ას-995-2023
15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ს–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ფ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-18).
1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ს–ის სარჩელი ლ.ფ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ.ფ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ე.ფ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2022 წლის 9 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გ.ს–ს უარი ეთქვა ლ.ფ–ისათვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის რულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისთვის ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ლ.ფ–ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ასევე 72 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
4.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და მან განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ მიმართა სასამართლოს. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2022 წლის 28 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ ლ.ფ–ი არის უმუშევარი და დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ფ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არის უმუშევარი და არ აქვს შემოსავალი. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული შუამდგომლობა და აპელანტს დაუდგინა ხარვეზი. ლ.ფ–მა მიმართა სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება, თუმცა, სასამართლომ ისე, რომ არ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით ლ.ფ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ასევე 72 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
13. სააპელაციო პალატამ მიუთითა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს - ს.კ–ას ზემოაღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა პირადად 2022 წლის 10 ნოემბერს.
14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
15. ამდენად, 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო მისთვის განჩინების ჩაბარებიდან (10 ნოემბრიდან) მეორე დღეს - 2022 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ნოემბერს რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, ვინაიდან, თუკი მხარეს ჰქონდა ინტერესი მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა 2022 წლის 28 ნოემბერს, არამედ, 2022 წლის 11 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, აპელანტის მიერ ვადის დარღვევით - 2022 წლის 28 ნოემბერს შუამდგომლობის წარმოდგენა, სსსკ-ის 63-ე მუხლის დანაწესის (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება) შესაბამისად, მის განხილვას გამორიცხავდა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე