საქმე №ას-380-2024 18 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ა–ნმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.დ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 6500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 21 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო და მყიდველს ბინა უნდა ჩაბარებოდა 15 თვის ვადაში. ნასყიდობის საფასურად განისაზღვრა 33 420 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელე ვალდებული იყო, გადაეხადა ნასყიდობის საფასური გრაფიკის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 19227.18 ლარი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დადებიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით გადახდილი საფასურის ჯამს. მიუხედავად მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის ღირებულებისა, მოპასუხემ ბინა მოსარჩელეს არ გადასცა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, მოქმედებდა საშეღავათო პერიოდი 12 თვის ვადით, თუკი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა გამყიდველისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით. ამასთან, კომპანია აგრძელებს მუშაობს და ცდილობს ვალდებულების შესრულებასა და კორპუსის ჩაბარებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 577 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 760 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 5 მარტს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე. აპელანტის წარმომადგენლებს სასამართლო უწყება 2024 წლის 19 თებერვალს გაეგზავნათ და ამავე წლის 20 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების იურისტ ა.კ–ძეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-74-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტი მხარე სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მოცემულ საქმეზე არც ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დადგენილა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2024 წლის 5 მარტის სხდომის ოქმზე (14:02:29 საათზე) და განმარტა, რომ მხარის დალოდების გონივრული ვადა ამოიწურა, პროცესის დაწყებიდან გასულია 16 წუთი. ამასთან, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით არ წარდგენილა განცხადება აპელანტის მიერ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შეტყობინების შესახებ.
9. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 276-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის _ მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფულიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - ა.კ–ძეს, რომელიც მოპასუხე შპს-ში დასაქმებული არ ყოფილა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შპს-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც დაერთო კერძო საჩივარს. მოცემულ საქმეზე მოპასუხემ მინდობილობა გაუფორმა ორ წარმომადგენელს, რომელთა შორის ა.კ–ძე არ არის.
12. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტს სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მერვე ნაწილის დაცვით არ ჩაბარებია.
13. მხარის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებიდან არ ირკვევა, თუ რა მისამართზე გააგზავნა სასამართლომ სადავო უწყება. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის იურიდიულ მისამართზე შპს არ ფუნქციონირებს. ფაქტობრივად ოფისი მდებარეობს სხვა მისამართზე. თუ უწყება გაიგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ...... ქუჩა №63), მაშინ აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ადგილას განთავსებულია რამდენიმე, მათ შორის, მოპასუხის ოფისი. სასამართლო უწყება აპელანტის წარმომადგენელთაგან არცერთს არ ჩაბარებია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ კურირმა უწყება რომელიმე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩააბარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
18. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
19. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.
20. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (შდრ: სუსგ-ები: №ას-105-2022, 29 თებერვალი, 2024 წ; №ას-1668-2019, 28 თებერვალი, 2020წ.; №ას-1380-2019, 24 დეკემბერი, 2019 წ; №ას-960-2019, 09 სექტემბერი, 2019 წ; № ას-1483-1403-2017, 12 იანვარი, 2018 წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 5 მარტს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე. აპელანტს სასამართლო უწყება 2024 წლის 19 თებერვალს გაეგზავნა და ამავე წლის 20 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების იურისტ ა.კ–ძეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ კი მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
22. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა აპელანტისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი იმ საფუძვლით, რომ პირი, რომელსაც, საქმის მასალების შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაბარდა, არ იყო უფლებამოსილი აპელანტი კომპანიის სახელით მიეღო საპროცესო დოკუმენტები. კერძო საჩივარზე დართული აპელანტი შპს-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა.კ–ძე შპს-ს თანამშრომელი არ არის (იხ. ს.ფ. 224).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
24. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30 იანვარი, 2018წ.).
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
26. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
27. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო უწყება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ.თბილისში, ...... ქუჩა №63-ში, სადაც აპელანტს მანამდე უკვე არაერთხელ ჩაბარდა შესაბამისი სასამართლო კორესპოდენცია. შპს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების უკუგზავნილის მიხედვით, 2024 წლის 20 თებერვალს სადავო უწყება ჩაბარდა კომპანიის იურისტ ა.კ–ძეს (პირადი №…..) (იხ. ს.ფ 196).
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას, რომ აღნიშნული პირი არ წარმოადგენს მოპასუხე დაწესებულების თანამშრომელს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ადგილას განთავსებულია რამდენიმე, მათ შორის, მოპასუხის ოფისი. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ კურირმა უწყება რომელიმე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩააბარა (იხ. კერძო საჩივარი).
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
30. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
31. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაბარდა არა ადრესატს, არამედ მეზობლად განთავსებული ორგანიზაციის თანამშრომელს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა უშუალოდ მოპასუხე კომპანიის მიერ გაცემული ცნობა, რომ უწყების მიმღები პირი არც ამჟამად და არც მანამდე, მოპასუხის თანამშრომელის პოზიციას არ იკავებდა (იხ. ს.ფ 224).
32. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად განმარტავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი სარწმუნოდ ვერ ადასტურებს უწყების ჩაბარებაზე გზავნილის მიმღები პირის არაუფლებამოსილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1007-968-2016, 31 იანვარი, 2017 წ). მოცემულ საქმეზე კერძო საჩივარზე დართული ცნობა კი გაცემულია დავის სამართლებრივი შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის – მოპასუხის მიერ (შდრ: სუსგ-ები: №ას-17-17-2018, 09 თებერვალი, 2018 წელი, №ას-1709-2018, 13 დეკემბერი, 2018 წელი).
34. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 5 მარტს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება ჩაბარდა აპელანტი კომპანიის წარმომადგენელს ამ უკანასკნელის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით (იხ. ს.ფ.196). აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოუცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე