Facebook Twitter

№ას-1634-2022

04 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.გ–ვა, გ.გ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

მეორე კასატორები – მ.გ–ვა, გ.გ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ,,პ.ბ–ი“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლება (სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.გ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) და გ.გ–ვამ (შემდეგში: შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვეს მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების N670593636-021 (დამოწმების თარიღი 24.04.2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განაცხადის რეგისტრაცია N882013185446, 24/04/2013, უფლების რეგისტრაციის თარიღი 25/04/2013) გაუქმება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........

1.1. სს „პ.ბ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. სს „პ.ბ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ და მოითხოვა:

- სს „პ.ბ–სა“ და გ.გ–ვას შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმებული N21.3535 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა. მსესხებლისათვის და სოლიდარული მოვალისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 21719.03 აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხაა 19644.95 აშშ დოლარი, პროცენტი 1966.85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (90 დღის) 107.23 აშშ დოლარი) დაკისრება.

- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთვევაში, მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........, საკადასტრო კოდი: ........ რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

1.3. მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმონადგენელმა დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს მხოლოს მ.გ–ვა.

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის 2013 წლის 24 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება N670593636-021, (დამოწმების თარიღი 24/04/2013) და დადგინდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... სს „პ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ. ბ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.გ–ვას სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის იპოთეკისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სს „პ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.გ–ვასა და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდასრულად დაეკისრათ 8126.40 ლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა 7649.49 აშშ დოლარი, პროცენტი 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 39.92 აშშ დოლარი). დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ....., ს/კ ........ რეალიზაცია. ასევე დადგინდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარავობის შემთხვევაში მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: გ.გ–ვას და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 8126.40 დოლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა 7649.29 აშშ დოლარი, პროცენტი - 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 39.92 აშშ დოლარი).

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.1. 2013 წლის 29 აპრილს, სს „პ.ბ–სა“ (გამსესხებელი) და ი/მ გ.გ–ვას (მსესხებელი) შორის დაიდო NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან/და შესაბამისი ეკვივალენტი ლარით, წლიური მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%. ამავე ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილი იყო ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა წინამდებარე და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მოეთხოვა გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დაფარული პროცენტის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დაეფარა კრედიტის დარჩენილი თანხა, დარიცხული პროცენტები და პირგასამტეხლო, აგრეთვე, აენაზღაურებინა ბანკისათვის მიყენებული ზიანი, თუ დაირღვეოდა კრედიტის დაფარვისათვის განსაზღვრული ვადები. ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, სსკ-ის 268.11 მუხლის შესაბამისად.

5.2. სს „პ.ბ–სა“ და მ.გ–ვას (სოლიდარული მოვალე) შორის 2013 წლის 29 აპრილს დადებული N670593636-0442 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მ.გ–ვამ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ იკისრა ვალდებულება, მსესხებლის მიერ NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი სრული ვალდებულება შეესრულებინა ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით (2.1 პუნქტი). ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, სსკ-ის 268.11 მუხლის შესაბამისად.

5.3. 2013 წლის 29 აპრილის NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 24 აპრილს სს „პ.ბ–სა“ და მ.გ–ვას (მესაკუთრე) შორის დაიდო N370593636-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისში, ........, ს/კ ....... ამავე ხელშეკრულების 5.6 პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწევდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, სსკ-ის 268.11 მუხლის შესაბამისად.

5.4. დასახელებული იპოთეკის ხელშეკრულება 2013 წლის 25 აპრილს დარეგისტრიდა საჯარო რეესტრში და შესაბამისად, სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ......., ს/კ ......... 2013 წლის 29 აპრილის NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 აპრილს სს „პ.ბ–სა“ და მსესხებელ ი/მ გ.გ–ვას შორის დაიდო N21.3535 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 26 500 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა იყო 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.50%-ით. ამავე ხელშეკრულების 1.8 პუნქტის შესაბამისად, მსესხებლის მიერ ვადამოსული ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილი იყო გადაეხდევინებინა, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო, პირველი ათი დღის განმავლობაში შესაბამისი გადასახდელი თანხის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, 2014 წლის 27 მაისიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით, მოვალეს ყოველი თვის 24-27 რიცხვებში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა - 900 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა ძირი თანხის ყოველთვიურად გადასახდელ ნაწილს და ნარჩენი ძირი თანხის პროცენტს, მხოლოდ ბოლო გადახდა უნდა ყოფილიყო 886.46 აშშ დოლარის ოდენობის. ამასთან, ყოველთვიური პროცენტის თანხა იყო კლებადი, დარჩენილი ძირი თანხის პროპორციული. გ.გ–ვას, სს „პ.ბ–ის“ მიმართ, 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 21 719.03 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 19 644.95 აშშ დოლარი, პროცენტი 1 966.85 აშშ დოლარი, პირგასატმეხლო (90 დღის) 107.23 აშშ დოლარი. სესხი ვადაგადაცილებაში იყო 2015 წლის 24 მარტიდან, გ.გ–ვას 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა 11 555.52 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა იყო 6 855.05 აშშ დოლარი, პროცენტი 3 919.63 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 781.14 აშშ დოლარი.

5.5. სს „პ.ბ–მა“, გ.გ–ვას და მ.გ–ვას მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წლის 17 მაისს.

5.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის N080210018002451279 (საქმე N2/1666-18) განჩინებით, სს „პ.ბ–ის“ სარჩელი გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველი.

5.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის N080210018002451279 (საქმე N2/1666-18) განჩინება, შესაბამისი მიმართვებით

გადაეგზავნათ მხარეებს. მათ შორის აღნიშნული განჩინება სს „პ.ბ–ს“ გადაეგზავნა 2018 წლის 29 ოქტომბერს და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, 2018 წლის 03 ნოემბერს. მხარეებს განჩინება არ გაუსაჩივრებიათ და ის შევიდა კანონიერ ძალაში.

5.8. გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, მოთხოვნით სს „პ.ბ–მა“, სასამართლოს განმეორებით მიმართა 2019 წლის 01 აგვისტოს, შეგებებული სარჩელით.

5.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, სს „პ.ბ–ს“ უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, საკმარისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

5.10. სს „პ.ბ–მა“, გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, შეგებებული სარჩელით კვლავ მიმართა სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.11. პალატის მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დგინდებოდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის დაფარვის გრაფიკზე, რაც გულისმობდა კრედიტის ძირი თანხისა და ნარჩენ ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიურად, წინაწარ შეთანხმებული ოდენობით მსესხებლის მიერ დაფარვას. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მომხდარიყო.

5.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოვალემ ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 24 მარტს. შესაბამისად, სს „პ.ბ–ს“ პირველი ვადაგადაცილებიდან, 2015 წლის 25 აპრილიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მ.გ–ვასა და გ.გ–ვას მიმართ. სს „პ.ბ–მა“, თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2 წლის, 1 თვის და 23 დღის შემდეგ - 2018 წლის 17 მაისს, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, დარჩა განუხილველი. განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ის შევიდა კანონიერ ძალაში. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელის შეტანას არ გამოუწვევია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, ხოლო შეგებებული სარჩელით ბანკმა სასამართლოს მიმართა 2019 წლის 01 აგვისტოს. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული 2016 წლის 1 აგვისტომდე შესასრულებელი ვალდებულების მიმართ. ხოლო 2016 წლის 01 აგვისტოდან შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში, პალატის მოსაზრებით, არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.13. აღნიშნული პერიოდისთვის არსებულმა სესხის ძირი თანხის დავალიანებამ შეადგინა 7 649.29 აშშ დოლარი, სარგებელმა - 437.19 აშშ დოლარი, ხანდაზმულად მიჩნეული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით კი პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებისათვის დასაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 39.92 აშშ დოლარით.

5.14. ვინაიდან სს „პ.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრებს თაობაზე, ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და მისი რეალიზაციის შედეგად ამონაგებით თანხის დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში, მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძველი.

5.15. პალატამ აღიშნა, რომ სს „პ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, გამორიცხავდა მ.გ–ვას სარჩელის (მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო იპოთეკის გაუქმება) დაკმაყოფილებას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სს „პ.ბ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდამულობის საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2017 წლის 24 აპრილს და სწორედ ამ მომენტიდან წარმოიშვა სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება.

6.2. ხელშეკრულების 10.1 მუხლში აღნიშნულია, რომ ბანკი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მოითხოვოს კრედიტის ვადამდე დაფარვა, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაფაროს დარჩენილი კრედიტის თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო, ასევე აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული დანაწესი მხარეს უფლებას აძლევს, გააკეთოს არჩევანი, კრედიტი ვადამდე გამოითხოვოს, თუ ვადის დასრულების შემდგომ. კრედიტის ვადამდე მოთხოვნა, კრედიტი უფლებაა და არა ვალდებულება.

6.3. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე მის მიერ 2018 წლის 17 მაისს შეტანილი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარებას და აღნიშნავს, რომ მხარეს რომ ჩაბარებოდა აღნიშნული განინება, 6 თვის ვადაში ხელახლა წარადგენდა სარჩელს.

მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.4. კასატორების მოსაზრებით, სარჩელის შინაარსით არ დგინდება ვალდებულების პერიოდულად შესასრულებელი ხასიათი. მოსარჩელე არცერთ ფაქტობრივ გარემოებაში არ უთითებს, რა პერიოდულობით უნდა გადახდილიყო სესხი, რამდენი იყო პროცენტი, როდიდან დაირღვა ვალდებულება, ან რამდენია პირგასამტეხლო.

6.5. სს „პ.ბ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით ვერ გააქარწყლა სესხის ხანდაზმულობის საკითხი, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრისა და 10 თებერვლის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე მუხლი: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 29 აპრილს, სს „პ.ბ–სა“ (გამსესხებელი) და ი/მ გ.გ–ვას (მსესხებელი) შორის დაიდო NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან/და შესაბამისი ეკვივალენტი ლარით, წლიური მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%. ამავე ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილი იყო ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა წინამდებარე და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მოეთხოვა გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დაფარული პროცენტის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დაეფარა კრედიტის დარჩენილი თანხა, დარიცხული პროცენტები და პირგასამტეხლო, აგრეთვე, აენაზღაურებინა ბანკისათვის მიყენებული ზიანი, თუ დაირღვეოდა კრედიტის დაფარვისათვის განსაზღვრული ვადები. ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, სსკ-ის 268.11 მუხლის შესაბამისად.

14. სს „პ.ბ–სა“ და მ.გ–ვას (სოლიდარული მოვალე) შორის 2013 წლის 29 აპრილს დადებული N670593636-0442 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მ.გ–ვამ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ იკისრა ვალდებულება, მსესხებლის მიერ NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი სრული ვალდებულება შეესრულებინა ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით (2.1 პუნქტი). დასახელებული იპოთეკის ხელშეკრულება 2013 წლის 25 აპრილს დარეგისტრიდა საჯარო რეესტრში და შესაბამისად, სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ........, ს/კ .......

15. 2013 წლის 29 აპრილის NFW21.713 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 აპრილს სს „პ.ბ–სა“ და მსესხებელ ი/მ გ.გ–ვას შორის დაიდო N21.3535 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 26 500 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა იყო 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.50%-ით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის შესაბამისად, 2014 წლის 27 მაისიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით, მოვალეს ყოველი თვის 24-27 რიცხვებში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა - 900 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა ძირი თანხის ყოველთვიურად გადასახდელ ნაწილს და ნარჩენი ძირი თანხის პროცენტს, მხოლოდ ბოლო გადახდა უნდა ყოფილიყო 886.46 აშშ დოლარის ოდენობის.

16. საკასაციო საჩივრების პრეტენზიების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ატარებდა თუ არა პერიოდულად შესასრულებელ ხასიათს და როდის დაიწყო აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.

17. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

18. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

19. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი) (სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.), სესხისა და იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ასევე გამოყენებული უნდა იქნეს ის ვადა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება (შდრ. სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.; №ას-1191-2019 04.12.2019წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადა მოიცავდა 2014 წლის 27 მაისიდან 2017 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდს. გრაფიკით იყო გათვალისწინებული ყოველი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის თარიღი, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ვალდებულება მოვალეს პერიოდულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობისას, ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის დამოუკიდებლად. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 01 დეკემბერი,2010 წ.) პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეების მხრიდან ხანდაზმულობაზე მითითებით, სასამართლოს წარმოეშვა აღნიშნული საკითხის კვლევის ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი გრაფიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მართებულად დაუკავშირა სს „პ.ბ–ის“ მიერ შეგებებული სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვას - 2019 წლის 01 აგვისტოს (ხანდაზმულობის ვადის დენის 2019 წლის 01 აგვისტომდე შეწყვეტის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები სს „პ.ბ–ს“ არ წარმოუდგენია), შეგებებული სარჩელის შეტანამდე (2019 წლის 01 აგვისტომდე), ბოლო სამი წლის განმავლობაში გრაფიკით გადასახდელი თანხის ფარგლებში მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ხოლო 2015 წლის 25 აპრილიდან (გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის პირველი შეუსრულებლობა) 2016 წლის 01 აგვისტომდე გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხების ნაწილში კი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით, მითითებულ პერიოდში თითოეული გადახდის შეუსრულებლობიდან შეგებებული სარჩელის შეტანამდე გასულია 3 წელი.

21. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით, არ არსებობს კასატორების პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა 2019 წლის 01 აგვისტო, შეგებებული სარჩელის შეტანის თარიღი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად და შესაბამისად, შეგებებული სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულება ხანდაზმულობის ვადაშია, ხოლო 2016 წლის 01 აგვისტომდე შესასრულებლი ვალდებულება ხანდაზმულია. შესაბამისად, მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობამ, ხანდაზმული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით შეადგინა 8126.40 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 7649.29 აშშ დოლარი, პროცენტი - 437.19 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 39.92 აშშ დოლარი.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „პ.ბ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1925.80 ლარის 70% – 1350.16 ლარი. მ.გ–ვასა და გ.გ–ვას უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ.ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1074.76 ლარის 70% – 752.33 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. სს „პ.ბ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1925.80 ლარის (საგადახდო დავალება N568780939, გადახდის თარიღი 29.09.2022) 70% – 1350.16 ლარი;

4. მ.გ–ვას (......) და გ.გ–ვას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ.ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1074.76 ლარის (საგადახდო დავალება N7526, გადახდის თარიღი 27.01.2023) 70% – 752.33 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე