Facebook Twitter

ას-1634-2022

04 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.გ–ვა, გ.გ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში

დავის საგანი – უძრავი ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლება (სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.გ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) და გ.გ–ვამ (შემდეგში: შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვეს მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების N670593636-021 (დამოწმების თარიღი 24.04.2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განაცხადის რეგისტრაცია N882013185446, 24/04/2013, უფლების რეგისტრაციის თარიღი 25/04/2013) გაუქმება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......

1.1. სს „პ.ბ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. სს „პ.ბ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ.გ–ვასა და მ.გ–ვას მიმართ და მოითხოვა:

- სს „პ.ბ–სა“ და გ.გ–ვას შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმებული N21.3535 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა. მსესხებლისათვის და სოლიდარული მოვალისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 21719.03 აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხაა 19644.95 აშშ დოლარი, პროცენტი 1966.85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (90 დღის) 107.23 აშშ დოლარი) დაკისრება.

- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ....., საკადასტრო კოდი: ...... რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთვევაში, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

1.3. მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმონადგენელმა დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს მხოლოს მ.გ–ვა.

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მ.გ–ვასა და სს „პ.ბ–ს“ შორის 2013 წლის 24 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება N670593636-021, (დამოწმების თარიღი 24/04/2013) და დადგინდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... სს „პ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ. ბ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.გ–ვას სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის იპოთეკისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სს „პ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.გ–ვასა და მ.გ–ვას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდასრულად დაეკისრათ 8126.40 ლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა 7649.49 აშშ დოლარი, პროცენტი 437.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 39.92 აშშ დოლარი). დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა მ.გ–ვას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., ს/კ ....... რეალიზაცია. ასევე დადგინდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარავობის შემთხვევაში მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივარი შეიტანეს მ.გ–ვამ და გ.გ–ვამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციით მოსარჩელე დარჩება საცხოვრებლის გარეშე და მიადგება შეუფასებელი ზიანი, რის გამოც დაუყოვნებლივ აღსრულება დაუშვებელია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით მ.გ–ვასა და გ.გ–ვას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო დავაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლიანობა. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მოსარჩელე დარჩება საცხოვრებლის გარეშე და მიადგება შეუფასებელი ზიანი, რის გამოც დაუყოვნებლივ აღსრულება დაუშვებელია.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში) და მე-3 (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას) ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

11. ზემომითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მუხლის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც კანონი უპირობოდ ადგენს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში, არ ვრცელდება არავითარი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მხარეს შეიძლება უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

13. საქმეში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით დასტურდება, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსულებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ.: შეგებებული სარჩელი) იშუამდგომლა. მხარეთა შორის 2013 წლის 29 აპრილს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 13.1. პუნქტისა და N670593636-021 იპოთეკის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. შესაბამისად, საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ გამოვლენილია ნება და იმპერატიულად განსაზღვრული საკანონმდებლო ჩანაწერის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა მითითება მათი საცხოვრებლის გარეშე დარჩენისა და შეუფასებელი ზიანის შესახებ, ვერ გახდება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლი.

14. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, ხელშეკრულებითვე დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილება მართებულად მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

15. პალატას მხედველობის მიღმა არ დარჩენია ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2023 წლის 11 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა №2/3/1421,1448,1451 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსსკ-ის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები და რომელიც უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან. პალატის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისას და დღეის მდგომარეობითაც ნორმა არ არის ძალდაკარგული, განჩინების ძალაში დატოვების საფუძველი არ არის მხოლოდ მისი შესაბამისობა სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტთან, არამედ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გაუქმების ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით მ.გ–ვასა და გ.გ–ვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც თავისთავად უკვე ექვემდებარება აღსრულებას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მოცემულ საკითხზე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ვასა და გ.გ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე