Facebook Twitter

ას-1490-2023

22 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ნ.ბ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 2-16).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2015 წლის 22 აპრილის N1 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8867 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 6163.6 ლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 2703.4 ლარი პირგასამტეხლო; 2015 წლის 22 აპრილის N2 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6081.85 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 4035.6 ლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 2046.25 ლარი პირგასამტეხლო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 22 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ.ბ–ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N1, რომლის საგანს წარმოადგენდა თეთრიწყაროში, სოფელ .......... მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 49130 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით, საიჯარო ქირად - 1622 ლარი, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის ხელშეკრულების 6.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ვალდებულების დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით განისაზღვრა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაცემული ქონების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო 500 ლარი.

2.2. 2015 წლის 22 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ.ბ–ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N2, რომლის საგანს წარმოადგენდა თეთრიწყაროში, სოფელ .......... მდებარე ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 32053 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით, საიჯარო ქირად - 1062 ლარი, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის ხელშეკრულების 6.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ვალდებულების დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით განისაზღვრა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაცემული ქონების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო 500 ლარი.

2.3. ნ.ბ–ის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები საიჯარო ქირის გადახდისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენის ნაწილში არ შესრულებულა.

2.4. 2018 წლის 28 დეკემბერს ნ.ბ–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები არ აღმოჩნდა მოსავლიანი, ვერ იხდიდა საიჯარო ქირას და ითხოვა იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე დაკისრებული საიჯარო ქირისა და ჯარიმების 3 წელზე გადანაწილება.

2.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 08 თებერვლის N1/6-26 და N1/6-27 ბრძანებებით ცალმხრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულებები.

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთები არ ყოფილა გამოუსადეგარი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით ნ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2015 წლის 22 აპრილის N1 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8871.5 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 6168.1 ლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 2703.4 ლარი პირგასამტეხლო; 2015 წლის 22 აპრილის N2 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6084.8 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 4038.55 ლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 2046.25 ლარი პირგასამტეხლო.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ საიჯარო ქირის გადახდის ფაქტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაცემული ქონების შესახებ ყოველი წლის 31 დეკემბრამდე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულების ფაქტებს, ხელშეკრულებების გაფორმების დღიდან მათ შეწყვეტამდე არ ჰქონია ადგილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის შესახებ, ხოლო აპელანტს, მისი მტკიცების ფარგლებში არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (500 ლარი თითოეულ დარღვევაზე - ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევისათვის, გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო.

5.5. რაც შეეხება მოპასუხისათვის დაკისრებული საიჯარო ქირის ოდენობას, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა ცდომილებას საიჯარო ქირის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ოდენობას შორის, რასაც ეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარეც და შესაბამისად, არსებობდა აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი შესრულების ვალდებულება აქვს მოვალეს. სასამართომ არ იმსჯელა, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

6.2. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების 12-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა აღნიშნული ბრძანების საფუძველზე და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხისათვის. საიჯარო ქირის ნაწილში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება კასატორის საკასაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ეს სამართლებრივი შედეგი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.

14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.

15. კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს.

17. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთი ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა თითქმის სარჩელით მოთხოვნილი საიჯარო ქირის თანხის ოდენობას, მეორე ხელშეკრულების შემთხვევაში კი, აღემატებოდა საიჯარო ქირის თანხას, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო რაიმე სახის ზიანი მიყენება არ დაუდასტურებია და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს შეუსაბამოდ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რომელიც გონივრულ მოცულობამდე იქნა შემცირებული.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ პირგასამტეხლო განისაზღვრა „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების საფუძველზე, რის გამოც ასევე არ არსებობდა მისი ოდენობის შემცირების საფუძველი, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო პალატის განმარტებებზე პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძვლებთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-1307-1245-2014, 06.05.2013წ), რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონისმიერი და სახელშეკრულებო პირგასამტეხლო. „კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის კონკრეტულ ოდენობას, ან წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას იგი განსაზღვრული... კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

21. კანონისმიერ პირგასამტეხლოდ ჩაითვლება მხოლოდ იმგვარი სანქცია, რომლის ამოქმედების უფლებაც კრედიტორს მოპოვებული აქვს ნორმატიული აქტის პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალით, მიუხედავად მოვალის ნებისა. აღნიშნულისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის ზომა, რომლის დაწესების შესაძლებლობაც დამოკიდებულია მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაზე, მიეკუთვნება არა კანონისმიერი (ნორმატიული), არამედ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს კატეგორიას, რომელზედაც შეუზღუდავად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის კარში ასახული პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაც (სუსგ.: ას-842-2022, 15.02.2023წ.).

22. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულებების დადებისას (2015 წლის 22 აპრილი) მოქმედი რედაქცია, არ ითვალისწინებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულებით და კასატორის მითითება, კანონისმიერ პირგასამტეხლოზე, საფუძველს მოკლებულია. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაშიც, მითითებული ბრძანების საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობოდა არა ნორმატიული აქტის უშუალო მოქმედების ძალით, არამედ საამისოდ საჭირო იყო პირგასამტეხლოს დაწესების შესახებ პირობის ინტეგრირება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასარჩელო მოთხოვნის უფლების წარმოშობა სრულად განაპირობა მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობამ, ამდენად, იგი განიხილება არა ნორმატიულ, არამედ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზომად, რომელზედაც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მოქმედება, მათ შორის, ოდენობის გონივრულობის სასამართლო კონტროლისა და შემცირების შესაძლებლობა (სსკ 420-ე მუხლი) (სუსგ.: ას-842-2022, 15.02.2023წ.).

23. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე