ვადაგადაცილებით.
32. მოპასუხემ (შემკვეთმა) მიმწოდებელს საზღაურის ნაწილი - 80 871.64 ლარი არ გადაუხადა და ჩაუთვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
33. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის 40 435.82 ლარამდე შემცირებას და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, რადგან სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
34. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).
35. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნი სახელშეკრულებო სამართალი/ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
36. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).
37. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
38. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
40. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
42. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).
43. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (იხ. სუსგ №ას-723-2022, 28 ოქტომბერი, 2022 წელი). სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
45. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
46. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა (მოსარჩელე) მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა (შესრულების ვადა) დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია, ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა, მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
48. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
50. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).
51. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
52. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
53. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).
56. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობას არ ჰქონია ადგილი, მოპასუხის მიერ ხელშეკრულება ვადის დარღვევით, მაგრამ სრულად შესრულდა, რის გამოც მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).
57. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარატა, ”როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება“ (შდრ: სუსგ №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ).
58. „სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).
59. განსახილველ შემთხვევაში სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით მსჯელობისას სააპელაციო პალატამ მიიღო მხედველობაში შესრულებული ვალდებულების ღირებულება, ხარისხი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევამ შეადგინა 112 დღე, რის გამოც ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის გათვალისწინებით, სულ - 80 871.64 ლარი. სამუშაოების ღირებულება წარმოადგენდა 483 501.54 ლარს, შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 16.72% შეადგინა.
60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (შდრ. სუსგ №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ.).
61. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს 40435.82 ლარი, ხოლო კასატორს კი სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
62. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
65. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 18 დეკემბერს №30733 საგადახდო დავალებით გადახდილი 2021,79 ლარის 70% – 1415,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.მ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს.მ–იას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 18 დეკემბერს №30733 საგადახდო დავალებით გადახდილი 2021,79 ლარის 70% – 1415,25 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე