Facebook Twitter

საქმე №ას-329-2024 12 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ტ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.ტ–ნმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ქ. თბილისში, ......... მიკრო/რაიონის 312-ე კორპუსის მე-3 სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე 94.58 კვ.მ №45 ბინა (საკადასტრო კოდი №........) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოპასუხე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ ბინაში და, მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დაკავებულ ფართს არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სადავო ფართის ქირავნობის შესახებ. 6 წლის განმავლობაში მოპასუხე ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა შეთანხმებულ ქირას - 600 ლარს. ამასთან, სადავო ფართში მოპასუხესთან ერთად ცხოვრობენ მისი ოთხი შვილი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, ასევე სიდედრი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სულ ოჯახის 7 წევრი. ამასთან, მოპასუხის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, გამგეობა ქირის სახით უხდის 800 ლარს, რის მიღებაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა მოსარჩელეს. ასევე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ასევე შეიტანა კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საწინააღმდეგოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად. ამავე განჩინებით მხარეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე, თუმცა აღნიშნული ბინა მოპასუხის მფლობელობაშია.

7. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ აპელანტის არგუმენტაციის თანახმად, იგი მართლზომიერად ფლობს სადავო საცხოვრებელ ბინას, ვინაიდან იმყოფება ქირავნობით-სამართლებრივ ურთიერთობაში ბინის მესაკუთრესთან. მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია იმავე ტერიტორიაზე სხვა საცხოვრებლის მოძიება. ბავშვების საცხოვრებელ და სასწავლო გარემოსთან მოწყვეტა კი მნიშვნელოვნად დააზარალებს არასრულწლოვნების ინტერესებს.

8. ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს, მართებულად იქნა თუ არა დადგენილი იმ წინაპირობების არსებობა, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა იყოს სახეზე, კერძოდ, მართებულად შეფასდა თუ არა სადავო გარემოება - საცხოვრებელი ფართის არამართლზომიერად ფლობის შესახებ.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

10. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.

11. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

12. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა აპელანტმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, კერძოდ, მხარეები ადასტურებენ ქირავნობით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ მიუთითა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა წელიწადნახევრის განმავლობაში ქირის გადაუხდელობაში. ამდენად, აპელანტს ვალდებულება წარმოეშვა, სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვით, აპელანტი ვალდებული იყო, გადაეხადა მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირა. გამქირავებელს შეეძლო ხელშეკრულების მოშლა ვადამდე, თუ დამქირავებელი 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდიდა ქირას (სსკ-ის 558-ე მუხლით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში). თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში - მოპასუხეს), შესაბამისი მტკიცებულება კი შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოპასუხემ ვერ შეძლო ქირის გადაუხდელობის შესახებ მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტის გაქარწყლება. აპელანტის მიერ ოჯახის ფინანსურ სიძნელეებზე მითითება, რასაც აპელანტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ცნობის წარმოდგენით ადასტურებს, ვერ იქნება მიჩნეული სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების კვლევისთვის შესაბამის შედავებად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის არამართლზომიერად ფლობის ფაქტი.

13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამ ქონებას ფლობს მართლზომიერად. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

14. რაც შეეხება აპელანტის შედავებას არასრულწლოვნების კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, §59). ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.

15. სასამართლომ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის ინტერესის უპირატესობის პრინციპით, თუმცა, ამავდროულად, უნდა შეფასდეს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოშობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს. სსკ-ის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მხარდაჭერით მისი და მასზე მზრუნველი პირების ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ,ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმებისა და ყველა სხვა უფლების დაცვის გარანტიების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ხოლო 28-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შინაარსი, ფორმა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ღონისძიებას, მათ შორის, მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის ღონისძიებებს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვისათვის საცხოვრებელი ადგილის მოძიება და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა, პირველ რიგში, მისი მშობლების ვალდებულებაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, სახელმწიფო ვალდებულია, ოჯახს დაეხმაროს და ბავშვის სოციალური დაცვისათვის აუცილებელი ზომები გაატაროს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად ბინაში ბავშვების ცხოვრების ფაქტისა, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვოს და მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს.

17. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატამ განმარტა, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად დააკმაყოფილა იგი.

21. რაც შეეხება კერძო საჩივრის მოთხოვნას, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ვრცელდება ყველა იმ განსაკუთრებულ გარემოებაზე, რომლის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნებისათვის პროპორციულად, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში არსებული თანაბარზომიერების ფარგლებში უნდა შეფასდეს დასაცავი სიკეთისა და შეზღუდული უფლების ფარგლები. მნიშვნელოვანია, რომ დასაცავი სიკეთე თავისი არსით, დანიშნულებით მნიშვნელოვნად აღემატებოდეს უფლების შეზღუდვის ფარგლებს, ამასთან, უფლების შეზღუდვამ გამოუსწორებელი ზიანი არ უნდა მიაყენოს მხარეს და დაუშვებლად არ უნდა ხელყოს მისი უფლებები.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობას უკავშირდება. მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ამდენად, დასაცავი სიკეთე (საკუთრების უფლება) თავისი არსით, დანიშნულებით მნიშვნელოვნად აღემატება უფლების შეზღუდვის (არამართლზომიერი მფლობელობის) ფარგლებს, შესაბამისად, მიზანშეწონილია გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის ნაწილის „ე1“ პუნქტების საფუძველზე. ამდენად, კანონი ითვალისწინებს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას მხარეთა თხოვნის პირობებში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიაქცია გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, განსაკუთრებით იმ არგუმენტების მხედველობაში მიღებით, რომელთა თაობაზეც პალატამ იმსჯელა მფლობელობის მართლზომიერების შეფასებისას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დარჩეს უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხე 6 წლის მანძილზე სადავო ბინაში ცხოვრობს მართლზომიერად, მოსარჩელესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ქირის ოდენობა შეადგენდა 600 ლარს, რომელსაც მხარე კეთილსინდისიერად იხდიდა. მოსარჩელემ თვითნებურად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება.

27. კასატორის შვიდსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მასთან ერთად ცხოვრობს სიდედრი, რომლსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგონარეობა და 3 არასრულწლოვანი შვილი. სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ ნაწილის, მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და ემსჯელა ბავშვების საუკეთესო ინტერესზე.

28. სადავო ფართი კასატორისა და მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელია.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ი) 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, თვითონ მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს სარჩელით. ამიტომ, საქმის აღსაძვრელად აუცილებელია სარჩელის (განცხადების) შეტანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით („ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე“ – „nemo judex sine actore” ან „nemo invitus agree cogitur“ – „სურვილის წინააღმდეგ ვერავინ მიიჩნევა მომჩივნად.)“ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

36. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

38. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

39. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე, თუმცა აღნიშნული ბინა მოპასუხის მფლობელობაშია.

40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სადავო ფართს ფლობდა მოსარჩელესთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოპაუხის ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილები.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

43. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

45. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).

46. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნინო კალატოზიშვილი).

47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

48. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).

49. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

50. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

51. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.16), რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობს. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-759-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას-1578-2020, 26 იანვარი, 2023; №ას-1437-2020, 24 დეკემბერი, 2020წ., №ას-1274-2020, 31 თებერვალი, 2020წ.).

53. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ იგი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია, რადგან 6 წლის განმავლობაში სადავო ბინა ნაქირავები ჰქონდა მოსარჩელისაგან.

54. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის მოსარჩელის მიმართ ბინის ქირის გადახდის მტკიცებულების წარდგენა, (საბანკო გადარიცხვის ქვითარი; გამქირავებლის მიერ გაცემული ხელწერილი თანხის მიღების შესახებ; ნოტარიუსის დეპოზიტზე გამქირავებლის სასარგებლოდ ქირის თანხის განთავსება და ა.შ.) რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლისა და მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების ამჟამადაც არსებობის ფაქტს. ( იხ.ს.ფ.148). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს წელიწადნახევარია, რაც შეთანხმებული ქირა არ გადაუხდია( იხ. ს.ფ. 65).

55. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის მართლზომიერად ფლობა რაიმე რელევენტური მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-17-2024, 07 მარტი, 2024 წ; №ას-606-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23.02.2023წ., №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

57. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ბინაში მასთან ერთად ცხოვრობს ოჯახის ექვსი წევრიც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს განსახილველ საქმეში მოპასუხედ მითითებული ჰყავს მხოლოდ კასატორი. მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიმართ სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა- მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორმა კი ვერ დაადსტურა სადავო უძრავ ქონებაზე მისი მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობა (შდრ: სუსგ №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წ., საქმე №ას-1474-2023, 10 იანვარი, 2024 წელი).

58. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

59. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

-