ას-1634-2022
04 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.გ–ვა, გ.გ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლება (სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.გ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) და გ.გ–ვამ (შემდეგში: შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვეს მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების N670593636-021 (დამოწმების თარიღი 24.04.2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განაცხადის რეგისტრაცია N882013185446, 24/04/2013, უფლების რეგისტრაციის თარიღი 25/04/2013) გაუქმება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........
1.1. სს „პ.ბ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
1.2. სს „პ.ბ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ და მოითხოვა:
- სს „პ.ბ–სა“ და გ.გ–ვას შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმებული N21.3535 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა. მსესხებლისათვის და სოლიდარული მოვალისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 21719.03 აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხაა 19644.95 აშშ დოლარი, პროცენტი 1966.85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (90 დღის) 107.23 აშშ დოლარი) დაკისრება.
- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ....., საკადასტრო კოდი: ..... რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთვევაში, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
1.3. მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმონადგენელმა დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს მხოლოს მ.გ–ვა.
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის 2013 წლის 24 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება N670593636-021, (დამოწმების თარიღი 24/04/2013) და დადგინდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... სს „პ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ. ბ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.გ–ვას სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის იპოთეკისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სს „პ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.გ–ვასა და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდასრულად დაეკისრათ 8126.40 ლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა 7649.49 აშშ დოლარი, პროცენტი 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 39.92 აშშ დოლარი). დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., ს/კ ........ რეალიზაცია. ასევე დადგინდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარავობის შემთხვევაში მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: გ.გ–ვას და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 8126.40 დოლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა 7649.29 აშშ დოლარი, პროცენტი - 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 39.92 აშშ დოლარი).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილებაში დაკისრებული თანხის ვალუტა „ლარი“ სწორად იყო მითითებული და არ არსებობდა მისი გასწორების საფუძველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ.გ–ვასა და გ.გ–ვას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორები მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 260.1-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
11. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ 24.06.2011, საქმეზე №ას-636-597-2011; სუსგ 31.01.2019წ., საქმეზე №ას-1489-2018).
12. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სს „პ.ბ–ის“ მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის ვალუტა იყო აშშ დოლარი და არა ლარი. სააპელაციო სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გ.გ–ვასა და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 8126.40 ლარის გადახდა, რაც 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გასწორდა და გადაწყვეტილებაში დაკისრებული თანხის ვალუტად მიეთითა აშშ დოლარი. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის ტექნიკურ ხასიათს ადასტურებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა, აგრეთვე ის გარემოება, რომ 8126.40 ლარის შეგებებული სარჩელის მოპასუხეებისათვის დაკისრებასთან ერთად, სააპელაციო პალატამ სარეზოლუციო ნაწილის იმავე პუნქტში მიუთითა, რომ აღნიშნული თანხიდან ძირი თანხაა 7649.49 აშშ დოლარი, პროცენტი 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 39.92 აშშ დოლარი. კერძო საჩივრის ავტორები მართალია მიიჩნევენ, რომ უსწორობის გასწორების საფუძველი არ არსებობდა, თუმცა, კონკრეტული პრეტენზია, რაც უსწორობის გასწორებას გამორიცხავდა კერძო საჩივარში მითითებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნას, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაასწორა გადაწყვეტილებაში დაშევბული ტექნიკური უსწორობა და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ვასა და გ.გ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე