№ას-995-2023
21 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ს–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ფ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-18).
1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ს–ის სარჩელი ლ.ფ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ.ფ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ე.ფ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2022 წლის 9 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გ.ს–ს უარი ეთქვა ლ.ფ–ისათვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისთვის ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრით, ასევე მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დაყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ს–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ე.ფ–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის - ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა, 2022 წლის 09 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. მხარეები გ.ს–ი და ლ.ფ–ი 2019 წლის 19 თებერვლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2018 წლის ივნისიდან მეუღლეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება უკვე შეყვეტილი იყო.
5.2. გ.ს–ს და ლ.ფ–ს ჰყავთ საერთო შვილი - 2014 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ე.ფ–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად, გ.ს–ის დედის - თ.შ–ის კუთვნილ ბინაში.
5.3. არასრულწლოვანი ე.ფ–ი, გარდა სკოლისა, ასევე დადის სხვადასხვა წრეებზე, კერძოდ, რ.ბ–ის სახელობის ნებაყოფლობით მუსიკალურ გაერთიანება „ბ–ში“, სადაც სწავლის საფასური ყოველთვიურად შეადგენს - 100 ლარს, სიმღერაზე, რომლის გადასახადი ასევე შეადგენს - 100 ლარს. ხოლო ვარჯიშის საფასური „ლ.მ–ის ჩოგბურთის აკადემიაში“ - შეადგენს 200 ლარს ყოველთვიურად. ე.ფ–ი ასევე დადიოდა აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლაში, სადაც გადასახადი შეადგენს - 128 ლარს.
5.4. არასრულწლოვანი ე.ფ–ის აღზრდასა და მოვლაში დახმარების მიზნით, მოსარჩელე სარგებლობს ძიძის მომსახურებით.
5.5. სადავოს არ წარმოადგენდა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვანის აღზრდაში ეხმარებიან მისი ოჯახის წევრები (ბებია და მშობლები).
5.6. მოსარჩელე დასაქმებულია კერძო კომპანიაში (შპს „ა.ს–ო“) და მისი დასაბეგრი შემოსავალი 2021 წლის მარტიდან, 2022 წლის მარტის ჩათვლით შეადგენს 19 987.24 ლარს, თვეში საშუალოდ - 1537 ლარი. სამუშაო დრო განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
5.7. რაც შეეხება მოპასუხის შემოსავალს, მისი ოდენობა განსხვავებულია თვეების მიხედვით და 2021 წლის მარტიდან, 2022 წლის მარტის ჩათვლით, დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 31 184,94 ლარს. კერძოდ, ამ პერიოდში მოპასუხემ შემოსავალი მიიღო შპს „თ.ც.ს–გან“, შპს „თ.დ.ც–ისგან“ და შპს „მ–გან“. აღნიშნულზე დაყრდნობით დგინდება, რომ მოპასუხის ყოველთვიური დეკლარირებული დასაბეგრი ხელფასი მითითებულ პერიოდში შეადგენს საშუალოდ - 2 398,84 ლარს (31184,94/13). ამასთან, დადგენილია, რომ ლ.ფ–ი 2021 წლის 1 ივლისიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში (შპს „თ.ც.ს–ო“ და შპს „თ.დ.ც–ი“) და შესაბამისად, მისი დარიცხული ხელფასი წარმოადგენს წინა თვეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას და არა შესაბამის დროს გამომუშავებულ თანხას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
5.8. პალატამ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელი იყო ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, არასრულწლოვნის ასაკი, განვითარებისთვის აუცილებელი პირობები და მიიჩნია, რომ დაკისრებული ალიმენტი 500 ლარის ოდენობით, არ იყო საკმარისი ბავშის ნორმალური განვითარებისათვის.
5.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, ალიმენტის გადახდის შეუძლებლობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ უხელფასო შვებულებაში ყოფნა მხარის ნების შესაბამისი არ იყო.
5.10. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გონივრული ოდენობა იქნებოდა 700 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2022 წლის 09 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო წარმოდგენილი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გაზარდა ალიმენტის ოდენობა, მაშინ როდესაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინებით, ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
13. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
16. საკასაციო პალატას, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ და გაზარდა მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამ თვალსაზრისით, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეეძლო სასამართლოსთვის წარედგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისთვის ნაკლები ოდენობის ალიმენტის დაკისრების აუცილებლობაში. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც შესაბამის გარემოებებზე მიუთითებია. კასატორი საკასაციო საჩივარშიც მხოლოდ პრეტენზიის მითითებით შემოიფარგლა, ისე, რომ კონკრეტულად რა მტკიცებულების გაუთვალისწინებლობას ჰქონდა ადგილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, არ დაუსაბუთებია.
17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 700 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
18. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკიც, კერძოდ, არასრულწლოვანი არის 9 წლის, შესაბამისად, მას მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით მომეტებული საჭიროებები გააჩნია, ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯიც.
19. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (სუსგ.: ას-341-2022, 14.06.2022 წ.).
20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები და მის აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ლ.ფ–ს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N20274923450, გადახდის თარიღი 22.01.2024) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე