Facebook Twitter

საქმე №ას-406-2024 12 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – უცხოური საწარმოს ფილიალი - სს „ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“ (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ს.თ.ფ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა:

1. უცხოური საწარმოს ფილიალმა - სს „ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა „ა. ა/რ ს.ს.პ–თან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში“ ჰ.ს.თ.ფ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებულ 80,70 კვ.მ უძრავ ქონებას ქ.ბათუმში, ........., საკადასტრო კოდით ....... მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე, 29575,60 აშშ დოლარის ფარგლებში, ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

არბიტრაჟის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. შპს „ა.ა/რ ს.ს.პ–თან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2022 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 17 509,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. მასვე დაეკისრა ზიანის - 17 509,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური 15%-ის გადახდა, 2019 წლის 16 აპრილიდან ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე, მიუღებელი შემოსავლის გამო, 12 066,40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური 15%-ის გადახდა. მოპასუხის შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა:

4. 2023 წლის 9 იანვარს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა შპს „ა.ა/რ ს.ს.პ–თან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2022 წლის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, მოსარჩელეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ 2022 წლის პირველი აგვისტოს არბიტრაჟმა საქმე განიხილა და სარჩელი დააკმაყოფილა ისე, რომ მოპასუხე მხარე სხდომის დანიშვნის თაობაზე ინფორმირებული არ იყო, რაც საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგობა და ამგვარად მიღებული არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. 2023 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხემ განცხადება/შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმება.

7. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულებაზე, რაც საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს.

საარბიტრაჟო მოსარჩელის პოზიცია:

8. მოსარჩელემ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, რადგან, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე, თუმცა, არბიტრაჟის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, იმავე საარბიტრაჟო №01-10/119 საქმეზე წარმოება განახლდა. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი კვლავაც აქტუალურია. არსებობს საფრთხე, რომ უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, მოპასუხე აუცილებლად გაასხვისებს ქონებას, რაც გამორიცხავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლისა და მე-7 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ნორმა, რომელიც არეგულირებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, არ არსებობს. ამიტომ, პალატის აზრით, ამ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის 1991 მუხლით დადგენილი წესი.

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე.

12. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2022 წლის პირველი აგვისტოს №01-10/119 გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ მოპასუხე საარბიტრაჟო განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყო.

13. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ა.ა/რ ს.ს.პ–თან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 2023 წლის 10 ოქტომბრის №01-10/119 დადგენილება, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საქმის წარმოების განახლებისა და არსებითად განხილვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

14. არბიტრმა იმავდროულად დადგინდა, რომ კომპეტენციის მქონე შპს „ა.ა/რ ს.ს.პ–თან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟმა“ საერთო წესით, ერთპიროვნულად, არსებითად განიხილა მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და ამავე საქმეზე ძირითად საარბიტრაჟო სარჩელზე მოპასუხის შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი მოსარჩელის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტისა და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არბიტრაჟში მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება, რომლის უზრუნველსაყოფადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის პირველი მაისის განჩინებით ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (საკადასტრო კოდით ........) განახლდა, მიმდინარეობს საარბიტრაჟო წარმოება და არ არის დასრულებული.

16. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს და ადასტურებს არბიტრაჟის მიერ განახლებული საქმის წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისადმი მოსარჩელის დაცვის ღირს ინტერესს. შესაბამისად, არბიტრაჟის წარმოებაში არსებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა გამართლებულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა 2022 წლის პირველი აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებული განჩინების მიღების შემდეგ, საქმის ხელახალი განხილვა არბიტრაჟში სრულიად უკანონოა, ვინაიდან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საარბიტაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მაქსიმუმ 360 დღის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე კი, საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 25 აპრილს, საიდანაც გასულია 4 წელზე მეტი, რაც პირდაპირ ადასტურებს საარბიტრაჟო განხილვის უკანონობას/შეუძლებლობას.

19. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობაში არ მოიპოვება სამართლებრივი ნორმა, რომელიც არბიტრს აძლევს იმავე სარჩელის (დავის) 4 წლის შემდგომ განხილვის უფლებას. შესაბამისად, არბიტრაჟმა, რომც განიხილოს იგივე საქმე, საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის გამო, შეუძლებელი იქნება მისი ცნობა/აღსრულება. არსებულ ვითარებაში კი სარჩელის უზრუნველყოფის არსებობას არანირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

20. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები.

22. სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, თანდართული მასალები და მიიჩნია, რომ მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე. სასამართლოს, სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.

24. სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

25. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ საარბიტრაჟო სარჩელის განხილვა (არსებობს დავის საგანი), რომლის უზრუნველსაყოფად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის პირველი მაისის განჩინებით, საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე გამოყენებულია ყადაღა, ამასთან, წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლიან არგუმენტებზე მითითებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების (საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმების თაობაზე, უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონიერება.

29. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

30. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20 ივლისი, 2023 წ; №ას-970-2019, 19 ივლისი, 2019წ.).

31. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

32. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).

33. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

34. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გ.კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60).

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

37. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით - თანხის დაკისრება. შესაბამისად, თუ საარბიტრაჟო სარჩელის განხილვამდე მოპასუხე განკარგავს უძრავ ქონებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ საარბიტრაჟო სარჩელთან მიმართებაში ადეკვატური და თანაზომიერია.

38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირს შეუძლია უარი თქვას მისთვის გარანტირებულ სასამართლოს უფლებაზე არბიტრაჟის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უარის თქმა ნებადართულია და ჩამოყალიბებულია თავისუფლად და ერთმნიშვნელოვნად (Suda v. the Czech Republic, no.1643/06, §46-47, 28.10.2010; Tabbane v. Switzerland, no.41069/12. 01.03.2016, §§26-27 და 30). უფლებაზე უარის თქმა დაცული უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი, დაცვის მინიმალური მექანიზმებით (Eiffage S.A. and Others v. Switzerland, no. 1742/05, 15.09.2009; Tabbane v. Switzerland (განჩნება), no. 41069/12, 01.03.2026, §§ 31.).

39. საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს არბიტრაჟის კომპეტენციაზე. კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა 2022 წლის პირველი აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებული განჩინების მიღების შემდეგ, საქმის ხელახალი განხილვა არბიტრაჟში სრულიად უკანონოა, ვინაიდან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საარბიტაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მაქსიმუმ 360 დღის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე კი, საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 25 აპრილს, საიდანაც გასულია 4 წელზე მეტი, რაც პირდაპირ ადასტურებს საარბიტრაჟო განხილვის უკანონობას/შეუძლებლობას. კანონმდებლობაში არ მოიპოვება სამართლებრივი ნორმა, რომელიც არბიტრს აძლევს იმავე სარჩელის (დავის) 4 წლის შემდგომ განხილვის უფლებას. შესაბამისად, არბიტრაჟმა, რომც განიხილოს იგივე საქმე, საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის გამო, შეუძლებელი იქნება მისი ცნობა/აღსრულება. არსებულ ვითარებაში კი სარჩელის უზრუნველყოფის არსებობას არანირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს (იხ. საჩივარი).

40. საკასაციო პალატა განუმარტავს საჩივრის ავტორს, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სსსკ-ის 35613 მუხლზე და განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოებისთვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და წესს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას განიხილოს არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხი. მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს არბიტრაჟს, საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა და მის მიერ მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მხარემ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში არბიტრაჟის კომპეტენცია ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უცხოური საწარმოს ფილიალი - სს „ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრისა და 2024 წლის 25 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე